Facebook Twitter

საქმე #ბს-982(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. გ-იის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 12 აგვისტოს ვ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ი. ბ-ას მიმართ.

სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ი. ბ-ასათვის ვ. გ-იის სასარგებლოდ 2018 წლის 6 მარტიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე ყოველდღიურად 144 ლარის, ჯამში 147 456 ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არასწორად განხორციელდა აღსრულების საფასურის განსაზღვრა და ამოღებული თანხის განაწილება. მიუხედავად სასამართლოს მიერ თანხის დაკისრებისა (საფასურის დაბრუნების დავალდებულებისა), მოპასუხეებმა არ აღასრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-იის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. გ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ვ. გ-ის უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნილი საადვოკატო მომსახურების თანხის - 5068 ლარის ანაზღაურებაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგობრივი თვალსაზრისით, თუმცა არ დაეთანხმა სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას და მის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე/აპელანტი უთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებს და განმარტავდა, რომ არ არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების უტყუარობის და აღსრულების შეუქცევადობის პრეზუმფცია, რაც მისივე განმარტებით, ეჭვქვეშ დადგა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული მოქმედებებით.

სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნებისა და მითითებული სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის (აპელანტის) ინტერესი არ იყო შემოფარგლული მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნით, როგორც ეს მითითებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არამედ მოთხოვნა დაფიქსირებული იყო ორი სამართლებრივი საფუძვლით - როგორც უსაფუძვლო გამდიდრების, ასევე, ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე. დავის საგნიდან და მოპასუხეთა რაოდენობის (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე - ი. ბ-ა) გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ შესაძლებლად მიიჩნია მოთხოვნ(ებ)ის ორივე სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში, მართებულია დიფერენცირებული მიდგომა, კერძოდ, თითოეული მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის ჭრილში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნები უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე შესაძლებელია მიმართული ყოფილიყო მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

ამდენად, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას, ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული ის არგუმენტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სესხს აიღებდა, რომელზეც მას უნდა ეხადა პროცენტი და ამ პროცენტის გადაუხდელობით მან თანხა დაზოგა, საფუძველს მოკლებული იყო და სახეზე არ იყო მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დაფიქსირებულ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ჭრილში, რასაც მხარე ასაბუთებდა მოსარჩელის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული დეპოზიტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიჩნეული საფუძვლიანად, თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსება პირის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენს ან წარმოადგენს არაპროფესიულ საქმიანობას, თუმცა ახორციელებს უწყვეტად, მიზანმიმართულად, დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ასეთი გარემოება კი საქმის მასალებით დადგენილი არ იყო და ვერც აპელანტის მიერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სააპელაციო პალატა, ასევე, დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი მოპასუხე ი. ბ-ას მიმართ დაფიქსირებული მოთხოვნის ნაწილში იმ განსხვავებით, რომ სადავო საკითხი მითითებული მოპასუხის მიმართ შესაძლებელი იყო შეფასებულიყო მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ჭრილში და არა უსაფუძლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებზედაც ვ. გ-იი მოპასუხე ი. ბ-ას მიმართ სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 408-ე და 411-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 1 მაისის #1508 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებები, არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, მისი უკანონობა კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო დადასტურებული, რაც უსაფუძვლოს ხდიდა აპელანტის მოთხოვნას ი. ბ-ას მიმართ. გარდა აღნიშნულისა, მითითებული ბრძანების ძირითადი მოტივაცია იმაში მდგომარეობდა, რომ სააღსრულებო მასალას ერთვოდა მხოლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ ერთვოდა დასაბუთებული, მოტივირებული ტექსტი, რაც, კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელი იყო აღსრულების დაწყებისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც ბიუროს თავმჯდომარე საკანონმდებლო ვალდებულების ფარგლებში მოქმედებდა, არ დასტურდებოდა მისი მოქმედების უკანონობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, აპელანტის მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას იგი განმარტავდა, რომ მოპასუხეების მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მან განიცადა ქონებრივი დანაკლისი - ზიანი, რომლის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზიანის ანაზღაურების, ასევე, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები. სასამართლოს მტკიცებულების სახით წარედგინა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2018 წელს საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 11.1%-ს. 2018 წელს საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 16.7%-ს.

კასატორის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელისათვის უკანონოდ დაკავებული თანხა რომ მიეღო, მას უნდა გადაეხადა დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16.7%. გადასახდელი ყოველდღიური სარგებელი კი შეადგენს 144 ლარს. მოსარჩელე 2018 წლის 6 მარტს მისაღები თანხიდან მიიღებდა მინიმუმ იმ შემოსავალს, რაც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეპოზიტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთით.

კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის #24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 26-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უფლება ჰქონდა დაედო საკრედიტო (სასესხო) ხელშეკრულება, რომელზეც მას უნდა ეხადა პროცენტი და ამ პროცენტის გადაუხდელობით მან თანხა დაზოგა. კასატორის მოსაზრებით, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას.

კასატორის შეფასებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსება პირის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენს ან წარმოადგენს არაპროფესიულ საქმიანობას, თუმცა ახორციელებს უწყვეტად, მიზანმიმართულად, დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება და დადგენილია, რომ ვ. გ-ის სადავო პერიოდში აღებული აქვს საბანკო კრედიტი. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია მტკიცებულება - ვ. გ-იის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც ის ითხოვდა აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან თანხის ჩარიცხვას. ანგარიში უნივერსალურია და მასზე განთავსებულ თანხას ერიცხება საბანკო პროცენტი.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააღსრულებო ბიუროს მიერ უკანონო ქმედების ჩადენას, რაც გამოიხატა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობების - სააღსრულებო წარმოების დროულად და ეფექტურად განხორციელების ვალდებულების დარღვევაში, არამართლზომიერ უმოქმედობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. გ-იის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს - ვ. გ-ის სახელმწიფო ბაჟის - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-იის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეებისათვის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ი. ბ-ასათვის ვ. გ-იის სასარგებლოდ 2018 წლის 6 მარტიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე ყოველდღიურად 144 ლარის, ჯამში 147 456 ლარის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს ვ. გ-იმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის 314 992 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ვ. გ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელე ვ. გ-იის სასარგებლოდ 314 991.35 ლარის გადახდა დაევალა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 მარტის #ბს-1012(კ-19) გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. გ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვ. გ-იის სასარგებლოდ 314 991.35 ლარის გადახდა დაევალა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2020 წლის 12 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმე #ბს-1012(კ-19).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში, 2020 წლის 17 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეს გაეგზავნა #... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ხოლო 2020 წლის 18 მარტს - #... შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 1 მაისის #1508 ბრძანებით გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 17 მარტის სააღსრულებო მოქმედება სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე, გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 17 მარტს გამოცემული #... წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და 2020 წლის 18 მარტს გამოცემულ იქნა #... შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური სამსახურის 2020 წლის 5 მაისის #... შეტყობინებით ვ. გ-ის ეცნობა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ, ვინაიდან მის მიერ სააღსრულებო ბიუროში არ იყო წარდგენილი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2020 წლის 7 მაისს ვ. გ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქმეზე #ბს-1012(კ-19). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 11 მაისის #25104 შეტყობინებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გაეგზავნა შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განესაზღვრა ერთი თვის ვადა კრედიტორის - ვ. გ-იის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

2020 წლის 25 დეკემბრის #3718974 საგადახდო დავალების მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვ. გ-ის გადაურიცხა 315 091.35 ლარი. 2020 წლის 25 დეკემბრის #3718973 საგადახდო დავალების მიხედვით კი, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვ. გ-ის გადაუხადა 5000 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ - კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის გადამწყვეტია მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი ემსახურება უსაფუძვლოდ, „სხვის ხარჯზე“ გამდიდრებული პირის მიერ მიღებული ქონებრივი ნამატის ამოღებას, უკუქცევას. თანხის დაკისრება ამ შემთხვევაში ხდება არა იმ ზიანის გაანგარიშებით, რაც ხარჯების გამწევმა პირმა განიცადა, არამედ იმ გაუმჯობესების, იმ ქონებრივი სიკეთის მიხედვით, რომელიც გამდიდრებულმა პირმა მიიღო მის ხარჯზე. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის #ას-360-342-2015 განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.“

ადმინისტრაციული ორგანოს უსაფუძვლო გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია აღსრულების ქვემდებარე აქტები. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას, ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული ის არგუმენტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სესხს აიღებდა, რომელზეც მას უნდა ეხადა პროცენტი და ამ პროცენტის გადაუხდელობით მან თანხა დაზოგა, საფუძველს მოკლებულია და სახეზე არ არის მოპასუხის გამდიდრების კომპონენტი.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დაფიქსირებულ მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ჭრილში, რასაც მხარე ასაბუთებს მოსარჩელის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებული დეპოზიტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს, რომ მოთხოვნა იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიჩნეული საფუძვლიანად, თუ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსება პირის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს ან ამგვარ ქმედებას პირი ახორციელებს უწყვეტად, მიზანმიმართულად, დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამასთან, აუცილებელია, რომ მითითებული ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდო იყოს მეორე მხარისათვის. ასეთი გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის და საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის #ას-1178-1098-2017 გადაწყვეტილებაზე, სადაც მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ამ ნაწილში მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებული ფაქტები, კერძოდ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადგენილად მიიჩნევა მხოლოდ ის გარემოება, თუ რა ოდენობით მოგებას მიიღებდა მოსარჩელე თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებისას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის კი, სავალდებულოა, მოსარჩელე მიუთითებდეს, რომ თანხის დეპოზიტზე განთავსება მის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდო უნდა ყოფილიყო მეორე მხარისათვის. ამ ფაქტების მითითების გარეშე მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს.“ (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, 1.2.10 პუნქტი).

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მისთვის მიყენებული ზიანის ი. ბ-ასათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ. გ-იი მოპასუხე ი. ბ-ას მიმართ მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: 2018 წლის 2 მარტს, აღსრულების საფასურის განსაზღვრისას და კრედიტორზე თანხის ჩარიცხვისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო ი. ბ-ა. მოსარჩელის მითითებით, უზენაესი სასამართლოს მიერ, 2020 წლის 5 მარტს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კრედიტორის მოთხოვნის მიუხედავად, აღსრულების ბიუროს თავმჯდომარემ არა ნებაყოფლობით, არამედ იძულებითი აღსრულების ვადის გასვლის შემდეგაც არ აღასრულა გადაწყვეტილება და მეტიც, უშუალოდ თავისი 2020 წლის 1 მაისის ბრძანებით, უკანონოდ გააუქმა აღმასრულებლის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 1 მაისის #1508 ბრძანებაზე, რომლითაც გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებები. ბრძანების მოტივაცია ძირითადად ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო მასალას ერთვოდა მხოლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ ერთვოდა დასაბუთებული, მოტივირებული ტექსტი, რაც, კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელი იყო აღსრულების დაწყებისათვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბიუროს თავმჯდომარის მოქმედების უკანონობა კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ვ. გ-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ვ. გ-ის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1800 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-იის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

3. ვ. გ-ის დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა