№ბს-715(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ჯ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 15 იანვარს ა.ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2017 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), 2017 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩა №10-ში მდებარე 1720.1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საპრივატიზებო საქმეში დაცული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით, მასზე განთავსებულ 550 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე ა.ჯ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდების შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ერონული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ა.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე თავისუფალ მდგომარეობაში არსებული მიწის ფართობი გაცილებით ნაკლები ფართობის იყო ვიდრე მოსარჩელის მიერ შეძენილი და შეადგენდა მხოლოდ 1091 კვ.მ.-ს. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სხვა მიწის ნაკვეთები კი დაკავებული იყო მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დანგრეული იყო, ხოლო ზოგი მშენებარე. შესაბამისად, დაუდგენელი იყო თუ რომელი მიწის ნაკვეთი იყო გადაცემული მოსარჩელისათვის, ვინაიდან 1 170.1 კვ.მ. თავისუფალი მდგომარეობაში არსებული მიწის ნაკვეთი აღარ არსებობდა. ასევე აღარ არსებობდა 550 კვ. მ. ფართობის მქონე შენობა-ნაგებობა.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ აქტში მითითებული ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი მიწის წილობრივ ფართთან ერთად 75% ფასდაკლებით შეადგენდა 5411 აშშ დოლარს, მათ შორის მიწის წილობრივი ფართის ფასი -1271 აშშ დოლარს. ამდენად, დასახელებული მოცემულობა ვერ იძლეოდა შესაძლებლობას უტყუარად დადგენილიყო და შესაბამისად, დამატებით კვლევას საჭიროებდა მიწის წილობრივი ფართის ფასი - 1271 აშშ დოლარს მოიცავდა თუ არა ჯამურ ღირებულებად მითითებული - 5411 აშშ დოლარი. ასევე, 1271 დოლარი წარმოადგენდა თუ არა შენობა-ნაგებობების ქვეშ მოქცეული 550 კვ.მ მიწის ღირებულებას (1 კვ/მ მიწის ღირებულება 2.31 აშშ.დოლარი).
სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად გამოეკვლია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რათა დადგენილიყო ზუსტად რა ფართობის და რომელი ქონება იქნა შეძენილი პრივატიზების წესით მოსარჩელის მიერ და რა უძრავი ქონება დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ დასადგენი იყო ერთადერთი გარემოება, მოსარჩელეს გადაეცა მხოლოდ შენობა-ნაგებობები, შესაბამისი განაშენიანების ფართობით თუ მთლიანად მიწის ნაკვეთი. საქმეში წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების (საპრივატიზაციო დოკუმენტაციის) მიხედვით, ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ფართით - 550 კვ.მ. პრივატიზაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში არსად ნახსენები არ არის მიწის ნაკვეთი, ვინაიდან პრივატიზაციის დროს არ ხდებოდა მიწის ნაკვეთების პრივატიზება, გარდა შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული ფართობისა. უფრო მეტიც, მიწის ნაკვეთი, რომელიც წილობრივად იყო დამაგრებული და ეს უკანასკნელი განიმარტებოდა და განიმარტება, როგორც განაშენიანების ფართი, უმაგრდებოდა პრივატიზებულ ნაგებობებს, ანუ სახელმწიფოს მიერ ხორციელდებოდა კონკრეტული შენობა-ნაგებობების პრივატიზაცია, ხოლო შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული, განაშენიანებული მიწის ნაკვეთი ნაგებობებთან ერთად რეგისტრირდებოდა პრივატიზაციის განმახორციელებელ პირზე.
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოების დროს კანონიერად იქნა მითითებული ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავი ქონების თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვა. აღნიშნული თანსაკუთრებიდან კი მოსარჩელის იდეალური წილი იქნებოდა ლიტერი „ა“ და „ბ“, ფართობით 550 კვ.მ. და მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული, განაშენიანებული მიწის ნაკვეთის ფართობი. ხოლო მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის (მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან დადგენილია, რომ ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დგას) თანამესაკუთრე იდეალური წილის მითითებით (იდენტიფიცირებული ნაწილის) იქნებოდა სახელმწიფო. ვინაიდან სახელმწიფოს მიერ განხორციელდა აღნიშნული ქონების პრივატიზაცია, თუმცა მის მიერ განხორციელდა მხოლოდ შენობა-ნაგებობების პრივატიზება და არა მთლიანად ...ის ქ. №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის.
რაც შეეხება ნაგებობების მიერ დაკავებულ განაშენიანების ფართობს, აღნიშნული ფართის ოდენობის მტკიცების ტვირთი განეკუთვნება სწორედ, რომ მოსარჩელეს, თუმცა მარტივი, არითმეტიკული გამოთვლის შედეგად, რა თქმა უნდა შეუძლებელია განაშენიანების ფართობი აღემატებოდეს შენობა-ნაგებობების საერთო ფართობს - 550 კვ.მ.-ს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 21 მაისის №1-3/341 ბრძანების მე-4 პუნქტით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე ...ოს ...ის ეზოს 550 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობის და მიწის წილობრივი ფართობის 75% ფასდაკლებით აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით გამართულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი ა.ჯ-ი, რომელსაც დაევალა 5 682 (ხუთი ათას ექვსას ოთხმოცდაორი) აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა (მათ შორის მიწის ფართობის ღირებულება 1 271 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში).
2002 წლის 3 ივნისს ერთის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა („გამყიდველი“) და მეორეს მხრივ, ა.ჯ-ს („მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველმა გადასცა მყიდველს პირობადადებულ საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე ...ოს ...ის ეზოს 550 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და 1170.1 კვ.მ. მიწის (ღირებულებით: 1 271 აშშ დოლარი) წილობრივი ფართი.
თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წლის 03 ივლისს მომზადებული ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენდა 1171 კვ.მ.-ს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 5 აგვისტოს №1-3/553 ბრძანებით ა.ჯ-ს დაუდასტურდა საკუთრება ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე ...ოს ...ის ეზოს 550 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ მიწის წილობრივ ფართობზე. ხოლო 2002 წლის 9 აგვისტოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ა.ჯ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №..., რომლის თანახმად ა.ჯ-ს საკუთრებაში გადაეცა ...ოს ...ის ეზოს 550 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და წილობრივი მიწის ფართობი ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში, მიწის ფართობი 1 170.1 კვ.მეტრი, წილობრივი საკუთრება.
საქმეში წარმოდენილი 2008 წლის 29 ივლისს მომზადებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალების შესაბამისად, ...ის ქუჩაზე №10-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი წარმოადგენდა 1735 კვ.მ.-ს, რომელიც შედგებოდა ლიტ. „ა“ და ლიტ. „ბ“ არასაცხოვრებელი ფართებისაგან.
2017 წლის 20 ივნისს ა.ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №10. განცხადებაზე თანდართულ იქნა დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, აზომვითი ნახაზები, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №... წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა, მოხდა თუ არა ა.ჯ-ის სახელზე ქ. თბილისის ... ის ქ. №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით გადაცემა და ეთხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გადაგზავნა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №... გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 12 ივლისს №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ივლისის №6/37002 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 9 აგვისტოს №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ა.ჯ-ის სახელზე პრივატიზებულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში შენობა-ნაგებობა 550.00 კვ.მ. ფართით და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. სააგენტოს არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმა და №... სარეგისტრაციო განცხადებაზე ა.ჯ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ურთიერთშეუსაბამო იყო, შესაბამისად იცვლებოდა პრივატიზებული მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილებით ა.ჯ-ს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განახლების მიზნით წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი 550 კვ.მ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფართის შესაბამისად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ა.ჯ-მა 2017 წლის 24 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 2002 წლის 9 აგვისტოს №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის №... წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა: 1. მოხდა თუ არა ა.ჯ-ის სახელზე ქ. თბილისის ...ის ქუჩა №10-ში საკუთრების უფლებით გადაცემა მიწის ნაკვეთის ფართობის ჯამში 1170.1 კვ.მ.-ის და 550 კვ.მ. შენობა-ნაგებობების; 2. მოხდა თუ არა ა.ჯ-ის სახელზე ქ. თბილისის ...ის ქუჩა №10-ში საკუთრების უფლებით გადაცემა მიწის ნაკვეთის ფართობის ჯამში 1720.1 კვ.მ.-ის და 550 კვ.მ. შენობა-ნაგებობების, რომელიც თანასაკუთრების უფლებით უნდა აღრიცხულიყო ა.ჯ-ის სახელზე; 3. მოხდა თუ არა ა.ჯ-ის სახელზე ქ. თბილისის ...ის ქუჩა №10-ში საკუთრების უფლებით გადაცემა მიწის ნაკვეთის ფართობის ჯამში 1735 კვ.მ.-ის (ტექ. ბიუროს მონაცემები) და 550 კვ.მ. შენობა-ნაგებობების მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №6/50385 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 09 აგვისტოს ა.ჯ-ის სახელზე გაცემული №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, პრივატიზებულ იქნა ...ოს ...ის ეზოს შენობა-ნაგებობები, ფართით - 550 კვ.მ. (საპრივატიზებო საქმეში დაცული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით ლიტერი „ა“ და „ბ“) მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ჯ-ის 2017 წლის 24 აგვისტოს №457516/17 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (27.07.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.08.2017) გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (27.07.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.08.2017) გადაწყვეტილებების მიღებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, ასევე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, წარმოადგენდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით დგინდებოდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე შენობა-ნაგებობა მოიცავდა ლიტერ „ა“-ს და ლიტერ „ბ“-ს. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2014 წლის 28 ოქტომბრის №6/40743 განცხადების თანახმად, დგინდებოდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 9 აგვისტოს გაცემული №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძვლებში დაცული ტექნიკური პასპორტის მიხედვით, პრივატიზებული ფართი მდებარეობდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში, პირველ სართულზე, ლიტერ „ა“-ში. მხარეს განემარტა, რომ წარსადგენი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობის 1735 კვ.მ.-ის კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც ა.ჯ-ის საკუთრების უფლება აღირიცხებოდა თანასაკუთრების უფლებით, რადგან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შესაბამისად, სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
2017 წლის 17 ნოემბერს ა.ჯ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 01.11.2017 წლის №... გადაწყვეტილების 1.2. პუნქტის ბათილად ცნობა და მისი შეცვლილი ფორმულირებით ჩამოყალიბება (რომლითაც საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების, მის სახელზე დარეგისტრირების მიზნით დაევალებოდა აზომვითი ნახაზების წარდგენა არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არსებული მიწის ნაკვეთის გეგმის, ანუ შენობა-ნაგებობებისა და წილობრივი მიწის ზემოაღნიშნული ფართობების შესაბამისად).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ა.ჯ-ს უარი ეთქვა №642338/17 (17.11.2017) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ შესრულდა მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (01.11.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (04.12.2017) გადაწყვეტილებები კანონიერი იყო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელეს შეძენილი აქვს უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რაც შემდგომში, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს ქმნის. საკასაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უნდა დაედოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად, უძრავი ქონების, საკუთრების უფლების ობიექტის მონაცემების ზუსტად განსაზღვრა და შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეს შეძენილი აქვს 550 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთით, თუმცა, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობის, კონფიგურაციისა და მდებარეობის ზუსტად განსაზღვრა არ მომხდარა, რაც წინააღმდეგობრივია მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან. აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელია, არ არის გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციულ წარმოებისას წარდგენილი მტკიცებულებები, რაც ქმნიდა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი