Facebook Twitter

ბს-95(კ-23) 30 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ჯ-მ 01.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 12.11.2020წ. №03-2568/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კანონით დადგენილი ვადებში მოსარჩელისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის მოპასუხისთვის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ.ლ-ა და ო.ლ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2022წ. გადაწყვეტილებით, თ.ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 12.11.2020წ. №03-2568/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ.ჯ-ს, ო.ლ-ას, ლ.ლ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინებით, თ.ჯ-ს, ლ.ლ-ას, ო.ლ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ.ჯ-ს ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. განსახილველ შემთხვევაში არ ირკვევა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოპასუხე დაეყრდნო სადავო აქტის მიღებისას. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დაადგინა ნგრევად შენობაში მოსარჩელისა და მისი ოჯახის არცხოვრების ფაქტი. სააგენტო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებითად ვერ გადაწყდება დავა, რადგან დასადგენია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ამდენად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, როგორც მოსარჩელეთა მიერ, ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ ოჯახი რეალურად ამ მისამართზე ცხოვრობს. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს სააგენტო ადგენს მისამართზე ვიზიტითა და მოსახლეობის აღწერით. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი სხვა მისამართზე ცხოვრობს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კასატორმა მიუთითა 13.09.2020წ. და 13.10.2020წ. მონიტორინგის ოქმებზე, ასევე თ.ჯ-ს მეუღლის ო.ლ-ას სახელზე გაცემულ №... სამედიცინო ცნობაზე, სადაც პაციენტის მისამართად მითითებულია ზუგდიდი. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დადგენილი წესის გათვალისწინებით, კრიტერიუმების გარეშე უნდა მოხდეს იმ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებიც ფაქტიურად ცხოვრობენ ნგრევად ობიექტში და შენობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მასში ცხოვრება ადამიანებისა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. საცხოვრებლით უპირატესად უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი და ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელებს წარმოადგენენ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სადავო მისამართზე არცხოვრების გამო, ამდენად, მისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა საერთო წესების დაცვით იწარმოებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით თ.ჯ-ა, მისი მეუღლე ო.ლ-ა და შვილი ლ.ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილის მოწმობებში მოსარჩელისა და მისი შვილის ლ.ლ-ას დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №26 (სს „ ...“). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. №62 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №26-ში (სს „...“) მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ამავე ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ თ.ჯ-ს, ლ.ლ-ას და ო.ლ-ას, აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს 12.11.2020წ. №03-2568/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62) თ.ჯ-ს ოჯახს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მსგავს დანაწეს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №26-ში მდებარე შენობა (ე.წ. სს „...ს“ შენობა) წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილება, როგორც ნგრევადი ობიექტი, ასევე იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. საქმის მასალებით სათანადოდ დასაბუთებული არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მეუღლესა და შვილთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ აღწერის განხორციელებისას მოსარჩელე ოჯახთან ერთად ადგილზე არ დახვდათ, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ,), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ზემოთ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს 13.09.2020წ. დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის აღწერის ფორმასა და 13.10.2020წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ სს „ ე...ს“ აბონენტის ბარათზე, რომელიც მოიცავს 30.12.2019წ.-19.11.2021წ. პერიოდს, აბონენტად მითითებულია თ.ჯ-ა, ხოლო მისამართად - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №26. სსიპ კოლეჯი „...ის“ 24.11.2020წ. ცნობის მიხედვით, კოლეჯის ფაქტიური მისამართია ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №12, ლ.ლ-ა აღნიშნულ კოლეჯში ჩაირიცხა 27.11.2019წ. ბრძანებით. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ ლ.ლ-ას 2020წ. უწყება გაეგზავნა ქუთაისში, ...ს ქ. №26-ში. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირის ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 14.12.2021წ. ცნობით, კომისიამ დაადასტურა თ.ჯ-ს მიერ 1993 წლიდან, ხოლო ო.ლ-ას და ლ.ლ-ას მიერ 2002 წლიდან ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №26-ში (ყოფილ ...ში) ცხოვრების ფაქტი, ასევე ვ.გ-ა, ი.კ-ი და თ.ნ-ე 26.11.2021წ. სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში მიუთითებენ, რომ მათი მეზობელი თ.ჯ-ა ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დაადგინა ნგრევად შენობაში მოსარჩელისა და მისი ოჯახის არცხოვრების ფაქტი, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსახილველი საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი