Facebook Twitter
№ბს-32(კ-23) 21 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.კ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის №03/21/შ/პ-0569 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში, ა.კ-ას დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.

სარჩელის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაცული უფლება - სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, ა.კ-ას წარმოეშვა 2020 წლის 7 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს, მოპასუხემ 2021 წლის 2 ნოემბრის №03/21/შ/3-0569 გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთებული მოტივის გარეშე, დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საბჭომ არ გაითვალისწინა და რეალურად არ შეაფასა ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი იყო. არ იქნა გათვალისწინებული, რომ მოსარჩელე ნანობს მომხდარს, სურს ახალი ცხოვრების დაწყება და წარსულის დავიწყება, სურს მიიღოს განათლება და საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი. მართალია, საბჭოს აქვს საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ ის ვალდებულია, გამოიკვლიოს და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე რამდენჯერმეა ნასამართლევი, საბჭოს უნდა ემსჯელა მისი დღევანდელი პიროვნული მახასიათებელი კრიტერიუმებით, მიღწევებისა და რესოციალიზაციის საკითხების ერთობლიობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ა.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის’’ პირველ მუხლზე, მე-6, მე-7, მე-10, მე-13 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით 2021 წლის 02 ნოემბერს საბჭომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან და თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, ერთ-ერთი დაზარალებულის პოზიცია, ის ფაქტი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისდა ორჯერ და მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს წარსულში ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული, რომლისთვისაც განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით და დამატებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 წლის ვადით. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, 2013 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე. გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულმა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და 2013 წლის 14 აპრილს მართავდა ავტომანქანას. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სასამართლო აქტების აღსრულების წინააღდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის არაერთი დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია. მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა. მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ხუთჯერ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა. საბჭომ მიიჩნია, რომ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა და შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს. საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ასახულია სადავო გადაწყვეტილებაში და მათზე მითითებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი ამ ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას. შესაბამისად, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონიძიება მხედველობაში მიიღება მხოლოდამხოლოდ მსჯავრდებულის ქცევის ზოგადად შეფასების მიზნით, სასჯელის მოხდის პერიოდში, და არა როგორც დამამძიმებელი გარემოება, გადაწყვეტილების მიღებისას. გასაჩივრებულ აქტში აღწერილია და გათვალისწინებულია მსჯარვდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება ადმინიტრაციასთან მიმართებაში, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში, თუმცა აღნიშნული გარემოება სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში შეფასდა შესაბამისი კრიტერიუმებით, რის შედეგადაც საბჭოს მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის №03/21/შ/პ-0569 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.კ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, შინაპატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ საბჭოს შექმნის მიზანა რესოციალიზაცია. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტით სარწმუნოდ დადგინდეს, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული ან მისი საბოლოო გამოსწორებისათვის წარმოადგენს თუ არა გადაუდებელ აუცილებლობას დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ანუ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ უნდა იქონიოს დასაბუთებული მსჯელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ხომ არ არის მიღწეული სასჯელის მიზანი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა.კ-ა წახალისებულია ორჯერ, კერძოდ: 2019 წლის 24 იანვრის №516 ბრძანებით, დამატებით სატელეფონო საუბრით; 2019 წლის 17 სექტემბრის №6159 ბრძანებით, დამატებით ხანმოკლე პაემნით. მსჯავრდებული ა.კ-ა იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დაწესებულების თანამშრომლეთა კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს დადებითად. ასევე, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ თავაზიანია. ა.კ-ას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით არის ... და ... იგი არის დაოჯახებული, ჰყავს მშობლები, მისი და არის დაოჯახებული და საზღვარგარეთ მცხოვრები. ოჯახთან აქვს კარგი დამოკიდებულება. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის კარგი. დაზარალებულებს ა.კ-ასათვის ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვიათ. მსჯავრდებულის გადმოცემით, დაზარალებული თანახმაა მის განთავისუფლებაზე და წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ცნობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა.კ-ა მოტივირებულია ცვლილებებისაკენ, მზაობას ახდენს განვითარებისაკენ, აქვს სერიოზული სამომავლო გეგმები, გათავისუფლების შემდეგ აპირებს მუშაობას, იცხოვრებს ოჯახთან ერთად და მიხედავს მათ. აქვს აგრო და საოჯახო ბიზნესები, გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით ცხოველთა დაცვის მიზნით. წამოიწყებს მცირე ბიზნესს ტურისტული მიმართულებით. ა.კ-ა არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ტაძრის მაზიარებელი მრევლი. კითხულობს წიგნებს, თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, ეწევა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, ვარჯიშობს ინდივიდუალურად. არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებელი, ესწრება სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, მოისმინა ტრენინგი „მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობის შესახებ“. მონაწილეობას იღებს ეკლესიის მშენებლობაში შეძლებისდაგვარად. ჩართულია დანაშაულის შემთხვევის მართვაში, საიდანაც ჩართულია ტრენინგებში „სინემა თერაპია“, „სასარგებლო უნარების განვითარება“. ა.კ-ა გამოხატავს მზაობას ცხოვრების წესის შეცვლისთვის, რის მოტივაციასაც აძლევს ოჯახის წევრებისგან მიღებული მხარდაჭერა და სურვილი გამოხატოს მათ მიმართ მადლიერება, აგრეთვე სურს ყავდეს შვილი და იყოს მისთვის სამაგალითო ადამიანი. ა.კ-ა დანაშაულთან მიმართებით აანალიზებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მიზეზებს, აფასებს შექმნილ გარემოებებს, გამოხატავს ფსიქოლოგიურ მზადყოფნას პიროვნული და ქცევითი ცვლილებებისათვის, რაც დაეხმარება დანაშაულებრივი სამყაროსგან თავის არიდებაში. საქმეში დაცული 2021 წლის 8 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ვ.ხ-ე, როგორც დაზარალებული, თანხმობას აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა ა.კ-ამ ვადაზე ადრე დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, რაზედაც მას არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ, სურს საზოგადოებასთან/ოჯახთან რეინტეგრაცია. შესაბამისად, მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქმნის ა.კ-ას სასჯელის მოუხდელის ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საფუძვლიანად დასაბუთებულ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სადავო აქტის დასაბუთება მეტად მწირია, ვინაიდან დასკვნა ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე მითითებას, ხოლო საკითხი მსჯავრდებულის პიროვნების, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში სანიმუშო ქცევის, მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დიდი სურვილისა და ამ უკანასკნელთა საუკეთესო ინტერესის კონტექსტში, დამნაშავის რესოციალიზაციის თაობაზე, არ არის სათანადოდ შეფასებული ანუ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით არ არის დამაჯერებლად დასაბუთებული მსჯავრდებულის შინაპატიმრობის აღმოჩენის პირობებში რატომ ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2021 წლის 2 ნოემბერის №03-21/შ/3-0569 გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან და თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციასთან მიმართებით, ერთ-ერთი დაზარალებულის პოზიცია, ის ფაქტი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისდა ორჯერ და მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს წარსულში ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით და დამატებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 წლის ვადით. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, 2013 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე. გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულმა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და 2013 წლის 14 აპრილს მართავდა ავტომანქანას. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის არაერთი დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია. მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა. მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ხუთჯერ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. შესაბამისად, საბჭოს მხრიდან უარყოფითად შეფასდა არამხოლოდ დანაშაულის ხასიათი, არამედ, უარყოფითად იქნა შეფასებული სამი კრიტერიუმი: დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი (აღნიშნულის შეფასებისას ყურადღება ექცევა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში), მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად, რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია), მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა (წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული).

ამასთან, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ საკითხზე, რომ საბჭოს შექმნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. აღნიშნული არის სასჯელის მიზანი, რომელიც ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებაში, საბჭოს მიზნები კი რესოციალიზაციის ხელშეწყობასთან ერთად საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაა.

კასატორის განმარტებით, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისთვის. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ საბჭომ უარყოფითად შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმი და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმების ერთობლიობით მიიღო. მსჯავრდებულ ა.კ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხზე მსჯელობისას საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.კ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ა.კ-ა მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. ამავე განაჩენით ა.კ-ას 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2013 წლის 25 იანვარს იგი გათავისუფლდა ამნისტიით (ს.ფ. 16-20, 89-92, 93-97); ბ) ა.კ-ა მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით (ს.ფ. 89-92); გ) ა.კ-ა მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივნისის განაჩენით დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (ს.ფ. 89-92); დ) ა.კ-ა მსჯავრდებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წელი, 2 თვე და 10 დღე თავისუფლების აღკვეთა (ს.ფ. 89-92); ე) თბილისის საქალაქო სასმართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით ა.კ-ას, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; ვ) ა.კ-ამ საქართველოს სსკ-ის 73.31 მუხლით სასჯელის 3/4 მოიხადა 2020 წლის 7 აგვისტოს. სასჯელის დასაწყისია - 7.12.2013 წელი, სასჯელის დასასრულია - 7.12.2023 წელი (ს.ფ. 16-20); ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, ა.კ-ას დაუდგინდა საშიშროების მომეტებული რისკი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 იანვრის №454 ბრძანებით, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, №... დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2020 წლის 7 აგვისტოდან (ს.ფ. 16-20); თ) მსჯავრდებული ა.კ-ა დასჯილია ხუთჯერ, კერძოდ: 1. 09.06.2015 წლის №454456 ბრძანებით აეკრძალა ამანათის, ბანდეროლის და გზავნილის მიღება 1 თვის ვადით; 2. 19.06.2015 წლის №485274 ბრძანებით მოთავსდა სამარტოო საკანში 10 დღე-ღამით; 3. 31.03.2014 წლის №144874 ბრძანებით სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდა 1 თვის ვადით; 4. 19.09.2014 წლის №479456 ბრძანებით შეეზღუდა მაღაზიით სარგებლობის უფლება 1 თვის ვადით; 5. 30.04.2016 წლის №361848 ბრძანებით სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდა 1 თვის ვადით (ს.ფ.93-97); ი) მსჯავრდებული ა.კ-ა წახალისებულია ორჯერ, კერძოდ: 1. 24.01.2019 წლის №516 ბრძანებით - დამატებითი სატელეფონო საუბრით; 2. 17.09.2019 წლის №6159 ბრძანებით - დამატებით ხანმოკლე პაემნით. მსჯავრდებული, ა.კ-ა იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებზე რეაგირებს დადებითად. ასევე, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ თავაზიანია (ს.ფ. 93-97); კ) საქმეში წარმოდგენილია №... დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 11 ოქტომბრის დახასიათება ა.კ-ას შესახებ, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ა.კ-ას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით არის ... და .... იგი არის დაოჯახებული, ჰყავს მშობლები და საზღვარგარეთ მცხოვრები დაოჯახებული და. ოჯახთან აქვს კარგი დამოკიდებულება. მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის კარგი. დაზარალებულებს ა.კ-ასათვის ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვიათ. მსჯავრდებულის გადმოცემით, დაზარალებული თანახმაა მის განთავისუფლებაზე და წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ცნობას. ა.კ-ა მოტივირებულია ცვლილებებისაკენ, მზაობას ახდენს განვითარებისაკენ, აქვს სერიოზული სამომავლო გეგმები, გათავისუფლების შემდეგ აპირებს მუშაობას, იცხოვრებს ოჯახთან ერთად და მიხედავს მათ. აქვს აგრო და საოჯახო ბიზნესები, გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით ცხოველთა დაცვის მიზნით. წამოიწყებს მცირე ბიზნესს ტურისტული მიმართულებით. მსჯავრდებული ა.კ-ა არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ტაძრის მაზიარებელი მრევლი. კითხულობს წიგნებს, თამაშობს ინტელექტუალურ თამაშებს, ეწევა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, ვარჯიშობს ინდივიდუალურად. არის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებელი, ესწრება სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, მოისმინა ტრენინგი „მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობის შესახებ“, მონაწილეობას იღებს ეკლესიის მშენებლობაში შეძლებისდაგვარად. ჩართულია „დანაშაულის შემთხვევის მართვაში“, საიდანაც ჩართულია ტრენინგებში - „სინემა თერაპია“, „სასარგებლო უნარების განვითარება“. ა.კ-ა გამოხატავს მზაობას ცხოვრების წესის შეცვლისთვის, რის მოტივაციასაც აძლევს ოჯახის წევრებისგან მიღებული მხარდაჭერა და სურვილი, გამოხატოს მათ მიმართ მადლიერება, აგრეთვე სურს ყავდეს შვილი და იყოს მისთვის სამაგალითო ადამიანი. ა.კ-ა დანაშაულთან მიმართებით აანალიზებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მიზეზებს, აფასებს შექმნილ გარემოებებს, გამოხატავს ფსიქოლოგიურ მზადყოფნას პიროვნული და ქცევითი ცვლილებებისათვის, რაც დაეხმარება დანაშაულებრივი სამყაროსგან თავის არიდებაში (ს.ფ. 89-92); ლ) 2021 წლის 8 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ვ.ხ-ე, როგორც დაზარალებული, თანხმობას აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა ა.კ-ამ ვადაზე ადრე დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, რაზედაც მას არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება (ს.ფ. 37-38); მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ნოემბრის №03/21/შ/პ-0569 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა - მსჯავრდებულ ა.კ-ას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 16-20).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია. ხოლო, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან და თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, ერთ-ერთი დაზარალებულის პოზიცია, ის ფაქტი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისდა ორჯერ და მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს წარსულში ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით და დამატებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის 5 წლის ვადით. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, 2013 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე. გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულმა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და 2013 წლის 14 აპრილს მართავდა ავტომანქანას. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სასამართლო აქტების აღსრულების წინააღდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის არაერთი დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია. მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა. მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ხუთჯერ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა. საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448-443(კ-12)).

შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას გათვალისწინებულია მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან და თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციასთან მიმართებით, ერთ-ერთი დაზარალებულის პოზიცია, ის ფაქტი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისდა ორჯერ და მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში. ამასთანავე, საბჭომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ხუთჯერ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა.

ამდენად, დასტურდება, რომ საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ოჯახური პირობები, პიროვნული მახასიათებლები, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს წარსულში ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული. შესაბამისად, საბჭოს გათვალისწინებული აქვს მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - დგინდება, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით და დამატებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის 5 წლის ვადით. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი შეღავათი, კერძოდ, 2013 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე. გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულმა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და 2013 წლის 14 აპრილს მართავდა ავტომანქანას. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სასამართლო აქტების აღსრულების წინააღდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. საბჭოს ასევე ნამსჯელი აქვს შეფასების ისეთ კრიტერიუმზე, როგორიცაა დანაშაულის ხასიათი - მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ა.კ-ამ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის არაერთი დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია. მანვე ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ვ.ხ-ის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი, როგორც დაზარალებული, აცხადებს თანხმობას, რომ მსჯავრდებულმა - ა.კ-ამ ვადაზე ადრე დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება (ს.ფ. 98-99). საყურადღებოა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ ა.კ-ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დგინდება, რომ ვ.ხ-ესთან ერთად დაზარალებულს ან.კ-ც წარმოადგენს (ს.ფ. 21-36), რომლის პოზიციაც არ ყოფილა წარმოდგენილი მსჯავრდებულის მიერ.

ამდენად, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილებას ფარგლებში, მან საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები. ასევე სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი ა.კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.კ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ა.კ-ას მიერ წარმოდგენილია 02.03.2023წ. განცხადება №57830/25 (სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი 07.03.2023, №ბ-318-23), რომელსაც თანდართული აქვს სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ცნობა №01/173. კასატორი ითხოვს, რომ მოცემული ცნობა დაერთოს საქმის მასალებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ზემოაღნიშნული ცნობა, როგორც მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის - ა.კ-ას მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 (100 (ს.ფ. 40) +150 (ს.ფ. 218) ლარის ანაზღაურება მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს არ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე