Facebook Twitter

ბს-597 (4კ-21) 16 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ლ.მ-ის და კ.ც-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.მ-მა 08.12.2014წ. სარჩელით, ხოლო 19.12.2014წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2016წ. გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. განჩინებით ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.მ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2020წ. განჩინებით ლ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2017წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდებოდა უნებართვო მშენებლობის წარმოება ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ, ლ.მ-მა ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ №3-ის მიმდებარედ განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რამაც ახალი გაბარიტების შექმნა გამოიწვია. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში დაცული 10.05.2016წ. მომზადებული საკადასტრო გეგმისა და 17.05.2016წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-3 მიკრო/რაიონის, მე-2 კვარტლის, №3 კორპუსის მიმდებარედ არსებული №56 შენობის ფართია 59,50 კვ.მ., რომლის მესაკუთრეა ლ.მ-ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ას“ კრების ოქმი, დამოწმების თარიღი - 12.05.2016წ.. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას სწორედ სადავო შენობა-ნაგებობისა და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოსო. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია სადავო შენობა-ნაგებობისა და მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობა, შეუძლებელია გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე მსჯელობა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო წესით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უკეთუ დადასტურდება, რომ ლ.მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ №3-ის მიმდებარედ არსებული 59,50 კვ.მ. და №56 შენობა წარმოადგენს სწორედ სადავო აქტებით გათვალისწინებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, რომლის უნებართვოდ მშენებლობისთვის ლ.მ-ს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემდგომ, ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მოქცევის გამო, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობაზე, კერძოდ, დამრღვევის - ლ.მ-ის მიმართ ჯარიმის სახით - 8 000 ლარის გამოყენებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2020წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ.ც-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2021წ. გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის თანახმად, ლ.მ-ი გათავისუფლდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების მე-2 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, ლ.მ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ.მ-მა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა უნებართვოდ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე, თუმცა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნებართვოდ მშენებლობისთვის ლ.მ-ს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დარეგისტრირებულ იქნა ჯერ ამხანაგობის თანასაკუთრებად, ხოლო შემდგომ - ლ.მ-ის საკუთრებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 07 დეკემბრიდან, ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ №3-ის მიმდებარედ არსებული 59,50 კვ.მ. და №56 შენობა წარმოადგენს არა სამართალდარღვევის ჩამდენი პირის - ლ.მ-ის, არამედ კ.ც-ის საკუთრებას. საჯარო რეესტრის ამონაწრით დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა მასსა და ლ.მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ამჟამინდელი მდგომარეობით კ.ც-ის საკუთრების უფლება სადავო შენობა-ნაგებობაზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება ხელყოფს და გაუმართლებელ ჩარევას გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში, შესაბამისად, დემონტაჟის დავალების ნაწილში არსებობს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელე ლ.მ-ისათვის დაკისრებულ ჯარიმას, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო ლ.მ-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.მ-ი წარმოადგენს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. ამდენად, არსებობს ლ.მ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება ლ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანება გამოცემულ იქნა სადავო პერიოდში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულად გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ლ.მ-ის და კ.ც-ის მიერ.

კასატორებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტს, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების მე-2 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. კასატორებმა მიუთითეს, რომ ლ.მ-მა უნებართვოდ განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რისთვისაც „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. კასატორების მოსაზრებით ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდამრღვევისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება წარმოდგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ემსახურებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სადავო შენობა-ნაგებობაზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია კ.ც-ის საკუთრება, ასეთი ობიექტის დემონტაჟის დავალება გამოიწვევს ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მითითებული ობიექტი დღეის მდგომარეობითაც უნებართვო სტატუსის მატარებელია, რაც იწვევს სამშენებლო მართლწესრიგის დარღვევას. სამშენებლო საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოს და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ სამართალდამრღვევ სუბიექტზე შესაბამისი სანქციის გატარება, არამედ სამართალდარღვევის აღმოფხვრა უნებართვო ობიექტის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის ან დემონტაჟის გზით, ასევე სამართალდარღვევის პრევენცია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხდება არა მარტო უნებართვო ობიექტის არსებული სახით შენარჩუნება, არამედ სამშენებლო სამართალდარღვევის წახალისება. სასამართლოს ასეთი მიდგომის დამკვიდრების შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირები მარტივად აიცილებენ თავიდან უნებართვო ობიექტის დემონტაჟს კეთილსინდისიერ შემძენზე გასხვისებით. კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დამატებით მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ეწინააღმდეგება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ, მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში მესაკუთრის მიერ სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულების დანაწესს. კასატორების მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და თავისი ინიციატივით ქ. თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

კასატორმა - ლ.მ-მა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად არ ცნობის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო აქტის შედგენამდე შენობის გაცილებით ადრე აშენების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მეზობლები ადასტურებენ ლ.მ-ის მიერ სადავო შენობა-ნაგებობის ფლობის ფაქტს. კასატორის მითითებით სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლომ სრულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა საკუთრების უფლებით. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ლ.მ-ის საჩივართან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანება შეეხება მოპასუხის მიერ მანამდე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს, რაც სასმართლომ ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოაცხადა. კასატორის მითითებით გადაწყვეტილებაში ასახულია მხოლოდ მოპასუხის პოციზია, იგი არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორმა - კ.ც-მა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად არ ცნობის ნაწილში. კასატორის მითითებით სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ამონაწერით არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის შეზღუდვა, შესაბამისად იგი ენდობოდა საჯარო რეესტრის ამონაწერს. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ლ.მ-ი გაათავისუფლა ჯარიმისგან, ხოლო იგი როგორც კეთილსინდისიერი მესაკუთრე დაუცველი და დაზარალებულია. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ მოპასუხეების პოზიციაა გაზიარებული, ხოლო რეალური მდგომარეობა და მტკიცებულებები ობიექტურად არ არის შეფასებული. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას, რომლითაც არ დადგება სადავო შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ლ.მ-ის და კ.ც-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.06.2014წ. №000599 მითითების თანახმად, ლ.მ-მა, ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ №3-ის მიმდებარედ, განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ლ.მ-ს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 23.06.2014წ. №000599 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ლ.მ-მა არ შეასრულა 10.06.2014წ. №000599 მითითებით გათვალისწინებული პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების მიხედვით, ლ.მ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ, კორპ №3-ის მიმდებარედ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ლ.მ-მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 26.11.2014წ. №127 ბრძანებით ლ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 17.05.2016წ. ლ.მ-მა სადავო შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ას“ 12.05.2016წ. კრების ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. ამჟამად სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში კ.ც-ი ფიქსირდება, რომელმაც 03.12.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება ლ.მ-ისგან შეიძინა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა, ობიექტურად არამართლზომიერი ხასიათის მიუხედავად, საკანონმდელო დაცვას მოკლებული არ არის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უკანონობა. სკ-ის 185-ე მუხლი უფლების შემძენს მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერის შემოწმების ვალდებულებას აკისრებს და ადგენს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. დამატებითი მოთხოვნები უძრავი ნივთის შემძენს არ წაეყენება, გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია საკმარისია იმისათვის, რომ შემძენმა ჩათვალოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა. შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც მის გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება (სუს 10.12.2013წ. Nას-189-182-2013 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში კ.ც-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, მიმართ არ დასტურდება კეთილსინდისიერების გამომრიცხავი რაიმე საფუძვლის არსებობა. კასატორები, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალური ინსპექცია ვერ მიუთითებენ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა, რომ კ.ც-მა იცოდა ან უნდა სცოდნოდა საკუთრების ობიექტის უფლებრივი ნაკლის შესახებ. ასევე, სადავოდ არ არის გამხდარი კ.ც-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფუძველი - კ.ც-სა და ლ.მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დემონტაჟის დავალების ნაწილში არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, აღნიშნული მოთხოვნა მოცული იყო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის ფარგლების გაცდენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების მე-2 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.მ-მა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა უნებართვოდ, ამდენად ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა და უნებართვოდ აშენებულ ობიექტს ჰყავს ახალი მესაკუთრე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დემონტაჟის დავალებას კეთილსინდისიერი შემძენისთვის გაუმართლებლად მიიჩნევს, ამდენად ამ ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.07.2014წ. №000599 დადგენილების მე-2 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რამეთუ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, განსხვავებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისაგან, რომელიც არა ავტომატურად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწვევს აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი შედეგების გაუქმებას.

რაც შეეხება ლ.მ-ისთვის დაკისრებულ ჯარიმას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი. სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილი იყო 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ლ.მ-ი წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, რაც ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი და 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ლ.მ-ისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველია.

დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორების - ლ.მ-ისა და კ.ც-ის საკასაციო საჩივრებში მოყვანილი მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების არამართლზომიერების შესახებ. ამასთან, კასატორები საკასაციო საჩივრებში მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების ბათილად არ ცნობის ნაწილში, ხოლო საკასაციო საჩივრებში არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2014წ. №127 ბრძანების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, გამოცემულ იქნა იმ პერიოდში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ლ.მ-ის და კ.ც-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ლ.მ-ის და კ.ც-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2021წ. გადაწყვეტილება;

3. ლ.მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2021წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. კ.ც-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.07.2021წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი