№ბს-259(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის საკასაციო საჩივრის მ. ა-ეისა და მა. ა-ეის ნაწილში დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 31 ივლისს ც. ა-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №228 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №228 განკარგულება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ც. ა-ეის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ მდებარე 1993 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ც. ა-ეის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-214-2019 საქმის წარმოება შეჩერდა ც. ა-ეის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-214-2019 განახლდა საქმის წარმოება; ც. ა-ეის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ ნ. ა-ეე, მ. ა-ეე და მა. ა-ეე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და ც. ა-ეის უფლებამონაცვლეების - მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში ც. ა-ე საკუთრების უფლებით ფლობს 2000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს ს/კ ...; საკუთრების უფლებით ფლობს 5060.00 კვ.მ ს/კ .... და 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ს/კ ....
2018 წლის 13 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურეობრივი ბარათით (13.06.2018 /№...) ც. ა-ეის მიმართ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ 28.05.18 წლის მდგომარეობით მოცემულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2018 წლის 20 ივნისს წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა (22.06.2018 /№...) ც. ა-ეის მიმართ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში საკითხის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების კომისიაში განსახილველად.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 02.07.2018 წლის №6 აქტის თანახმად, ი. შ-ეის მიერ დათვალიერებულ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში ც. ა-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სახელდობრ: №6 აქტით დადგინდა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, შემოუსაზღვრავია, ძირითადად წარმოადგენს დაუმუშავებელ მინდორს და ტყებუჩქნარს, ნაკვეთს არ აღენიშნება მოვლა-პატრონობის ან თვითნებურად დაკავების კვალი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №18 სხდომის ოქმის ამონაწერების მიხედვით, საოქმო გადაწყვეტილებებით ც. ა-ეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 1993 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 6 ივლისის №228 განკარგულებით ც. ა-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის - 1993 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძლით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მიწას არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი, დაუმუშავებელია, არ არის ათვისებული, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე
სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ა-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს საზღვარი არ არის გახსნილი და ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ც. ა-ეის მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწებზე მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება ფაქტობრივად საერთოდ არ არის შემოღობილი, რაზედაც ამ უკანასკნელის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ შემოკავებას მოცემული ტერიტორია არ საჭიროებდა, რადგან აღნიშნულის გაგრძელებაზე არის ტყე და კლდე, ხოლო მეორე მხარე ესაზღვრება მეზობელი მიწის ნაკვეთს, სადაც ჩადის ხევი.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევით, სახელდობრ მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ამსახველი ვიდეო მასალითა და შესაბამისი ფოტოსურათებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ც. ა-ეის მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტობრივად წარმოადგენს სოფლის ჩვეულებრივ მინდორს, სადაც ხარობს ასეთი ადგილისათვის დამახასიათებელი ველური მცენარეები - გვიმრები, ხე- ბუჩქები, აკაციის ხეები და ა.შ. ამასთან, მოცემულ ტერიტორიას ერთმნიშვნელოვნად არ ეტყობა იმის კვალიც კი, რომ ის არათუ ამჟამად, არამედ წინარე პერიოდში მაინც იყო დამუშავებული და წარმოადგენდა ადამიანის მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის საგანს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთების ფართობი ნაკლებია ც. ა-ეის კუთვნილ (საკუთრებად რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთებზე და მათი მომიჯნავეა, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ არის საკმარისი იმის მისაჩნევად, რომ ასეთზე აღიარებულ იქნას ც. ა-ეის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ფაქტობრივი მფლობელობის (მისი მოვლა-პატრონობის, სარგებლობის ფაქტი) უნდა დაადასტუროს სარწმუნოდ. მარტოოდენ მითითება მიწის საძოვრად, ანდა აკაციის გასაშენებლად გამოიყენების თაობაზე, სასამართლოს არ უქმნის შინაგან რწმენას, რომ დაინტერესებული პირი ნამდვილად ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რამეთუ სოფლად თავისუფალი მიწები ძირითადად ან აკაციით, ანდა ბალახით არის დაფარული და აღნიშნულს არ სჭირდება მიწის განსაკუთრებული ათვისება, დამუშავება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მიიჩნია, რომ კომისიამ სრულყოფილად გამოიკვილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იგი არ დაყრდნობია მხოლოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. სახელდობრ, მან შესაბამის უწყებებში დააგზავნა წერილები, შეაგროვა ცნობები, მოუსმინა დაინტერესებულ პირს, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოწმეთა ჩვენებებს (ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებას), უშუალოდ ადგილზე გასვლით მოახდინა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი და მოახდინა ვიდეო და ფოტოგადაღება, შედეგები დაურთო საქმის მასალებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან გამოსაკვლევი ობიექტი არ იყო შემოსაზღვრული და არ ეტყობოდა ათვისების კვალი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ უფლებაასაღიარებელ 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არ დადასტურდა ც. ა-ეის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ვინაიდან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მიწას არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი, მიწის ნაწილი წარმოადგენს დაუმუშავებელ, ქვებით მიმოფანტულ მინდორს, ნაწილი კი დაფარულია ველური სახის ხე-ბუჩქნარით და აკაციის ხეებით. შესაბამისად, არადამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელე ც. ა-ეის განმარტება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, რადგან ამ უკანასკნელის წარმომადგენელთა მიერაც როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე სასამართლო სხდომებზეც განმარტებულ და დადასტურებულ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფაქტობრივად წარმოადგენს პირუტყვების (ნახირის) საძოვარ-საბალახო მინდორს, მიწის ნაკვეთი არ არის რა შემოღობილი და უერთდება ტყეს, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-ეემ, მა. ა-ეემ და ნ. ა-ეემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარდგენილი 2018 წლის 21 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც გარდაცვლილი ც. ა-ეის მეზობლებმა: მან. ა-ემ, თ. ა-ემ და ნა. ა-ემ დაადასტურეს, რომ ც. ა-ე 1962 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს წყალტუბოს რაიონის, სოფელ ...ში მის საკუთრებაში არსებული 1993 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა ც. ა-ეის უფლებამონაცვლის განმარტება, რომლის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთს ათეულობით წლის განმავლობაში ამუშავებდნენ მისი მშობლები, უვლიდნენ და ანაშენიანებდნენ აკაციის ხეებს, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფაროსანების გავრცელების გამო, ვეღარ მოახერხეს მიწის ნაკვეთის დამუშავება, რის გამოც აღნიშნული გამოიყენეს საძოვრად. უშუალოდ მიწის ნაკვეთის და გაშენებული აკაციის ხეების ადგილმდებარეობის გამო არ არსებობს ნაკვეთის შემოღობვის აუცილებლობა, ვინაიდან მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება ბუნებრივი ბარიერები კერძოდ, კლდე, ხევი და მოსარჩელის მეუღლის მიერ აკაციის ხეებისგან შექმნილი ბარიერები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის საკასაციო საჩივარი ნ. ა-ეის ნაწილში დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის საკასაციო საჩივარი მ. ა-ეისა და მა. ა-ეის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის საკასაციო საჩივარი მ. ა-ეისა და მა. ა-ეის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 02.07.2018 წლის №6 აქტის თანახმად, ი. შ-ეის მიერ დათვალიერებულ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში ც. ა-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული 1993 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სახელდობრ: №6 აქტით დადგინდა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, შემოუსაზღვრავია, ძირითადად წარმოადგენს დაუმუშავებელ მინდორს და ტყებუჩქნარს, ნაკვეთს არ აღენიშნება მოვლა-პატრონობის ან თვითნებურად დაკავების კვალი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ც. ა-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს საზღვარი არ არის გახსნილი და ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ც. ა-ეის მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწებზე მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება ფაქტობრივად საერთოდ არ არის შემოღობილი. ამასთან, მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ამსახველი ვიდეო მასალითა და შესაბამისი ფოტოსურათებით, დადგენილია, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ც. ა-ეის მიერ, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტობრივად წარმოადგენს სოფლის ჩვეულებრივ მინდორს და მოცემულ ტერიტორიას არ ეტყობა იმის კვალიც კი, რომ ის არათუ ამჟამად, არამედ წინარე პერიოდში იყო დამუშავებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რადგან კომისიამ სრულყოფილად გამოიკვილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იგი არ დაყრდნობია მხოლოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. მართალია, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთები ცალსახად ც. ა-ეის კუთვნილი (საკუთრებად რეგისტრირებული) მიწის ნაკვეთების მომიჯნავეა, თუმცა ამ მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის დაუდასტურებლობის პირობებში, არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების კანონისმიერი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული და არ ეტყობოდა ათვისების კვალი (რასაც არც კასატორები უარყოფენ და მიუთთებენ ე.წ. ფაროსანას გავრცელების გამო მიწის ნაკვეთის დამუშავების შეუძლებლობაზე) სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ე. გ-ის მა. ა-ეისა და მ. ა-ეის საკასაციო საჩივარზე 26.04.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მა. ა-ეეს (პ/ნ ...) და მ. ა-ეეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ეის, მა. ა-ეისა და ნ. ა-ეის საკასაციო საჩივარი მ. ა-ეისა და მა. ა-ეის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. მა. ა-ეეს (პ/ნ ...) და მ. ა-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე. გ-იის მიერ 26.04.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი