№ბს-608(2კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ნ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 5 მარტს მ.ნ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს №002345 დადგენილების („სამშენებლო სამართალდარღვვევის საქმეზე“) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №28 ბრძანების („მ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის შესაბამისად, საქმეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ნაცვლად მოპასუხე მხარედ მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №28 ბრძანება „მ.ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს №002345 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ნ-ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. მ.ნ-ი ორივე ინსტანციის სასამართლოში განმარტავდა, რომ მის მიერ სამუშაოები ნაწარმოები იქნა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №2, ფართით: 47.65 კვ.მეტრი და არა ამავე მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე, ფართით: 55.51 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №.... ამასთან, სამუშაოები ნაწარმოები იქნა 2007 წლის 01 იანვრამდე. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლის დასტურის აქტი, რომლის თანახმადაც ლ.გ-ი და ნ.მ-ე ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ.ნ-ი (პ/ნ ...) 2007 წლის 1 იანვრამდე ნამდვილად ფლობდა და ფლობს მის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ...ის ქუჩა №2-ში (ს/კ ...) მდებარე შენობა-ნაგებობას, იმ სახით რა სახითაც ნაჩვენებია თანდართულ სურათებზე.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა 2019 წლის 01 ოქტომბერს ამოქმედებულ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებულ უნდა ყოფილიყო მ.ნ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №2-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მის საკუთრებაშივე არსებულ ფართზე მ.ნ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა შენობა-ნაგებობის გაბარიტები. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ, მის მიერ არ იქნა დემონტირებული უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოები და არც აღნიშნული სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამდასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი. მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არსებობდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადავო დადგენილების გამოცემისა და მ.ნ-ის 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის _ საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უნებართვოდ განხორცილებული სამშენებლო სამუშაოებზე, საჯარიმო სანქციასთან ერთად საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის დავალება წარმოადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას და იგი ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს.
სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძლოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია ქ. თბილისი ...ის ქუჩა №2, საკადასტრო კოდი №.... აღნიშნულის საპირწონედ უნდა ითქვას, რომ მხარემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს ... განცხადებით ობიექტის ლეგალიზების თაობაზე და საიტზე (tas.ge) ასატვირთ დოკუმენტებში ამონაწერი ატვირთულია იმ ობიექტის, რომლის საკადასტრო კოდია ... შესაბამისად, მხარეს სურდა იმ ობიექტის ლეგალიზება, სადაც აქვს სამშენებლო დარღვევები და სწორად მიუთითა საკადასტრო კოდი. ამდენად, უტყუარად დასტურდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ფაქტი №... -ზე, ხოლო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ზეპირ მოსმენის სხდომაზე მხარის ახსნა-განმარტებას ისე, რომ არც გადაუმოწმებია რეალური მოცემულობა. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, დადგენილებაში მითითებული ერთ-ერთი დარღვევა, კერძოდ მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, რომელიც თითქოსდა ნაწარმოებია ...ის რაიონის გამგეობის მიერ, რის საფუძვლადაც მიუთითა ამავე გამგეობის 2017 წლის 15 სექტემბრის №39-01172581155 წერილი. რეალურად, აღნიშნული წერილით დასტურდება, რომ ... ის რაიონის გამგეობა გადახურვითი სამუშაოები აწარმოა ...ის ქ. №2-ში.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთებისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ არ იყო გამოკვლეული - მშენებლობის განმახორციელებელი პირი, რაც დაუსაბუთებელია, რადგან მუნიციპალურმა ინსპექციამ იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად ვერ მოახერხა უტყუარად მწარმოებელი პირის დადგენა, პასუხისმგებლობა დააკისრა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 19 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ... №2, ფართი: 47.65 კვ. მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ.ნ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა: ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2003 წლის 17 იანვარს, დამოწმებული ნოტარიუსის ნ.შ-ის მიერ რეესტრით №1-61. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ... №2, ფართი: 55.51 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ.ნ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ქონების განვადებით გასხვისების ხელშეკრულება №..., დამოწმების თარიღი:16/04/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ.ნ-ის მიმართ 2017 წლის 13 თებერვალს შედგენილი იქნა მითითება №002345, რომლის თანახმადაც ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ში ნაწარმოები იყო სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ: მიშენების ხარჯზე გაზრდილი იყო საცხოვრებელი ფართი. შესასვლელთან მოწყობილი იყო მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, კედელი და ლითონის კარი, სამზარეულოს თავზე განთავსებული იყო აირგამწოვი მილი. შენობის უკანა ფასადზე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილი იყო კარი. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ობიექტის მოყვანა საინვეტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 აპრილის შემოწმების აქტი №002345-ის შესაბამისად, მ.ნ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2017წლის 13 თებერვლის №002345 მითითების პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის №4-3/92-3/17 ბრძანებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017წლის 13 თებერვლის №002345 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №002345, შედგენილი 2017 წლის 10 აპრილს) მოქალაქე მ.ნ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდაღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით. მ.ნ-ის მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2017 წლის 09 ივნისიდან 2017 წლის 09 აგვისტოს ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაპტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების ...ის ლ.ხ-ის 2017 წლის 09 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ...ეს ბატონ მ.ჯ-ს ეცნობა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, მ.ნ-ის მიმართ, ქ. თბილისში, ...ის №2-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სარეკონსტრუქციო სამუშაოების (მიშენების ხარჯზე გაზრდილი იყო საცხოვრებელი ფართი, შესავლელთან მოწყობილი იყო მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა, კედელი და ლითონის კარი. სამზარეულოს თავზე განთავსებული იყო აირგამწოვი მილი, შენობის უკანა ფასადზე ფანჯრის ნაცვლად მოწყობილი იყო კარი (ობიექტი სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფო ტერიტორიაზე)) განხორციელებისათვის გაიცა №002345 მითითება. 2017 წლის 10 აპრილს შედგა №002345 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებით დადგინდა, რომ მ.ნ-ის მიერ არ იყო სრულად შესრულებული სამსახურის 13.02.2017 წლის №002345 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საკადასტრო საზღვრების კორექტირების შედეგად უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები მოქცეული იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, სხვა დარღვევები არ იქნა გამოსწორებული ადგილზე, ასევე არ იქნა წარდგენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარდგენილი იყო ობიექტის ამსახველი ფოტომასალა, საქმეში იყო სამსახურის 09.08.2017 წლის აზომვითი ნახაზი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 09 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №002345 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც მ.ნ-ი დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ...ის №2-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის. ამავე დადგენილებით, ქ.თბილისში, ...ის №2-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა მისი საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა (უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი).
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 15 სექტემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2017 წლის 15 სექტემბრის №39-01172581155 წერილით მ.ნ-ს ამავე წლის 11 სექტემბრის განცხადების (№19/0117254891-39) პასუხად ეცნობა, რომ 2014 წელს ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე ამხანაგობა ,,ხ...“-ისათვის შესრულებული იყო ქანობიანი სახურავის შეკეთებისათვის საჭირო სამუშაოები.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 13 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული, მეზობლის დასტურის აქტის შესაბამისად, ლ.გ-ი და ნ.მ-ე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ.ნ-ი (პ/ნ ...) 2007 წლის 1 იანვრამდე ნამდვილად ფლობდა და ფლობს მის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ...ის ქუჩა №2-ში მდებარე შენობა-ნაგებობას ფართით 47.65 კვ. მეტრს, იმ სახით რა სახითაც ნაჩვენებია თანდართულ სურათებზე.
2017 წლის 21 სექტემბერს, მ.ნ-მა №19/01172643431-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს №002345 დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის №23 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.ნ-ის 2017 წლის 21 სექტემბრის №19/01172643431-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს №002345 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო დადგენილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ბს-1025(3კ-19) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განამრტებაზე, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები ნაწარმოები იქნა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N2, ფართით: 47.65 კვ.მეტრი და არა ამავე მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე, ფართით: 55.51 კვ.მეტრი, სამუშაოები ნაწარმოები იქნა 2007 წლის 01 იანვრამდე, რასაც ასევე ადასტურებენ მეზობლები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არ არის დადგენილი მშენებლობის განხორციელების თარიღი, რაც შესაძლებელს გახდიდა განსაზღვრულიყო მშენებლობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ან/და იმ დროისთვის ქონების მესაკუთრე, მფლობელი. ამდენად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ აუცილებელი იყო შესაძლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად საქმის გარემოებების ყოველმხრივი დადგენა და შეფასება. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექცია) მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული და გამოკვეთილი სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ არის დადგენილი კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის (ნაწილის) მოწყობა-განთავსება (მიშენება) მოხდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების ცოდნა აუცილებელია მოსარჩელისათვის როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის.
ამასთან, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (18 სექტემბერი 2019 წ. №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მ.ნ-ი (დაბ. - ...წ.) „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (18 სექტემბერი 2019 წ. №4964-Iს) ამოქმედების დროისთვის (01.10.2019 წ.) იყო 69 წლის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინიტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მ.ნ-ის ადმინისტრაციული სახდელისგან (ჯარიმისაგან) გათავისუფლების საკითხზე. მ.ნ-ის საკასაციო (სააპელაციო) საჩივრის არ არსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში, ცალსახად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ისნპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი