საქმე №ბს-945(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - დ. ა-ი, და. ა-ი, ნ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-იმა 2015 წლის 13 აპრილს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 მაისის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით, მ. გ-ის სარჩელი განსჯადობით გადაიგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ და. ა-ი და ნ. კ-ი.
მ. გ-იმა მცხეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე სარჩელის დაზუსტების შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 მარტის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 ივლისის №..., 2013 წლის 28 იანვრის №..., 2013 წლის 10 მაისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 იანვრის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 მარტის №... გადაწვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ა-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 მარტის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. გ-ის, დ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით მ. გ-ის, დ. ა-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება დაუსაბუთებელია და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ ქვეპუნქტებისა საფუძველზე გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთან, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა ძირითადად იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ნ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას (2013 წელს), მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საქმის გარემოებები სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი; კერძოდ, მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია მასთან დაცული დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ 30.12.2001 წელს მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის, ზ. ა-ის სახელზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში დაზუსტებული სახით აღირიცხა 0,057 კვ.მ მიწის ფართობი, მდებარე: დუშეთი, ..., სოფელი ... (საკადასტრო კოდი №...), თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამე პირის - ნ. კ-ის სარეგისტრაციო მონაცემების ქრონოლოგია იწყება არა 2013 წელს მიღებული რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილებით, არამედ 2001 წლის 30 დეკემბრის სისტემური რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №..., ფართობი: 1470 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საგადასახადო სიაში რიგითი №131) სააღრიცხვო მონაცემებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის №327 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისადაა რეგისტრირებული, ბეჭედდასმული და ხელმოწერილია, ამასთან, სააგენტოში ინახება დედნის სახით. შესაბამისად, იგი არის ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებით არსებული მონაცემების განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. რაც შეეხება ზ. ა-ის სახელზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათს, აღნიშნული ინახება ასლის სახით.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა რეგისტრირებულის საწინააღმდეგო მოცემულობის სისწორე; პირიქით, სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მესამე პირის - ნ. კ-ის მიღება-ჩაბარების აქტის (10.03.1998წ.) მიხედვით, მასზე გაცემული 0.18 ჰა მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მოსაზღვრეა ზ. ა-ი. ამასთან, ზ. ა-ის სისტემურად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) დასავლეთ მხარეს რეგისტრირებულია სწორედ №... მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ამ პირობებში, თუ სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს ზ. ა-ის სარეგისტრაციო მონაცემს, გაურკვეველია რატომ არ აქვს ასეთივე სამართლებრივი მნიშვნელობა მესამე პირის - ნ. კ-ის სარეგისტრაციო ჩანაწერებს, მაშინ, როდესაც სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მესამე პირის მიწის ნაკვეთი სხვა ადგილას უნდა მდებარეობდეს და იყოს რეგისტრირებული. ამდენად, გაუგებარია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება შელახა სწორედ ნ. კ-ის რეგისტრაციამ. ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ არ არსებობს ,,წინმსწრები რეგისტრაციის უპირატესობის“ გარემოება, ვინაიდან ორივე მხარეს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს 2001 წლის 30 დეკემბერს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო მართლმსაჯულებამ არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს არსებობდა მომჩივანი პირის მიერ სარჩელის აღძვრამდე, რაშიც იგულისხმება კანონით დაცული უფლებების ან ინტერესების შელახვა უფრო მეტი მოცულობით ან იმ პირთა წრის კიდევ უფრო გაზრდა, რომელთა უფლებები და ინტერესებიც შელახული აღმოჩნდება სასამართლოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით. სხვა შემთხვევაში მართლმსაჯულების მიზანს აზრი დაეკარგებოდა. სასარჩელო მოთხოვნა საჭიროებდა სრულყოფილ განხილვასა და სამართლებრივ შეფასებას არა მხოლოდ იმ კუთხით, ეკუთვნოდა თუ არა პირს რაიმე უფლება და ილახებოდა თუ არა მისი კანონიერი ინტერესი, არამედ იმ განსჯითაც, აღნიშნული ზიანი ადგებოდა თუ არა მოსარჩელეს სწორედ მის მიერ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით/გადაწყვეტილებებით, რადგანაც მართლმსაჯულების განხორციელება პირის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობის შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რაც განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ განუხორციელებიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივრის პერსპექტივის თვალსაზრისით ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებათა კანონიერება, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია მოპასუხეები სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდნენ თუ არა დარგის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 30.12.2001 წელს მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის, ზ. ა-ის სახელზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში აღირიცხა 0,057 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე დუშეთი, ..., სოფელი ..., მიწის ს/კ .... უძრავი ქონების მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, ზემოხსენებული უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის სახელზე აღირიცხა 2006 წელს №.... საკადასტრო კოდით. 2015 წლის 13 თებერვალს მოსარჩელის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი განცხადების თაობაზე 2015 წლის 18 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა როგორც თავისი, ისე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკები/გეგმები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერები. სარეგისტრაციო სამსახურმა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტისა, 2015 წლის 23 მარტს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1759 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ. ..., საარქივო ცნობის საფუძველზე დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა ნ. კ-ის საკუთრებად. აღნიშნული უძრავი ქონება 2013 წლის 25 მარტიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია დ. ა-ის საკუთრების უფლებით. 2013 წლის 10 მაისის მდგომარეობით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ექვს მიწის ნაკვეთთან და მიენიჭა საკადასტრო კოდი ..., რომელიც 2014 წლის 22 იანვარს დაიყო №... და №... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთებად. №... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა დავით აზალის სახელზე, ხოლო №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეეტრში ჯერ დარეგისტრირდა და. ა-ის, ხოლო შემდეგ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. დ-ეის საკუთრებად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, ან ასეთი გართულებულია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც სადავოა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება (საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები), ასეთი ქონების სამოქალაქო წესით განკარგვის და შესაბამისად მისი სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის პირობებში, სამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის შემძენის კეთილსინდისიერების ინსტიტუტი, რაც ემსახურება როგორც უძრავი ქონების შემძენთა ინტერესების დაცვას, ისე სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება და ამ საფუძვლით მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა, გაუმართლებელია, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება (მისი გასხვისების გამო), შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარება - გადაწყვეტა გაჭიანურდება. მიუხედავად განვითარებული მსჯელობისა, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით (სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მოსარჩელე არ ასაჩივრებს), საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად გადაწყვიტოს მოცემული დავა გარდა სარჩელის უარყოფისა, რა წინაპირობაც, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზე არ არის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ შეუდარებია მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი რამდენად შეესაბამებოდა ტექ. ბიუროში რეგისტრირებულ საინვენტარიზაციო გეგმას, არ დაუდგენია ტექნიკური არქივის მონაცემების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, აღნიშნული შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, ადგილის დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტები, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა მის დაინტერესებაში მყოფი მიწის მიმართ სხვა პირთა უფლების არსებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იყო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2015 წლის 15 ივნისის სადავო №... გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა ფორმალურად, არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო. აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური კანონიერების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს: აქტი აგრეთვე მატერილურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არამარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვაზე უარი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის მოტივით, რადგანაც რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების გაუქმება. კოორდინატთა სისტემაში საკადასტრო აღწერის შედეგის ასახვა არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის, დანიშნულების შეცვლას. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მის ხელთ არსებული სათანადო საპროცესო საშუალებების გამოყენების გზით, უნდა უზრუნველყოს საგანთა ნამდვილი მდგომარეობის და რეგისტრირებული მონაცემების თანხვედრაში მოყვანა, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ - 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2021წ. №25918 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე