Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-870(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ-ა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ-ას“ წარმომადგენელმა 2020 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „გ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის №04-13/9740 გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №04/11837 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა მოსარჩელის მიერ პაციენტ გ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „მ-ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის №04-13/9740 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №04/11837 გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. კ-ისათვის მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პაციენტი დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში გატარებულია გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით. პროგრამული კოდები: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; 100000006 II - ქირურგიული დახმარება; 1000000023 - იმუნიზაციის აუცილებლობა ტეტანუსის წინააღმდეგ. აღნიშნული დარღვევა გამოვლინდა ინსპექტირების ეტაპზე, რის გამოც არ ანაზღაურდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი და განესაზღვრა სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას. საბოლოოდ, უარის მიზეზი იყო კლინიკის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის ორი პროგრამული კოდის მიწოდება, ნაცვლად ერთისა, რომლითაც უნდა მომხდარიყო შემთხვევის მართვა.

კასატორი მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის მე-3 და მე-4 მუხლებზე და განმარტავს, რომ გადმოცემული შეტყობინების მიხედვით, ყველანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ არგუმენტს არის მოკლებული პაციენტის შემთხვევის ერთდროულად გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში გატარება (მით უფრო, როცა ადგილი აქვს ტრავმულ დაზიანებებს და აღნიშნულს ითვალისწინებს დაზუსტებაში პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა). შეტყობინებების გადმოცემა რამდენიმე პროგრამული კოდით და მით უმეტეს ერთდროულად რამდენიმე კომპონენტით ეწინააღმდეგება №36 დადგენილების პირობებს და მიზნად ისახავს პროგრამულად ასანაზღაურებელი თანხების გაზრდას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნულ დადგენილებასა და ბრძანებაზე, თუმცა არასწორი ინტერპრეტაციით განმარტავს მათ. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ერთი შემთხვევის ფარგლებში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არ დგება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების აუცილებლობა.

ამასთანავე, კასატორი არამართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მითითებას, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებითად განუხილველობის გამო მოხდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის შეფასება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტის - გ. კ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება. გ. კ-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად კი ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატის მითითებით, კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ პაციენტი - გ. კ-ი დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში პროგრამის განმახორციელებლისათვის გადაცემული იყო გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების კომპონენტებით. საბოლოოდ, უარის მიზეზი იყო კლინიკის მიერ ორი პროგრამული კოდის მინიჭება, ნაცვლად ერთისა, რომლითაც უნდა მომხდარიყო შემთხვევის მართვა.

საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. კ-ის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის დროისათვის იყო მძიმე. პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, გულისრევას და პირღებინებას, ასევე პაციენტს აღენიშნებოდა ცნობიერების ხანმოკლე დროით დაკარგვა და ზედა კიდურებში დაბუჟების შეგრძნება. პაციენტის ახლობლების განმარტებით, იგი ხეივნიდან გადმოვარდა და დაეცა ბეტონის უსწორმასწორო ზედაპირზე, რა დროსაც 1-2 წუთით დაკარგა გონება, აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები, რის გამოც ახლობლებმა მიმართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ასევე სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გ. კ-ი სტაციონარში მოთავსდა 2019 წლის 5 მაისს, 22:30 საათზე და გაეწერა იმავე წლის 6 მაისს 01:00 საათზე და რადგან ესაჭიროებოდა თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა, გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში. დადგენილია, რომ გ. კ-ის ძირითადი დაავადება იყო ინტრაკრანიალური ტრავმა დაუზუსტებელი - S06.9, ხოლო თანმხლები დაავადებები - ქალას სარქვლის მოტეხილობა - S02.0, თავის მრავლობითი ჭრილობები - S01.7, კისრის სხვა დაუზუსტებელი მალის მოტეხილობა - S12.2. შესაბამისად, მას ესაჭიროებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა. პაციენტს ჩაუტარდა, ასევე თავზე არსებული ჭრილობების ქირურგიული დამუშავება - გაკერვა, რასაც სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ პაციენტს გაეწია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივე კომპონენტის - გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება, ვინაიდან ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაეწიოს პაციენტს, როდესაც არ დგება სტაციონარული მომსახურების ჩატარების აუცილებლობა, ხოლო, როდესაც შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პაციენტს ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით ინტრაკრანიალური ტრავმა დაუზუსტებელი (S06.9), თანმხლები დაავადებები - ქალას სარქვლის მოტეხილობა (S02.0), თავის მრავლობითი ჭრილობები (S01.7), კისრის სხვა დაუზუსტებელი მალის მოტეხილობა (S12.2) წარმოადგენს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სხვადასხვა სახეებს, რაც ამავე დადგენილებით გათვალისწინებულია განსხვავებული ნოზოლოგიური კოდებით (S06.9, S02.0 და S12.2) და ანაზღაურდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას, კასატორი კი ვერ ასაბუთებს ერთდროულად ორივე მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის, როგორც აღინიშნა, მითითებულია - ქალა-ტვინისა და კისრის მალის მოტეხილობების, ტრავმების, სისხლმდენი ჭრილობების და სხვ. მკურნალობა, რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება ამბულატორიულ დონეზე. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთის საჭიროება მოცემულ შემთხვევაში განაპირობა გონების დაკარგვამ და სხვა გარემოებებმა. ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას (იხ. სუს 2020 წლის 7 დეკემბრის №ბს-727(2კ-19) განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას მასზედ, რომ, მართალია, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, მაგრამ უდავოა, რომ პაციენტ გ. კ-ს, სხვადასხვა დიაგნოზებიდან გამომდინარე, დასჭირდა ორივე სახის სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, იგი მოთავსებული იყო სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ ამავდროულად ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი მისთვის საჭირო ამბულატორიული მომსახურებაც.

დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან პაციენტს გაეწია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც ამბულატორიული მომსახურების, ასევე სტაციონარული მომსახურების კომპონენტებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებები, რომლებიც უდავოდ ესაჭიროებოდა, მოპასუხის მიერ არ არსებობდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების კონკრეტული ნორმების დარღვევაზე. საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი სპეციალური ცოდნის მქონე პირის განმარტება ან/და ექსპერტის დასკვნა, რომელიც მოპასუხის მიერ არასწორი მომსახურების თაობაზე გაკეთებული დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას შექმნიდა. ამრიგად, კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის - გ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურების დავალების საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2022 წლის 27 ივლისს №19374 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე