საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-759(2კ-22) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ქ-ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ქ-ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 12 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, შპს „ქ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის ქუთაისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2021 წლის 27 მაისის №382 განკარგულების მე-2 მუხლის, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 ივნისის №ბ44.442116017 ბრძანების მე-2 მუხლის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ-ს“ შორის 2018 წლის 5 ივლისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელეს გადაეცა მოცემულ უძრავ ქონებაზე პირობადადებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №39. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება სრულად იქნა გადახდილი.
მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 27 მაისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე, გამოიცა №382 განკარგულება ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო პირობის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 5 ივლისს გაფორმებული №26 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია და მინიმუმ 30 ადამიანის დასაქმება) შესრულების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 5 ივლისამდე. ამავე განკარგულების მე-2 მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების თითქოს შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 120 000 ლარის გადახდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 ივნისის №ბ44.442116017 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურს დაევალა უზრუნველეყო 2018 წლის 5 ივლისს გაფორმებული №26 ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპების - საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის და თანაზომიერების პრინციპის შეგნებული დარღვევა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
მოსარჩელემ 2021 წლის 20 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის დაკისრების ნაწილში შეჩერების თაობაზე სადავო აქტების შეჩერების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „ქ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №383 განკარგულებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 ივნისის №ბ.44.442116017 ბრძანების მოქმედება. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გამოცემიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №383 განკარგულების მე-2 მუხლი, შპს „ქ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის დაკისრების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი გამოცემიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 9 ივნისის №ბ.44.442116017 ბრძანების მე-2 მუხლი, შპს ,,ქ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის დაკისრების შესახებ; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
კასატორმა - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქმის მასალებით მიხედვით, დასტურდება, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული 2018 წლის 5 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით მყიდველი ვალდებული იყო შეძენილ უძრავ ქონებაზე (ქალაქ ქუთაისში მდებარე, ... ქ. №... ჩრდილოეთით, ს/კ №...) ორი წლის განმავლობაში განეხორციელებინა არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია და დაესაქმებინა მინიმუმ 30 ადამიანი. ხსენებული პირობის შეუსრულებლობის გამო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 9 ივნისის გამოსცა №ბ44.4421116017 ბრძანება, რომლითაც მყიდველს დააკისრა ურთიერთშეთანხმების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო.
კასატორს ასევე არასწორად მიაჩნია სასამართლოს მითითება კოვიდ (COVID-19) ინფექციით გამოწვეულ ფორსმაჟორულ გარემოებაზე, რადგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 5 ივლისამდე, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ქ-ს“ 2021 წლის სექტემბრამდე რეალური საამშენებლო სამუშაოები არ დაუწყია, რასაც ადასტურებს 2021 წლის 2 ნოემბრის შპს „ქ-ის“ მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე თანდართული გადარიცხვების დამადასტურებელი საგადახდო დავალებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სწორად განსაზღვრაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ 2021 წლის 27 მაისის №382 განკარგულების მიღებისას საკრებულოს სხდომა ჩატარდა საჯაროდ, კანონით დადგენილი ვადის დაცვით გამოიცა და საჯაროდ გამოქვეყნდა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს სხდომის მოწვევის თაობაზე. შესაბამისად, დღის წესრიგით, საკრებულოს განკარგულება გამოიცა სზაკ-ის მოთხოვნათა სრული დაცვით. იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ქ-ის“ სარჩელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №382 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2018 წლის 27 აგვისტოს №26 ოქმის მიხედვით, 2018 წლის 5 ივლისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ-ს“ შორის დაიდო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლში მოცემულია აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის: მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასის დარჩენილი თანხა - 59700 ლარი გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ ეტაპად, არა უგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (2018 წლის 20 აგვისტოს - 19900 ლარი, 2018 წლის 20 ოქტომბერს - 19 900 ლარი, 2018 წლის 20 დეკემბერს - 19900 ლარი), აუქციონის წარმმართველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე; მყიდველი ვალდებულია შეძენილ უძრავ ქონებაზე (ქალაქ ქუთაისში მდებარე, ... ქ. №... ჩრდილოეთით, ს/კ №...) ორი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს მინიმუმ 30 ადამიანი. დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი, აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი №... (27.06.2018წ.) ოქმითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; იმავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აღნიშნული ხელშეკრულებისა და პირობადადებული საკუთრების დამადასტურებელი №39 მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება 2019 წლის 14 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „ქ-ის“ სახელზე.
საქმის მასალების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ ზემოთ დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო პირობის შეცვლასთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №382 განკარგულებით, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე, თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ-ს“ შორის 22018 წლის 5 ივლისს გაფორმებული №26 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების (ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია და მინიმუმ 30 ადამიანის დასაქმება) შესრულების ვადის 2022 წლის 5 ივლისამდე გაგრძელების თაობაზე. ამავე განკარგულებით, შპს „ქ-ს“ უნდა დაკისრებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 120 000 ლარის გადახდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
ამრიგად, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოსა და შპს „ქ-ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების კლინიკის მიერ დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო -მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებულ ნორმათა დანაწესზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, დაზუსტებული უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება კი მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რაც საინვესტიციო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა მხარეს. მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოზე მოიცავდა მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმებას, აღნიშნული ფაქტი კი სადავო არ არის და უდავოდ დადგენილია, რომ შპს „ქ-ს“ შეძენილი ქონების ღირებულება სრულად აქვს ანაზღაურებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როცა არ არსებობს მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოზე და შეუძლებელია პირგასამტეხლოს ოდენობის იდენტიფიცირება, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სამართლებრივი საფუძველი ეცლება სადავო აქტების კანონიერებას გასაჩივრებულ ნაწილში, მითითებული დათქმა კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ამ ნაწილში სადავო აქტების ბათილად ცნობას განაპირობებდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო აქტების მიღების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურკვევია, როდიდან დაეწყო შპს „ქ-ს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ორწლიანი ვადის ათვლა და რა დროიდან ითვლება ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დარღვეულად. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელებულიყო 2020 წლის 5 ივლისამდე, თუმცა ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადიოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. შპს „ქ-ს“ კი პირობადადებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიეცა 2018 წლის 27 დეკემბერს, ხოლო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წლის 14 იანვარს. შესაბამისად, ამ დრომდე ქონება წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას და შეუძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ინვესტიციების განუხორციელებლობა დარღვევად შეერაცხოს მოსარჩელეს. დასახელებული გარემოება საკასაციო პალატის შეფასებით, მოწმობს, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რისი ვალდებულებაც გააჩნდათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციული ორგანოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც ასევე სადავო ინდივიდუალური აქტების მიღებას დაედო საფუძვლად, კერძოდ, როგორც უშუალოდ გასაჩივრებული აქტებით ირკვევა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ საქართველოს 2021 წლის 18 მარტის №413-IVმს-Xმპ კანონის (ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე) საფუძველზე შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც კოდექსს დაემატა 1634 მუხლი. დასახელებული მუხლის თანახმად, დამტკიცდა აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია არა უგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა, მუნიციპალიტეტის ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) ქონების მიმღებისთვის: ა) ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის თაობაზე, მათ შორის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) იმ ვალდებულების გაუქმების თაობაზე, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობის შემსუბუქების თაობაზე, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების შესახებ; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა) მერის გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობა ან მისი შესრულების შეფერხება განპირობებულია უშუალოდ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიის ან/და პანდემიის გამო დადგენილი მარეგულირებელი ნორმებით.
საკასაციო პალატის განმარტებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის მერს მისცემოდა უფლება გადაწყვეტილება მიეღო აუქციონის ფორმით პრივატიზებული ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ, რაც შედეგად გამოიწვევდა აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული ფაქტი კი, შესაძლოა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ყოფილიყო კონკრეტული ქონების შემძენთათვის (კანონის განმარტებითი ბარათი). ამდენად, ვინაიდან მითითებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი მეწარმე სუბიექტების ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და მათთვის გაუმართლებელი სანქციების დაკისრების თავიდან არიდება იყო, ამ პირობებში ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილება - პირგასამტეხლოს სახით 120 000 ლარის დაკისრების თაობაზე, იმ მეწარმის მიმართ, რომელიც ამავე ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებით ექცეოდა იმ სუბიექტთა ნუსხაში, რომლის საქმიანობაზეც ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ და შესაბამისად მის მიმართაც უნდა გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი, სცდება გონივრულობის ფარგლებს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები უკანონოდ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე