საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-109(2კს-23) 30 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ე...ს“ წარმომადგენელმა 2014 წლის 28 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №23316 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის №4425 ბრძანების ნაწილობრივ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების (საჩივარი №5581/2/13) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ე...ს“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
შპს „ე...ს“ დირექტორმა 2022 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, №3/6831-20 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ მეშველიანის წარმოებაშია შპს „ე...ს“ სარჩელი. დასახელებულ საქმეზე კი დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერა. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია სააპელაციო სასამართლოში განსახილველ სააპელაციო საჩივართან, ვინაიდან თუ მოსარჩელე გათავისუფლდება საგადასახადო დავალიანებისაგან, მას აღარ ექნება დავის გაგრძელების იურიდიული ინტერესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების (საქმე №3/6831-20) კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 281-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველი საქმეების (საქმე №3ბ/2693-18 და საქმე №3/6831-20) ფაქტობრივი და სამართლებრივი კავშირი გამორიცხავდა ერთ-ერთის გადაწყვეტის გარეშე მეორე საქმის განხილვის შესაძლებლობას. მოცემული გარემოება კი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქმის ერთსა და იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავენ, რომ მოცემული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობად ადგენს იმგვარი ფაქტობრივი გარემოების ან საფუძვლის არსებობას, რომლის დადგენაც შეუძლებელი უნდა იყოს სხვა დავის განხილვამდე. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, დავალიანების ჩამოწერის შესახებ დავის საბოლოო გადაწყვეტა არ წარმოადგენს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებას თუ საფუძველს, რომლის გარეშეც სააპელაციო სასამართლო ვერ შეძლებს, შეაფასოს გასაჩივრებული აქტების კანონიერება. №3/6831-20 საქმეზე ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღება, ვერ განსაზღვრავს №3ბ/2693-18 საქმეში სადავოდ ქცეული აქტების კანონიერებას ან უკანონობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება და მოსარჩელეს ჩამოეწერება თანხა, აღნიშნული ვერ შეაფერხებს №3ბ/2693-18 საქმის განხილვას და ამგვარმა შედეგმა შესაძლებელია წარმოშვას მხოლოდ პროცესუალური უფლება და წინაპირობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისათვის, თუმცა, ამ შემთხვევაშიც სასამართლოს არ ექმნება დაბრკოლება, შეაფასოს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ №3/6831-20 საქმის ფარგლებში სადავო არ არის რაიმე ფაქტის დადგენა, რომელმაც, შესაძლოა, გადაწყვიტოს განსახილველი საქმის ბედი. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ №3/6831-20 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა მოცემულ საქმესთან მიმართებით და ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიძლება იქნეს განხილული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2022 წლის 28 ოქტომბერს შპს „ე...მა“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით მოითხოვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია შპს „ე...ს“ სარჩელი, რომლის საგანს საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერა წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი მისთვის განსახილველი დავის გაგრძელების იურიდიული ინტერესის არსებობას გამორიცხავს.
გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, №3/6831-20 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევებს. დასახელებული პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერებისას განისაზღვრება გარემოება, რამდენად შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილმა სასამართლო აქტმა იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე. ამდენად, უნდა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიეცეს წინასწარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან მიმართებაში.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6831-20) შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 29 ოქტომბრის №7174239 წერილის (რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ განხორციელდა გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციების გამო); 2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 დეკემბრის №43277 ბრძანების (რომლითაც გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე, 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ წარდგენილი 2013 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციების გამო, რომელთა მიხედვითაც დღგ-ს ჩასათვლელი თანხა შეადგენს - 0,31; 0,24 და 0,31 ლარს); 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 სექტემბრის №9842/2/2019 გადაწყვეტილების (რომლითაც საბჭომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციების გამო, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი და საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივანს დავალიანების ჩამოწერაზე უარი ეთქვა არსებული გარემოებების შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით) ბათილად ცნობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.
განსახილველ შემთხვევაში კი შპს „ე...ს“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №23316 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ (საშემოსავლო და სოციალური გადასახადის ნაწილში), ასევე საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს განსახილველ საქმეებს შორის იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი კავშირი, რაც გამორიცხავს ერთ-ერთის გადაწყვეტის გარეშე მეორე საქმის განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნათა და სადავო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც არ გამორიცხავს მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისადმი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის შესაძლებლობას, №3/6831-20 ადმინისტრაციული საქმის წარმოების მიმდინარეობა სავალდებულო წესით წარმოშობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მასზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და კანონიერ ძალაში შესული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 281-ე, 369-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე