საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-540(2კ-21) 17 იანვარი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...“
მესამე პირი - შპს „ჯ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ე...მ“ 2017 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №001443 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2332 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №001443 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2332 ბრძანება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორთა განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორების მითითებით, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, ამგვარ საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემული დასტური/თანხმობა, სხვა კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. ამდენად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.
ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ სადავო ობიექტების უკანონო ხასიათი საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, კერძოდ, მავთულბადის ღობის შემთხვევაში, სს „ე...ს“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მის კანონიერად განთავსებას დაადასტურებდა. რაც შეეხება კაპიტალურ შენობას, კასატორთა მითითებით, მისი უნებართვო ბუნება დგინდება ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სადაც სამართალდარღვევის ობიექტად მიჩნეული შენობა-ნაგებობა №1 აღრიცხულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობა. კასატორთა მოსაზრებით, აღნიშნული იმ გარემოებაზე მიანიშნებს, რომ ხსენებული ნაგებობა უკანონოდ იქნა აშენებული. ამდენად, ვინაიდან სახეზეა უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც გადადიოდა სახელმწიფო ტერიტორიაზე, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამართალდამრღვევს დაეკისრა როგორც ჯარიმა, ისე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამ კოდექსის მიზნად ასახელებს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ხსენებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №1, დაზუსტებული ფართობი: 4850 კვ.მ, ს.კ. ..., საკუთრების უფლებით 2010 წლის 18 იანვრიდან რეგისტრირებულია სს „ე...ს“ სახელზე, ხოლო ქ. თბილისში, ...ის ქ. №5/...ს ქ. №10 (ნაკვეთი №...), ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჯ...“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 6 ივნისის მითითების საფუძველზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება სს „ე...ს“ მიმართ. მითითების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში (ს/კ ...) მდებარე კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მავთულბადის ღობე სცდება საკადასტრო საზღვრებს, კერძოდ, ნაწილობრივ გადადის ... საკადასტრო ერთეულზე და ნაწილობრივ - სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით სს „ე...ს“ დაევალა აღნიშნული შენობა-ნაგებობისა და მავთულბადის ღობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით, ასევე, წითელი ხაზების (ს/კ ...) კორექტირება 20 დღის ვადაში.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 29 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სს „ე...ს“ მიმართ შედგენილ იქნა №001443 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 6 ივნისის მითითების პირობები არ იყო შესრულებული.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო სს „ე...ს“ დაჯარიმების, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობისა (შენობა-ნაგებობა №1) და განთავსებული მავთულბადის ღობის (რომელიც სცდება საკადასტრო საზღვრებს და ნაწილობრივ გადადის კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) და ნაწილობრივ სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟის თაობაზე №001443 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და დაევალა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში (ს/კ ...) არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟი.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დაუშვებელია სამართალდამრღვევის სუბიექტის დადგენის გარეშე სამართალდარღვევის სანქციის შეფარდება.
ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, „სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ)“ (სუსგ საქმეზე 15.11.2012წ. №ბს-391-386(3კ-12)).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1965 წლის 17 მარტის №164 გადაწყვეტილებით ტ...ის სპეციალურ საკონსტრუქციო ბიუროს გამოეყო მიწის ნაკვეთი შენობის ასაგებად. ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1994 წლის 29 ივლისის №438/4-03 განკარგულებით ტ...ის სპეციალური საკონსტრუქციო ბიურო გატარდა რეგისტრაციაში როგორც სააქციო საზოგადოება „ტ...“. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით, თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე სს „ტ...ს“ ბაზაზე დაფუძნდა შპს „ც...“, როგორც სს „ტ...ს“ სამართალმემკვიდრე. ამასთან, მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება/1997 წლის 28.05 სხდომის ოქმი №/8/28 და შპს „...ს“ დაუმაგრდა ქ. თბილისში ...ის ქ. №1-ში დაკავებული 4.900 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის ფართობი დაზუსტდა წითელი ხაზების შედგენის შემდეგ. ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის 1994 წლის 29 ივლისის №438/4-03 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „ტ...“, რომელიც შეიქმნა მრეწველობის სამინისტროს სპეციალური საკონსტრუქციო ბიურო „ტ...ს ბაზაზე“. ამასთან, ქ. თბილისის მერიის თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 1997 წლის 18 აპრილის №164 გადაწყვეტილებით, საბურთალოში, ელექტრომანქანების და აპარატმშენებლობის ტექნოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალისთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან გამოიყო მიწის ნაკვეთი ტ...ის საკონსტრუქტორო ბიუროს შენობის ასაშენებლად. მშენებლობის და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების მიწების გამოყოფის ბიუროს დაევალა ელექტროტექნიკური და ხელსაწყოთმშნებლობის მრეწველობის სამმართველოს დაკვეთით ყველას სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან და წითელი ხაზების ნატურაში გადატანასთან. ელექტროტექნიკური და ხელსაწყოთმშნებლობის მრეწველობის სამმართველოს დაევალა ტ...ის საკონსტრუქტურო ბიუროს შენობის პროექტის მშენებლობის და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას შესათანხმებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 5 სექტემბრის №408 განკარგულების მიხედვით, ვაკის რაიონის ...ის ქ. №1, 7-სართულიანი შენობა აგებულია 1970-იანი წლების დასაწყისში და ირიცხება შპს „ც...ს“ ბალანსზე. ვინაიდან ვერ მოიძებნა სათანადო ტექ. დოკუმენტაცია და ექსპლუატაციაში მიღების აქტი, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ არ არის აღრიცხული, როგორც კანონიერი შენობა. აღნიშნული განკარგულებით დაკმაყოფილდა შპს „ც...ს“ მოთხოვნა და ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვალა ...ის ქ. №1-ში მის ბალანსზე რიცხული 7-სართულიანი შენობა 5260 კვ.მ საერთო ფართობით.
ასევე დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 4850 კვ.მ, მდებარე ქ. თბილისი, ...ის №1, ს/კ ..., საკუთრების უფლებით 2007 წლის 1 ოქტომბრიდან აღრიცხული იყო შპს „ც...ს“ სახელზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადახადო ინსპექციის 2007 წლის 1 ოქტომბრის №/2500/006-5/4-757 ბრძანებით, ცვლილება შევიდა შპს „ც...ს“ რეგისტრაციის მონაცემებში. კერძოდ, საზოგადოების პარტნიორებმა ნ. თ-ემ (99% წილის მფლობელმა) და ი. ქ-იმა (0.828% წილის მფლობელმა) კუთვნილი წილები სრულად დაუთმეს საზოგადოების ახალ პარტნიორს - სს „ე...ს“ (ს/ნ ...). შესაბამისად, სს „ე...ს“ წილი საწესდებო კაპიტალში წარმოადგენს 99.828 %-ს. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 7 მაისის №2660/01-01 ბრძანების მიხედვით, განხორციელდა ცვლილება სს „ე...ს“ (ს/ნ ...) სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადახადო რეგისტრაციის მონაცემებში. გატარდა სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ცვლილება: სს „ე...ს“ შეერწყა შპს „ს...“ (ს/ნ ...) და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით სს „ე...“ გახდა შპს „ს...ს“ უფლებამონაცვლე. სს „ე...ს“ შეერწყა შპს „ც...“ (ს/ნ ...) და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით სს „ე...“ გახდა შპს „ც...ს“ უფლებამონაცვლე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის შპს „ჯ...“, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „ე...ს“ სახელზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 აგვისტოს №0047629416 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (დამნიშნავი: შპს „ჯ...“), თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ს/კ ...-ით აღრიცხული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული ღობის ნაწილი განთავსებულია ს/კ ... მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებზე (რეგისტრირებულ წითელ ხაზებში). აღნიშნული გადაცდომით ს/კ ...-ით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა (ღობის) და ს/კ ...-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს შორის ფიქსირდება გადაფარვა, რომლის ფართობი შეადგენს 12 კვ.მ-ს. ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ს/კ ...-ით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული შენობა №1-ის განაშენიანების ნაწილი არ მოიცავს ს/კ ... მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს (რეგისტრირებულ წითელ ხაზებს), ხოლო მისი სახურავის ნაწილი მოიცავს გადაფარვას ს/კ ...-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფართით 14 კვ.მ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე, სს „ე...“ არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1999 წლის 11 აგვისტოს გეგმა, რომელზედაც დატანილია სადავო კაპიტალური შენობა-ნაგებობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაც, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, გამორიცხავს სს „ე...ს“ სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევას და მისთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე შესაბამისი სანქციის დაკისრებას. ამგვარად, სადავოდ გამხდარი აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №001443 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 25 ოქტომბრის №1-2332 ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე