Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-568(კ-22) 30 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ი.მ-ი, ა.ს-ე

მესამე პირი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 6 თებერვალს სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ი.მ-ისა და ა.ს-ის მიმართ და მათთვის ზედმეტად ანაზღაურებული სამივლინებო თანხის - თითოეულისთვის 441 ლარის მოპასუხისათვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებული 2.1 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, განათლებისა და მეცნიერების სფეროში, გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლეებად საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რადგან სამინისტროს დააკისრეს სსიპ „ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ მოპასუხეებისათვის კვების ხარჯის ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვის დადასტურების მტკიცების ტვირთი. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სამინისტროს არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, რადგან არც მოპასუხეებს და არც პროექტის ორგანიზატორს ასეთი მტკიცებულება სამინისტროში არ წარუდგენიათ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეები არ უარყოფენ სამინისტროსგან სადავო თანხების მიღების ფაქტს, ასევე უდავო და დადასტურებულია, რომ არ არსებობდა აღნიშნული თანხების მათთვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი.მ-ისა და ა.ს-ისათვის ანაზღაურებული სამივლინებო თანხის - თითოეულისთვის 441 ლარის უკან დაბრუნების კანონიერება, უსაფუძვლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. დასახელებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. ამავე ბრძანებულების დანართი №2-ით კი განსაზღვრულია, რომ ნიდერლანდებში სამივლინებო სადღეღამისო ნორმა განსაზღვრულია 41 ევროთი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ 2011 წლის 9 დეკემბრის №02-11/654 წერილით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ აღნიშნული ცენტრი გეგმავდა სასწავლო ტურს ჰოლანდიის სამეფოში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ სამინისტროს თანამდებობის პირებს ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით და ცენტრის წარმომადგენლებს. წერილში ასევე მიეთითა, რომ ტურზე დასასწრებად მიევლინათ ... - გ.ა-ი და მოპასუხეები - ი.მ-ი და ა.ს-ე. ამავე წერილით დამატებით, განიმარტა, რომ სასწავლო ტურთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მგზავრობის, კვებისა და საცხოვრებელი) ანაზღაურდებოდა პროექტის - „ ახალგაზრდობის განვითარებისა და ჩართულობის“ ბიუჯეტიდან.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის №158-მ ბრძანების მიხედვით დასტურდება, რომ 2011 წლის 14-20 დეკემბერს ნიდერლანდების სამეფოში მიევლინენ ზემოთ მითითებული პირები, ამასთან, სამინისტრომ თითოეულ მივლინებულ პირზე უზრუნველყო 7 დღისთვის საჭირო დღიური თანხის - 41 ევროს ჩარიცხვა. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, მოპასუხეებს - ი.მ-სა და ა.ს-ეს ზემოთ მითითებული მივლინების უზრუნველსაყოფად, თითოეულს ცალ-ცალკე, აუნაზღაურდათ საჭირო დღიური თანხა - 630.45 ლარის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 3 თებერვლის წერილისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011 და 2012 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშით დასტურდება, რომ ქვეყნის გარეთ მივლინებულ პირებს ზედმეტად აუნაზღაურდათ სადღეღამისო ნორმის ღირებულება 882 ლარის ოდენობით (2011 წლის 13 დეკემბრის №158 ბრძანება). საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 26 თებერვლის №07/467 და №07/471 წერილებით ასევე დასტურდება, რომ მოპასუხეებს ეცნობათ შემჭიდროებულ ვადებში უკან დაებრუნებინათ მივლინებისათვის (2011 წლის 13 დეკემბრის №158 ბრძანების საფუძველზე) ზედმეტად ჩარიცხული თანხები - თითოეულს ცალ-ცალკე 441 ლარის ოდენობით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხეებისთვის კვების ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითებს მხოლოდ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2011 წლის 9 დეკემბრის №02-11/654 წერილზე, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხეების კვების ხარჯები ანაზღაურდებოდა პროექტის ფარგლებში, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეებს პროექტის ფარგლებში ნამდვილად ჩაერიცხათ კვების ხარჯები მაშინ, როდესაც მოპასუხეები აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ, ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა შეძლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის დადასტურება. სადავო შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკრეტულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს შექმნიდა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და მოპასუხეებს არ უნდა დაჰკისრებოდათ კანონიერად ჩარიცხული სამივლინებო თანხების უკან დაბრუნების ვალდებულება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე