საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-724(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ე.ზ-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.ზ-მა 2017 წლის 3 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. N17/58477 და 02.03.2017წ. N17/9999 აქტების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ე.ზ-ის მიერ 25.06. 2001 წელს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე სააგენტოსათვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალების მოთხოვნით.
2018 წლის 28 აპრილის სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ე.ზ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2018 წლის 04 ივლისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. N17/58477 და 02.03.2017წ. N17/9999 აქტების ბათილად ცნობის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა განეხილა ე.ზ-ის 2015 წლის 27 ოქტომბრის N22203/21 ადმინისტრაციული საჩივარი და გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს 2016 წლის 13 იანვრის N1-1/10 ბრძანებით მიღებულ იქნა წარმოებაში ე.ზ-ის N22203/21 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრისა და მასზე დართული დოკუმენტაციის ასლები გადაეგზავნა აღნიშნულ სააგენტოს და დაევალა საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნის და ადმინისტრაციული საქმის წარმოების ყველა მასალის წარმოდგენა ბრძანების ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ღია სხდომაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის 15 თებერვალს 13:00 საათზე. სამინისტრომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცაღა ადმინისტრაციულ საჩივარზე არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, განიხილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად (ე. წ.ვირტუალური უარი), რაც წარმოადგენს შესაბამისი შინაარსის იურიდიულ ფაქტს მასზედ, რომ ადრესატმა (დაინტერესებულმა პირმა) გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივრის ან/და ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის უფლება, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა სასამართლოში სარჩელის წარდგენით.
ამასთან, მართალია, სამინისტრომ არ დაასაბუთა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცაღა სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში სრულად იქნა მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივ საფუძვლები, რომელსაც ემყარება უარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტების ბათილობაზე.
კასატორის მსჯელობით, პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ სადავო ქონების შეძენის პერიოდში მოქმედებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის N1-3/151 ბრძანება „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით „აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ „გამყიდველის“ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 კალენდარული დღის ვადაში „გამარჯვებული“ ვალდებულია „გამყიდველთან“ გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიაჩნია, რომ ე.ზ-ს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე არ შეუძენია, ვინაიდან არ შესრულდა ქონების აუქციონზე შეძენის დროს მოქმედი ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც აუცილებელი იყო სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, კერძოდ, მოსარჩელე გამოვლინდა გამარჯვებულად 2001 წლის 25 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე, თუმცა აღნიშნული არ იყო საკმარისი აუქციონზე გამოტანილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაძენად. ამის შემდგომ, ე.ზ-სა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 2 დღის ვადაში უნდა დადებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდგომაც ქონების გამსხვისებელ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობოდა ვალდებულება 30 დღის ვადაში გაეცა აუქციონზე გატანილ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოქმედებები არ შესრულებულა, შესაბამისად, მას სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არ წარმოშობდა ნივთზე საკუთრების უფლებას, არამედ იგი ანიჭებდა უფლებას აუქციონზე გამარჯვებულ პირებს მოეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსაგან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროების თაობაზე ინფორმაცია ასევე აღნიშნული იყო აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე (25.06.2001წ. N66), რომელზეც ფიქსირდება ე.ზ-ი ხელმოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუქციონზე გამარჯვების ოქმის საფუძველზე ე.ზ-ს წარმოეშვა უფლება 20 დღის განმავლობაში მოეთხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, ამ უმოქმედობის შედეგად მან დაკარგა უფლება გამხდარიყო აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების მესაკუთრე.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის 20 დღიანი ვადის გარდა, მოსარჩელეს გაშვებული აქვს უფლების განხორციელების ხანდაზმულობის საერთო ვადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს საკასაციო საჩივარში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციოს საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას ასევე განეკუთვნება პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N153 დადგენილებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი“. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დადასტურებაში მოიაზრება უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურება შესაძლებელია, თუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 27 ოქტომბერს N22203/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N17/58477 წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ე.ზ-ის მიერ 25.06.2001 წელს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 13 იანვრის N1-1/10 ბრძანებით ე.ზ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადად განისაზღვრა 2 თვე. ასევე დადგენილია, რომ სამინისტროში 2016 წლის 21 იანვარს, 9 თებერვალს და 15 თებერვალს ჩაინიშნა ზეპირი მოსმენა, თუმცა სამინისტროს მოსარჩელის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მატერიალური სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 21 ივნისის N04/3957 წერილით ე.ზ-ს N22203/2 ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, რის საფუძველზეც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nბს-564-545(კს-13), 06.02.2014წ) და მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების, ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდეგ ე.ზ-ს გააჩნდა კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. სზაკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას მის მიერ გადასაწყვეტი საკითხის გადაწყვეტაზე და შესაბამისი აქტის გამოცემაზე. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა სზაკ-ის მე-12 მუხლით დადგენილი ვალდებულება, კერძოდ, მან არ გადაწყვიტა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი საჩივარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების არმიღება არ უნდა გახდეს მხარის საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძველი (სასამართლოსადმი მიმართვის და განხილვის უფლება).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა