ბს-1105(კ-22) 30 მარტი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა.ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.ვ-მა 16.10.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ა.ნ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 15.10.2009წ. გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ.ნ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.08.2019წ. განჩინებით, კ.ვ-ის სარჩელზე მესამე პირის ზ.ნ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.01.2020წ. განჩინებებით, მესამე პირის ზ.ნ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ა.ნ-ი და საქმის წარმოება განახლდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილებით, კ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.10.2009წ. №... გადაწყვეტილება ზედდების (გადაფარვის) ნაწილში, ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ.ნ-ის 30.09.2009წ. №... განცხადებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ნ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინებით, ა.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზ.ნ-ის დაკვეთით შესრულებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას, ამასთან, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზები ზუსტად არც ტექბიუროს მონაცემებთან მოდის შესაბამისობაში. გარდა ამისა, აპელანტი (ა.ნ-ი) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 39,56 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც სადავო გადაწყვეტილებით ზ.ნ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა, ნ-ების ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში არასოდეს ყოფილა. აპელანტი ასევე არ უარყოფს იმას, რომ მოსარჩელესთან გამყოფი მიჯნაც ათეული წლების წინ მისმა მამამ (ზ.ნ-მა) ააგო. მარეგისტრირებელ ორგანოს გარდა იმისა, რომ უნდა შეემოწმებინა ზ.ნ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემების (ქაღალდის და ელ. ვერსია) შესაბამისობა ფაქტობრივ მფლობელობასთან და ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცულ მონაცემებთან, ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ქ. ბათუმში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №18-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრისა და ტექბიუროს საარქივო მასალების მონაცემები, უნდა მოეხდინა მათი ურთიერთშედარება. ზ.ნ-ის (უფლებამონაცვლე ა.ნ-ი) საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ეს გარემოებები სრულყოფილად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, რათა სწორად განსაზღვრულიყო მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან და თავიდან ყოფილიყო აცილებული ორი სხვადასხვა საკუთრების ობიექტის ზედდება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაცია ზ.ნ-ის სახელზე განხორციელდა არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. ამ პროცესში არ ყოფილა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა სზაკ-ის 95-ე-98-ე მუხლების მოთხოვნები. მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ათეული წლების მანძილზე კ.ვ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში, მისი მყარი სასაზღვრო მიჯნის შიგნით მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე სხვა პირის (ზ.ნ-ის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომ ამ წარმოების თაობაზე მოსარჩელისთვის არ უცნობებია. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ნ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა კ.ვ-ის ან მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებას ვერ მოახდენს იმ მიწის ნაკვეთთან, რომელსაც არ გააჩნია საკადასტრო მონაცემები. ის გარემოება, რომ კ.ვ-ის ან მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, შეუძლებელს ხდიდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთის საზღვრების ზედდების გამოვლენას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ამ მხრივ გამოიწვევდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.04.2010წ. გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №20-ში მდებარე უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა.ნ-ის საკუთრების უფლება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, ასევე თუ რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე. ამდენად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს იურიდიულ ინტერესს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობის შესახებ საინვენტარიზაციო დოკუმენტებში ასახული მონაცემები. ქ. ბათუმში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №20-ში მდებარე უძრავ ნივთზე ზ.ნ-ის საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთის ფართობის ოდენობა არ აღემატება ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტებში მითითებულ ოდენობას. აღნიშნული გარემოება წარმოშობოდა ზ.ნ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
კასატორმა მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.10.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტუქციის“ მე-2 მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე და 48-ე მუხლზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-41-მე-5 მუხლებზე, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე. კასატორმა ასევე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებებსა და მოსაზრებებზე, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №18-ში მდებარე 587,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე აღრიცხულია ი.ვ-ის უფლება. ამავე არქივის მონაცემებით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე 487,75 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე) და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლზე აღრიცხულია ი.ნ-ის სარგებლობის უფლება (ტ. 1, ს.ფ. 118, 121). 11.09.2009წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ზ.ნ-ი არის მამკვიდრებლის ი.ნ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - ვაჟიშვილი, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები სრულად. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 15.10.2009წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, ... ის ქ. №20-ში მდებარე 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა ზ.ნ-ის საკუთრების უფლება, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (ტ. 1, ს.ფ. 134-137). უძრავ ნივთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. 07.09.2015წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, კ.ვ-ი არის თ.ვ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი, რომელმაც საკუთრებაში მიიღო საკვიდრო სრულად, მათ შორის ქ. ბათუმში, ... ის ქ. №18-ში მდებარე უძრავი ქონება. კ.ვ-მა 10.09.2015წ. განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მემკვიდრეობის საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის (ყოფ. ...ის) ქ. №18-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება (ტ. 1, ს.ფ. 197). გამოვლენილი ზედდების გამო კ.ვ-ს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა (ტ. 1, ს.ფ. 189). საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 196). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ.ვ-ის უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა წარმოადგენდა, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ იწვევს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. რაც შეეხება იმას, რომ დღეის მდგომარეობით უძრავი ნივთი წარმოადგენს არა ზ.ნ-ის, არამედ ა.ნ-ის საკუთრებას, რომელმაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო უძრავი ქონება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმართ, ამასთანავე, საქმის მასალებში დაცულია სარჩელის ასლი, რომლის მიხედვით კ.ვ-მა სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის ა.ნ-ის მიმართ ზ.ნ-სა და ა.ნ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა (39,56 კვ.მ. ფართის ნაწილში) და კ.ვ-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით (ტ. 2, ს.ფ. 175-190).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლით „ა“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განიმარტებოდა, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა (სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედი რედაქცია). მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.11.2015წ. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე ზ.ნ-ის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ნაწილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ...ის ქ. №18-ში კ.ვ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში, შესაბამისად, ზ.ნ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი (39,56 კვ.მ. ფართი) კ.ვ-ის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებს შორის გამყოფი მიჯნა მდებარეობს ათეული წლების მანძილზე, რომელიც აგებულია კასატორის მამის, ზ.ნ-ის მიერ, ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი (39,56 კვ.მ.) არასოდეს ყოფილა ზ.ნ-ის ან/და ა.ნ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო რეგისტრაცია ზ.ნ-ის სახელზე განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი შესწავლის გარეშე. მარეგისტრირებელმა ისე მიიღო გადაწყვეტილება კ.ვ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში, მისი მყარი სასაზღვრო მიჯნის ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომ ამ წარმოების თაობაზე კ.ვ-ისთვის არ უცნობებია. სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ იქნა განხორციელებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რეგისტრაციის სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელის ჩაბმა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის დარღვევამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა (სუსგ №ბს-320-311 (2კ-12), 10.04.2014წ.).
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საქმის მასალებში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ ნახაზებთან შეუსაბამოა, როგორც ქ. ბათუმში, ... ის ქ. №18-ში მდებარე კ.ვ-ის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, ასევე შეუსაბამოა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №20-ში მდებარე ზ.ნ-ის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უმეტესად შეიცავს მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებებსა და მოსაზრებებზე, რაც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ. კასატორი ახდენს მხოლოდ მათ ციტირებას შედავების გარეშე, ამდენად, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2022წ. განჩინება;
3. ვ.ლ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი