№ბს-1004 (კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ე. ა-იი, რ. ღ-ე, ლ. ქ-იი; მესამე პირები (სასკ 16.2) - ჯ. შ-ი, ე. შ-ი, ფ. შ-ი, მ. შ-ი, ეთ. შ-ი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 აგვისტოს ე. ა-იმა, რ. ღ-ემ და ლ. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების (ჯ. შ-ის, ე. შ-ის, ფ. შ-ის, მ. შ-ისა და ეთ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში), 2017 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2017 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ), 2017 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელეების სახელზე, მათ მფლობელობაში არსებული ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჯ. შ-ი, ე. შ-ი, ფ. შ-ი, მ. შ-ი და ეთ. შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... და 2017 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2017 წლის 29 მაისის №... განცხადებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მესამე პირებმა - ჯ. შ-იმა, ე. შ-იმა, ფ. შ-იმა, მ. შ-იმა და ეთ. შ-იმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ჯ. შ-ის, ე. შ-ის, ფ. შ-ის, მ. შ-ის, ეთ. შ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით ე. მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №7-ში მდებარე 2509.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობებზე (ს/კ: №...) დარეგისტრირდა ლ. ც-ეის, ლ. ს-იის, ჯ. შ-ის, ე. შ-ის, ფ. შ-ის, მ. შ-ის, ეთ. შ-ის, ც. ქ-ეის, ნ. ბ-ის, შ. ქ-ეის და ე. მ-ის თანასაკუთრების უფლება. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის დაყოფის საფუძველზე წარმოიშვა სამი უძრავი ქონება, რომელთაგან სადავო - №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ: ჯ., ე., ეთ., ფ. და მ. შ-იები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იყო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც პირს უფლება ჰქონდა მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით; მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს კვლავ დაევალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოთხოვნილ ფართზე უფლება. საქმეზე დადგენილი გარემოებები მიუთითებდა იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის სადავო №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
ამასთან, განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მოსარჩელეებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე, (ს/კ: №...) უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გარემოების საფუძველზე 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა №400546/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, თუმცა სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2017 წლის 31 ივლისის №400546/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მიეთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ დაინტერესებული პირების მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დასაშვები იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) მართლზომიერების შემოწმება. შესაბამისად, 2017 წლის 07 აგვისტოს სადავო №... გადაწყვეტილების მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეები თავადაც ადასტურებენ და წარმოდგენილია ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. ს.-ის ძე ქ-ი (მოსარჩელე ლ. ქ-იის მეუღლე) 1979 წლის 24 ოქტომბრიდან საკუთრებაში ფლობდა თბილისში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელ ოთახებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არაერთი განმარტების მიუხედავად, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლო არ ამახვილებს ყურადღებას, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მართლზომიერი მფლობელობა განსხვავდება ბინაზე საკუთრების უფლების მიღებისაგან. სასამართლოთა მიერ აღნიშნული დავის მსგავსი სამართლებრივი შეფასება ხელს უწყობს არასწორი პრაქტიკის დადგენას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება, იმ პირობებში როცა მესამე პირთა სახელზე განხორციელებული პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, აგრეთვე, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაშია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7-ში მდებარე უძრავი ქონების (956 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენდა ი. ს-ე: 712 კვ.მ მიწის ფართი უ.დ.დ. (უფლების დამდგენი დოკუმენტი)-ს გარეშე 1994 წლამდე, 244 კვ.მ. მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე 1994 წლიდან.
1979 წლის 24 ოქტომბრის შინაურული ხელწერილით ირკვევა, რომ ი. ილ.-ს ძე ს-ემ (მოსარჩელე ლ. ქ-იის მეუღლე) ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე ბინის ორი ოთახი მიჰყიდა რ. ს.-ის ძე ქ-ის 7 000 (შვიდი ათას) მანეთად. ამავე ხელწერილის თანახმად, აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ მოწმეები: ზ. ბ-ი და ნ. შ-ი, რომლებიც ადასტურებენ ხელწერილს და ასევე აწერენ ხელს.
საქმეში წარმოდგენილი 19/VI/80 წლის ხელწერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №7-ში მცხოვრებმა ი. ილ.-ს ძე ს-ემ და ე. გ.-ს ასული ა-იმა, გაცვალეს ბინები. ამასთან, ვინაიდან ს-ეის ბინა ღირდა მეტი და იყო უკეთესი, ა-იმა მისცა განსხვავება 4 700 (ოთხი ათას შვიდასი) მანეთის ოდენობით. ამავე ხელწერილის თანახმად, აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ მოწმეები: გ. ჩ-ი და გ. კ-ი, რომლებიც ადასტურებენ ხელწერილს და ასევე აწერენ ხელს.
2016 წლის 18 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად კი მეზობლები: ნ. ც-ე და ე. ა-იი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ რ. ღ-ემ და მისმა მეუღლემ ი. წ-იმა, ი. ს-ეისაგან იყიდეს ოთახი მიწის ნაკვეთთან ერთად (დაახლოებით 600 კვ.მ.), მდებარე: თბილისში, ვ. ...ის ქ. №7-ში (ყოფ. ...ის ქუჩის №7), რაშიც გადაუხადეს 2 000 (ორი ათასი) მანეთი. ამავე განცხადებით, მითითებული პირები ადასტურებენ, რომ ესწრებოდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას და თანხის გადაცემას, რაც ასევე დააფიქსირეს ხელმოწერით ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც.
ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. ს.-ის ძე ქ-ი (მოსარჩელე ლ. ქ-იის მეუღლე) 1979 წლის 24 ოქტომბრიდან საკუთრებაში ფლობდა თბილისში, ...ის ქუჩის №7-ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელ ლიტერ ც-ც1 ნაგებობიდან №8, №9 საცხოვრებელ ოთახებს და №10 სათავსოს. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა ქ. თბილისის ...ის ქუჩის №7-ში ი. ს-ეის სახელზე აღრიცხული ლიტერ ც-ც1 ნაგებობის ამორიცხვა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 01 მაისის №2/2086 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე. ა-ი ცნობილი იქნა თავის ოჯახის წევრებთან ერთად ქ. თბილისში, ...ის ქ. №7-ში მდებარე სახლის ლიტერ ,,ა’’- ,,ა’’-ში №1, №2 და №3 ოთახებზე უფლებამოპოვებულად.
თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ ე. ა-იი 2009 წლის 26 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ...ის ქ. №7 (ყოფ. ...ის ქ. №7). სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ რ. ღ-ე 1965 წლის 05 აგვისტოდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ...ის ქ. №7 (ყოფ. ...ის ქ. №7).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 02 ივნისის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება, 1176 კვ,მ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. თბილისი, ქ. ...ის (გარდაცვლილი ი. ს-ეის საკუთრება)) დარეგისტრირდა გ. ს-ეის, ე. შ-ის, ეთ. შ-ის, მ. ლ-ეის და ფ. შ-ის თანასაკუთრების უფლება (ს.კ. ...). საფუძველი სამკვიდრო მოწმობა №2-299, დამოწმების თარიღი 27.05.2008.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ამხანაგობა „ვ. ...ის“ საკუთრების უფლება. საფუძველი ინდმენაშენეთა ამხანაგობა „ვ....ის (...ის) №1,3,5,7, და შესახვევი №7“-ის დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტი (13.06.2008წ. №1-2568).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 09 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ..., ... და ... საკადასტრო კოდი მქონე უძრავი ნივთების გაერთიანების შედეგად წარმოშობილი 2509 კვ.მ უძრავი ნივთის მესაკუთრედ (საკადასტრო კოდი №...) საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა იბა „ვ....ის (...ის) №1,3,5,7, და შესახვევი №7“.
ე. მ-იმა 2011 წლის 30 დეკემბერს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №.../...ის ქ. №7-ში მდებარე 2509.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობებზე (ს/კ: №...) დარეგისტრირდა ლ. ც-ეის (მიწის ნაკვეთი - 501 კვ.მ., შენობა ნაგებობები: №20), №7 და №17-ის 2/3 ნაწილი), ლ. ს-იის (მიწის ნაკვეთი 123.22 კვ.მ., შენობა-ნაგებობები: №15, №16 და №17-ის 1/3 ნაწილი), ჯ. შ-ის, ე. შ-ის, ფ. შ-ის, მ. შ-ის, ეთ. შ-ის (1176 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები №4, №5, №6, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14), ც. ქ-ეის (მიწის ნაკვეთი 203.2 კვ.მ. და შენობა ნაგებობა №18), ნ. ბ-ის (შენობა-ნაგებობები №3-დან 111.25 კვ.მ ფართი და ნაგებობა №1 და №2), შ. ქ-ეის (მიწის ნაკვეთი 120.58 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა №19) და ე. მ-ის (შენობა-ნაგებობა №3-დან 36.00 კვ.მ ფართი) თანასაკუთრების უფლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 06 აპრილის №... გადაწყვეტილებით ფ. შ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, №... საკადასტრო კოდის დაყოფის საფუძველზე წარმოიშვა სამი უძრავი ქონება: 1) საკადასტრო კოდი №..., ფართობი 948 კვ.მ., მესაკუთრეები: ლ. ც-ეე, ლ. ს-იი, ც. ქ-ეე, შ. ქ-ეე; 2) საკადასტრო კოდი №..., ფართობი 1176 კვ.მ., მესაკუთრეები: ჯ. შ-ი, ე. შ-ი, ეთ. შ-ი, ფ. შ-ი და მ. შ-ი; 3) საკადასტრო კოდი №..., ფართობი 385 კვ.მ., მესაკუთრეები: ნ. ბ-ი და ე. მ-ი.
2017 წლის 25 მაისს ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის წარმომადგენელმა მ. ყ-იმა №244727/17 განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...ის) ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილზე, კერძოდ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია.
2017 წლის 25 მაისის №244727/17 განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წლის 29 მაისს მიღებულ იქნა №... პირობითი სარეგისტრაციო განცხადება ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: №...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 ივნისის №...-05 და 15 ივნისის №...-07 გადაწყვეტილებებით განმცხადებელს განემარტა, რომ საკადასტრო კოდზე, სამკვიდრო მოწმობით (№2-299) რეგისტრირებული იყო უფლება - 1176 კვ.მ. მესაკუთრეები: ჯ. შ-ი, ე. შ-ი, ფ. შ-ი, მ. შ-ი, ეთ. შ-ი. შესაბამისად, განმცხადებელს ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოთხოვნილ ფართზე უფლება, ასეთის წარდგენის შემთხვევაში კი, ასევე წარსადგენი იყო მინდობილობა.
2017 წლის 27 ივნისს მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა მ. ყ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების ასლი, 27.06.2017 წლით დათარიღებული განცხადება, 1979 წლის 24 ოქტომბრითა და 19/VI/80 წლით დათარიღებული ხელწერილების ასლები, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 21.09.2016 წლის №... და 31.10.2016 წლის №... საინფორმაციო ბარათების ასლები, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 02.09.09 წლის №277 წერილი, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 01 მაისის №2/2086 დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ. ყ-ის პირადი მონაცემის ამსახველი ინფორმაციის ასლი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საკადასტრო კოდზე, სამკვიდრო მოწმობით №2–299 რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება - 1176 კვ.მ. მესაკუთრეები: ჯ. შ-ი, ე. შ-ი, ფ. შ-ი, მ. შ-ი, ეთ. შ-ი. შესაბამისად, განმცხადებელს ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოთხოვნილ ფართზე უფლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2017 წლის 31 ივლისს ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის წარმომადგენელმა მ. ყ-იმა №400546/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 ივლისის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 11 ივლისის №...- 10 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის წარმომადგენელს მ. ყ-ის უარი ეთქვა 2017 წლის 31 ივლისის №400546/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის წარმომადგენლის მ. ყ-ის 2017 წლის 31 ივლისის №400546/17 ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელე მხარის უფლებების წარმოშობას შესაბამის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები მოითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საფუძვლიან გამოკვლევას და იმ საკითხის შეფასებას, თუ რამდენად ქმნიდა დადგენილი გარემოებები მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისად, მესამე პირთა სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ საფუძვლებს.
რაც შეეხება, კასატორის მითითებას მესამე პირთა სახელზე რეგისტრაციების ძალაში არსებობის პირობებში მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის გამორიცხვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, ე. ა-იის, რ. ღ-ეისა და ლ. ქ-იის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჩივარი კი სწორედ მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას შეეხებოდა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იმსჯელოს როგორც მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების საკითხზე მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, ისე (სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე.
ამასთან, სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტის ბათილად ცნობის საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად (სუსგ 24.05.2018; №ბს-743-735(კ-16), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას, დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ 25.05.2011წ. №1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. №ბს-598-591 (კ-15), 02.11.2017წ. №ბს-231-227(კ-15), 20.07.2017წ. №ბს-43-42(კ-17)), რასაც თვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის პრაქტიკაც ადასტურებს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მითითება იმაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით, ადასტურებს პირის შესაძლებლობას ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა - განხილვის პროცედურების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში არ იმოქმედებს სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი სარჩელის აღძვრამდე აქტის სავალდებულოდ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შესახებ. ამასთანავე, 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს პირის უფლებას რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლესი ორგანოს, სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმების, სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას".
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 24/11/2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №26519-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24/11/2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №26519-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი