საქმე №ბს-1137(კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 28 ნოემბერს ე. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურის პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ე. ე-ეის უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების დავალება და შესაბამისი ცნობის გაცემა, ე. ე-ეის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შემავალი შრომა-გასწორების დაწესებულებაში 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ხონის რაიონში ... წლის ...ს. 1981 წლის 21 ივლისიდან 1988 წლის 1 ივლისამდე ე. ე-ე მუშაობდა საქართველოს შსს სამინისტროს სისტემაში შემავალი სასჯელაღსრულების სამმართველოს №2 აგრო-განყოფილებაში. 1988 წელს სასჯელაღსრულების სისტემა გადავიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. 1988 წლის 8 ივლისის №48 ბრძანებით ე. ე-ე დაინიშნა №123/2 დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე 1993 წლის 1 ივნისამდე. ზემოაღნიშნული დაწესებულებიდან განთავისუფლდა რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირებისას.
ე. ე-ე აღნიშნავს, რომ მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ასევე ადასტურებს მისი შრომის წიგნაკი. საქართველოში არსებულ ცენტრალურ არქივში მოძიებულ იქნა მხოლოდ 1981-1988 წლის მონაცემები, ხოლო 1989-1993 წლებში ე. ე-ეის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები არქივში დაცული არ არის. ე. ე-ე საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც სურს შრომის სტაჟიდან გამომდინარე პენსიის დანიშვნა. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გააჩნია კანონიერი ინტერესი სამუშაო გამოცდილების აღიარების მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ე-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ე. ე-ეის უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და შესაბამისი ცნობის გაცემა, ე. ე-ეის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შემავალი შრომა-გასწორების დაწესებულებაში 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის კანონიერ ინტერესი გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იგი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს და სურს პენსიის დანიშვნა, რისთვისაც სჭირდება სადავო პერიოდში მუშაობის ფაქტის დადასტურება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რაც არ არის საკმარისი პიროვნების შრომითი სტაჟის დასადგენად. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში №123/2 დაწესებულების ლიკვიდაციასა და ე. ე-ეის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია არ არის დაცული.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ე. ე-ეის შრომის წიგნაკზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 12 ივნისის საარქივო ცნობაზე და მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა ერთობლიობაში შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ე. ე-ე მუშაობდა შრომა-გასწორების დაწესებულებაში 1981 წლიდან 1993 წლამდე.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობები, შრომითი წიგნაკი და მათთან ერთად მოწმეთა ჩვენებები ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, მხოლოდ ვარაუდი და ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული არ იყო შესაბამისი ინფორმაცია, არ შეიძლება მიჩნეულიყო ე. ე-ეის შრომითი სტაჟის დადგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ე. ე-ესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის დაცული. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს იმ პიროვნების შრომის სტაჟი, რომლის მუშაობისა და გათავისუფლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იძებნება. კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ნამდვილად მუშაობდა მის მიერ მითითებულ პოზიციაზე 1981 წლიდან 1993 წლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შემავალი შრომა-გასწორების დაწესებულებაში 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობის ფაქტის დადასტურება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 12 ივნისის საარქივო ცნობით ე. ე-ეის წარმომადგენელს - ნ. კ-ის, 2019 წლის 3 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წულუკიძის (ხონი) ჩაის მეურნეობის ბრძანების წიგნებით დასტურდება ე. ე-ეის 1981 წლის ივლისის თვეში აგროტექნიკოსად დანიშვნის (24.07.1981წ, №104ლ/ს ბრძანება), 1988 წლის ივნისის თვეში მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა (30.06.1988 წ, №99 ბრძანება) და იმავე წლის ივლისის თვეში ეკონომისტად მიღების (08.07.1988 წ, №48ლ/ს ბრძანება) ფაქტი. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ წულუკიძის (ხონი) ჩაის მეურნეობის 1989-1993 წლების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის უწყისები ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შესულა, ხოლო 1993 წლის ბრძანების წიგნში თანამშრომელთა გათავისუფლების ბრძანებები არ არის რეგისტრირებული, რის გამოც არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაედასტურებინათ 1989-1993 წლებში ე. ე-ეის მუშაობის ფაქტი.
დადგენილია, რომ ე. ე-ეის წარმომადგენელმა 2019 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს და მოითხოვა ეცნობებინათ 1993 წელს მოხდა თუ არა №123/2 საწარმოო-დაწესებულების ლიკვიდაცია, ასევე მოითხოვა ე. ე-ეის №123/2 დაწესებულების ეკონომისტის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტის დადასტურება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 6 აგვისტოს №232813/01 წერილით ნ. კ-ის, 2019 წლის 22 ივლისის №01/246943 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, №123/2 დაწესებულების ლიკვიდაციასა და ე. ე-ეის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო დაცული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №377381/01 წერილით დგინდება, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ე. ე-ესთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია არ არის დაცული.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ე. ე-ეის შრომის წიგნაკზე, რომლითაც დგინდება, რომ ე. ე-ე, 1981 წლის 2...ის №104ლ/ს ბრძანებით, 1981 წლის 21 ივლისიდან დაინიშნა ქ. წულუკიძის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომა-გასწორების სამმართველოს შრომა-გასწორების დაწესებულებათა განყოფილებაში პლანტაციის მუშად II აგროგანყოფილებაში; 1982 წლის 19 მაისის №71ლ/ს ბრძანებით, 1982 წლის 10 აპრილს გადაყვანილ იქნა ტექნიკად სამანქანოდამთვლელ სადგურზე; 1986 წლის 21 აგვისტოს №82ლ/ს ბრძანებით 1986 წლის 18 აგვისტოდან გადაყვანილ იქნა ინჟინრად სამანქანო-დამთვლელ სადგურზე; 1988 წლის 30 ივნისის №99 ბრძანებით, 1988 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლებულია შტატების შემცირების გამო საქ. სსრ შრომის კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად; 1988 წლის 8 ივლისის №48ლ/ს ბრძანებით, 1988 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა ეკონომისტად საწარმო დაწესებულებაში. 1993 წლის 2 ივნისის №13პ/შ ბრძანებით, 1993 წლის 1 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო. ხოლო 1993 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა უმუშევრის სტატუსი და დაენიშნა შემწეობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 12 ივნისის საარქივო ცნობით დგინდება, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წულუკიძის (ხონი) ჩაის მეურნეობის ბრძანების წიგნებით დასტურდება ე. ე-ეის 1981 წლის ივლისის თვეში აგროტექნიკოსად დანიშვნის (24.07.1981 წ, №104ლ/ს ბრძანება), 1988 წლის ივნისის თვეში მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა (30.06.1988 წ, №99 ბრძანება) და იმავე წლის ივლისის თვეში ეკონომისტად მიღების (08.07.1988 წ, №48ლ/ს ბრძანება) ფაქტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შემავალი შრომა-გასწორების დაწესებულებაში 1981 წლიდან 1993 წლამდე ე. ე-ეის პენიტენციურ სამსახურში მუშაობის ფაქტს ადასტურებენ ასევე სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები - ს. გ-ი-ჭ-ე და ნ. ს-ა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში დაცული წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ადასტურებს, რომ ე. ე-ე 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა შრომა-გასწორების დაწესებულებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა