Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-655(კ-20) 28 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს " დ..."

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 15 აპრილს შპს "დ...მ" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შპს ,,დ...ის’’ მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

მოსარჩელის მითითებით, შპს ,,დ...ს’’ საკუთრებაში გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 3779 კვ.მ, ს/კ ... 2018 წლის 4 ივლისს შპს ,,დ...მ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება ფართობის შეუცვლელად.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №201821429 და 2018 წლის 24 აგვისტოს №67-01182363182 წერილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გაიცა შესაბამისი თანხმობა შპს ,,დ...ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილებაზე ფართობის შეუცვლელად. შპს „დ...მ“ ნებართვები წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 სექტემბერს, №... წერილით საქმის მასალები გადაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით უარი ეთქვა მოსარჩელეს ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი: 3779 კვ.მ, ს/კ ... , კონფიგურაციის ცვლილებაზე საერთო ფართობის შეუცვლელად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ ჩაატარა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,დ...ის’’ ტერიტორიაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს მოწყობილი აქვს საქალაქო პარკინგი, რომელიც განხორციელდა მესაკუთრესთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე. ფართობის უცვლელად კორექტირების განხორციელების შემთხვევაში დარეგულირდება, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდებარე ქუჩაზე გადაადგილება, ასევე შპს-ს მიეცემა შესაძლებლობა სრულყოფილად განახორციელოს მფლობელობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ნებართვის საფუძველზე განხორციელებული პირველი კლასის შენობა-ნაგებობები წითელი ხაზების დაზუსტების შედეგად მუნიციპალურ საკუთრებაში აღმოჩნდა და ფართობის ცვლილების განუხორციელებლობამ შესაძლებელია ფინანსური ზიანი მიაყენოს შპს-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „დ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულება. მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,დ...ის’’ მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე, საკუთრებაში უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ, ფართობი: 3779კვ.მ, ს/კ ... , კონფიგურაციის ცვლილებაზე ფართობის უცვლელად.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 14 იანვარს შპს ,,დ...მ’’ №07/1108-5 განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა დ...ის ... ის ტერიტორიაზე მდებარე 3779 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის დაკანონება. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 15 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით მიწის ფართს მიენიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია და აღიარებულ იქნა შპს ,,დ...ის’’ საკუთრების უფლება. ქ. თბილისის საკრებულომ 2008 წლის 7 თებერვალს შპს ,,დ...ის’’ სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №... , რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, ფართობით 3779 კვ.მ, გადაეცა შპს ,,დ...ს’’. აღნიშნული უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 3779,00 კვ.მ, ს/კ ... , 2008 წლის 18 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,დ...ის’’ სახელზე.

2016 წლის 8 აგვისტოს შპს „დ...ის“ წარმომადგენელმა AR1429920 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... „დ...ის“ მიმდებარედ არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 9 აგვისტოს №2766928 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი ესკიზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საზღვრის გეგმის კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა.

2018 წლის 4 ივლისს შპს ,,დ...მ’’ №01181851232-67 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ... ) საზღვრების კორექტირება. აღნიშნული განცხადების პასუხად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №201821429 და 24 აგვისტოს №67-01182363182 წერილებით შპს ,,დ...ს’’ ეცნობა, რომ მათ მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ... ) საზღვრების კორექტირება, ფართის შეუცვლელად სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა. მხარეს დამატებით განემარტა, რომ ცვლილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდება სამსახურის კომპეტენციას და თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განსახორციელებლად უნდა მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს შპს ,,დ...ის’’ წარმომადგენელმა, გ.დ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 სექტემბერს №... წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „დ...ის“ წარმომადგენლის, გ.დ-ის მიერ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სააგენტოს წერილში განმარტებულია, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები. ამასთან, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 7 თებერვალს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს თხოვნით განეხილა აღნიშნული საკითხი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობებინა სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,დ...ის’’ წარმომადგენლის, გ.დ-ის განცხადება უფლებააღიარებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არსებითად სცდებოდა საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 27 მარტს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად კომისია განიხილავს მოთხოვნას მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და ადგენს, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მოთხოვნა აკმაყოფილებს თუ არა ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს, დასტურდება თუ არა მართლზომიერი მფლობელობის(სარგებლობის) ან თვითნებურად დაკავების ფაქტი, რის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, ან უარის თქმის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შპს ,,დ...ის’’ მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები საკმარისად ჩათვლა იმის დასადასტურებლად, რომ შპს ,,დ...’’ მიეჩნია ქ. თბილისში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის, ფართობით: 3779 კვ.მ, მართლზომიერ მფლობელად, შესაბამისად, 2008 წლის 15 იანვრის №4 საოქმო გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 7 თებერვალს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №... და უძრავი ქონება აღირიცხა შპს ,,დ...ის’’ სახელზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს შპს ,,დ...ის’’ წარმომადგენელმა, გ.დ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 სექტემბერს, №... წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განუმარტა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები. ამასთან, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 7 თებერვალს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სთხოვა განეხილა აღნიშნული საკითხი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,დ...ის’’ წარმომადგენლის, გ.დ-ის განცხადება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ... ) კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არსებითად სცდებოდა საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 9 აგვისტოს №2766928 გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი ესკიზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის (ს/კ ... ) საზღვრის გეგმის კორექტირება სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიიჩნია. ასევე უგულებელყოფილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №201821429 და 2018 წლის 24 აგვისტოს №67-01182363182 წერილები, რომლითაც შპს ,,დ...ს’’ ეცნობა, რომ მათ მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით, საზღვრების კორექტირება, ფართობის შეუცვლელად, სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ ყოფილა ადგილზე გასული და თავად არ შეუმოწმებია მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა და ის გარემოება, ნამდვილად სცდებოდა თუ არა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რამეთუ მოსარჩელე მხარის განმარტებით ირკვევა, რომ ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც კონფიგურაციის შემთხვევაში მოექცეოდა მოსარჩელის საკუთრებაში, ისედაც შპს ,,დ...ის’’ საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, ფართობის შეუცვლელად კორექტირების განხორციელების შემთხვევაში მოწესრიგდებოდა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულირება მიმდებარე ქუჩაზე, ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა სრულყოფილად განეხორციელებინა მფლობელობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნო. სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის და იმავე კოდექსის 33.1 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,დ...ის’’ მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-16 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობები და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან. კასატორის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ანალოგიურად იყო გადაწყვეტილი 2008 წელს მოქმედი საქართველო პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.

კასატორის განმარტებით, კომისია გადაწყვეტილების მიღებისას 2008 წელს, ასევე სადავო განკარგულების გამოცემისას, გადაწყვეტილებას იღებდა მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომლითაც შესაძლებელია იმის დადგენა მიწის ნაკვეთს თუ რა კონფიგურაციით ფლობდა განმცხადებელი. ამდენად, აღიარებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთი იმ საზღვრებით, რომელთა ფლობის ფაქტიც დასტურდება მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით.

შპს „დ...ის“ მოთხოვნას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. წარდგენილი აზომვითი ნახაზით მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არსებითად ცვლის მიწის ნაკვეთის საზღვრებს. 2008 წელს შპს „დ...ის“ საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საზღვრების არსებითი კორექტირებით კი დადგება განსხვავებული შედეგი, კერძოდ, შპს „დ...ის“ საკუთრებაში მოექცევა მიწის გარშემო არსებული იმ მიწის ნაკვეთის ნაწილები, რომელიც ფაქტობრივად შპს „დ...ის“ მფლობელობაში არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „დ...ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

განსახილველი დავის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გამახვილდეს შპს „დ...ის“ მოთხოვნასა და მოთხოვნის საფუძველზე. ამ გარემოებას მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილების საკითხი დამოკიდებულია სწორედ მოთხოვნის ფორმულირებაზე. კერძოდ, უნდა გაიმიჯნოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, აღიარებული საკუთრების ფაქტობრივი მდგომარეობის განსაზღვრა, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ტექნიკური ხარვეზით მომზადებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის გამო უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შეცდომით დადგენისას და მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების მოთხოვნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს „დ...მ“ 2008 წლის 14 იანვარს №07/1108-5 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... „დ...ის“ მიმდებარედ, 3779 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელმა სარეგისტრაციოდ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2007 წლის 18 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 2007 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის დადგენილება; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 28 ნოემბრის წერილი; 2007 წლის 27 ნოემბრის საკადასტრო რუკა; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; შპს „დ...ის“ მიერ გაცემული ცნობა; შპს „დ...ის“ წესდება; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; 2000 წლის 17 მარტის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ; კომპაქტური დისკი და ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის (2008 წლის 14 იანვარს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ხოლო იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობაში არსებული მიწა განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში ჰქონდა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 15 იანვრის №4 ოქმის თანახმად, კომისიამ გაითვალისწინა, რომ შპს „დ...სთან“ იჯარის ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოშობილი იყო 1995 წელს, მიწის ნაკვეთს მიანიჭა მართლზომიერი სარგებლობის კატეგორია და დააკმაყოფილა შპს „დ...ის“ განცხადება. 2008 წლის 7 თებერვალს გაიცა №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც შპს „დ...ს“ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... „დ...ის“ მიმდებარედ 3779 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ივლისს შპს „დ...მ“ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ... „დ...ის“ მიმდებარედ არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საზღვრების კორექტირება, ფართობის შეუცვლელად შესაძლებლად მიიჩნია. შპს „დ...ს“ დამატებით განემარტა, რომ ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით უნდა მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის.

2018 წლის 4 სექტემბერს შპს ,,დ...ის’’ წარმომადგენელმა, გ.დ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ,,დ...ის’’ მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 სექტემბერს №... წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. სააგენტოს წერილში განმარტებულია, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები და ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 7 თებერვალს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა განეხილა აღნიშნული საკითხი კომპეტენციის ფარგლებში და ეცნობებინა სარეგისტრაციო სამსახურისათვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა განსახილველად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის №... მიმართვა მიიჩნია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნად და 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით არ დააკმაყოფილა შპს ,,დ...ის’’ განცხადება უფლებააღიარებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები არსებითად სცდებოდა საკუთრება უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით ადგენს რა სარეგისტრაციო ობიექტის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტს, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. ასეთი შუამდგომლობით მიმართვა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შპს „დ...ს“ მოთხოვნა მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარებისათვის წარდგენილ განცხადებად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,533 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის (სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ...მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას”) არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას, შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან (ძველი რედაქცია). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების აღიარების სტატიკურად და შეუზღუდავად მინიჭების შემდეგ სახელმწიფომ დროში შეზღუდა აღნიშნული უფლების რეალიზაცია და შექმნა უფრო ეფექტიანი ფონი დასახული მიზნების მისაღწევად, რადგან უფლების დროში შეუზღუდავად მინიჭებამ წარმოშვა საფრთხე, რომ, თუ მინიჭებული უფლების რეალიზაცია არ მოხდებოდა დროულად, დაიკარგებოდა იმ მიზნების ეფექტიანად მიღწევის შესაძლებლობა, რასაც ემსახურება პირებისათვის მართლზომიერად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრებად აღიარების უფლების მინიჭება. აღნიშნული ფაქტის თავიდან ასაცილებლად, კანონმდებელმა ერთი საკანონმდებლო პაკეტით, კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე 2010 წლის 7 დეკემბრის №3889-IIს საქართველოს კანონით გაწერა ეტაპობრივი საკანონმდებლო ღონისძიებები. პირველ რიგში, 2011 წლის 1 ივლისიდან იურიდიული პირებისათვის გაიზარდა საკუთრების აღიარების საფასური, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან მათთან მიმართებით სრულად გაუქმდა საკუთრების აღიარების უფლება. ზემოაღნიშნულმა საკანონმდებლო ღონისძიებამ მოახდინა იურიდიული პირების სტიმულირება, დროულად განეხორციელებინათ საკუთრების უფლების აღიარება ჯერ საფასურის გაზრდამდე არსებულ პერიოდში, ხოლო შემდგომ აღიარების უფლების გაუქმებამდე არსებულ პერიოდში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 21-23). შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მართებულად უთხრა უარი შპს "დ...ს" მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, შპს „დ...ს“ 2012 წლის პირველი იანვრიდან აღარ აქვს უფლება მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე და შპს-ს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, უფლების რეალიზაციის დროში შეზღუდვის გამო, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2008 წლის 5 დეკემბრის № 614 – IIს კანონით (გამოქვეყნდა 2008 წლის 12 დეკემბერს, სარეგისტრაციო კოდი 370.060.000.05.001.003.339 და ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, 2008 წლის 27 დეკემბრიდან), ცვლილება შევიდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლში და დაემატა 41 მუხლი, რომლითაც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დ...“ წარმოადგენს რა მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, საკუთრების აღიარების კომისია 2008 წლის 27 დეკემბრიდან არ არის უფლებამოსილი განიხილოს და დააკმაყოფილოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნა.

შპს „დ...ის“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრის მიზნით, განცხადებაში გადმოცემული მოთხოვნის არსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს „დ...ის“ მოთხოვნას არ წარმოადგენდა 2008 წელს საკუთრების უფლების აღიარების დროს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის უზუსტობის აღმოფხვრა. სარჩელის დასაბუთებისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისას შპს „დ...“ განმარტავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების და საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირების შემთხვევაში მოწესრიგდება შპს „დ...ის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი საქალაქო პარკინგის საკითხი, რომელიც შპს-სთან შეუთანხმებლად მოაწყო მუნიციპალიტეტმა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საკუთრების უფლების გადაცემისას. შესაბამისად, საგანთა რეალური მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო უსწოროდ შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი უნდა დაექვემდებაროს გასწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეილახება საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო მოიხმობს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, თუმცა მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ტექნიკური და არსებითი ხარვეზები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები (სზაკ-ის 59.1 მუხ.), როგორიცაა მაგალითად: გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, სახელში, გვარში, პირად ნომერში, მიწის ფართობში ან საკადასტრო აზომვით ნახაზში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები და სხვა. ტექნიკური ხარვეზის გასწორება არ გულისხმობს ისეთი შესწორების შეტანას, რაც უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობას ცვლის. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა კი ახალი აქტის გამოცემას უტოლდება (ზაკ-ის 59.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის საკითხი, რომ შპს „დ...ს“, 2008 წლის 7 თებერვლის საკუთრების უფლების №... მოწმობით საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... „დ...ის“ მიმდებარედ 3779 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის კორექტირება, ნახაზის შედგენის დროს დაშვებული უზუსტობით კი არ არის განპირობებული, არამედ იმ გარემოებით, რომ შპს-ს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოეწყო რა საქალაქო პარკინგი, შპს „დ...“ მოკლებულია შესაძლებლობას სრულად ისარგებლოს საკუთრებაში არსებული ფართობით, რის გამოც ფაქტობრივად ითხოვს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას და არა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამტკიცების დროს დაშვებული უსწორობის გასწორებას, რაც ასევე სცილდება საკუთრების აღიარების კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების მარეგულირებელ ნორმებს, სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით, მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენებისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის, ნატურალური ან/და ფულადი კომპენსაციის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტით, ერთი მხრივ – სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის, და მეორე მხრივ – კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება ხორციელდება შეთანხმების საფუძველზე. საზღვრების გამიჯვნა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-16 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 2 აგვისტოს №201821429 და 24 აგვისტოს №67-01182363182 მიმართვების მომზადების დროს მოქმედი რედაქცია, გაუქმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №33 დადგენილებით) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით ურბანული მართვის განყოფილების ფუნქციაა საჭიროების შემთხვევაში, ქალაქგეგმარებითი მოწესრიგების მიზნით, მიწის ნაკვეთების საზღვრების კორექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

იმავე დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით. ასევე, სააგენტო უფლებამოსილია, გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით. იმავე დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფლებამოსილებას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების ფართობის დაზუსტებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების ფართობის უცვლელად საკადასტრო საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით განცხადებების განხილვა, წინადადებების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება ფართობის შემცირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც სადავო პერიოდში, ასევე, დღეს მოქმედი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან უფლებამოსილნი, ზემოხსენებული პროცედურის დაცვით განიხილონ შპს „დ...ს“ განცხადება მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც რეგისტრაციისათვის წარუდგენენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საკასაციო პალატა მხედველობაში ღებულობს იმ გარემოებას, რომ შპს „დ...ის“ საკუთრებაში არსებულ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც მოიცავს დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება საქმის მასალებით არ დგინდება. აღსანიშნავია, რომ შპს „დ...მ“ 2018 წლის 4 ივლისის განცხადებით მოითხოვა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება და წარადგინა თვითმმართველობის საქალაქო სამსახურების თანხმობები. ხოლო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დ...ის“ განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის მიზნით, 2018 წლის 10 სექტემბერს №... წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „დ...ს“ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით არ მოუთხოვია საკუთრების უფლების აღიარება და ასევე არ მიუთითებია საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში 2008 წელს წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეცდომით შედგენაზე. შპს „დ...“ თავის მოთხოვნას აფუძნებდა, იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა, შპს „დ...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყო საქალაქო პარკინგი. ფართობის უცვლელად კორექტირების განხორციელების შემთხვევაში კი დარეგულირდებოდა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდებარე ქუჩაზე გადაადგილება, ასევე შპს-ს მიეცემოდა შესაძლებლობა სრულყოფილად განეხორციელებინა მფლობელობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (იხ. სარჩელი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „დ...ს“ განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა განეხილათ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით და განცხადება განსახილველად საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ უნდა გადაეგზავნათ.

საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მოსარჩელეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022). ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ №ას-48-2023, 23.02.2023წ.) და ამ გარემოებების დადგენის შემდგომ, შპს „დ...ს“ უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სხვა პირის მიერ უკანონოდ დაკავების აღსაკვეთად, როგორც ამას შპს სარჩელში უთითებს (იხ. სარჩელი), ვინდიკაციური სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე საკუთრება უფლებაღიარებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე შპს „დ...ის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულება კანონშესაბამისია და არ არსებობს ზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. მითითებული აქტის კანონიერების პირობებში კი, არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის და ასკ-ის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს „დ...ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „დ...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „დ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე