Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1182(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ხ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ზ.ხ-მა 2021 წლის 7 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის N03-541/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის N03-541/ო ბრძანება და მოპასუხეს ზ.ხ-ის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს, რომ ზ.ხ-მა 2021 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. განცხადებაში ზ.ხ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წლის ... ...ს და ითხოვდა დევნილის სტატუსის მინიჭებას მამის - გ.ხ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

კასატორის მითითებით, დადასტურებული ფაქტია, რომ ზ.ხ-ის მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა მოსარჩელის სრულწლოვანების დროს, ხოლო კანონის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მშობელს სტატუსი ჰქონდეს/ან ჰქონოდა შვილის არასრულწლოვანების დროს. ასევე, დადგენილია, რომ ზ.ხ-ი დაბადებულია აფხაზეთის ომის შემდეგ, დედას დევნილის სტატუსი არ აქვს, ხოლო მამას მიენიჭა 2021 წელს, მაშინ როდესაც განმცხადებელი უკვე სრულწლოვანი იყო. იმისთვის, რომ მოსარჩელეს ჰქონოდა უფლება დევნილის სტატუსი მიეღო მშობლის სტატუსიდან გამომდინარე, კანონის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მამას სტატუსი მიეღო მოსარჩელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ზ.ხ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება, მოსარჩელის არასრულწლოვანების პერიოდში მამის დევნილის სტატუსის არქონის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვნების დროს.

სადავო შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ზ.ხ-ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ზ.ხ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა 2001 წელს ქ. ...ში. 2019 წელს სკოლა დაამთავრა გურჯაანის რაიონში. აფხაზეთში არ უცხოვრია. ამჟამად, მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფ. ...ში. დედას არ აქვს დევნილის სტატუსი. მამას - გ.ხ-ს დევნილის სტატუსი მიენიჭა 2021 წელს და ამავე წელს ზ...ის უმცროს ძმასაც- ს.ხ-ს მიენიჭა დევნილის სტატუსი. ზ.ხ-ის განცხადებაზე თანდართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს გაცემული ცნობა. ცნობის თანახმად ზ.ხ-ის მამა - გ.ხ-ი 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის დაბა ...ში.

საქმის მასალებში წარმოდგენილი დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს წარმოების მასალების თანახმად, ზ.ხ-ის მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ვინაიდან, მოსარჩელე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აღნიშნულ ადგილას, მის მშობელს კი დევნილის სტატუსი მიენიჭა 2021 წელს (ამ პერიოდში იგი უკვე სრულწლოვანი იყო), ხოლო არასრულწლოვანების პერიოდში მის მშობლებს დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ. ზემოაღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის გამოცემას და 2021 წლის 12 თებერვლის N03/2211 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანების მიხედვით მას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას. სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის თანახმად, მამისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას არასრულწლოვანების დროს, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში.

ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძვლის არსებობა, აღნიშნული გარემოება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა.

ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებების მართებულობა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზ.ხ-ის მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის უკანონობის პირობებში, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე