Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-827(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. პ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. პ-იმა 2019 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა სააგენტოს 2018 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ჩაატაროს სრულყოფილი და ობიექტური წარმოება, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი/პროექტი მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ...ის სატყეო ტერიტორია (ნაკვეთი №2), დაზუსტებული ფართით 793.00 კვ.მ., ს/კ: №..., საკუთრების უფლების შეზღუდვიდან გამომდინარე, მესაკუთრისათვის მიწის ნაკვეთის ტოლფას მიწის ნაკვეთში გაცვლასთან დაკავშირებით, რომელსაც წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს და შემდეგ გადაუგზავნის ქ. თბილისის მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-იმა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სადავო საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს არა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, არამედ ქ. თბილისის მთავრობისა და საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, ქ. თბილისის მთავრობის სახელით, შესაბამის პირთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არა დისკრეციული უფლებამოსილებას. ამდენად, მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მონაწილეობა განსახილველ დავაში შესაძლებელია შემოფარგლოს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით ჩაბმით და არა მოპასუხედ მითითებით. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის შეფასებები გაუგებარია, ვინაიდან კასატორის მიერ სარჩელი აღძრულია სწორედ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით (ბათილად იქნეს ცნობილი ქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილება), შესაბამისად, სამართლებრივ-ტექნიკური თვალსაზრისითაც კი სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე მსჯელობა გაურკვეველი და ბუნდოვანია, საჭიროებს ნათელ და სრულყოფილ განმარტებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში წინამდებარე გადაწყვეტილებით კასატორისათვის უფლების შეზღუდვის გახანგრძლივება და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მით უფრო მაშინ, როდესაც თავდაპირველი სარჩელის აღძვრისას თბილისის მთავრობა სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად საქმეში დასახელებული იყო როგორც მოპასუხე და მისმა წარმოდგენილი აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო მოსარჩელე მხარის უფლების დარღვევისა და მის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიმართვის ფაქტი. ქ. თბილისი მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სარჩელში გაჟღერებული მოთხოვნაზე თანხმობა უნდა გაეცა ქ. თბილისის საკრებულოს. აღნიშნულს დაეთანხმა მეორე მოპასუხეც - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტო.
როგორც აღმოჩნდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ სრულყოფილად არ განახორციელა მოსარჩელის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. კერძოდ, მოსარჩელეს მოთხოვნილი ჰქონდა საკუთრების უფლების შეზღუდვიდან გამომდინარე, მესაკუთრისათვის სათანადო კომპენსაციის გადახდა ან/და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტოლფას მიწის ნაკვეთში გაცვლა. აღნიშნული განცხადებით მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ეს განცხადება გადაამისამართა ქონების მართვის სააგენტოსთან, და ამის შემდეგ გამოიცა გასაჩივრებული აქტი. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად განსაზღვრა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილი ორგანო, მოცემულ შემთხვევაში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტო.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს დებულების მეორე მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება; აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება.
შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტომ არ განახორციელა საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე დაინტერესებული პირისთვის მოსარჩელისთვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი წარმოება და განცხადებაში მოთხოვნილ საკითხზე არ მოამზადა დოკუმენტი ქ. თბილისის საკრებულოსათვის გადასაგზავნად და შემდეგში უკვე ქ. თბილისის მთავრობის მიერ მის დასამტკიცებლად, და კასატორისათვის ამის შესახებ სასამართლო სხდომამდე არ იყო ცნობილი - საჭირო გახდა სარჩელში აღნიშნულ მოთხოვნათა დაზუსტება ქონების მართვის სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალება საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით. ამდენად, სასამართლოსათვის აშკარა გახდა რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეული იყო ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების და საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ქონების სააგენტომ ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ ჩართო შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ როდესაც, მარტოოდენ ქონების მართვის სააგენტოს განსახილველ საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით სათანადო და კანონშესაფერისი რეაგირება არ მოჰყოლია, კერძოდ, გაუგებარია ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რატომ არ დაკმაყოფილდა კასატორის სააპელაციო საჩივარი სრულად და კონკრეტულად რა გარემოებების ხელახალი გამოკვლევა/გაანალიზება იქნება საჭირო წინამდებარე საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას კანონით მინიჭებული უფლებების სათანადოდ რეალიზების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
მოცემულ საქმეში უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების არსებობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ ის იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე 2008 წლის 19 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 793.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით მდებარეობს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში (ლსზ), სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისი №14-39 დადგენილების მე-16 მუხლის თანახმად დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, შესაბამისად, ლ. პ-ის უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე სამეწარმეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა მიწის ნაკვეთზე ფუნქციური ზონის ცვლილება არ განახორციელა (ს.ფ.32), შესაბამისად, არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე, 2018 წლის 01 ნოემბერს პ-იმა №... განცხადებით მიმართა კომპენსაციის ან მიწის ჩანაცვლების მოთხოვნით, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 03 დეკემბრის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სხვა უძრავ ქონებაში გაცვლის საკითხები განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იქნებოდა ამ უძრავი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღების საჭიროება. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიღება ან სხვა ნაკვეთში გაცვლა არ განიხილებოდა და სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში დასმული თხოვნა (ს.ფ. 33, 81-82).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლ. პ-ის მიერ სარჩელი აღძრულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, თუმცა წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება ან მშენებლობის საწარმოებლად სხვა მიწის ნაკვეთით ჩანაცვლება (სახეზეა მოთხოვნათა ალტერნატიული კონკურენცია). აღნიშნული მიზანი ვერ იქნება მიღწეული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, რადგან ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1181 მუხლის მე-5 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება შესაძლებელია საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს მის საკუთრებაში არსებული ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. გაცვლის ფორმით პრივატიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება სხვა ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ხელშეკრულების გაფორმებით, რომელსაც ქ. თბილისის მთავრობის სახელით დებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას პირი ითხოვს დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის აღდგენაზე მითითებით, ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოთხოვნას და პირს, ვინც პასუხი უნდა აგოს წარდგენილ სარჩელზე, თუმცა ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელიც ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მხარის განმარტებას ასეთის არსებობის შესახებ და სარჩელის საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობას, რაც ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულებაა. მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს შედეგზე ორიენტირებულ მოთხოვნას, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას, რაც ასევე მოიაზრებს სათანადო მოპასუხეთა წრის განსაზღვრას მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება ან სხვა მიწის ნაკვეთით ჩანაცვლება, შესაბამისად, აღნიშნულ ალტერნატიულ მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, რა გარემოებებიც (სათანადო მოპასუხეთა ადმინისტრაციულ პროცესში შემოსვლა და შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება) სააპელაციო პალატას აძლევს საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების პროცესუალურ შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. პ-ის საკასაციო საჩივარზე 29.07.2021წ. №11305219341 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - ლ. პ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 29.07.2021წ. №11305219341 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



ბ. სტურუა



გ. მაკარიძე