საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1477(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჭ-ა, მესამე პირები - თ.ჯ-ი, ლ.ჭ-ა, გ.ჭ-ა, გი.ჭ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჭ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №3/11104 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ.ჯ-ი, არასწრულწლოვნები - ლ.ჭ-ა, გ.ჭ-ა, გი.ჭ-ა (კანონიერი წარმომადგენელი - თ.ჯ-ი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №3/11104 ადმინისტრაციული აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
პალატის მითითებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით) შესაბამისად. „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ „წესის“ მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მითითებული „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ.ჭ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი), რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, ქ. სოხუმი, ...ას ქ. 6/2, ბ.2. დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილია - ქ. თბილისი, ..., ...ის გამზ. N37, კორპ. N37ვ (ყოფილი კორპ. N5, ბ. N11) ... მ.ჭ-ას დევნილი 5 სულიანი ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ... და შედგება: თავად მ.ჭ-ა, არადევნილი მეუღლე თ.ჯ-ი, სამი არასრულწლოვანი შვილი ლ..., გ... და გი... ჭ-ები. მ.ჭ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ, უვადო); მ.ჭ-ას მამა ი.ჭ-ა დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესრულების დროს. საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის დასკვნის თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს (..., ...ის გამზ. N37, კორპ. N37ვ ყოფილი კორპ. N5, ბ. N11) არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის. კრიტერიუმების მიხედვით დევნილი ოჯახი შეფასებულია 11.5 ქულით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის სხდომის (ოქმი N36) გადაწუყვეტილებით, მ.ჭ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლის განხორციელების შეუძლებლობის გამო.
პალატამ აღნიშნა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის სექტემბერში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტით განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესები, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, თუმცა ზემოაღნიშნული, სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ იქნა გათვალისწინებული.
პალატის მოსაზრებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო, პირდაპირ, უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს და ზღუდავს იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის უფლებას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი თვლის, რომ მხოლოდ ფართის მართლზომიერი ფლობა არ არის საკმარისი მოსარჩელის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილებისთვის. კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2015 წლიდან ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იმთავითვე გამორიცხავს დევნილი ოჯახის გადაუდებლად განსახლების აუცილებლობას, რამეთუ არ დასტურდება სადავო ობიექტზე მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრება, ხოლო გადაუდებელ განსახლებას საჭიროებენ არამდგრად და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობაში მცხოვრები ოჯახები. საცხოვრებლად უვარგის ფართში ოჯახის ფაქტობრივად არცხოვრება გამორიცხავს მის კრიტერიუმების მიღმა განსახლების შესაძლებლობას და ქმნის ასეთი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულების შესაბამისად, პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვით განსახლების პირობას. კასატორი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახის მიერ საქართველოს დატოვება მძიმე საცხოვრებელმა პირობებმა განაპირობა, რამეთუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.ჭ-ა ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობს გერმანიაში, არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. ამ პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მხარის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შეფასების შესაძლებლობას, რამაც განაპირობა მოსარჩელის განსახლების საკითხის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი N36) განხილვის შეუძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გამზირი N37-ში მდებარე N5 კორპუსის მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია, მზიდი კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 65%, შენობაში შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, შენობის საერთო ფიზიკური და მორალური ცვეთა 70%-ის ფარგლებშია. ასეთი ცვეთის მქონე შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის (ს.ფ. 175).
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ჭ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (დევნილი ოჯახი), რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, ქ. სოხუმი, ...ას ქ. 6/2, ბ.2. დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილია - ქ. თბილისი, ..., ...ის გამზ. N37, კორპ. N37ვ (ყოფილი კორპ. N5, ბ. N11) .... მ.ჭ-ას დევნილი 5 სულიანი ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ... და შედგება: თავად მ.ჭ-ა, არადევნილი მეუღლე თ.ჯ-ი, სამი არასრულწლოვანი შვილი ლ..., გ... და გი.. .ჭ-ები. მ.ჭ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ, უვადო); მ.ჭ-ას მამა ი.ჭ-ა დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესრულების დროს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 11.5 ქულით, მათ შორის, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია) – 2 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 3 არასრულწლოვანი - 2 ქულა, მ.ჭ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა, მ.ჭ-ას ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები, მამა - ი.ჭ-ა გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში - 3 ქულა. საქმეში დაცული 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ის გამზირი 37, კორპუსი N5-ში (...) ვიზიტისას, ადგილზე იმყოფებოდა მოსარჩელის მეუღლე - თ.ჯ-ი, ხოლო მ.ჭ-ა იმყოფებოდა სამსახურში. აღნიშნული ვიზიტისას მ.ჭ-ამ სატელეფონო გასაუბრებისას განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს მას უნდა შეეძინოს ტყუპები და ითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება, მათ შორის ფართის ნაწილშიც. 2019 წლის 31 ივლისის, 2 სექტემბრის და 2020 წლის 18 მაისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმებით დგინდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისი, ...ის გამზირი N373-ში, სადაც არ იმყოფებოდა მ.ჭ-ას ოჯახი. მეზობლების განმარტებით, ოჯახი იმყოფებოდა გერმანიაში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №03/11104 ადმინისტრაციული აქტით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმის საფუძველზე, მ.ჭ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს. საცხოვრებლად უვარგის ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.
მოცემულ საქმეში დადასტურებულია სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა. საქმეში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება მათ საკუთრებაში სხვა საცხოვრებლის არსებობა, შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში დროებით არ ყოფნა, არ უნდა ქმნიდეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მ.ჭ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე