Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-268(კ-23) 24 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი.შ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახიველად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.შ-ემ 2022 წლის 09 თებერვალს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და დოკუმენტების - N575, N23 და N90 ბრძანებების ყალბად აღიარება მოითხოვა.

სენაკი რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით ი.შ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით ი.შ-ის სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი.

2022 წლის 30 მარტს ი.შ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 05 სექტემბრის N575 ბრძანების, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 30 იანვრის N23 ბრძანებისა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 10 მარტის N90 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის განჩინებით ი.შ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ნოემბრის განჩნებით ი.შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მაისის განჩინება. მხარეს განემარტა, რომ განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

2023 წლის 09 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა ი.შ-ემ და თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. ი.შ-ემ აღნიშნა, რომ არ იზიარებდა სასამართლო მოსაზრებას, რომ სარჩელი არ იყო გამართული. კასატორის მითითებით, დავის საგნიდან გამომდინარე, სწორად ჰქონდა განსაზღვრული მოპასუხეთა წრე, ვინაიდან ითხოვდა იმ სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას, რომელიც აბაშის რაიონული სასამართლოს განჩინებით იყო გაცემული 2007 წლის 19 ივლისს, 2008 წლის 21 ოქტომბერს და 2010 წელს 19 თებერვალს. ი.შ-ემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, მან მაინც მომართა უზენაეს სასამართლოს საჩივრით საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში, ი.შ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მითითებული წესის შესაბამისად წარდგენილი კერძო საჩივარი და 2022 წლის 01 ნოემბერს მიიღო განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მე-3 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.შ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან 2022 წლის 01 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე