№ბს-1220(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 3 აპრილს თ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი პირადი საქმის შესწავლის შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოარკვია, რომ თ. ნ-ე სამხედრო სამსახურში გაწვეული იყო 1997 წლის 30 ნოემბერს და მსახურობდა 2004 წლის 27 დეკემბრამდე; 2007 წლის 6 ნოემბრიდან იგი ხელახლა იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში, სადაც მსახურობს დღემდე; ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოსარჩელე 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 06 ნოემბრამდე პერიოდში სამხედრო სამსახურს არ გადიოდა, თუმცა, მოპასუხისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ თ. ნ-ე 2004 წლის 27 დეკემბერს უკანონოდ, ორსულ მდგომარეობაში მყოფი გაანთავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან, რის შედეგად, მისი უფლებების დაცვა და აღდგენა მოხდა სასამართლო წესით წარმოებული დავის მეშვეობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამხედრო სამსახური თავისი ნებით არ მიუტოვებია, გახდა უსამართლობისა და უკანონობის მსხვერპლი. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გზით სრულად იქნა აღდგენილი შრომით უფლებებში, შესაბამისად, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლები (სტაჟი) არ შეწყვეტილა.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წელს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების უგულვებელყოფით, ორსულობის პერიოდში უკანონოდ გაანთავისუფლეს, რაც საფუძვლად დაედო ასევე მის სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლების (სტაჟი) გამოთვლას, მითუმეტეს, იმ პირობებში, რომ 3 წლის იძულებით გაცდენილი პერიოდის ნაცვლად, მხოლოდ 2 თვე აკლდება სამხედრო მოსამსახურის საპენსიო ასაკის დასადგენად და შესაბამისი სოციალური უფლებით სარგებლობისთვის.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 თებერვლის წერილობითი მიმართვის, რომლითაც თ. ნ-ეს უარი ეთქვა სტაჟის ჩათვლაზე, ბათილად ცნობა და თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელისთვის სტაჟის დადგენის დავალება მოითხოვა, რომლითაც თ. ნ-ეს იძულებით გაცდენილი პერიოდი (2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე) სამხედრო სამსახურის ერთიანი ნამსახურების წლებში ჩაეთვლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება; მოსარჩელე თ. ნ-ეს ჩაეთვალა 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდი სამხედრო სამსახურის ერთიანი ნამსახურების წლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 07 მაისის Nბს-907-868(კ-06) განჩინებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ თ. ნ-ესთან მიმართებით დაირღვა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნები, მოსარჩელესთან მიმართებაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია არანაირი აქტი, მათ შორის - რეორგანიზაციის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მოპასუხეს დაევალა აქტის გამოცემა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში თ. ნ-ეის სამსახურეობრივი მოწყობის საკითხის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2007 წლის 6 ნოემბერის N4119 ბრძანებით, უფროსი ლეიტენანტი თ. შ.-ა ასული ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ...ის ოცეულის სამედიცინო პუნქტის მკურნალ ექიმად.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის სამსახურში დანიშვნის თაობაზე ბრძანება მიღებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით თ. ნ-ეის მიმართ აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, რაც იარსებებდა მოსარჩელესთან მიმართებით 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, ვინაიდან სადაო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე არ ყოფილა გათავისუფლებული სამსახურიდან და მის მიმართ არ არსებობდა გათავისუფლების ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 06 ნოემბრის N4119 ბრძანებით, ხელახლა მოხდა მოსარჩელის გაწვევა სამხედრო სამსახურში და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე, თ. ნ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურს არ გადიოდა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელე თ. ნ-ეის სასარჩელო მოთხოვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის და სოციალური უზრუნველყოფის უფლების, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი მიუთითებს, რომ 24.08.2005წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. ნ-ეის არა სამსახურში აღდგენა, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის სამსახურებრივ მოწყობასთან დაკავშირებით.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 28.03.2005წ. №1464 ბრძანებით ამოირიცხა საქართველოს შინაგანი ჯარების რიგებიდან 2004 წლის 27 დეკემბრიდან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.11.2007წ. №4119 ბრძანებით უფროსი ლეიტენანტი თამარ შოთას ასული ნამჩევაძე გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ...ის ოცეულში. კასატორი აცხადებს, რომ 2007 წლის 6 ნოემბრიდან მოხდა თ. ნ-ეის ხელახალი გაწვევა სამხედრო სამსახურში. 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე თ. ნ-ე საქართველოს თავდაცვის სისტემაში სამხედრო სამსახურს არ გადიოდა.
კასატორი აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.11.2007წ. №4119 ბრძანებით თ. ნ-ე ხელახლა იქნა გაწვეული სამხედრო სამსახურში, ამ ბრძანებით დარეგულირდა მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი და არ მომხდარა 06.11.2007 წლამდე არსებული პერიოდის სამხედრო სამსახურში ჩათვლა. ზემოაღნიშნული ბრძანება თ. ნ-ეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად იგი ეთანხმება ბრძანებაში მითითებულ ჩანაწერს. მოსარჩელის პირადი საქმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 06 ნოემბრამდე მოსარჩელე სამხედრო სამსახურს არ გადიოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2020 წლის 16 იანვარს თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის უფროსს და მოითხოვა მისი სამხედროს სამსახურში ნამსახურები წლების გაანგარიშება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 თებერვლის MOD 0 20 00204404 წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში შესწავლილი იქნა თ. ნ-ეის პირადი საქმე და დადგინდა, რომ ის სამხედრო სამსახურში გაწვეული იყო 1997 წლის 30 ნოემბერს და სამხედრო სამსახურში მსახურობდა 2004 წლის 27 დეკემბრამდე. 2007 წლის 6 ნოემბრიდან მოხდა მისი ხელახლა გაწვევა სამხედრო სამსახურში და მსახურობს დღემდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2020 წლის 25 თებერვლის №MOD0 20 00204404 წერილის თანახმად, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე, თ. ნ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურს არ გადიოდა, ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თ. ნ-ეს უარი ეთქვა 2020 წლის 16 იანვრის MOD 6 20 00038289 განცხადების დაკმაყოფილებაზე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდის სამხედრო სამსახურად ჩათვლის შესახებ.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის - თ. ნ-ეის ინტერესს წარმოადგენს 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდის სამხედრო სამსახურის ერთიანი ნამსახურების წლებში ჩათვლა, რასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, მოსარჩელისთვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან, კერძოდ საკასაციო პალატა მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება - პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 14 მაისის N133 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე თ. ნ-ე 2003 წლის 8 მაისიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N1464/ნ ბრძანების საფუძველზე, „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულების მოთხოვნათა საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც ამორიცხული იქნენ შსს შინაგანი ჯარების რიგებიდან სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი უფროსი ლეიტენანტი თ. ნ-ე, აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2004 წლის 27 დეკემბრიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ნ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოსარჩელე თ. ნ-ეის სამსახურეობრივი მოწყობის საკითხის შესახებ. ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 7.05.2007 წ. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეში დაცული ნამსახურობის ნუსხის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს თ. ნ-ეის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ მიუღია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ნამსახურობის ნუსხაში ასევე არ ასახულა ამ უკანასკნელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტი. ზემოაღნიშნულ განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია. იმავე ბრძანებულების საფუძველზე შინაგანი ჯარების ქვეგანყოფილებები, მათ შორის - სამედიცინო-სანიტარული ნაწილი ს/ნ N2081 გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლომ 07.05.2007წ. (ბს-907-868 (კ-06)) განჩინებაში, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თ. ნ-ესთან მიმართებაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია არანაირი აქტი, მათ შორის - რეორგანიზაციის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ დაადასტურა კასატორის მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის დარღვევის ფაქტი, კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. შრომის წიგნაკში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით, რაც თ. ნ-ესთან მიმართებაში არ განხორციელებულა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, თ. ნ-ეის შრომითი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 07 მაისის Nბს-907-868(კ-06)).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებაბამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბერს მიღებულ ბრძანებაზე №4119 საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისა და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომლის თანახმად, უფროსი ლეიტენანტი თ. შ.-ა ასული ნ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ...ის ოცეულის სამედიცინო პუნქტის მკურნალ ექიმად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №4119 ბრძანებით, თ. ნ-ე ხელახლა დაინიშნა სამხედრო სამსახურში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 6.11.2007 წ. №4119 ბრძანება სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 24.08.2005წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად იქნა მიღებული. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს 25.07.2007წ.(ბს-907-868 (კ-06)) განჩინებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ნ-ეის მიმართ არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის რეორგანიზაციის გამო მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, შესაბამისად იგი ვერ ჩაითვლება სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულად. მოსარჩელის სამსახურებრივი მოწყობის საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კი დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N616 ბრძანებულებით განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რეორგანიზაცია. იმავე ბრძანებულების საფუძველზე შინაგანი ჯარების ქვეგანყოფილებები, მათ შორის - სამედიცინო-სანიტარული ნაწილი ს/ნ N2081 გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და ცენტრალური აპარატის სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ნ-ეის შრომით სტაჟში უცილობლივ უნდა იქნეს გათვალისწინებული 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდი, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა განთავისუფლებული სამსახურიდან და მის მიმართ არ არსებობდა გათავისუფლების ბრძანება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზე, რომ თ. ნ-ეის მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 6.11.2007წ. №4119 ბრძანების გამოცემით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, რაც იარსებებდა მოსარჩელესთან მიმართებით 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2007 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თ. ნ-ეის სამხედრო სამსახურში 2007 წლის 6 ნოემბრიდან ხელახლა დანიშვნის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა