№ბს-656(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 8 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნ. ბ-იის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის №1130 ბრძანებით 2016 წლის ერთიანი ეროვნულგამოცდებაგავლილი აბიტურიენტი - ნ. გ.-ს ასული ბ-ი ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ... საგანმანთლებლო პროგრამაზე ...ის 1-ლი კურსი) მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ბ-ის შორის 2016 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1134 კონტრაქტი, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება იუნკერად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები“. კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, „თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის ვალდებულება“. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2020 წლის 20 აგვისტოს №691 ბრძანებით აკადემიის ...ის ...ის IV კურსი) იუნკერი - რიგითი ნ. გ.-ს ასული ბ-ი ჩაითვალა ...ის კურსდამთავრებულად, ამოირიცხა იუნკერთა სიებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2020 წლის 24 აგვისტოდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ბ-ის შორის 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმის მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სამხედრო მოსამსახურე საკუთარი ინიციატივით დაარღვევს კონტრაქტს ან უარს იტყვის სამსახურზე, მას დაეკისრება ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ. ბ-იის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისა და 2016 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა 2020 წლის 7 სექტემბრის პირადი პატაკი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №5717 (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ) ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელი (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“; შტატი №22/224-51), ლეიტენანტი ნ. გ.-ს ასული ბ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველო მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო მოსამსახურის დებულების“ XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ნ. ბ-იი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ვადამდე, პირადი პატაკის საფუძველზე და მისი ნამსახურების ვადა შეადგენს 4 წელს, 0 თვესა და 18 დღეს. ნ. ბ-იი, შეთანხმების ოქმის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო თავდაცვის სამინისტროსათვის დათხოვნიდან ერთი თვის ვადაში აენაზღაურებინა 5 000 ლარი, რაც მას არ შეუსრულებია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლებზე, სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ნ. ბ-ის შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ნ. ბ-ის შორის 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ცვლილება იქნა შეტანილი 2016 წლის 11 სექტემბრის №1134 კონტრაქტის მე-6 მუხლში, რომლის 6.2-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა განსხვავებული რედაქციით, კერძოდ, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა და დანიშვნა)) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“-,,ო“ ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით მე-4 კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ირკვევა, რომ გერმანიის ,,წითელ ჯვარსა’’ (DRK) და ნ. ბ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე ნ. ბ-იი ახალგაზრდების მოხალისეობრივი სამსახურის მხარდაჭერის შესახებ 01.06.2008 კანონის (ახალგაზრდების მოხალისეობრივი სამსახურის შესახებ კანონი - JFDG) თანახმად, გერმანიის ,,...ის’’ ორგანიზაციის მოხალისეობრივი პროგრამით დასაქმდა ...ის კლინიკაში, ნევროლოგია მოწოდებისა და უზრუნველყოფის სერვისზე. შეთანხმების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ბ-იი ვალდებული იყო წლის განმავლობაში მონაწილეობა მიეღო შესავალ, შუალედურ და დასკვნით სემინარებში, აგრეთვე თანმხლებ სემინარებში, აგრეთვე სემინარების შინაარსობრივ სამუშაოებში. სემინარები შედიოდა საქმიანობის დროში. ხოლო თავის მხრივ, ...ის ორგანიზაცია ვალდებულებას იღებდა JFDG-ის სამართლებრივი დებულებების შესაბამისად, მოხალისე მთელი დღის განმავლობაში დაესაქმებინა სასწავლო მიზნებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ, დამხმარე სფეროში და უზრუნველეყო საგანმანათლებლო კურსი და ხელმძღვანელობა. ამასთან, ქ. ...ის FB სამოქალაქო ბიუროს მიერ 2020 წლის 01 ოქტომბერს გაცემული დოკუმენტით დასტურდება, რომ ნ. ბ-იი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ...ში. ნ. ბ-იის სახელზე 2020 წლის 22 სექტემბრიდან გაცემულია გერმანიის D კატეგორიის ვიზა. ნ. ბ-ის 2021 წლის 09 სექტემბრიდან 2022 წლის 13 მარტამდე აქვს გერმანიაში დროებითი ბინადრობის ნებართვა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოთ მითითებული სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის დადებული კონტრაქტი მოსამსახურის ინიციატივით ვადამდე სამსახურიდან დათხოვნისას უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდეს მოსამსახურეს გააჩნდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებული და საპატიო მიზეზი, რომელიც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით და მათ შორის კონტრაქტში დასახელებული მიზეზები არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი, რაც იძლევა საშუალებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნეს შეფასებული ამა თუ იმ გარემოების საპატიოდ მიჩნევის საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ბ-იი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ეს ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ათავისუფლებდა ვალდებულებისაგან, გამოეკვლია, შეესწავლა და შეეფასებინა რა გახდა ნ. ბ-იის მხრიდან პატაკის დაწერის, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის და კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველი. მით უფრო, იმ პირობებში, როცა სამხედრო მოსამსახურის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა ერთმნიშვნელოვნად არ იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას და არსებობს მისი გამომრიცხავი მიზეზები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. ბ-იი პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთებულია კონტრაქტის პირობების დარღვევის მიზეზი, რომელიც უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, სახეზე არ არის მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ შეფასებული უნდა ყოფილიყო ორი გარემოება: 1) ნ. ბ-იი საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გათავისუფლდა შეიარაღებული ძალებიდან და მას დათხოვნის მიზეზის შესახებ არ მიუთითებია პირად პატაკში; 2) მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ჯარიმის 28000 ლარის 5000 ლარამდე შემცირების შესახებ. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში შეტანილი ამგვარი შეთანხმება დაეყრდნო საქართველოს მთავრობის 06.06.2019 წლის №264 დადგენილებას, რომლითაც ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის №238 დადგენილებაში.
ხელშეკრულების მხარები ასევე შეთანხმდნენ ჯარიმისგან გათავისუფლების პირობებზე, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს გათავისუფლების შემდეგ არ დაეკისრებოდა ჯარიმა, თუ იგი წარადგენდა დოკუმენტაციას, რომლითაც დადასტურდებოდა: ა) მძიმე ოჯახური მდგომარეობა; ბ) სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა; გ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა. მოპასუხემ ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, არ შეესაბამება ზემოთ მითითებულ პირობებს. ნ. ბ-იი გერმანიის რესპუბლიკაში დროებით, 1-წლიანი ხელშეკრულებით გაემგზავრა სამუშაოდ და სასწავლებლად. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დასაბუთებულ და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებულ მიზეზად მითითებულია სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა და არა დროებით, სამუშაოდ გამგზავრება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარემ სასამართლოს წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომელიც მისი ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია. სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ფაქტობრივად იმსჯელა/განიხილა ნ. ბ-იის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების კანონიერება. მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი ჯარიმის შესახებ, იცოდა, რა სანქცია მოყვებოდა მისი შეიარღებული ძალებიდან დათხოვნას, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება სადავოდ არ გაუხდია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის №MOD6 16 00001130 ბრძანების თანახმად, 2016 წლის ერთიანი ეროვნულგამოცდებგავლილი აბიტურიენტი - ნ. გ.-ს ასული ბ-ი ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამებზე (...ის პირველი კურსი) იუნკერად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე (ს.ფ. 15); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ბ-ის შორის 2016 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი №1134 (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული), რომლის მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს (ს.ფ. 16-21); გ) სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2020 წლის 20 აგვისტოს №MOD 2 20 00000691 ბრძანების თანახმად, ნ. ბ-იი ჩაითვალა ...ის კურსდამთავრებულად, ამოირიცხა იუნკერთა სახელობითი სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2020 წლის 24 აგვისტოდან (ს.ფ. 22); დ) 2020 წლის 7 სექტემბერს ნ. ბ-იმა პატაკით მიმართა საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურს და ითხოვა პირადი პატაკის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა (ს.ფ. 27). საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შეტყობინებით) ნ. ბ-ის განუმარტა სამხედრო სამსახურის შესახებ კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხიმგებლობის თაობაზე, რაც ხელმოწერით დაადასტურა ნ. ბ-იმა (ს.ფ. 27, 30-31); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №MOD 6 20 00005717 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელი (საშტატო კატეგორია „ლეიტენანტი“; შტატი №22/224-51), ლეიტენანტი ნ. გ.-ს ასული ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 26).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ნ. ბ-ის შორის 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმით ცვლილება იქნა შეტანილი 2016 წლის 11 სექტემბრის №1134 კონტრაქტის მე-6 მუხლში, რომლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით (გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო (მათ შორის მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა და დანიშვნა)) ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“-„ო“ ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით მე-4 კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში (ს .ფ. 23-25).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ბ-ის შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსამსახურის ინიციატივით ვადამდე სამსახურიდან დათხოვნა უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმების ოქმით 2016 წლის 11 სექტემბრის №1134 კონტრაქტის მე-6 მუხლში განხორციელებული ცვლილებით სამხედრო მოსამსახურეს შეეძლო, საჯარიმო სანქციის დაკისრების გარეშე, საკუთარი ინციატივით დაეტოვებინა სამხედრო სამსახური დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზის გამო, რომელიც კონტრაქტში არ არის ამომწურავად ჩამოთვლილი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის საპატიო მიზეზი და შესაბამისად, სახეზე არ არის მისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გერმანიის ,,წითელ ჯვარსა’’ (DRK) და ნ. ბ-ის შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე ნ. ბ-იი ახალგაზრდების მოხალისეობრივი სამსახურის მხარდაჭერის შესახებ 01.06.2008 კანონის (ახალგაზრდების მოხალისეობრივი სამსახურის შესახებ კანონი - JFDG) თანახმად, გერმანიის ,,...ის’’ ორგანიზაციის მოხალისეობრივი პროგრამით დასაქმდა ...ის კლინიკაში, ნევროლოგია მოწოდებისა და უზრუნველყოფის სერვისზე. შეთანხმების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ბ-იი ვალდებული იყო წლის განმავლობაში მონაწილეობა მიეღო შესავალ, შუალედურ და დასკვნით სემინარებში, აგრეთვე თანმხლებ სემინარებში, აგრეთვე სემინარების შინაარსობრივ სამუშაოებში. სემინარები შედიოდა საქმიანობის დროში. მონაწილეობა სავალდებულოა. თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულებას იღებდა JFDG-ის სამართლებრივი დებულებების შესაბამისად, მოხალისე მთელი დღის განმავლობაში დაესაქმებინა მეტად პრაქტიკულ, დამხმარე სფეროში, რომელიც ორიენტირებულია სასწავლო მიზნებზე, უზრუნველეყო საგანმანათლებლო კურსი და ხელმძღვანელობა და ა.შ. ამასთან, ქ. ...ის FB სამოქალაქო ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება, რომ ნ. ბ-იი 2020 წლის 1 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია ...ში, იზოლირებულ ბინაში. ნ. ბ-იის სახელზე 2020 წლის 22 სექტემბრიდან გაცემულია გერმანიის D კატეგორიის ვიზა და მას 2021 წლის 9 სექტემბრიდან 2022 წლის 13 მარტამდე აქვს გერმანიაში დროებითი ბინადრობის ნებართვა (ს.ფ. 129-161).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე