საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-723(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ჯ-ა
მესამე პირი - ნ. გ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 7 ნოემბერს მ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მ. ჯ-ამ მოითხოვა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მ. ჯ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების განსაზღვრის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ჯ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მ. ჯ-ას აღდგენა გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან (2019 წლის 8 ოქტომბერი) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე, ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასის-1193,50 (ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსი ნ. გ-ი.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 სხდომის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანება მ. ჯ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, მ. ჯ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელზე მისაღები ხელფასის - 1193,50 (ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მესამე პირმა ნ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ჯ-ას სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდური ხელზე მისაღები ხელფასის - 1193,50 (ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2021 წლის აპრილიდან 2021 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გამოკლებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე, 90-ე, 93-ე, 94-ე მუხლებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-7 მუხლის მეორე პუნქტზე.
სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია მ. ჯ-ას სამუშაო აღწერილობა და მიუთითა, რომ მ. ჯ-ას მოვალეობებს წარმოადგენდა სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა, სამმართველოს თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება, მათი შესრულების კონტროლი, სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული მუშაობის წარმართვა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის სამმართველოს მუშაობის შესახებ კვარტალური ანგარიშების წარდგენა, სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოხელეთა სამსახურში გამოცხადებაზე კონტროლი და მოსვლა-წასვლის რეესტრის წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცალკეული კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებაზე, რომლითაც გათვალისწინებულია შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი, მათი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. ჯ-ა დანიშნული იყო პირველი რანგის-მაღალი მმართველობითი დონის თანამდებობაზე, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ რანგისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირველი რანგი, ანუ მაღალი მმართველობითი დონე გულისხმობს საჯარო დაწესებულების საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული მიმართულების ზედამხედველობისა და კოორდინაციის განხორციელების პასუხისმგებლობას, კომპეტენციასა და უფლებამოსილებას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, პირველ რანგს ანუ მაღალ მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის ფარგლები, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად, მოიცავს შემდეგს: 1) სტრუქტურულ ერთეულს უსახავს გრძელვადიან და მოკლევადიან ამოცანებს, წარმართავს და აკონტროლებს სამუშაო გეგმებს დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით, პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; წარმართავს მაღალი დონის კომუნიკაციას სამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დავალებით/მითითებით ან/და კანონქვემდებარე აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; აფიქსირებს სტრუქტურული ერთეულის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობა; პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე, ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობისთვის; ითანხმებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, დასკვნებზე, ანგარიშებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია, თითქოს მ. ჯ-ას არ ჰქონდა უფლება, გაცნობოდა მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ 2019 წლის 27 ივნისის N... წერილის შინაარსს. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამინისტროში, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, სავალდებულოდ მოქმედი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის არსებობა, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის N64 დადგენილების შესაბამისად, არ გამორიცხავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას და ვალდებულებას, აკონტროლს მისადმი დაქვემდებარებული თანამშროლები, მათ მიერ შესრულებული სამუშაო, გაეცნოს წერილებს და საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, მისცეს მათ პროფესიული რჩევები და მითითებები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მ. ჯ-ას გათავისუფლებამდე ეკავა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, იგი, როგორც სამსახურის უფროსი, სამინისტროს დებულებიდან და მისი სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილების გათვალისწინებით, უფლებამოსილი იყო, ორგანიზება გაეწია და გაეკონტროლებინა თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაო. მაღალი მმართველობითი დონე თავის თავში გულისხმობს სწორედ სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს ზედამხედველობას და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობას. ამდენად, ის გარემოება, რომ მ. ჯ-ას უშუალოდ არ ევალებოდა შემოსული და გასული კორესპონდენციის სისტემატიზაცია, არ გამორიცხავდა მისი, როგორც სამსახურის უფროსის უფლებას/ვალდებულებას, ნებისმიერ დროს კონტროლი გაეწია თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე, განეხილა ცალკეული შემთხვევები, დავალებები და გაცნობოდა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტაციას. განსაზღვრული პირებისათვის წერილის მომზადების დავალება სპეციალურად გამოცემული აქტით არ მომხდარა. წერილი არ ყოფილა გასაიდუმლოებული. ეს ფაქტი უფრო მეტად ამყარებს დასკვნას, რომ მ. ჯ-ას თანამდებობიდან გათავისუფლება დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დისციპლინური წარმოების მასალებში ცალსახად და არგუმენტირებულად მითითებული არ არის, რომელ ფაქტობრივ გარემოებას დაეყრდნო კომისია, როდესაც ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ეკრძალებოდა წერილის შინაარსის კონკრეტული პირებისათვის გაცნობა. დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოქმედებდა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების პროცესში.
სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დისციპლინური წარმოების კომისიის 2019 წლის 7 აგვისტოს N3 საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ მ. ჯ-ას ქმედება შეაფასა დისციპლინურ გადაცდომად და პასუხისმგებლობის ზომად შეუფარდა გაფრთხილება. თუმცა, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის Nძ/ს-141 ბრძანებით გაგრძელდა დისციპლინური წარმოების ვადა, საბოლოოდ, 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომის გამო, მოსარჩელეს სახდელის სახით შეუფარდა სამსახურიდან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ დასტურდება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების შემდეგ, ახალი გარემოებების გამოკვლევა. კომისიის მუშაობა შემოიფარგლა მხოლოდ კომისიის წევრების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების გამოთქმით. მათ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ უმსჯელიათ მოსარჩელის, როგორც სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებთან მიმართებით. კომისიის წევრებმა არ დაადასტურეს და დასკვნაში არ ასახეს, რომელ კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ მ. ჯ-ა მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
დისციპლინური წარმოების კომისიის ოქმების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დისციპლინური კომისიის წევრები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ პოზიციას წინმსწრებად გამოხატავდნენ, არ იყვნენ მიუკერძოებლები და გადაწყვეტილების მიღებამდე, დადასტურებულად მიაჩნდათ, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში საკვლევი მოქმედება სწორედ მ. ჯ-ამ განახორციელა.
დავის საგნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია, ის გარემოება, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დასაქმების პერიოდში გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური ღონისძიება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, ადგილი აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, ამდენად, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდით იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით, დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბრძანებას, შრომით ხელშეკრულებას, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 2021 წლის 2 აპრილის ბრძანების თანახმად, მ. ჯ-ა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს აღნიშნულ უწყებაში. ამ ბრძანებას თან ერთვის მ. ჯ-ასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის შინაარსით დგინდება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს 2021 წლის 2 აპრილიდან 2021 წლის 2 ივლისის ჩათვლით და მ. ჯ-ას შრომის ანაზღაურება, თვეში 1400 ლარს შეადგენს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 ოქტომბრის ცნობის თანახმად, 2021 წლის აპრილიდან 2021წლის სექტემბრის ჩათვლით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატიდან მ. ჯ-ას ყოველთვიურად შემოსავლის სახით მიღებული აქვს 1400 ლარი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მ. ჯ-ასთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის დარიცხვის ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განაპირობებს მოცემულ საქმეზე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მ. ჯ-ას სასარგებლოდ უნდა დაევალოს იძულებითი განაცდურის სახით ხელზე მისაღები ხელფასის - 1193,50 (ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2021 წლის 30 აპრილიდან 2021 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გამოკლებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის.
კასატორის განმარტებით, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, შეიცვალა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც თან ერთვოდა სააპელაციო საჩივარს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა შესაბამისი გარემოებები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის რეალური, იმჟამად არსებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ჩათვალა, რომ სადავო აქტები უკანონოა. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სწორად მიიჩნია, რომ საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით და არსებობს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, მოსარჩელის გათავისუფლებამდელ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მ. ჯ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის რეალურ შესაძლებლობაზე, აღნიშნული თანამდებობის არარსებობის პირობებში. საერთოდ არ გამახვილდა ყურადღება საქმეში ჩართულ მესამე პირზე და მის მოთხოვნაზე. ამასთანავე, არასწორი შეფასება მიეცა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს. სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამავე სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული ნორმის დანაწესი, თითქმის სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნები, არასწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებას და „მ. ჯ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, გააკეთა არასწორი დასკვნები და შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
კასატორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს კონკრეტული პირები დაემუქრნენ განადგურებით, იმის გამო, რომ მათთვის ცნობილი გახდა საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე სამინისტროდან 2019 წლის 27 ივნისს გაგზავნილი N... წერილის შესახებ. მინისტრს აჩვენეს სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემიდან ამოღებული ზემოაღნიშნული დოკუმენტი. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად სამინისტროში დისციპლინური წარმოების დაწყებას. ვინაიდან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი ერთეული უწყებაში არ არსებობდა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რომლის დასკვნაც საფუძვლად დაედო მ. ჯ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მინისტრის ბრძანების გამოცემას. კომისიის დასკვნით მიჩნეულია, რომ მ. ჯ-ამ იმოქმედა პირადი ინტერესით და 2019 წლის 22 ივლისს, საღამოს საათებში, სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - მ. ბ-ას მოაძებნინა სამინისტროს საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მისთვის მიუწვდომელი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - მინისტრის მიერ 2019 წლის 27 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი წერილი N..., რომელიც შეიცავდა ინფორმაციას კონკრეტულ პირთა სავარაუდო მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, აგრეთვე მათ პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად, იყო კონფიდენციალური. გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.
კასატორის განმარტებით, მ. ჯ-ასთან მიმართებაში, დისციპლინური წარმოების პროცესი განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. არცერთ ეტაპზე მოსარჩელე არ შეზღუდულა, ესარგებლა ყველა კანონიერი საშუალებით და დაეცვა თავი. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. კომისიამ სრულყოფილად შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, დაადგინა, რომ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც თანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომად ჩათვალა სამსახურიდან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უფლება ჰქონდა, გაცნობოდა 2019 წლის 27 ივნისის N... წერილს, თუმცა სამინისტროს მოსაზრებით, მნიშვნელობის მქონეა არა წერილის შინაარსის გაცნობა, არამედ ის გარემოება, რომ მ. ჯ-ამ არაჯანსაღი ინტერესით, სხვა პირებისთვის გადაცემის მიზნით ამოაბეჭდინა წერილი მ. ბ-ას და გაეცნო მას. თავად მ. ჯ-ა კომისიის ყველა ოქმში (ოქმი N1, გვ.3, ოქმი N2, გვ.2, ოქმი N5, გვ.3) ადასტურებს, რომ დოკუმენტს გაეცნო, რადგან აინტერესებდა, მოხსენიებული იყო თუ არა მასში მინისტრის ყოფილი მოადგილე. ერთ-ერთ სხდომაზე (ოქმი N, გვ. 3) აღნიშნა, რომ აინტერესებდა, რატომ მივიდა სამინისტროში პროკურატურის თანამშრომელი, რა დოკუმენტი გაიგზავნა სამინისტროდან და იყო თუ არა მასში მინისტრის ყოფილი მოადგილე მოხსენიებული. იგივეს მიუთითებს თავისივე 2019 წლის 30 ივლისის N1/672 მოხსენებით ბარათშიც. ამდენად, აშკარაა, რომ მ. ჯ-ას დოკუმენტის გაცნობის არაკანონიერი ინტერესი ჰქონდა. იგი მოქმედებდა არა სამსახურებრივი ზედამხედველობის ფარგლებში, არამედ პირადი მოტივით, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს და დარღვევის შემთხვევაში, იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. თუ მ. ჯ-ა კვლავ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე, მომავალშიც არ იყო გამორიცხული, მისი მხრიდან იგივე ქმედების გამეორება, ვინაიდან იგი ვერ აცნობიერებდა, რომ როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული იყო, დაეცვა სამსახურებრივი ინფორმაცია. ამასთანავე, მისი განცხადება, რომ არ აინტერესებდა, ვინ გაიტანა დოკუმენტი, მინდობილი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის მეორე პუნქტი და მიიჩნია, რომ დისციპლინური წარმოების მასალებით ცალსახად არ დასტურდება, რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას დაეყრდნო კომისია, როდესაც მიუთითა მოსარჩელის მხრიდან საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ განხორციელებული კონკრეტული ქმედების შინაარსზე. კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-4 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-8 მუხლზე, მე-12 მუხლის პირველ, მე-12 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ამ იმოქმედა პირადი მოტივით, ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესს. ამასთან, საერთოდ არ მიაჩნდა თავისი მოქმედება კანონსაწინააღმდეგოდ, რაც არ გამორიცხავდა მომავალში მისი მხრიდან მსგავს გადაცდომას და უფრო მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია პასუხისმგებლობის ადეკვატურ ზომად.
კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ა წარმოადგენდა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი რანგის საჯარო მოხელეს (მაღალი მმართველობითი დონე) - ... სამმართველოს უფროსს. იგი სამინისტროში ხელმძღვანელობდა სამმართველოს, რომელიც მოიცავდა ... საკითხებს და თვითონ იყო ვალდებული, გაეკონტროლებინა სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის ... წესების დაცვა და დარღვევის აღმოჩენისთანავე, მიეღო შესაბამისი ზომები. ამ პირობებში, მ. ჯ-ამ თავად ჩაიდინა ისეთი განზრახი ქმედება, რომელმაც გამოიწვია სამსახურიდან დათხოვნა და არა უფრო მსუბუქი სახდელის შეფარდება (მიუხედავად იმისა, მის მიმართ არ იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ღონისძიება). კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა/შეუსრულებლობა, რომელიც დისციპლინური სახდელის სახედ იმსახურებდა სწორედ სამსახურიდან დათხოვნას.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური კომისიის შეფასება, ქმედების სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევად კვალიფიკაციასთან მიმართებაში, სწორია. მ. ჯ-ას, როგორც შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელ პირს, მართებდა დოკუმენტაციის დაცულობის უზრუნველყოფა, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება. ამგვარი დამოკიდებულების არარსებობის გამო, შეიძლებოდა, შესაბამის ქმედებას მისცემოდა განმეორებითი ხასიათი, რაც მომავალში უარყოფითად აისახებოდა სამინისტროს საქმიანობაზე და დააზარალებდა უწყების ქმედუნარიანობას, ეფექტურობას და რეპუტაციას. სწორედ ამიტომ მიიჩნია დისციპლინურმა კომისიამ მ. ჯ-ას ქმედება მძიმე გადაცდომად და შეუფარდა მას ყველაზე მკაცრი სახდელი.
კასატორის განმარტებით, საჯარო სამსახური ეფუძნება კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, კარიერული განვითარების, სტაბილურობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობის, ღიაობისა და სხვა პრინციპებს. თითოეული მათგანი განაპირობებს მოხელის ქცევას საჯარო სამსახურში და აყალიბებს იმ ღირებულებებს, რომლის გარშემოც გაერთიანებულია მთლიანად საჯარო სამსახური. უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეული მოხელე აცნობიერებდეს ამ პრინციპების მნიშვნელობას; მოქმედებდეს კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე; ასრულებდეს მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს მიუკერძოებლად, კეთილსინდისიერად, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის დაუშვებლობით; იყენებდეს სახელმწიფოსა და მისთვის მინდობილ ადმინისტრაციულ რესურსს ეფექტიანად; არ იყენებდეს თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას პარტიული და პოლიტიკური, ან ნებისმიერი სხვა კერძო ინტერესებისათვის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის პირველი ივლისის Nბს-773(კ-20) გადაწყვეტილების მიხედვით, „.. საჯარო მოსამსახურე უმნიშვნელოვანესი პერსონაა, რამდენადაც კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება განსაზღვრავს ერის მსახურების კულტურის დამკვიდრებას, რაც განაპირობებს ეროვნული საჯარო მმართველობის მოდელის ჩამოყალიბებას...საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურე არა მხოლოდ კონკრეტული სფეროს კვალიფიციური სპეციალისტი, დისციპლინირებული, შრომისმოყვარე, არამედ, ამავდროულად, მაღალი პიროვნული და მორალური პრინციპების, ღირებულებები მატარებელი პირია, რადგან სწორედ ამ თვისებათა ერთობლიობის მქონე ადამიანებს ძალუძთ მასშტაბური ამოცანების გადაწყვეტა და დაძლევა..“.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით (რასაც არც მოსარჩელე მხარე უარყოფდა). დამოუკიდებელმა დისციპლინურმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანება და დამოუკიდებელი დისციპლინური კომისიის დასკვნა დასაბუთებულია, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე, 382-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივართან ერთად, სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა ახალი მტკიცებულებები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის Nძ/ს-230 ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის N15 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეების თანამდებობობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის Nძ/ს-69 ბრძანება; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის Nძ/ს-71 ბრძანება; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 29 მარტის Nძ/ს-68 და 2021 წლის 20 აპრილის Nძ/ს-87 ბრძანებები; „ნ. გ-ის დანიშვნის შესახებ“ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის Nპ/ს-4 ბრძანება). წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის Nძ/ს- 230 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაცია, ხოლო 2021 წლის 29 მარტის Nძ/ს-68 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნა ახალი - ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო ... სამმართველო გაუქმდა. ცხადია, გაუქმდა ის თანამდებობაც, რომელიც მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე (სამმართველოს უფროსი). ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას საერთოდ არ იმსჯელა, როგორ უნდა აღდგენილიყო მ. ჯ-ა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
კასატორის განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეების თანამდებობობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის Nძ/ს-69 ბრძანებით, სამინისტროს საჯარო მოხელეთა თანამდებობებისთვის განისაზღვრა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის Nძ/ს-71 ბრძანებით, სამინისტროს ახალი საშტატო თანამდებობებისთვის დამტკიცდა სამუშაო აღწერილობები. ახალი სტრუქტურული ერთეული - ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ... სამმართველოსგან ფუნქციურად განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ნ. გ-ი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა, რის გამო, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: გარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა, ძალაში დატოვა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ყველა პუნქტი, მათ შორის, მე-4 პუნქტი, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ ტოლფასი თანამდებობის არსებობის დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. უფრო მეტიც, საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულზე და არც საქმეში სავალდებულოდ ჩართული მესამე პირის - ნ. გ-ის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს არსებულ პრაქტიკას (მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის Nბს-32(კ-20) და 2018 წლის 11 დეკემბრის Nბს-376-376(2კ-18) გადაწყვეტილებებზე). კასატორის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მ. ჯ-ა უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას, თუმცა ამისათვის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგენილიყო მ. ჯ-ა, ვინაიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, ... სამმართველოს უფროსის თანამდებობა აღარ არსებობდა. ამასთანავე, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, სამინისტროს სტრუქტურული ცვლილებების პირობებში, რომელი თანამდებობა იყო ტოლფასი ( თუ ასეთი არსებობდა საერთოდ). აღნიშნული გარემოებების დადგენაზე იყო დამოკიდებული დავის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტა.
განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ განაცდური წარმოადგენს სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, მინისტრის სადავო 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანების ბათილად ცნობისა და მ. ჯ-ას სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს განაცდურის სამინისტროსთვის დაკისრების საფუძველიც. აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, კასატორი ავითარებს მსჯელობას, სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საკითხის არასწორად გადაწყვეტასთან მიმართებით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელის სხვა უწყებაში დასაქმების მთელი პერიოდი და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდური უნდა დაეკისრებინა 2021 წლის აპრილიდან დასაქმების მთელი პერიოდის გამოკლებით. აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2022 წლის 3 ივნისის N2556 წერილით მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს. სამინისტრომ გამოითხოვა ინფორმაცია: 2021 წლის აპრილიდან მიმდინარე პერიოდამდე, დასაქმებულია თუ არა მოქალაქე მ. ჯ-ა, დასაქმების საფუძვლის მითითებით. პასუხად, სამინისტროს ეცნობა, რომ 2021 წლის 2 აპრილიდან დღემდე, მ. ჯ-ა დასაქმებულია მინისტრის აპარატში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არასწორია. სამინისტროსთვის განაცდურის დაკისრების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს განაცდურის ზუსტი ოდენობა. სხვა შემთხვევაში, მ. ჯ-ა ორმაგ ხელფასს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გართულდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის Nბს-32(კ-20) გადაწყვეტილება, 2018 წლის 11 დეკემბრის Nბს-376-376 (2კ-18) გადაწყვეტილება), ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძველს. ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს (კანონიერების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს (ერთგულების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა (მიუკერძოებლობის პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ანგარიშვალდებულების პრინციპი).
მითითებული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეულია ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, ხოლო მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია მძიმე გადაცდომად მიჩნეული კონკრეტული შემთხვევები. მათ შორის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს.
მითითებული კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების შესახებ, ხოლო 94-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში - მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო 98-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
უდავოა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, მ. ჯ-ა წარმოადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეს, რომელზეც ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 მაისის N186 ბრძანების მიხედვით, მ. ჯ-ა 2014 წლის 27 მაისიდან დანიშნული იყო სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე). შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართებაში დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებით (სადავო 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა - მ. ბ-ამ 2019 წლის 25 ივლისს N1/653 მოხსენებითი ბარათით მიმართა მინისტრს და მიუთითა, რომ 2019 წლის 22 ივლისს, 17:00 საათზე, მისმა უფროსმა - მ. ჯ-ამ სთხოვა, ეჩვენებინა 2019 წლის 27 ივნისის N... წერილი, გაგზავნილი საქართველოს გენერალურ პროკურორთან. მ. ჯ-ას სტატუსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა, გაეხსნა დოკუმენტის გვერდი, ეკრანზე ეჩვენებინა მისთვის წერილი და დაეთმო თავისი სამუშაო ადგილი. მ. ჯ-ა დაახლოებით 10 წუთი კითხულობდა წერილს და ფურცელზე აკეთებდა ჩანიშვნებს, რის შემდეგაც, გადაჯდა თავის მაგიდასთან. რა ჩაინიშნა ფურცელზე, მისთვის უცნობია. მ. ბ-ას განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევამდე, მ. ჯ-ას რაიმე დოკუმენტის ჩვენების თხოვნით მისთვის არ მიუმართავს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის Nძ/ს-121 ბრძანებით, სამინისტროს საქმისწარმოების, ადამინური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მ. ჯ-ას მიერ შესაძლო ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.
2019 წლის 31 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა - მ. ბ-ამ მინისტრის სახელზე წარადგინა მეორე მოხსენებითი ბარათი N1/683, სადაც განმარტა, რომ მ. ჯ-ას არამარტო აჩვენა საქართველოს გენერალურ პროკურორთან გაგზავნილი 2019 წლის 27 ივნისის N... წერილი, არამედ ამოუბეჭდა და გადასცა.
დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 7 აგვისტოს N3 საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. ჯ-ამ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რისთვისაც პასუხისმგებლობის ზომად უნდა შეფარდებოდა გაფრთხილება. ამავე საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით, კომისიის მასალები, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა სათანადო ორგანოებში.
დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების, ადამინური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსმა მ. ჯ-ამ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რის გამო, ჩადენილი გადაცდომის თანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომად მიჩნეული უნდა ყოფილიყო სამსახურიდან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანებით, მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო, მ. ჯ-ა 2019 წლის 7 ოქტომბრიდან გათავისუფლდა სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების მიზანს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა, დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. 87-ე მუხლის თანახმად კი, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის Nბს-623(კ-19) განჩინება).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა არა ჩადენილ გადაცდომასთან მიმართებაში მოსარჩელისათვის დაკისრებული სახდელის პროპორციულობა, არამედ მოსარჩელის მხრიდან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა, რაც საფუძვლად დაედო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საყურადღებოა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 სხდომის ოქმში ასახული დასკვნები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნა სახდელის დაკისრების თაობაზე არ ეფუძნება დადასტურებად ფაქტობრივ გარემოებებს. სახდელის შეფარდების საფუძველი, ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებები, თავად კომისიის წევრთა წინააღმდეგობრივი მოსაზრებები და ზეპირსიტყვიერი მითითებებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, დისციპლინური გადაცდომის უტყუარად დადასტურების შესახებ. გადაცდომის ჩადენის დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, დარღვევის ამსახველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თავად ორგანოს უნდა წარმოედგინა. სადავო წარმოების ამსახველი დოკუმენტაცია შეიცავს დარღვევასთან დაკავშირებული დეტალების აღწერას, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა არ ადასტურებს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ამსახველი შემადგენლობის არსებობას, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მ. ჯ-ას სამსახურიდან დათხოვნა. სადავო წარმოების მიმდინარეობის ამსახველ ოქმებში, ხშირ შემთხვევაში, თავად კომისიის წევრები აფიქსირებენ, რომ წარმოების პროცესში გამოკითხული პირების - მ. ჯ-ას და მ. ბ-ას ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და საკმარისი გარემოებებით არ დასტურდება დოკუმენტის ამობეჭდვა, მ. ჯ-ასთვის გადაცემა, ასევე სამსახურიდან გატანა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს თანამდებობის პირად ითვლებოდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი, ხოლო ამავე დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა ... სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია განსაზღვრული იყო დებულების მე-11 მუხლით.
უშუალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის N335 ბრძანებით დამტკიცებული „... სამმართველოს დებულებით“ (დანართი N3). აღნიშნული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამმართველოს უფროსის მოვალეობებს შორის მოიაზრება სამმართველოს ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა; სამმართველოს მოხელეებს შორის მოვალეობათა განაწილება და მათთვის შესაბამისი მითითებების გაცემა; სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ ინფორმაციაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის სამუშაო აღწერილობის შესახებ, რომლის თანახმად, სამმართველოს უფროსის - მ. ჯ-ას მოვალეობებში შედიოდა სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა; სამმართველოს თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი; სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული მუშაობის წარმართვა; სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის სამმართველოს მუშაობის შესახებ კვარტალური ანგარიშების წარდგენა; სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოხელეთა სამსახურში გამოცხადებაზე კონტროლი და მოსვლა-წასვლის რეესტრის წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცალკეული კომისიების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუდასტურებელია მოსარჩელის მხრიდან როგორც დაკისრებული ფუნქციების გვერდის ავლით მოქმედება, ისე არასამსახურებრივი მიზნით, სხვისი პერსონალური მონაცემების გაცნობა და შესაბამისი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა. შესაბამისი გადაცდომის არსებობა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუკავშირა მოსარჩელის მხრიდან, მასზე თანამდებობრივად დაკისრებული მოვალეობებისათვის ფარგლების გადაცილებას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, რომ სწორედ მ. ჯ-ას, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირისათვის დაკისრებულ მოვალეობებთან შეუსაბამო ქმედებით დადგა მისთვის პასუხისმგებლობის გამომწვევი და სამინისტროსთვის ზიანის მომტანი შედეგი. დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ჯ-ას არ ჰქონდა უფლება, გაცნობოდა მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ 2019 წლის 27 ივნისის N... წერილის შინაარსს. ამასთანავე, არ დასტურდება, რომ მითითებული დოკუმენტის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომობა სწორედ მ. ჯ-ამ უზრუნველყო. დისციპლინური წარმოების მასალებით დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოქმედებდა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამინისტროში დასაქმებულ პირს, რომელსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნებიდან გამომდინარე, შეხება აქვს პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გააჩნია შესაბამისი მონაცემების დაცვის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი მითითებებით შემოიფარგლა ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და მასზე მოსარჩელის წვდომის აკრძალვის თაობაზე. ამასთანავე, დაუდასტურებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გაცნობას, მის გავრცელებასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანო მოიაზრებს მინისტრისათვის მუქარის შემცველი წერილის გაგზავნას.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მ. ჯ-ა, შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელ პირს წარმოადგენდა, თუმცა მისი საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის გამორიცხვის შესახებ დასკვნა სათანადო მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია და სახდელის ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენებას არ ამართლებს ვარაუდის დაშვება, რომ სამომავლოდაც, მ. ჯ-ას შესაძლო ქმედებები სამინისტროს დააზარალებს.
ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა მოსარჩელესთან მიმართებაში დისციპლინური დარღვევის არსებობა, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება - სამსახურიდან დათხოვნა. სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება გააკეთა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 4 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილებისა და „მ. ჯ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის Nპ/შ-21 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან მიმართებაში. მართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
მ. ჯ-ას მოთხოვნას ასევე წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მისი ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. სააპელაციო პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საფუძვლიანად ჩათვალა აღნიშნული მოთხოვნა და მოპასუხეს დაავალა შესაბამისი აქტის გამოცემა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში.
ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს თანამდებობის ვაკანტურობა. „..გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განხორციელდა უფლების დროებითი დაცვა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გასაჩივრებას არ აქვს სუსპენსიური ეფექტი, გასაჩივრება არ იწვევს ავტომატურად სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას..“ (სუს 2021 წლის 30 სექტემბრის Nბს-273(კ-19) განჩინება).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე პირი - ნ. გ-ი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 20 დეკემბრის Nპ/შ-27 ბრძანებით, 2019 წლის 20 დეკემბრიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის Nპ/შ-13 ბრძანებით, სამინისტროს რეორგანიზაციის გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის მოადგილე ი. ბ-ა, 2021 წლის 22 მარტიდან მობილობის წესით დაინიშნა სამინისტროს ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო მინისტრის ამავე თარიღის Nპ/შ-4 ბრძანებით, სამინისტროს რეორგანიზაციის გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს უფროსი ნ. გ-ი, 2021 წლის 22 მარტიდან მობილობის წესით დანიშნულია სამინისტროს ... დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
ამავდროულად, სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 20 აპრილის Nძ/ს-87 ბრძანებით დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში დავის გადაწყვეტის მომენტისათვის, მ. ჯ-ას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებაში, გარემოებები შეცვლილია - თანამდებობა, რომელზეც დანიშნული იყო მ. ჯ-ა, ვაკანტური აღარ არის. კერძოდ, აღნიშნული თანამდებობა, სამინისტროში რეორგანიზაციამდე დაკავებული ჰქონდა ნ. გ-ს. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, სამინისტროში არსებული სტრუქტურული ერთეულის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... სამმართველოს ნაცვლად, ჩამოყალიბდა ... დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, 2021 წლის 22 მარტიდან დანიშნულია ნ. გ-ი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური აღარ არის, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების ვალდებულება. სადავო თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი გამორიცხავს იმავე თანამდებობაზე პირის აღდგენას. „..მოხელის სამუშაოზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში, ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით (სუს 2022 წლის 6 ოქტომბრის N103(2კ-22) გადაწყვეტილება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობით, დადასტურდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა. მის მიმართ აღარ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას დაადასტურებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მომენტისათვის მოსარჩელისათვის განკუთვნილ შტატზე სხვა პირია დანიშნული, სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც უნდა დაექვემდებაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, მ. ჯ-ას სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არარსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თავისი არსით, გულისხმობს შრომის ანაზღაურებას, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები). „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, სამსახურში აღდგენილ მოხელეს უნდა მიეცეს განაცდური თანამდებობრივი სარგო. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (სუსგ Nბს171-160(კ-07), 13.09.2007წ., Nბს-1512(კს-18), 05.02.2019წ., Nბს-139(4კ-19), 08.06.2020წ.).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით უკანონოდ არის მიჩნეული მ. ჯ-ას სამსახურიდან გათავისუფლება და დადგენილია მისი შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება, არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობაც არ განაპიროებებს პირისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმას („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში). ამდენად, მოსარჩელის მთლიანი საჯარო სამსახურის სისტემაში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, მოპასუხეს ეკისრება მოხელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განაცდურის ანაზღაურების პერიოდის სისწორის შეფასებას:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. ჯ-ას სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდური ხელზე მისაღები ხელფასის - 1193,50 (ათას ას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2021 წლის აპრილიდან 2021 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გამოკლებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით, მ. ჯ-ას საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე. ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული, მოსარჩელისათვის სავალდებულოდ ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურის თანხის ოდენობის მართებულობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები არ საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას. სრული საკასაციო კონტროლის ფარგლებში, შესაძლებელია საკასაციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობზე; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ჯ-ას ... სამმართველოს უფროსის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე