Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1021(2კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. მ-ი, მ. ჩ-ე, თ. გ-ი, ლ. ე-ი, დ. ა-ი, ლ. მ-ი, ლ. ზ-ე, ე. კ-ე, მ. გ-ე, ლი. მ-ი, ნ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 12 მარტს ე. მ-იმა, მ. ჩ-ემ, თ. გ-იმა, ლ. ე-იმა, დ. ა-იმ, ლ. მ-იმა, ლ. ზ-ემ, ე. კ-ემ, მ. გ-ემ, ლი. მ-იმა და ნ. მ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების - თითოეულის სასარგებლოდ 3000 (სამი ათასი) ლარის გაცემის თობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ე. მ-ის, მ. ჩ-ეის, თ. გ-ის, ლ. ე-ის, დ. ა-ეის, ლ. მ-ის, ლ. ზ-ეის, ე. კ-ეის, მ. გ-ეის, ლი. მ-ის, ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეების - ე. მ-ის, მ. ჩ-ეის, თ. გ-ის, ლ. ე-ის, დ. ა-ეის, ლ. მ-ის, ლ. ზ-ეის, ე. კ-ეის, მ. გ-ეის, ლი. მ-ის, ნ. მ-ის მიმართ გაიცემა ერთჯერადი დახმარება, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „...ში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო საკითხის შესწავლა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის შესწავლისას დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია - წარმოდგენილი დაზუსტებული მონაცემებით ზემოხსენებული ხანძრის შედეგად დაზარალებულად განისაზღვრა 345 სუბიექტი. 2017 წლის 10 აპრილს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დადებითი შეფასება მიეცა ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების - 3 000 ლარის ანაზღაურების საკითხს. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაზარალებულთათვის ერთჯერადი დამხარების - 3 000 ლარის ანაზღაურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა N1-853 ბრძანება 2017 წლის 30 იანვარს ,,...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 აპრილის თხოვნა/შუამდგომლობა და ზემოხსენებულ დაზარალებულთათვის, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000.00 ლარი. კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა ზემოხსენებული თანხის გადარიცხვა სს „თ...ის“ სპეციალურ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებულ პირთათვის გადასაცემად. 2017 წლის 13 აპრილის N01117 საგადახდო მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით გათვალისწინებული თანხა ჩაირიცხა ზემოხსენებულ საბანკო ანგარიშზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა მოსარჩელეების სავაჭრო ცენტრ „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალების ფაქტი, არამედ მნიშვნელოვანი იყო, რამდენად ეკისრებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მათთვის ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორმა მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-19 და 64-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებამოსილებათა შორის არ იყო დასახელებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულება - ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოშობილი ზიანის დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კეთილი ნების საფუძველზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის შესწავლისას დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა 345 დაზარალებული, რომელთათვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილ იქნა 1 035 000.00 ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობიდან და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, კეთილი ნების საფუძველზე გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთაც შესახებაც არსებობდა/მოძიებულ იქნა ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. აღნიშნული კი არ გულისხმობდა იმას, რომ მერია ვალდებული იყო სხვა შემთხვევაშიც იგივე განეხორციელებინა. კასატორმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთვასებული სავაჭრო ცენტრის „...ს“ მესაკუთრეს, ხანძრის გაჩენის დროისათვის, წარმოადგენდა ს/ს სავაჭრო სახლი ,,... სს“, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ხანძარი გაჩნდა დაუდგენელ ვითარებაში და გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა სხვისი ნივთის განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი. იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა მოსარჩელეთათვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სახეზე უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების შემადგენლობა, რაც არ დასტურდებოდა. მოსარჩელეებს შეეძლოთ თავიანთი მიზნების მისაღწევად დავა გაეგრძელებინა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 30 იანვარს, გამთენიისას სავაჭრო ცენტრ „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ იქ მომუშავე/მოვაჭრე ადამიანები. სავაჭრო ცენტრი „...“ წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად ამ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ მოვაჭრეებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შესაბამის კერძო სუბიექტს, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არც საკუთარ და არც დელეგირებულ უფლებას არ წარმოადგენდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძო სუბიექტის საკუთრებაში არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიამ და ხელისუფლებამ გამოხატა კეთილი ნება, რომ დაზარალებულთათვის აღმოეჩინათ ერთჯერადი დახმარება. ადმინისტრაციული ორგანოების ეს დამოკიდებულება საქალაქო სასამართლოს და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული და ასახული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. კერძოდ, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად მიუთითებდა „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპზე“, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი კანონის წინაშე დაირღვა თანასწორობის პრინციპი.

კასატორის მითითებით, 2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ „...ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაიწყო საკითხის შესწავლა. ვინაიდან დაზარალებულთა სიები იყო ქაოტური და დაუზუსტებელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიების დაზუსტების მიზნით წერილობით მიმართა სავაჭრო ცენტრ „...ში“ რეგისტრირებულ კომპანიებს, რითაც ეთხოვათ იმ დაზარალებულ პირთა დაზუსტებული სიების მოწოდება, რომლებიც იმყოფებოდნენ კომპანიებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. 2017 წლის 24 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გაეგზავნა სავაჭრო ცენტრ „...ში“ რეგისტრირებული კომპანიების მიერ დაზუსტებული სიები და ეთხოვა, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში მოძიებული ყოფილიყო ფინანსური სახსრები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. 2017 წლის 10 აპრილს გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით - 3 000 ლარის ანაზღაურების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1-853 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დაევალა ზემოხსენებული თანხის გადარიცხვა სს ,,თ...ის“ სპეციალურ ანგარიშზე, შემდგომში დაზარალებულ პირთათვის გადასაცემად. კონკრეტული ერთჯერადი დახმარება განხორციელდა იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ნივთები და 3000 ლარიანი დახმარება გაიცა ხანძრიდან მალევე, რაც მიზნად ისახავდა იმ დროისათვის უმძიმესი მდგომარეობიდან ამოსუნთქვის შესაძლებლობას.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის წერილები კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ, რომლითაც მათ განემარტათ, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ანაზღაურება გაიცა ,,...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ იმ პირებზე, რომელთაც სრულად დაუზიანდათ საქონელი და რომ აღნიშნული სიები მოწოდებულ იქნა საინვესტიციო ჯგუფებისა და შესაბამისი იურიდიული პირების (შპს) მიერ. აღნიშნულ წერილებში მითითებულია, რომ დასაზუსტებლად მათ უნდა მიემართათ საინვესტიციო ჯგუფისა და იურიდიული პირებისათვის, რომლებთანაც სამართლებრივ ურთიერთობაში (ხელშეკრულება) იმყოფებოდნენ, თუმცა მოსარჩელეებს არ მიუმართავთ შესაბამისი იურიდიული პირებისათვის, იმ მოტივით რომ მომხდარიყო მათი მხრიდან სიების დაზუსტება და წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ იხელმძღვანელა სავაჭრო ცენტრ „...ში“ რეგისტრირებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სიებით და ამ სიებიდან მოვაჭრეების თვითნებურად ამოღებას ან ჩასმას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისი ორგანიზაციების მიერ საკრებულოს მოთხოვნის საფუძველზე დაზუსტებულ იქნა დაზარალებულ პირთა სია, განისაზღვრა 345 დაზარალებული, რომელთათვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილ იქნა 1 035 000.00 ლარი. საჯარო ინტერესიდან, ხანძრის მოცულობიდან და ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, კეთილი ნების საფუძველზე გარკვეული დახმარება გაეწია იმ დაზარალებულებისთვის, რომელთა შესახებაც შპს-ს მიერ მიწოდებული იქნა შესაბამისი ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანავრს ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „...ში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ ცენტრში მომუშავე პირები, განადგურდა შენობა და იქ განთავსებული ქონება. ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნენ ცნობილნი მათ შორის მოსარჩელეები - ე. მ-ი, მ. ჩ-ე, თ. გ-ი, ლ. ე-ი, დ. ა-ი, ლ. მ-ი, ლ. ზ-ე, ე. კ-ე, მ. გ-ე, ლი. მ-ი, ნ. მ-ი. ისიც დადასტურებულია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესაძლებლობების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების მოძიება, 2017 წლის 30 იანვარს „...ში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი მოქმედებები და საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-853 ბრძანებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარების სახით, გამოიყო 1 035 000 ლარი, თითოეულის მიმართ 3 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს მიენიჭათ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა სტატუსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უარი ეთქვათ ერთჯერადი დახმარების გაცემაზე. ადმინისტრაციულ ორგანოთა მითითებით, მათ მიერ 345 პირისათვის ფულადი დახმარების გამოყოფა იყო მათი კეთილი ნების საფუძველზე გადაცემული დახმარება და აღნიშული თანხის გამოყოფა არ წამოადგენდა მათ ვალდებულებას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარება ყოველგვარი დათქმისა ან/და შეზღუდვის გარეშე, გაუმართლებელია მოსარჩელეებისათვის თანხის გამოყოფაზე უარის თქმა. ის გარემოება, რომ 2017 წელს თანხა გამოიყო იმ პირებისათვის, რომელთა დაკავშირებითაც არსებობდა ინფორმაცია, არ გამორიცხავს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მოსარჩელეების დაკამყოფილებასაც, რომლებმაც მოგვიანებით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილების იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ გამოხატა ნება, ფულადი დახმარებით დაეკმაყოფილებინა ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მხოლოდ კონკრეტული დაზარალებულებისათვის დახმარებაზე უარის თქმა, ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს იმ პირებთან მიმართებით, ვინც დაექვემდებარა დახმარებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ აკისრებდა თვითმმართველ ერთეულს ვალდებულებას, უზრუნველეყო მოსახლეობისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება და აღნიშნული სახის ქმედება წარმოადგენდა თვითმმართველი ერთეულის ერთგვარ დახმარების ღონისძიებას, რაც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით). პალატის მოსაზრებით, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე სოციალური დახმარების გაწევა, კასატორებს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისაგან, გამოვლენილი ნება გაავრცელოს სხვა პირებზეც, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა მიმართ ერთჯერადი დახმარების გაწევაზე უარი, ობიექტურად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დაზარალებულთა უზუსტო სიის წარდგენამ გამოიწვია, რა გარემოებაც (დაზარალებულთა მონაცემების მოგვიანებით დაზუსტება) ვერ მიიჩნევა სარჩელის უარყოფის რელევანტურ არგუმენტად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა