Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-944(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, საკასაციო განაცხადი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს). შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა, ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, დედანი ხელმოწერითა და კასაციის მიზეზების მითითებით. ამასთანავე, კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2022 წლი 26 სექტემბრის საგადახდო დავალება №14592878842, გადამხდელი - ჩ-ა გ. (პ/ნ: ...)).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა...ს“ გაურგძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2022 წლის 24 ნოემბერს.

დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის ვადის 10 (ათი) სამუშაო დღით გაგრძელების მოთხოვნით მომართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „ა...ს“ გაურგძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება მხარეს ჩაბარდა 2023 წლის 30 იანვარს. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 31 იანვარს.

დადგენილ 5-დღიან ვადაში კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარზე გ. ჩ-ას (პ/ნ: ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. გ. ჩ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარზე 2022 წლი 26 სექტემბერს №14592878842 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე