Facebook Twitter

საქმე №ბს-976(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ფ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ფ-ამ 2020 წლის 12 თებერვალს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, მოპასუხის 2019 წლის 24 ივნისის №01/14380 წერილის ბათილად ცნობა და ქ. ქუთაისში, ...ს №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. ფ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელი ცნობის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინებით მ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ფ-ას მიერ.

კასატორი - მ. ფ-ა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ საქმე გადაწყდა მატერიალური და საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულვებელყოფით. სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილებაა გადაწყვეტილებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზემოაღნიშნული კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციას, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით.

კასატორი მიიჩნევს, რომ მერიაში შეტანილ წერილობით განცხადებას თან ერთვოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია, შესაბამისად, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო სადავო საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა მისთვის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივნისის №01/14380 აქტი ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას, რაც ეწინააღმდეგება სასკ-ის 32-ე მუხლსა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილებას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივნისის №01/14380 აქტი, რომელიც მართალია, გამოცემულია წერილის სახით, თუმცა თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად შესაფასებელია მისი შესაბამისობა დარგის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერ მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

კანონმდებელი უშვებს არაპრივატიზებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, კანონიერ მოსარგებლეს კი ზემოხსენებული წესის თანახმად წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით (2 მუხ., „ე“ ქვ.პ.). ამავე წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რაც უნდა ერთვოდეს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებას, მათ შორის, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუკი განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ფ-ამ 2019 წელს 29 მაისს განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩის №... ოთახის მომიჯნავედ მდებარე №18 ოთახის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 ივნისის №01/14380 სადავო აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ არ გააჩნდა ფართის მასზე გადაცემის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დადგენილია, რომ ქ. ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და მეზობლების გამოკითხვა. მეზობლების განმარტებით გაირკვა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩის №...-ის (ყოფილი ...ის სამხრეთ დასახლება) ოთახის მომიჯნავედ არსებულ №18-ში დაახლოებით 40 წლის მანძილზე 2007 წლამდე (გარდაცვალებამდე) ცხოვრობდა ნ. მ-ი, ამასთან პერიოდულად მასთან ერთად გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მისი ძმისშვილი, რომელიც გარდაცვალების შემდგომაც განაგრძობდა პერიოდულად ცხოვრებას მითითებულ ფართში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია სადავო აქტის გამოცემისას მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე - ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა