Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-83(კ-23) 9 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - თ. ს-ეე, ს. მ-ი, ლ. ლ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ს-ეემ, ს. მ-იმა და ლ. ლ-იმა 2021 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1434/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის თ. ს-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ეის, ს. მ-ისა და ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1434/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - მოსარჩელე თ. ს-ეის, ს. მ-ისა და ლ. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ. ს-ეემ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებულ განაცხადში თავისი ოჯახის წევრებად მიუთითა: შვილი - ს. მ-ი და მოსარჩელის დედა-ლ. ლ-ი.

კასატორი მიუთითებს, რომ პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად. იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი მონიტორინგის აღწერის ფორმა, საიდანაც დასტურდება, რომ მოსარჩელე თ. ს-ეე ცხოვრობს ერთ ოჯახად მხოლოდ შვილთან-ს. მ-ითან ერთად, ხოლო დედა-ლ. ლ-ი წლებია ცხოვრობს საზღვარგარეთ. მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზი გახლდათ ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებაზე მითითება. კასატორის მოსაზრებით, უდავოა და თავად მხარეც ადასტურებს სარჩელში იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის და მისი დედა-ლ. ლ-ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ ოჯახს არ წარმოადგენენ, აღნიშნული კი, მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ს-ეის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით), რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ანალოგიურ მოწესრიგებას ადგენს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე- თ. ს-ეის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც განმცხადებლის ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: შვილი - ს. მ-ი და დედა-ლ. ლ-ი, ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ქალაქი რუსთავი, ...ჩიხი, კორპუსი ..., ბინა N....

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, თ. ს-ეის განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა სულ - 5.50 ქულა. მათ შორის: ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრება - 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა)- 3.00 ქულა, თ. ს-ეე- „შშმპ“, ზომიერად გამოხატული-1.00 ქულა. ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს მინიჭებული აქვს 4.5 ქულა.

საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 25 იანვრის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის დროს ადგილზე იყო თ. ს-ეე და ს. მ-ი, ხოლო ლ. ლ-ი იმყოფებოდა საბერძნეთში. თ. ს-ეემ განმარტა, რომ ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ქირის გადასახადის გადახდა უწევდა (250 ლარი), აქედან ორი თვის ქირის თანხა მოსარჩელის ყოფილმა ქმარმა გადაიხადა, ხოლო სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 150 ლარს ურიცხავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად რუსთავში 5 წლის განმავლობაში. ამჟამად კი, ოჯახი შედგება სამი წევრისაგან-თ. ს-ეე, ს. მ-ისა და ლ. ლ-ისგან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, თ. ს-ეის ოჯახს (სარეგისტრაციო ნომერი-...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1434/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ს-ეეს და განაცხადში გათვალისწინებულ პირებს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო,თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, დედის საბერძნეთში ყოფნის ფაქტი. ამასთანავე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ვინაიდან მოსარჩელის დედა ამჟამად, იმყოფება საბერძნეთში, გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საქართველოში შვილის მიერ არჩეულ საცხოვრებელ ადგილს და ის არის თ. ს-ეის ოჯახის წევრი. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ ოჯახს გააჩნია ერთიანი მეურნეობა, ოჯახზე ფინანსურად ზრუნავს მოსარჩელის საბერძნეთში მყოფი დედა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილებით.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. ს-ეის საკითხის განხილვის დროს მასთან ცხოვრობდა მისი არასრულწლოვანი შვილი და ამასთანავე დასტურდება რომ მოსარჩელე განქორწინებულია მეუღლესთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის - ს. მ-ის საუკეთესო ინტერესები.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე თ. ს-ეე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ - ზომიერად გამოხატული-1.0 ქულა). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქულის მინიჭება აღნიშნული კრიტერიუმის გათვალისწინებით, არ ათავისუფლებს მოპასუხეს გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულებისაგან (სუსგ საქმეზე ბს-892(კ-21)).

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხე მხარე უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტს, თ. ს-ეის ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

1. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე