საქმე №ბს-1181(კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 22 დეკემბერს ლ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 19 ნოემბრის MES 4 21 0001250774 გადაწყვეტილების ბათილად და მოპასუხისთვის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ. მ-ეის სახელზე 1995 წელს გაცემული „ა“ N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს ... ინსტიტუტში. 1995 წელს მის სახელზე გაცემული N „ა“ ... დიპლომით მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2019 წლის 19 ოქტომბერს ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ზემოაღნიშნული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. ლ. მ-ეის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოს ...ი ინსტიტუტი (1994-1995 წწ) საქმიანობას ახორციელებდა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე. მოსარჩელის განცხადებით, ცენტრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მიღებულია საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 19 ნოემბრის MES 4 21 0001250774 გადაწყვეტილება; მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ლ. მ-ეის სახელზე 1995 წელს გაცემული „ა“ N... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანად მიიჩნია იმ გარემოების დადგენა, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დიპლომი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, უარი არ თქვას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და ეს ნდობა პროფესიული კარიერის დასაგეგმად გამოიყენა. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 20 ოქტომებრს (საქმე №ბს-1065(კ-20)), 2020 წლის 5 მარტს (საქმე №ბს-1265(კ-19)), 2019 წლის 23 აპრილს (საქმე №ბს-470(კ-19)) მიღებული განჩინებები).
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები. შესაბამისად, უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა პირველი ინსტნციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ ლ. მ-ეს დაწყებითი კლასების მასწავლებლის გადამზადების სპეცფაკულტეტზე ერთწლიანი კურსის (1994წ.) გავლის საფუძველზე, 1995 წლის 4 იანვარს მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის მარეგულირებელი კანონმდებლობა დროის არცერთ პერიოდში არ ითვალისწინებდა ერთი ან ორ წელზე ნაკლები ხანგრძლივობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობას (განსხვავებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა). კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. მ-ეის მიერ გავლილი გადამზადების ერთწლიანი პროგრამა არ წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო გაცემული დიპლომი არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთწლიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მსგავსი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის - გადამზადების დიპლომის, უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საკანონმდებლო ნორმების სისტემური განმარტების გარეშე, მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული დიპლომის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, მოახდინა შეფასება და მიიჩნია, რომ ლ. მ-ეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა გადამზადების დიპლომის, როგორც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიმართ.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის კანონიერი ნდობა უპირატესია საჯარო ინტერესთან შედარებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ლ. მ-ემ გაიარა ერთწლიანი პროგრამა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, 1994-1995 წლების მდგომარეობით საქართველოს ...ი ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საქართველოს განათლების სამინისტრომ, 2003 წლის 28 იანვარს, შპს ს...ის ინსტიტუტზე გასცა საგანმანათლებლო საქმიანობის №030641179 ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცა უფლება განეხორციელებინა უმაღლესის შემდგომი პედაგოგიური განათლების პროგრამა. შესაბამისად, დადგინდა, რომ აღნიშნული დაწესებულება (1994-1995 წწ) საქმიანობას ახორციელებდა განათლების სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს რესპუბლიკის არასახელმწიფო საერო სასწავლებლების დებულება“, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, არასახელმწიფო საერო სასწავლებლები რეგისტრირდებოდა არსებული კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს 2005 წლის 10 იანვარს ამოქმედებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დაზუსტდა ამ კანონის ძალაში შესვლამდე გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის საფუძველზე, გაცემული დიპლომების უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურთან გათანაბრების პირობები, კერძოდ, 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთწლიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მსგავსი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის - გადამზადების დიპლომის, უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას.
კასატორის მითითებით, კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, მაშინ როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების/საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას მოსარჩელის მიერ მითითებული პროგრამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის მიკუთვნებისა და გაცემული გადამზადების დიპლომის პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩათვლასთან დაკავშირებით. ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მიერ კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება და ცენტრის დისკრეციაში ჩარევა, რაც ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ არ შეზღუდულა მოსარჩელის განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლის შედეგების გაბათილება მომხდარა, ვინაიდან სახეზეა გადამზადების და არა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. მოსარჩელისთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებით უგულებელყოფილ იქნება კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება, რადგან სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირთა უფლებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვიტარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ძირითადად იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 19 ნოემბრის MES 4 21 0001250774 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, ლ. მ-ეის სახელზე საქართველოს ...ი ინსტიტუტის მიერ 1995 წელს გაცემული „ა“ N... გადამზადების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. პრაქტიკაში მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულება ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი ანალიზისა და გამოყენების საფუძველზე.
საქმეში დაცული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ 1995 წელს გაცემული „ა“ №... გადამზადების დიპლომის თანახმად, ლ. მ-ე 1994 წლის 10 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს ...ი ინსტიტუტის დაწყებითი კლასების მასწავლებლად გადამზადების სპეცფაკულტეტზე. ლ. მ-ემ 1994 წლის 28 დეკემბერს დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტის სრული კურსი, დაწყებითი განათლების სპეციალობით.
სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. მ-ეს მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. დიპლომის დანართის თანახმად, სწავლის პერიოდში ლ. მ-ემ ჩააბარა შემდეგი საგნები: ქართული ენის თეორია და სწავლების მეთოდიკა - 4 (კარგი); მათემატიკის თეორია და სწავლების მეთოდიკა - 5 (ფრიადი); ბუნებისმცოდნეობის თეორია და სწავლების მეთოდიკა - 4 (კარგი); რუსული ენის თეორია და სწავლების მეთოდიკა - 3 (დამ.); პედაგოგიკა - 5 (ფრიადი); ფსიქოლოგია - 4 (კარგი); საქართველოს ისტორია - 5 (ფრიადი); შრომითი აღზრდა - ჩაეთვალა; სახვითი ხელოვნება - ჩაეთვალა; მუსიკა - ჩაეთვალა; ფიზ. აღზრდა - ჩაეთვალა; პედაგოგიური პრაქტიკა - 4 (კარგი); ასევე, ლ. მ-ემ ჩააბარა შემდეგი სახელმწიფო გამოცდები: ქართული ენა - 5 (ფრიადი); მათემატიკა - 5 (ფრიადი); ბუნებისმცოდნეობა - 4 (კარგი).
2021 წლის 19 ოქტომბერს, ლ. მ-ემ №1109271 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ...ი ინსტიტუტის მიერ 1995 წელს გაცემული „ა“ №... გადამზადების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 19 ნოემბრის MES 4 21 0001250774 გადაწყვეტილებით ლ. მ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 26 ოქტომბრის №10/109565 მიმართვით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მისი წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შესულა საქართველოს ...ი ინსტიტუტის დოკუმენტები.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 4 ნოემბრის MES 7 21 0001186120 მიმართვით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, საქართველოს ...ი ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია 1994-1995 წლების მდგომარეობით არ ფიქსირდება. ამასთან, საქართველოს განათლების სამინისტრომ, 2003 წლის 28 იანვარს, შპს „ს...ის ინსტიტუტზე“ გასცა საგანმანათლებლო საქმიანობის №030641179 ლიცენზია.
საქართველოს განათლების მინისტრის 2000 წლის 14 თებერვალს №34 ბრძანებით დამტკიცებული „კერძო საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზიის ფორმის შესახებ“ დებულების მიხედვით, შპს „ს...ის ინსტიტუტზე“ გაცემული №030641179 ლიცენზია შეესაბამება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის №01-16-13/6625 წერილის თანახმად, ს...ის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სტატუსთან დაკავშირებით ეცნობა, რომ 1995 წლის „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აღნიშნული ორგანიზაცია ითვლება დიპლომის შემდგომი განათლების სასწავლო დაწესებულებად, რომლის მიერ გაცემულ დიპლომებს ცნობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის დიპლომის ნამდვილობის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ლ. მ-ეის მიერ გავლილი ერთწლიანი პროგრამა არ წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო გაცემული დიპლომი არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სადავო დიპლომის საფუძველზე მოსარჩელე ასრულებდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას, კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ დაბა თიანეთის №... საჯარო სკოლის 2021 წლის 20 დეკემბრის MES 1 21 0001389714 ცნობის თანახმად, ლ. მ-ე 2021 წლის 15 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად. ამასთან, საქმეში დაცული გამოცდების/ტესტირების შედეგების თანახმად, ლ. მ-ემ 2021 წელს გადალახა ზღვარი (საგანი - მათემატიკა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ მიღებული აღმჭურველი ბუნების აქტები და განხორციელებული მოქმედებები, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას კანონმდებლის მიზანი არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება) უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-1265(კ-19); სუსგ 23.04.2019წ. №ბს-470(კ-19)). კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე, დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. დაინტერესებული მხარე ენდობოდა აღმჭურველი აქტის შედეგების სტაბილურობას, რამეთუ პროფესიული კარიერა ამ მიმართულებით დაგეგმა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს ...ი ინსტიტუტის პედაგოგთა გადამზადების კურსების დებულებაზე, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადამზადების კურსების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთიდან 2 წლამდე და იგი დამოკიდებულია კურსების სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მოცულებასა და სირთულეზე. ამავე დებულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამზადების კურსებზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ პედაგოგის პროფესიას და ფლობენ საამისოდ აუცილებელ საბაზისო ცოდნას მეცნიერების კონკრეტულ დარგში. ამავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად კი, კურსდამთავრებულს ეძლევა დიპლომი, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას იმუშაოს სასწავლო დაწესებულებაში ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ...ი ინსტიტუტის პედაგოგთა გადამზადების კურსების დებულების გათვალისწინებით სასწავლო კურსი შესაძლოა ყოფილიყო ერთწლიანიც. შესაბამისად, კონკრეტულად ლ. მ-ეის მიმართ აღნიშნული ინსტიტუტი ახორციელებდა არა უმაღლესი განათლების მიცემას, არამედ ახდენდა მოსარჩელის გადამზადებას პედაგოგიკაში.
საყურადღებოა, რომ საქმეში დაცული საქართველოს ...ტის მიერ გაცემული ПВ №... დიპლომის თანახმად, ლ. მ-ე ... წელს შევიდა ზემოაღნიშნულ ინსტიტუტში, რომელშიც სრული კურსი (სპეციალობით - ელექტრონული გამომთვლელი მანქანები) დაამთავრა ... წელს. ლ. მ-ეს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის ... წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაცია. ამდენად, ლ. მ-ემ საქართველოს ვ. ი ლენინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ისწავლა ...-... წლებში და მასზე გაიცა დიპლომი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პოზიცია მოსარჩელის მიერ ერთწლიან ვადაში გადამზადების კურსების დასრულების შეუძლებლობისა და ლ. მ-ეის სახელზე დიპლომის გაცემის წინაპირობების არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილითა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებისა და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 03.10.2022წ. №10204 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.10.2022წ. №10204 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა