№ბს-544(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ა-ი; მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 18 მარტს ა. ა-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე", რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილების ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ს/კ ... მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1 სტატუსი) ბათილად ცნობა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 05 თებერვლის №1/დელ ბრძანების მეოთხე და მეხუთე ნაწილების (ა. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის - მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სატრასნპორტო ზონის ცვლილების ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნის შესახებ, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ან ადგილმონაცვლეობის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ რუსთავში, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა სატრანსპორტო ზონა №1 სტატუსი, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2020 წლის 05 თებერვლის №1/დელ ბრძანების მეოთხე პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2020 წლის 05 თებერვლის №1/დელ ბრძანების მეხუთე პუნქტი (მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე უარის თქმის შესახებ) და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2009 წლის 03 დეკემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №63-7 ოქმით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქ. მიმდებარე ტერიტორია ფართობი 144 კვ.მ აუქციონზე შეძენილი იქნა ე. ქ-ას მიერ. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს. კ. ... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 08 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ა. ა-ის სახელზე.
2015 წლის 20 ოქტომბრის №02/8588 წერილით ა. ა-ის ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების შესაბამისად მდებარეობდა სატრანსპორტო ზონა 1-ში. სატრანსპორტო ზონა 1 კი წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს) მოედნებს, ღია ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს და მატარებლის სადგომ ტერიტორიებს (დეპოებს) დადგენილების მიხედვით დაუშვებელი იყო ამ ზონაში კომერციული დანიშნულების ობიექტის განთავსება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკმარისი არ არის, რომ უფლებაში ჩარევა კანონიერ მიზანს ემსახურებოდეს. ასევე დაცული უნდა იყოს პროპორციულობა და სამართლიანი ბალანსი. განსახილველ შემთხვევაში დაცული იყო მხოლოდ საჯარო ინტერესი და არ იყო გათვალისწინებული ა. ა-ის კანონიერი ინტერესები საკუთრების უფლების კონტექსტში. 2020 წლის 05 თებერვლის №1/დელ ბრძანების გასაჩივრებული მეხუთე პუნქტი, არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას იმის თაობაზე, იზღუდებოდა თუ არა საკუთრების უფლება, რა ხარისხით ხდებოდა უფლების შეზღუდვა და იყო თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით კონკრეტულად არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და მოქცეულია კანონის ფარგლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის XIII თავით დეტალურად არის გაწერილი მუნიციპალური ქონების მართვა/განკარგვის წესები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესებს, ქონების პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ადგენს საქართველოს მთავრობა (მუხლი 115.1). ზემოაღნიშნული ასევე განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი მუნიციპალიტეტის ქონების გაცვლის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ ქალაქ თბილისს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისათვის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით (118-ე მუხლის 1-ლი ნაწ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ადგილმონაცვლეობის საკითხთან მიმართებით, რომ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით, შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118-ე მუხლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით (ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთი მოექცა სატრანსპორტო ზონაში) მას არასამართლიანად შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება, რის აღმოსაფხვრელადაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ განუხორციელებია სათანადო ღონისძიებები და მოსარჩელეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მისი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. თუმცა, საკუთრების უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა როგორც საჯარო ინტერესის არსებობა, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები და დადგენილი პროცედურის დაცვა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აუცილებელია, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა იყოს პროპორციული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის №1164(კ-20) განჩინება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგულირებისას უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებული საჯარო ინტერესების სამართლიანი დაბალანსება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (იქვე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ უფლებაში (საკუთრების დაცვა) ჩარევა მიიჩნევა გამართლებულად თუკი იგი განხორციელებულია კანონიერების პრინციპის საფუძველზე და ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზნის მიღწევას, პროპორციული საშუალების გამოყენებით (BEYELER v. ITALY , 108-114, დიდი პალატა, 33202/96).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი, წარმოადგენენ სადავო ნორმატიული აქტების გამოცემის საფუძვლებს. შესაბამისად, ნორმატიული აქტების მიღება სწორედ მითითებული საკანონმდებლო ნორმებით განსაზღვრულ საჯარო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს და საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორიულობაც სწორედ ამ მიზნებითან მიმართებით უნდა შეფასდეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესაკუთრეთა უფლებები ურბანული ან რეგიონული დაგეგმარების საკითხებთან მიმართებაში განსაკუთრებით ევოლუციურია. ურბანული და რეგიონული დაგეგმარების პოლიტიკა, par excellence, არის ის სფეროები, რომლებშიც სახელმწიფო ერევა, საკუთრების კონტროლის გზით ზოგადი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან. ასეთ ვითარებაში, სადაც საზოგადოების საერთო ინტერესი უპირატესია, სახელმწიფოს შეფასების ზღვარი უფრო ფართოა, ვიდრე მაშინ, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ სამოქალაქო უფლებებს (Gorraiz Lizarraga and Others v. Spain, § 70; Mellacher and Others v. Austria, § 55; Chapman v. the United Kingdom [GC], § 104).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ჩარევის ხასიათი და ინტენსივობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის, გამოყენებული ღონისძიებების პროპორციულობის შეფასებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სუბიექტური ფაქტორი, პირმა რამდენად იცოდა ან შეეძლო სცოდნოდა ქონებაზე შემზღუდველი სამართლებრივი რეჟიმის არსებობის შესახებ, ამ ქონების შეძენისას (მსგავს საკითხზე იხ. Allan Jacobsson v. Sweden, §§ 60-61; Depalle v. France [დიდი პალატა], § 86). საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ როდესაც მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, იგი არ იყო მოქცეული სატრანსპორტო ზონა 1-ში. სადავო აქტებით კი, მოსარჩელეს ფაქტობრივად შეეზღუდა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. ასეთ პირობებში კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის პროპორციულობის პრინციპის დაცულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლოა სხვადასხვა მექანიზმით იქნეს მიღწეული, მათ შორის მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის №1164(კ-20) განჩინება; (SPORRONG AND LÖNNROTH v. SWEDEN (7151/75); 7152/75; 73), რაც წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეს შესაბამისი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზნისა და მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია უფლებაში ჩარევის გამართლებისათვის პროპორციულობის პრინციპის დაცულობის უზრუნველყოფა, რის გამოც ცალსახად არსებობს მოსარჩელის მიმართ კომპენსაციის (მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის) შესაბამისი მექანიზმის გამოყენების საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა მსჯელობის საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, მისი მხრიდან ადგილმონაცვლეობის საკითხზე მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების არაუფლებამოსილების/შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო ქმედება / სამართლებრივი პროცედურა, რათა სახეზე არ იყოს მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ცალსახად არაპროპორციული ჩარევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი