№ბს-52(კს-23) 12 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი (სასკ 16.2)) - შპს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ რ...“
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების საფუძვლიანობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 12 აგვისტოს შპს „რ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „ს...“). მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის №1641 ბრძანების (ქ. ბათუმში ...ის ქ. №47-47ა-45-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს „ს...ს“ სასარგებლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით „არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ“), ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 ოქტომბრის №1249 ბრძანების („არქიტექტურული პროექტში ცვლილების შეტანის და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“), შპს „ს...ს“ (ს/კ ...) სახელზე 2020 წლის 15 ოქტომბერს გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა №...-ის ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, შპს „რ...ს“ (ს/კ ...) სახელზე მშენებლობის ნებართვის - ქ. ბათუმში, ...ის ქ. №47ა-49ა-51ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, 2016 წელს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, გაცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის შპს „ს...ს“ შუამდგომლობა საქმის წარმოება შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა; შპს „რ...ს“ სარჩელზე (საქმე №3/505-2021) მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის შპს „ს...ს“ მიმართ შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „რ...ს“ სახელზე არქიტექტურული პროექტი (№712) შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩაზე მდებარე სამ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე :ა) №47ა-ში მდებარე, 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ...; ბ) №49ა-ში მდებარე, 375 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკდასტრო კოდით: ...; გ) ა) №51ა-ში მდებარე, 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: .... ხოლო, შპს „ს...ს“ სახელზე, არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა ცალკე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სრულიად სხვა მიწის ნაკვეთზე - ქ. ბათუმში, ...ის ქ. №47-47ა; ქ. ბათუმის ...ის ქ. №45-ში მდებარე 1062 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ...
ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მერიის მიერ მოხდა შპს „რ...ს“ სახელზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და შპს „ს...ს“ სახელზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ წარმოადგენდა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთებს და არც ერთმანეთის შემადგენელ ნაწილებს. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელის მიმართ შესაბამისი შედეგის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად, არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობდა და არ ქმნიდა ვარაუდის (ეჭვის) საფუძველს, მოსარჩელის კანონით დაცული უფლებებისა ან კანონიერი ინტერესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „რ...მა“. რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა - 05 დღით. ამასთან განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს (საგადასახადო დავალებას, სალაროს შემოსავლის ორდერს, ქვითარს ან სხვა დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს), სასამართლო გამოიტანდა განჩინებას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბერს მიღებული იქნა განჩინება შპს ,,რ...ს’’ წარმომადგენლის, რ.ჯ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 25 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება გაეგზავნა შპს ,,რ...ს’’ წარმომადგენელს რ.ჯ-ეს კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილები ჩაბარდა რ.ჯ-ის თანამშრომელს ო.ხ-ს 2022 წლის 29 აგვისტოს. 2022 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, კერძო საჩივრის ავტორს/კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არც ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი დოკუმენტი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარუდგენია.
2022 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს ,,რ...მა“, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივარზე წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შპს „რ...ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება - შპს „რ...ს“ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმის განხილვა განახლდა შპს ,,რ...ს“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება შპს ,,რ...ს“ წარმომადგენელს რ.ჯ-ეს გაეგზავნა მისამარზე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №32, ტელ: ... აღნიშნულ მისამართზე 2022 წლის 29 აგვისტოს გზავნილი ჩაიბარა ო.ხ-მა, თანამშრომელმა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება ვერ მოხერხდა უშუალოდ ადრესატზე. განცხადებაში და თანდართულ მასალებში, რომლითაც შპს „რ...ს“ წარმომადგენელმა რ.ჯ-ემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ირკვეოდა, რომ ო.ხ-ი არ იყო რ.ჯ-ის თანამშრომელი. განცხადების ავტორი განმარტავდა, რომ ის მარტო მუშაობდა საადვოკატო ბიუროში და მისი გზავნილები ბარდებოდა მხოლოდ მას. ამასვე ადასტურებდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგიტრაციის) მოწმობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი (ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება) გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და ამავე მისამართზე ჩაიბარა პირმა, თუმცა განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ გზავნილის ჩაბარება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, გზავნილი ადრესატს არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო ხარვეზის დადგენის შესახებ. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი გახდა მხარის მიერ გაცხადებაზე დართული მტკიცებულებებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ ს...მა“.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებზე, რომლითაც მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების წესები და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება რომ კერძო საჩივრის ავტორმა რ.ჯ-ემ თავის მისამართად მიუთითა ბათუმი ...ის 32. აღნიშნული მისამართი მას მითითებული ჰქონდა ასვე სარჩელში. ამდენად სასამართლო არ იყო ვალდებული ერკვია სხვა მისამართი, კერძოდ მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი სადაც იგი რეგისტრირებულია გადასახდის გადამხდელად. სასამართლომ მართებულად გაუგზავნა მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სწორედ მის მიერვე მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება დოკუმენტის ჩამბარებელს - ო.ხ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლო გზავნილის ჩამაბარებელი თავად ასახელებს თავის ვინაობას და კავშირს დასაბარებელ პირთან. მოცემულ შემთხვევაში ხ-მა ჩაიბარა გზავნილი და განაცხადა რომ იგი არის რ.ჯ-ის თანამშრომელი. ამდენად იგი ვალდებული იყო ეცნობებინა ჯ-ისათვის სასამართლო გზავნილის და მისი შინაარსის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „ს...ს“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა - 05 დღით. ამასთან განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ, არ წარადგენდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს (საგადასახადო დავალებას, სალაროს შემოსავლის ორდერს, ქვითარს ან სხვა დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს), სასამართლო გამოიტანდა განჩინებას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს „რ...ს“ კერძო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 09 ივნისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.
განჩინებაში მითითებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება 2022 წლის 25 ივლისს გაეგზავნა შპს ,,რ...ს’’ წარმომადგენელს რ.ჯ-ეს კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილები ჩაბარდა რ.ჯ-ის თანამშრომელს ო.ხ-ს 2022 წლის 29 აგვისტოს. 2022 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, კერძო საჩივრის ავტორს/კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არც ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოთხოვნილი დოკუმენტი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარუდგენია.
2022 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს ,,რ...ს“ წარმომადგენელმა რ.ჯ-ემ, სადაც აღნიშნავდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება შპს ,,რ...ს" ან მის წარმომადგენელს რ.ჯ-ეს არ ჩაბარებია და მის შესახებ არაფერი იცოდნენ. აღნიშნული განჩინების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, როცა რ.ჯ-ეს მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე (ბათუმი, ...ის ქ. №19, ბინა №5) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება (შპს ,,რ...ს’’ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) ჩაბარდა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 25 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება გაეგზანა შპს ,,რ...ს“ წარმომადგენელს რ.ჯ-ეს კერძო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა რ.ჯ-ის თანამშრომელს ო.ხ-ს 2022 წლის 29 აგვისტოს. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ო.ხ-ი რ.ჯ-ის თანამშრომელი არ იყო და იგი მხარეს არ წარმოადგენდა. რ.ჯ-ე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობით (ს/ნ ...), დარეგისტრირებული იყო როგორც ფიზიკური პირი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას არ ყავდა არცერთი თანამშრომელი და მუშაობდა მარტო. რაც შეეხება კერძო საჩივარზე მითითებულ მისამართს - ბათუმი, ... ...ის ქ. 32, აღნიშნულ მისამართზე იყო 4 საადვოკატო მომსახურების ოფისი და მათ შორის, ერთერთი ადვოკატ ო.ხ-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება, მაგრამ რ.ჯ-ისთვის არაფერი უცნობებია განჩინების შესახებ და მას ამის ვალდებულებაც არ ჰქონდა. სარჩელში მითითებული იყო შპს „რ...ს“ იურიდიული მისამართი, ასევე მითითებული არის რ.ჯ-ის საცხოვრებელი მისამართი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება არ გაგზავნილა აღნიშნულ მისამართებზე და საქმისათვის უცხო ადამიანზე ო.ხ-ზე იქნა ჩაბარებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლზე რომლის თანახმადაც, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. 420-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, ცალსახაა, რომ მოქალაქის სამუშაო ადგილზე უწყების ჩაბარება ხდება ორგანიზაციისთვის უწყების ჩაბარების წესით, რომლის მიხედვითაც, უწყება უნდა ჩაბარდეს უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ უწყებას გადასცემს ადრესატს.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „რ...ს“ წარმომადგენელს რ.ჯ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება გაეგზავნა, არა სარჩელში მითითებულ ძირითად მისამართზე - ბათუმი, ...ის ქ. №19, ბინა №5, არამედ სარჩელში მითითებულ მისამართზე სამუშაო ადგილის მიხედვით (ასევე კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე) - ბათუმი, ... ...ის ქ. 32, და როგორც უკუგზავნილის კომენტარშია მითითებული, გზავნილი ჩაბარდა თანამშრომელს - ო.ხ-ს. ამასთან, ამავე უკუგზავნილზე დაფიქსირებულია მიმღები პირის ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის №ბს-589(კს-20) და სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის №ას-374-2019 განჩინებებზე, რომელთა თანახმად, „ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს, ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს. კანცელარიის ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირის არყოფნისას გზავნილის მიმღებად ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მიჩნეულია ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გზავნილის მიმღები ადრესატი ორგანიზაციის თანამშრომელი უნდა იყოს."
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, ო.ხ-ი, რომელმაც ჩაიბარა ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, არ იყო რ.ჯ-ის თანამშრომელი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არ არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო.ხ-ი მოსარჩელის წარმომადგენლისათვის განკუთვნილი კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელს შესაბამისი გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად არ ჩაბარებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 65-ე, 368-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი