საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-11(კ-23) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ი-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. ი-ემ 2021 წლის 2 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №03-1713/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ი-ეის განაცხადი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ვინაიდან საქმე ეხებოდა ნგრევად ობიექტს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი, გამოიკვეთა და დადასტურდა რამდენიმე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, მონიტორინგის სამმართველოს მიერ 2020 წლის 29 იანვარს ყოფილი სასტუმრო „ო...ის“ სრული აღწერის დროს, ქალბატონი ნ. ი-ე მონოტორინგის თანამშრომლებს ნგრევად ობიექტში არ დახვდა. მისამართზე მყოფმა მეზობელმა - დ. კ-ამ განმარტა, რომ ნ. ი-ე იმყოფებოდა საავადმყოფოში. ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა 2010 წელს და დაკრძალულია თბილისში. მოსარჩელეს ჰყავს ერთი შვილი - ლ. ი-ე, რომელიც მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. ინფორმაციის სისწორე დ. კ-ამ მონიტორინგის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა. კასატორის მითითებით, ნ. ი-ე მონიტორინგის ჯგუფს ობიექტის ხელახალი აღწერის დროსაც არ დახვდათ მისამართზე. მონიტორინგის სამსახურს მეზობელმა განუმარტა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა კორონა ვირუსი და იმყოფებოდა საავადმყოფოში, თუმცა ვარ გაიხსენა რომელ საავადმყოფოში.
კასატორის მითითებით დამატებითი მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელე სინამდვილეში ცხოვრობს შვილიშვილის - ნ. ბ-ის საკუთრებაში (მის: თბილისი, ...ის ქ. N..., ბინა N...). 2021 წლის 26 იანვარს ზემოაღნიშნულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე და განმარტა, რომ სასტუმრო „ო...ში" შექმნილი პირობების გამო დროებით იმყოფება შვილიშვილთან.
კასატორი მითითებით, სასამართლომ მიზერული კომუნალური გადახდების საფუძველზე უსაფუძვლოდ დაადგინა მოსარჩელის სადავო ობიექტში ცხოვრების ფაქტი, იმ პირობებში, როცა მონიტორინგის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელე არა ნგრევად ობიექტში, არამედ შვილიშვილთან ცხოვრობს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მეზობლის განმარტება, რომლის თანახმად, მოსარჩელის სახლის გასაღები მას აქვს და იგი აქცევს სახლს ყურადღებას, კასატორის მოსაზრებით, სწორედ ამით აიხსენება მიზერული კომუნალური დარიცხვებიც.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. სააგენტომ შეისწავლა ნ. ი-ეის საქმე და დაადგინა, რომ პირი აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს, რადგან ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. ი-ეის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
ამავე წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ი-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილი სასტუმრო ,,ო...ი’’, რომელიც წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, განიხილება როგორც ჯანმრთელობისთვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 საოქმო გადაწყვეტილებით, ნ. ი-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მონიტორინგის ოქმებს, რომელშიც მითითებულია, რომ ერთ შემთხვევაში, ქ.თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილ სასტუმრო ,,ო...ში’’ განხორციელებული აღწერის დროს, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ნ. ი-ე ნგრევად ობიექტში არ დახვდათ. მისამართზე მყოფმა მეზობელმა - დ. კ-ამ განმარტა, რომ ნ. ი-ე იმყოფებოდა საავადმყოფოში. დ. კ-ამ ინფორმაციის სისწორე მონიტორინგის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა.
მეორე შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული ობიექტის აღწერის დროს, ნ. ი-ე მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს კვლავ არ დახვდათ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე მყოფმა მეზობელმა განუმარტა მონიტორინგის თანამშრომლებს, რომ ნ. ი-ეს ჰქონდა კორონა ვირუსი და იმყოფებოდა საავადმყოფოში.
2021 წლის 26 იანვარს, დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის შვილიშვილის - ნ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის N..., ბინა N55. განხორციელებული შემოწმების დროს, მონიტორინგის თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ თავად ნ. ი-ე, რომელმაც განმარტა, რომ ბინა ეკუთვნოდა შვილიშვილს - ნ. ბ-ის. სასტუმრო ,,ო...ში“ შექმნილი პირობების გამო, დროებით იმყოფებოდა შვილიშვილთან. მისი განმარტებით, ბინაში ცხოვრობდა შვილიშვილთსა და შვილთაშვილთან - დ. გ-ითან ერთად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასახელებული გარემოებები არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ. ი-ე არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირის ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა), თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მეზობლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას, მისამართზე მყოფმა მეზობელმა (დ. კ-ამ) განმარტა, რომ ნ. ი-ე ორივე შემთხვევაში იმყოფებოდა საავადმყოფოში. ასევე, დ. კ-ამ სასამართლოში მოწმის სახითაც დაადასტურდა ნ. ი-ეის სასტუმრო ,,ო...ში’’ (N412 ოთახში) ცხოვრების ფაქტი (იხ. 14.04.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი). საქმეში დამატებით წარმოდგენილია სასტუმრო ,,ო...ში’’ მცხოვრები დევნილების წერილობითი განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ. ი-ე 1994 წლიდან მუდმივად ცხოვრობს სასტუმრო ,,ო...ში’’ (N412 ოთახში) (ს.ფ. 55-57).
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს სადავო აქტების უკანონობასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წლოვანების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მხოლოდ ის ფაქტი, რომ მონიტორინგისას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში მცხოვრები ნ. ი-ე არ იმყოფებოდა მისამართზე და იმყოფებოდა შვილიშვილთან არ ქმნის მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დანარჩენ შემთხვევებში (მეზობლის განმარტებით) მოსარჩელე იმყოფებოდა საავადმყოფოში.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებაზე, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის სწორედ რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრება, კერძოდ, ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერზე - აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე (ს.ფ. 51-54); ჯანმრთელობის ცნობებზე, რომლებშიც ყველგან მოსარჩელის მისამართად ფიქსირდება ქ. თბილისი, ..., სასტუმრო ,,ო...ი’’ (ს.ფ. 23-41).
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ადმინისტრაციის წერილი, რომლის თანახმად, მისამართზე - ქ. თბილისი, სასტუმრო ,,ო...ი’’, ბინა N412, განხორციელდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება ნ. ი-ეისათვის 02.11.2019 და 16.05.2021 წლებში (ს.ფ. 63-64).
აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტები, რომლებიც მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფდა ან გააქარწყლებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა. ამდენად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე