საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-911(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) - ი. ფ-ე, თ. ფ-ე, თე. ფ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. ტ-ი, ნ. ტ-ი, მ. ნ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ა. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. და თ. ტ-იებმა 2017 წლის 11 სექტემბერს სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თ. ლ-ეის, თ. ფ-ეისა და ა. გ-ეის მიმართ.
მოსარჩელეებმა, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, 52 კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ს (ყოფილი ...ის) ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო №...) თ. ფ-ეის და თანამესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ი. ფ-ე და თ. ფ-ე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ნაწილის შესაბამისად - თე. ფ-ე და ა. გ-ე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის და თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ს (ყოფილი ...ის) ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო №...) თ. ფ-ეის და თანამესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, მ. და თ. ტ-იების კუთვნილი 5 2კვ.მ მიწის ფართობის ნაწილში 2017 წლის 10 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ი. და თ. ფ-ეებმა და თე. ფ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით თ. ლ-ეის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც ი. და თ. ფ-ეებმა და თე. ფ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით ი. და თ. ფ-ეებისა და თ. ლ-ეის კერძო საჩივარი ი. და თ. ფ-ეების ნაწილში დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მარტის განჩინებით ი. და თ. ფ-ეებისა და თ. ლ-ეის კერძო საჩივარი თ. ლ-ეის ნაწილში დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე თ. ლ-ეის, ი. ფ-ეისა და თ. ფ-ეის სააპელაციო საჩივრის თ. ლ-ეის ნაწილში დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის - თ. ტ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და თ. ტ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნენ ნ. ტ-ი და მ. ნ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. ფ-ეისა და თ. ფ-ეის, თ. ლ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება ი. ფ-ემ, თ. ფ-ემ და თე. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები საკასაციო საჩივარში აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავენ, რომ თე. ფ-ე არის სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. კასატორები მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ თე. ფ-ემ შეიძინა თ. ფ-ეის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას საჩივარი და ან სხვა სახის პრეტენზიის განხილვის ფაქტი არ დასტურდებოდა. ამასთან, არც მოსარჩელეს მიუთითებია რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს გაუჩენდა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ ი. და თ. ფ-ეებმა ქონების რეგისტრაციისას დაიცვეს ყველა პარამეტრი, რომელიც მოცემული იყო ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმასა და ცნობა-დახასიათებაში, ამდენად, გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნა თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან მისვლელი გზის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან მას ისედაც არ აქვს პრობლემა ქუჩის მხრიდან ან თავისივე სახლის ნებისმიერი კუთხიდან შევიდეს და ისარგებლოს საკუთრებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს არ ჰქონდა ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად სწორად გაკეთებული ნახაზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ტ-იების მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუმართლებელია. კასატორთა მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებით თე. ფ-ეს ერთმევა ის აუცილებელი მისასვლელი გზა, რომელიც უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი ქონებით სარგებლობას. კასატორთა მოსაზრებით, გაუგებარია როგორ უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება, თუ მხოლოდ და მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, ...ში, ...ს ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) თ. ფ-ეის და თანამესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ქონება გამიჯნულია და მინიჭებული აქვს სხვადასხვა კოდები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ფ-ეის, თ. ფ-ეისა და თ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ-ეის, თ. ფ-ეისა და თ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს 52 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ს (ყოფილი ...ის) ქ. №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) თ. ფ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არსებული დოკუმენტების თანახმად, მოსარჩელეების - მ. ტ-ისა და თ. ტ-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1498 კვ.მ-ს, ხოლო მესამე პირების - თ. ფ-ეის და ი. ფ-ეის თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობი - 1265 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №... სადავო გადაწყვეტილებით ...ში ...ს (ყოფილი ...ის) ქუჩა №10-ში მდებარე 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) 1/2 ნაწილზე დარეგისტრირდა თ. ფ-ეის თანასაკუთრების უფლება. თ. ფ-ემ თავისი კუთვნილი წილი 2016 წლის 28 ივლისს მიყიდა თე. ფ-ეს, რომლის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით. ი. ფ-ემ 2016 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ში, ...ს (ყოფილი ...ის) ქუჩის №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას მან წარადგინა ცნობა-დახასიათება, რომლის მიხედვით, მას ეკუთვნოდა ...ში, ...ის ქ. №10-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ...ში ...ს (ყოფილი ...ის) ქუჩის №10-ში მდებარე 1135კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ ...) 1/2 ნაწილზე დარეგისტრირდა ი. ფ-ეის საკუთრების უფლება. ი. ფ-ემ 2016 წლის 30 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ში ...ს (ყოფილი ...ის) ქუჩა №10-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მიწის ფართის გაზრდა 1135 კვ.მ-დან 1275კვ.მ-მდე. სარეგისტრაციო სამსახურს მან წარუდგინა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 1997 წლის 17 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, ...ში, ...ის ქ. №10-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე მიმაგრებული მიწის ფართობი იყო 1265კვ.მ და არა 1135კვ.მ როგორც იყო რეგისტრირებული. მოცემულ სარეგისტრაციო მოთხოვნაზე 2016 წლის 15 სექტემბერს თანხმობა განაცხადა ქონების თანამესაკუთრემ თე. ფ-ემ. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ფართობად განისაზღვრა 1275კვ.მ.
საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს საქმეზე ჩატარებული ექსპერტის დასკვნას, რომლის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ტ-იების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1498 კვ.მ-ს. მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულია 1385 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა 1475 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასკვნის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ფ-ეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი არის 1265 კვ.მ, ფაქტობრივად დაკავებული - 1361 კვ.მ, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ 1275 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ექსპერტის დასკვნაზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მესამე პირების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი ჩრდილოეთით (ქუჩის მხარეს) ნაკლებია რეგისტრირებულზე, აღმოსავლეთით (ტ-იების მხარეს) რეგისტრირებულზე მეტია, ხოლო დასავლეთ მხარეს მათ ფაქტობრივად უკავიათ 78 კვ.მ ტერიტორია, რომელიც არ არის რეგისტრირებული. ამდენად, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ფლობენ ტექნიკური აღრიცხვის არქივში მითითებულზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთს, ხოლო მესამე პირები პირიქით - ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე მეტი ფართობის მქონე ნაკვეთს. ამასთან, არქივში დაცული დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ ტ-იებს ეკუთვნოდათ გარკვეული მიწის ფართი მათი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ (ფ-ეების) მხარეს, რაც წარმოადგენდა ეზოში შესასვლელ ტერიტორიას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების შესაბამისად კი თ. ფ-ეის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმგვარად, რომ მისი კუთვნილი ნაკვეთის აღმოსავლეთ საზღვარი გადის ტ-იების საცხოვრებელი სახლის დასავლეთ კედლის გასწვრივ. ამდენად, საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სადავო 52 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ტ-იებისადმი კუთვნილების თაობაზე. შესაბამისად დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოებების სრულლყოფილად გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევასა და შეფასებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, უნდა შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა (სუსგ. 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო 52 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ტ-იების სახელზე აღრიცხვის შემთხვევაში, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი (1437 კვ.მ) კვლავინდებურად ნაკლები იქნება ტექბიუროს მონაცემებში არსებულ ფართზე (1498 კვ.მ), ხოლო მესამე პირებისათვის სადავო 52 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოკლების შემთხვევაში, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში დარჩებათ 1309 კვ.მ ფართი (არარეგისტრირებულ თავისუფალ ფართობთან ერთად), რაც კვლავინდებურად მეტი იქნება მათ სახელზე ტექბიუროს არქივში არსებულ მონაცემებთან შედარებით (1265 კვ.მ). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აგებულია კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და თ. ლ-ეის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობების საფუძვლებზე და არ შეიცვას სასამართლოთა მიერ დადგენილი გარემოებების გამაქარწყლებელ არგუმენტებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი თ. ლ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული აქტი ბათილად ცნობილი არ ყოფილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ფ-ეის, თ. ფ-ეისა და თ. ლ-ეის საკასაციო საჩივარზე თ. ა-ის მიერ 19.07.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ფ-ეის, თ. ფ-ეისა და თ. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. თ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 19.07.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით ი. ფ-ეის, თ. ფ-ეისა და თ. ლ-ეის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე