საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1173(კ-21) 20 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე- სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის გაჩინება
დავის საგანი - აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 19 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედების - სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, უკანონოდ ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1341 ბრძანების ბათილად ცნობა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1341 ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის მითითებით, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისამართი სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს და განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. „კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები“, გულისხმობს სააღსრულებო წარმოების მისამართის შესახებ ინფორმაციას. აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და ფარგლებში. კასატორს მიაჩნია, რომ მისამართი სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტია.
კასატორის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა ფიზიკური პირის ყადაღადადებული ქონება. შესაბამისად, აღმასრულებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო მოვალის ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. თუმცა იძულებითი აუქციონის გამოცხადებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს მოვალის ინფორმირება. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალის მისამართის მითითება აუცილებელია სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისათვის, ხოლო კრედიტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, სანოტარო აქტის აღსრულებას სავალდებულო, იმპერატიული ბუნება აქვს. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღსასრულებელი გადაწყვეტილების დროული, ეფექტიანი და ჯეროვანი აღსრულება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური, რიგ შემთხვევებში არ გამოირიცხება აღსრულების შეწყვეტის, შეჩერების, გაუქმების აუცილებლობა ან/და აღსრულების პრაქტიკული შეუძლებლობა. ამასთან, იძულებითი აღსრულების პროცესში აღმასრულებელი შებოჭილია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ფარგლებით. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არა აქვს მოახდინოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების თვითნებური ინტერპრეტაცია, გასცდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს და იმაზე მეტად ჩაერიოს მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში ან პირიქით, ვიდრე ამას აღსასრულებელი აქტი ითვალისწინებს. ამდენად ცალსახაა, რომ სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
2017 წლის 30 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ NA17121517-004/001 შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცელში არ იყო მითითებული მოვალის მისამართი. ამდენად, კრედიტორს ეცნობა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, სააღსრულებო საბუთი უკან დაუბრუნდებოდა.
2017 წლის 3 ნოემბერს შემოსავლების სამსახურმა N21-04/166608 წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომელშიც მიუთითა, რომ ვ. ლ-ის 2014 წლის 22 ოქტომბრის N EL029464 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას არ მიუთითებია მისი საცხოვრებელი ან/და იურიდიული მისამართი. ამასთან, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ვ. ლ-ის საცხოვრებელი და იურიდიული მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაზეც შედგა 07.02.2017 წლის ოქმი, რომლის თანახმად, ვ. ლ-ი არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ვ. ლ-ის უფიქსირდება საზღვრის კვეთა (გასვლა). შემოსავლების სამსახურმა წერილში მიუთითა, რომ სასამართლოსთვის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ უფლების მოპოვების შუამდგომლობით მიმართვისას, მას არ მიუთითებია ვ. ლ-ის საცხოვრებელი/რეგისტრაციის მისამართი. შესაბამისად, სასამართლომ პროცესის თარიღიც და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ბრძანებაც გამოაქვეყნა საჯაროდ. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ როგორც სამსახურისთვის, ისე ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის უცნობია ვ. ლ-ის (პასპორტის ნომერი ...) საცხოვრებელი ან/და რეგისტრაციის მისამართი, რის გამოც შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა NA17121517-004/001 წერილის მოთხოვნები.
2017 წლის 7 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ NA17121517-006/001 შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შეტყობინებაში მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, კერძოდ, ხარვეზის გამოსწორება (მოვალის მისამართის მითითება), სააღსრულებო საბუთი სამსახურს დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 09 თებერვალს გაცემული იქნა ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ იყო მოვალის მისამართი, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანხამად, სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტია. შესაბამისად, უნდა შეფასდეს სააღსრულებო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართის მითითება სავალდებულო რეკვიზიტი არ არის, სავალდებულო მხოლოდ მოვალის დასახელებისა და პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონმდებელი ავალებს სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს, კრედიტორისა და მოვალის დასახელებებთან, ასევე მათ სავალდებულო რეკვიზიტებთან (პირად ნომრებთან და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრებთან) ერთად მიუთითოს მისთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემებიც, რომელიც მოიცავს მისამართსაც. ამდენად, ცალსახაა, რომ სხვა დამატებითი რეკვიზიტების, მათ შორის, მისამართის არცოდნის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს სააღსრულებო ფურცელში მათი მითითება არ ევალება. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურისთვის, ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის უცნობი იყო ვ. ლ-ის მისამართი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად არ იზიარებს კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებას სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართის სავალდებულო რეკვიზიტად მითითების თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოვალის მისამართი უცნობია და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი მითითების დავალდებულება არ გამომდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალის - ვ. ლ-ის მისამართი უცნობია, მისთვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა ვერც ბოლნისის რაიონული სასამართლოში, რის გამოც სასამართლომ პროცესის თარიღი და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ბრძანება გამოაქვეყნა საჯაროდ. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან უცნობია მოვალის ადგილსამყოფელი კანონმდებელი აღარ ითვალისწინებს მხარისათვის გზავნილის გაგზავნის ვალდებულებას, მით უფრო ორჯერ და სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამდენად, ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი არ იყო მოვალის მისამართი, არ წარმოადგენდა აღმასრულებლის მიერ შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას. აღმასრულებელს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 6-7 პუნქტების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, უნდა გამოეყენებინა საჯარო შეტყობინების ინსტიტუტი და შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი 2017 წლის 19 სექტემბრის N3/93-17 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 24.11.2021წ. საგადახდო მოთხოვნით N23374 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.11.2021წ. საგადახდო მოთხოვნით N23374 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე