Facebook Twitter

№ბს-1465(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 დეკემბრის №03/21/შ/პ-0653 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.გ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, ე.გ-ე მსჯავრდებულია გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო (16.04.2015წ.) და საქართველოს უზენაესი (19.11.2015წ.) სასამართლოების გადაწყვეტილებებით. სასჯელის ათვლა დაიწყო 2013 წლის 24 სექტემბრიდან. 2015 წლის აგვისტოდან სასჯელს იხდის №... პენიტენციურ დაწესებულებაში. ე.გ-ემ სასჯელის 2/3 მოიხადა ჯერ კიდევ 2020 წლის 24 მაისს. აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ადრე ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სასჯელის ქონის მოტივით. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს არ გაუთვალისწინებია მსჯავრდებულის სასარგებლო ფაქტორები, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული რისკი არ არის მაღალი, რადგან იგი ჩარიცხულია №... დაწესებულებაში, ხასიათდება დადებითად, მიღებული დისციპლინური სასჯელი დიდი ხნის წინ არის გაქარწყლებული, მსჯავრდებულს შეხება არა აქვს კრიმინალურ სამყაროსთან, ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ე.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 დეკემბრის №03/21/შ/პ-0653 გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.გ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველ მუხლზე, მე-6, მე-7, მე-10, მე-13 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე.გ-ის მიერ პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო დისციპლინური წესით და ნასამართლობის მქონეა. საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე, ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთი მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

სასამართლოს განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანების მე-13 მუხლით დადგენილ ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განიცდის და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მისი სამომავლო გეგმები უკავშირდება ოჯახს და დასაქმებას. დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ურთიერთობაში თავაზიანია. მხედველობაშია მისაღები, ასევე, რომ დაზარალებულ მ.მ-ის უფლებამონაცვლეს ე.გ-ის მიმართ რაიმე მატერიალური ან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობას აცხადებს, რომ ე.გ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ე.გ-ე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობის პროცესში. ზემოაღნიშნული გარემოებები, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან. მოსარჩელის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მთლიანად მოხდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნის ე.გ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ 1.1 მუხლსა და 13.1 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე და განმარტა, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ნასამართლობის ფაქტზე მითითება და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. კანონი ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, საბჭო წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის შექმნის მიზანს წარმოადგენს აგრეთვე ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის დასაბუთებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის პოზიციაზე, კერძოდ, მოსარჩელე განიცდის და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი სამომავლო გეგმები უკავშირდებოდა ოჯახს და დასაქმებას. ასევე საყურადღებოა, რომ ე.გ-ე დაწესებულებაში იცავდა სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან ურთიერთობაში იყო თავაზიანი. დადგენილია, რომ დაზარალებულ მ.მ-ის უფლებამონაცვლეს ე.გ-ის მიმართ რაიმე მატერიალური ან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობას აცხადებს, რომ ე.გ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი. დადგენილია ასევე, რომ ე.გ-ე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეკლესიის მშენებლობის პროცესში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლი, მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მართებულად დაავალა მოპასუხე (აპელანტი) ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.გ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, ის, რომ წარმოადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია დისციპლინური წესით. ასევე ნასამართლობის მქონეა. ვინაიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ნასამართლობა, დასჯა, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საბჭომ საკითხის განხილვისას უარყოფითად შეაფასა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი, ნასამართლობა, მსჯავრდებულის ქცევა და სოციალურ აქტივობაში მისი მონაწილეობის მიღების საკითხი. დანაშაულის ხასიათი გამოიხატა შემდეგში, ე.გ-ემ შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით ჩაიდინა თანასოფლელის - მ.მ-ის განზრახ მკვლელობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წარსულში დაზარალებული, მ.მ-ე სასჯელს იხდიდა მსჯავრდებულ ე.გ-ის ოჯახის დაყაჩაღებისთვის. როგორც კი მ.მ-ემ დატოვა პენიტენციური დაწესებულება, მას დაუკავშირდა მსჯავრდებული ე.გ-ე და სთხოვა, დაესახელებინა თანამზრახველთა ვინაობა, ხოლო 2013 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა 37 ჭრილობა, ყველა ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში. ამასთან, მსჯავრდებული 2013 წელს ნასამართლობის მქონეა და აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულმა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, შესაბამისად, პირობითი მსჯავრი ვერ გახდა მსჯავრდებულისათვის შემდგომი ქცევის შემცვლელი, რასაც კვლავ მოჰყვა ახალი დანაშაული.

კასატორის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებს სთავაზობს, როგორც ძირითად სარეაბილიტაციო პროგრამებს, ისე დამხმარე პროგრამებს, პროსოციალურ აქტივობებს. ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამები აერთიანებს ისეთ ფსიქო-სოციალურ პროგრამებს, როგორიც არის მაგალითად, „ბრაზის მართვის პროგრამა“, „სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი“ ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა და სხვა. მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისთვის, უფრო მეტად უნდა იყვნენ მოტივირებულები, ჩაერთონ ისეთ სოციალურ აქტივობებში, რომლებიც დაარწმუნებდა საბჭოს, რომ მსჯავრდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას და ზრუნავს რესოციალიზაციაზე. მსჯავრდებული მონაწილეობას იღებდა ეკლესიის მშენებლობაში, რაც საბჭომ დადებითად შეაფასა, თუმცა ე.გ-ეს მონაწილეობა არ მიუღია არც ძირითად და არც დამხმარე სოციალურ აქტივობაში.

მსჯავრდებულ ე.გ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. შესაბამისად, დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმი, რაც „სამართლებრივი სიკეთის“ ხელყოფას გულისხმობს. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს, მსჯავრდებულის ინტერესი, გაერკვია დაზარალებულის თანამზრახველთა ვინაობა, მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ მომდინარე საფრთხე საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მაღალია. შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. არსებული მოცემულობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოს მიეღო მსჯავრდებულ ე.გ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო არ გაცდენილა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით ე.გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2013 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, ე.გ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით ცვლილება არ შეტანილა წინა განაჩენში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ე.გ-ის მიმართ დარჩა უცვლელი. ე.გ-ეს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 15 მარტის №3925 ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და განთავსებულ იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში (ს.ფ. 62-66); ბ) ე.გ-ემ სსკ-ის 73-ე მუხლით სასჯელის 2/3 მოიხადა 24.05.2020 წელს. სასჯელის დასაწყისი - 24.09.2013 წელი; სასჯელის დასასრული - 24.09.2023 წელი (ს.ფ. 62-66); გ) ე.გ-ის განმარტებით, მიღებული აქვს საშუალო განათლება და დაკავებული იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. არის დაოჯახებული, ცხოვრობდა მეუღლესთან და მშობლებთან ერთად, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს. ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას აფასებს, როგორც მაღალს. მსჯავრდებულის სამომავლო გეგმები დასაქმებას უკავშირდება. სასჯელის მოხდის პერიოდში ე.გ-ე ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში (ს.ფ. 62-66); დ) ე.გ-ე სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა. დასჯილი არის ერთხელ, კერძოდ, 2015 წლის 3 მარტის №214303 განკარგულებით აეკრძალა მაღაზიით სარგებლობა ერთი თვის ვადით. მსჯავრდებული ბოლო პერიოდში რაიმე სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. დაწესებულების ადმინისტრაციისა და მსჯავრდებულების მიმართ არის თავაზიანი (ს.ფ. 62-66); ე) გარდაცვლილი დაზარალებული მ.მ-ის უფლებამონაცვლეს, ძმას - ი.მ-ეს ე.გ-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. იგი თანხმობას აცხადებს, რომ ე.გ-ის მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი და გათავისუფლდეს პატიმრობიდან (ს.ფ 61); ვ) 2021 წლის 3 დეკემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ ე.გ-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. ის, რომ წარადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, ასევე მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე.გ-ის მიერ პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო დისციპლინური წესით და ნასამართლობის მქონეა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 დეკემბრის №03/21/შ/პ-0653 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე.გ-ის მიმართ დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 62-66).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. ხოლო, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. ის, რომ წარადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, ასევე მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე.გ-ის მიერ პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო დისციპლინური წესით და ნასამართლობის მქონეა. მოცემულ ეტაპზე, ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 03 დეკემბრის №03/21/შ/პ-0653 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე.გ-ის მიმართ დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448-443(კ-12)).

შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, ის, რომ წარადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, ასევე მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩართული იყო ეკლესიის მშენებლობის პროცესში, თუმცა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ე.გ-ის მიერ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, განზრახ მკვლელობა. მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო დისციპლინური წესით და ნასამართლობის მქონეა.

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში. საბჭომ იმსჯელა ასევე ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი, რასთან მიმართებითაც მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით ე.გ-ეს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ამასთან დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. საბჭოს ასევე გათვალისწინებული აქვს მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მხარეთა შორის ასევე დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასამართლობის მქონე იყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ამდენად, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილებას ფარგლებში, მან საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. ასევე, სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი ე.გ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის - ე.გ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ს.ფ. 17) ლარის ანაზღაურება მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს არ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე