Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს- 748(კ-21) 07 მარტი, 2023 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელე) - მ.მ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 31 თებერვალს მ.მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიმართ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საშტატო განრიგისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის N01- 01/03 (ოქმი N3) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაში - საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე, კერძო საჩივარზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მითითებებისა, უყურადღებოდ და მსჯელობის გარეშე დატოვა საქმეში არსებული არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ მიუთითა ზოგადი და სპეციალური ნორმების კონკურენციაზე, თუმცა არ განმარტა, თუ რაში მდგომარეობდა აღნიშნულ ნორმათა კონკურენცია, რატომ ეწინააღმდგებოდა ერთამენთს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონი. კასატორი იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ საშტატო განრიგის დამტკიცება უნდა მოხდეს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, თუმცა სადავოა ის გარემოება თუ როგორ, რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს აღნიშნული საშტატო განრიგის განხილვა და დამტკიცება. კონკრეტული პროცედურა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია როგორ უნდა მოვიდეს ის რომელიმე კანონთან კოლიზიაში. კასატორის მითითებით, ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობა გნსაზღვრავს საკითხს, თუ ვისი წარდგინებით, ვინ უნდა მიიღოს ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ არ განსაზღვრავს ამ ორგანოების მიერ ადმინისტრაციული აქტის მოზადებისა და გამოცემის პროცედურებს, გამოყენებულ უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ავსებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, ადგილი არ აქვს ნორმათა კოლიზიას. კასატორის მითითებით, მართალია, სამართალურთიერთობის სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ სპეციალური კანონმდებლობის ნორმები, თუმცა საკითხის განსაკუთრებული რეგულაციის არ არსებობის პირობებში, ძირითად მნიშვნელობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძენს. სასამართლო არსად მიუთითებს, თუ რა ნაწილში უპირისპირდება ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 357 და 359 მუხლები საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მუხლებს და რაში გამოიხატება კოლიზია. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 97-ე და 103-ე მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესხებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საშტატო განრიგის ცვლილება იწვევდა შტატების გარდაქმნას/გაუქმებას, იმ თანამდებობებზე მომუშავე პირები, რომელთაც ეხებოდათ განხორციელებული ცვლილებები, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეს და მათი ინფორმირებულობა და წარმოებაში ჩაბმა მაუწყებლის მიერ სავალდებულო იყო, რაც რეალურად არ განხორციელებულა. მ.მ-ეს არ მისცემია შესაძლებლობა, თავისი პოზიცია და არგუმენტები წარედგინა საკითხის როგორც მომზადების, ისე განხილვის ეტაპზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მ.მ-ე 2017 წლის 10 აპრილიდან მუშაობდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ...ის სამსახურში ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლის 01 ივლისიდან ...ის სამსახურის უფროსის მოადგილედ ... მიმართულებით. 2020 წლის 13 თებერვალს მაუწყებლის დირექტორმა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში წარადგინა საშტატო განრიგში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება. მაუწყებლის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვალს №02-26/446 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საშტატო განრიგში დაგეგმილი ცვლილებების გამო უქმდებოდა თავის მიერ დაკავებული თანამდებობა და აუცილებელი ხდებოდა მასთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. წერილს თან ერთვოდა საშტატო განრიგში ცვლილებების პროექტი და განმარტებითი ბარათი. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 2020 წლის 19 თებერვალს სხდომაზე დაამტკიცა დირექტორის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი. წინამდებარე დავის საგანს სწორედ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის №01-01/03 (ოქმი N3) გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი სათანადო წესით არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. კასატორის მოსაზრებით, იმ თანამდებობებზე მომუშავე პირები, რომელთაც ეხებოდათ განხორციელებული ცვლილებები, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს, შესაბამისად, მაუწყებლის მიერ მათი ინფორმირებულობა და წარმოებაში ჩაბმა სავალდებულო იყო. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის ის დებულებები, რომლებიც ადმინისტრაციულ წამოებაში დაინტერესებული პირის მოწვევის ვალდებულებას ითვალისწინებდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 357 მუხლის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. რიგგარეშე სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ ასაბუთებს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პროცედურის დარღვევას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წერილობით იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების და თავის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო გაუქმების თაობაზე. დადგენილადაა ცნობილი რომ იგი თავად ესწრებოდა მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის სხდომას. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე - 2020 წლის 13 თებერვალს გაიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მმართველი საბჭოს სხდომა, რომელსაც სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრეთვე ესწრებოდა ...ის სამსახურის უფროსი - შ.ღ-ი, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მ.მ-ე ვერ ასაბუთებს სადავო აქტის უკანონობას. საშტატო განრიგში ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მმართველი საბჭოს მიერ დაგეგმილი საშტატო ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა შუალედური რგოლების გაუქმება, სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის გაზრდა, რაც გააიოლებდა მართვით პროცესებს. ცვლილებების განხორციელების შედეგად შემცირდებოდა ხელმძღვანელი პოზიციები, გაიოლდებოდა კომუნიკაცია და კოორდინაცია სტრუქტურის როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით, ცვლილება მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის გაზრდას, რაც გამოიხატებდა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის პერსონალურ პასუხისმგებლობაში. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას განხორციელებული ცვლილებების უკანონობასთან და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებულ არსებით შეცდომასთან დაკავშირებით. პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს (სუსგ 12.04.2018წ. №ბს-1102-1096(კ-17)). მოცემულ შემთხვევში, კასატორი არ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სადავო აქტის უკანონობას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე