Facebook Twitter

№ბს-290(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ქ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 10 ოქტომბერს ზ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №207 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ფართით 9604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №207 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ფართით 9604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ზ. ქ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 28 იანვარს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 10 340 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01 განაშენიანების ფართობი - 141.53 კვ.მ., საერთო ფართი -136.40 კვ.მ.), 26.07.2012 წლის AA2012024262-03 საარქივო ცნობისა და 10.03.2015 წლის №150227108 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია ზ. ქ-ას საკუთრებად.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უფლებაასაღიარებელი თვითნებურად დაკავებული 9604 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით ნაკლებია ზ. ქ-ას კუთვნილ (საკუთრებად რეგისტრირებული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის მომიჯნავეა.

მოწმეების რ. ჯ-ეის და მ. ჯ-ეის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ზ. ქ-ა 1985 წლიდან დღემდე (15.07.2019წ. განცხადების შედგენის თარიღი) ნამდვილად ფლობს და სარგებლობს 9604 კვ.მ. მიწის ნაკვეთით მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი ...ი და თანახმა არიან აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიკანონოს ფაქტიური მდგომარეობით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თ. მ-ის 26.07. აქტის თანახმად, ზ. ქ-ას 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ჰქონდა და აქვს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს რ. ჯ-ე (პ/ნ. ...) და დ. ს-ე (პ/ნ. ...), რომლებიც გაფრთხილებულ იქნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის ი. შ-ეის მიერ 2019 წლის 2 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მთლიანად აუთვისებელია, დაფარულია ეკალ-ბარდით, არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი მიწის ნაკვეთზე.

სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას გამოირკვა, რომ ნაკვეთი მთლიანად არის დამუშავებული და კვალში დათესილია სიმინდის კულტურა. ნაკვეთი მთელ პერიმეტრზე შემორაგულია, რომელსაც ეტყობა ხანგძლივი ექსპლუატაციის კვალი. ნაკვეთის გარშემო გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, კაკალი, თხილი და სხვა ხეხილის ხეები. ასევე გაშენებული აკაციის ტყე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №207 განკარგულებით ზ. ქ-ას უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 9604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძლით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა ზ. ქ-ას მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9604 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მთლიანად აუთვისებელია, დაფარულია მთელი მიწის ნაკვეთი ეკალ-ბარდებით, არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის ი. შ-ეის მიერ 2019 წლის 2 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ: სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას გამორკვეულია, რომ ნაკვეთი მთლიანად არის დამუშავებული და კვალში დათესილია სიმინდის კულტურა. ნაკვეთი მთელ პერიმეტრზე შემორაგულია, რომელსაც ეტყობა ხანგძლივი ექსპლუატაციის კვალი. ნაკვეთის გარშემო გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, კაკალი, თხილი და სხვა ხეხილის ხეები. ასევე გაშენებული აკაციის ტყე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების მიზანშეწონილობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს და აღნიშნავს, რომ კანონი არ ითვალისწინებს კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერებისას მეზობლების დაკითხვას. კომისია აფასებს დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რა დამოკიდებულებაშია მოწმე დაინტერესებულ მხარესთან - ზ. ქ-ასთან, ამასთან გასარკვევია მოწმის მოსაზრება მფლობელობის მცნებასთან მიმართებაში, რამდენად ინფორმირებულია იგი თუ რა არის მფლობელობა თავისი არსით, თვლის ის მფლობელობას და სარგებლობას შემოღობვასა თუ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად ათვისებას, გამოყენებას თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე.

კასატორის მითითებით, მერიის მიერ ადგილზე დათვალიერება განხორციელდა დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე სასამართლოს მიერ და ვინაიდან მხარეს სწორედ უფლებაასაღიარებელი მიწის აუთვისებლობის გამო ეთქვა უარი, მას შემდეგ მოახდინა ამ ნაკვეთის დამუშავება და ათვისება.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს რომ არ არსებობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №207 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის - ზ. ქ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ზ. ქ-ას საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება. საცხოვრებელი სახლი (მიწის ნაკვეთის ფართი 10340.00 კვ.მ. შენობა ნაგებობა განაშენიანების ფართობი 141,53 კვ.მ. საერთო ფართი 136.40 კვ.მ). ს/კ ....

2019 წლის 11 ივნისის №... საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამსახურეობრივი ბარათში მითითებულია, რომ 2019 წლის 10 ივნისის №264522/17 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით №... განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

„ს...ის“ მიმართვის თანახმად, 2018 წლის №32/196 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ბალანსზე რიცხულ კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ წერილში მოხსენიებული ზ. ქ-ას ნაკვეთზე არ გადის წყალტუბოს სერვის ცენტრის ბალანსზე რიცხული ქსელები.

კომპანია „სი...ს“ №6/1858-109/07/0019) წერილის თანახმად, კომპანია „სი...ს“ კუთვნილი კომუნიკაცია წერილში აღნიშულ მიწის ნაკვეთებზე არ გადის.

„სო...ს“ 2019 წლის 17 ივლისის მიმართვის თანახმად, №5 - ზ. ქ-აის პ/ნ ..., მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე წყალტუბო სოფ. ...ი ს.კ .... შპს „სო...ს“ იმერეთის რეგიონული ოფისის ექსპლუატაციაში არსებული ბ/აირის ქსელი არ გადის.

„ე...“-ს მომართვის თანახმად, 2019 წლის 05 ივლისის №32/197 წერილის პასუხად განცხადებაში აღნიშულ პირთა მიწის ნაკვეთებზე „ე...ს“ ელექტრო ქსელები განთავსებული არ არის.

მოწმედ დაკითხულმა რ. ჯ-ემ განმარტა, რომ ცხოვრობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ზ. ქ-ას მეზობლად. ზ. ქ-ას ოჯახი ათეულობით წლებია ნამდვილად ფლობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 9604 კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელსაც ამუშავებდნენ, იყენებდნენ ასევე საძოვრად. ნაკვეთი შემოსაზღვრულია ზ. ქ-ას მიერ და ასევე ნაკვეთის გარშემო გაშენებული აქვს მრავლწლიანი ნარგავები.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა მ. ჯ-ეემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის ი. შ-ეის მიერ 2019 წლის 2 სექტემბრის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მთლიანად აუთვისებელია, დაფარულია ეკალ-ბარდით, არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი მიწის ნაკვეთზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 6 სექტემბრის №207 განკარგულებით ზ. ქ-ას უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 9604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძლით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა ზ. ქ-ას მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9604 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მთლიანად აუთვისებელია, დაფარულია მთელი მიწის ნაკვეთი ეკალ-ბარდებით, არ ეტყობა სარგებლობისა და ფლობის კვალი, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქალაქო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებით დადგენილ გარემოებებზე, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზ. ქ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ და წარმოადგენს მის გაგრძელებას. მიწის ნაკვეთი არის მთლიანად დამუშავებული, კვალში დათესილია სიმინდის კულტურა. ნაკვეთი მთელ პერიმეტრზე შემორაგულია, რომელსაც ეტყობა ხანგრძლივი ექსპლუატაციის კვალი. ყურადსაღებია, რომ ნაკვეთის გარშემო გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები, კაკალი, თხილი და სხვა ხეხილის ხეები. ასევე გაშენებული აკაციის ტყე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტში მითითებული ფაქტების სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას დადგენილ გარემოებებთან ცალსახა შეუსაბამობის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ზ. ქ-ას მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მათ შორის, ის გარემოება ზ. ქ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულია - 9604 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად თუ ნაწილობრივ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის აღიარების ფარგლებთანაც.

ამდენად, საკასაციო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი