Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-480(კ-22) 30 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბ-ემ 2020 წლის 29 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ, „ქ. ბ-ეის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ქ. ბ-ეის დაჯარიმების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2020 წლის 22 მაისის №29 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
ქ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია. დასახელებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: კერძოდ, დეკლარაციაში აისახება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი).
კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა, სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად შეეფასებინა ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მოხელეს წვდომა სხვა პირების, მათ შორის, ოჯახის წევრების საბანკო ამონაწერებთან მათი თანხმობის გარეშე, თუკი ოჯახის წევრები საბანკო ამონაწერების გადაცემაზე უარს აცხადებენ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია საკითხი, რომ ქ. ბ-ეს არ ჰქონდა წვდომა მეუღლის - ა. ჩ-ისა და შვილის - ან. ჩ-ის საბანკო ამონაწერებთან, რომელთა წარდგენაც მოთხოვნილი იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთ ინფორმაციას ობიექტურად ვერ მოიპოვებდა, ვინაიდან მისი ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, რადგან იგი შეიცავდა პროფესიული და კომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას და ამასთან, ბანკისთვის მიმართვის შემთხვევაში, მას არ გადასცემდნენ ოჯახის წევრების საბანკო ამონაწერებს, ვინაიდან მითითებული განეკუთვნებოდა პირად ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბ-ე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2020 წლის 22 მაისის №29 განკარგულების კანონიერების შეფასება, ქ. ბ-ეის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო პალატა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. დასახელებული კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია. ამასთან, წარდგენილი დეკლარაცია ექვემდებარება გადამოწმებას ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. დეკლარაციის მონიტორინგის მიზანი კი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში (განკარგულების მიღებისას) მოქმედი რედაქციის 181 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის ან ასეთის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. დეკლარაციის უარყოფითი შეფასების შედეგად კი, ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შემოღება მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევათა აღმოფხვრას, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენასა და საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. სწორედ ამიტომ არის ვალდებული თანამდებობის პირი, სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ხოლო დეკლარაციის გადამოწმებისას საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის გამოვლენა მისი დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთან, დეკლარაციის შევსების მიზნების გათვალისწინებით, დეკლარაციაში გამოვლენილი ნებისმიერი უზუსტობა, რომლის არსებობაც კანონის მიზნის მიღწევას ხელს უშლის და კორუფციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა გამხდარიყო თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დაჯარიმების საფუძველი. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს შეფასება, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე. იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დარღვევისთვის თანამდებობის პირის დაჯარიმება კანონმდებლის თვითმიზანი არ ყოფილა, ადასტურებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 4 მაისის 2272-IIს საქართველოს კანონით შესული ცვლილებებიც. კერძოდ, კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ბიუროს მიენიჭა უფლება, დეკლარაციაში დარღვევის არსებობა/არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების გარდა, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილება, რაც პირის არა დაჯარიმების, არამედ მისთვის გაფრთხილების გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს...ოს“ 2019 წლის 10 ოქტომბრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქ. ბ-ეის მიერ 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 5 მაისის №19 დასკვნით, ქ. ბ-ეის დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითების გამო. მითითებული დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის დაჯარიმების ფაქტობრივი საფუძვლებიდან მიუთითებს შემდეგ არსებით დარღვევებზე: 1. დეკლარაციის მიხედვით, მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, ქ. ბ-ეის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 1492 კვ.მ (მის: თელავი, სოფელი ...), ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის სახელზე, მიწის ნაკვეთის ფართობი - 3026 კვ.მ; 2. დეკლარაციის მიხედვით, მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, ქ. ბ-ეის სახელზე სს „ტ...ში“ ფიქსირდება სახელფასო ანგარიში - ნაშთი - 1200.00 GEL+, ხოლო წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით იყო - 191.20 GEL+; 3. დეკლარაციის მიხედვით, მისი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის სახელზე სს „თ...ში“ ფიქსირდება მიმდინარე ანგარიში - ნაშთი - 7 000 USD+, ხოლო ქ. ბ-ეის შვილის - ან. ჩ-ის სახელზე - ანაბრის ანგარიში - 3 500 USD+. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდება, რადგან ბიუროში არ იყო წარდგენილი შესაბამისი საბანკო დოკუმენტაცია; 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქ. ბ-ეის მეუღლე - ა. ჩ-ი რეგისტრირებულია საწარმოების: შპს „ო...ს“ (ს/კ ...), შპს „ვ...ის“ (ს/კ ...), შპს „ჩ...ას“ (ს/კ ...), შპს „ჯ...სა“ (ს/კ ...) და შპს „ჩა...ის“ (ს/კ ...) წილის მფლობელად ან/და დირექტორად, რაც არ არის ასახული დეკლარაციაში; 5. დეკლარაციის მიხედვით, ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის მიერ 2018 წელს მიღებულმა ანაზღაურებამ სპს „ა...დან“ შეადგინა 180 000 ლარი და 170 000 ლარი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული დაწესებულებიდან ა. ჩ-ის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ 2018 წელს შეადგინა 38 250 ლარი (დარიცხული თანხა), მომსახურების ანაზღაურებამ - 10 625 ლარი (დარიცხული თანხა); 6. დეკლარაციის მიხედვით, ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის მიერ 2018 წელს მიღებულმა ანაზღაურებამ შპს „ჩა...დან“ შეადგინა 35 000 ლარი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული დაწესებულებიდან ა. ჩ-ის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ 2018 წელს შეადგინა: ხელფასი - 5 000 ლარი (დარიცხული თანხა), მომსახურების ანაზღაურება - 625 ლარი (დარიცხული თანხა); 7. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ შპს „ს...დან“ (ს/კ ...) შეადგინა 46 321.50 ლარი (დარიცხული თანხა). ეს ინფორმაცია არ არის ასახული დეკლარაციაში; 8. დეკლარაციის მიხედვით, ქ. ბ-ეის და მისი ოჯახის წევრების მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, არ ფიქსირდება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 7 აგვისტოს ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის მიერ გაფორმებულია უძრავი ქონების (თელავი, სოფელი ..., ს/კ ...) შეძენის ხელშეკრულება. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 7 აგვისტოს ქ. ბ-ეის მიერ გაფორმებულია უძრავი ქონების (თელავი, სოფელი ..., ს/კ ...) გაყიდვის ხელშეკრულება. ვინაიდან ბიუროში არ იყო წარდგენილი ხსენებული ხელშეკრულებების ასლები, ვერ მოხერხდა ინფორმაციის სრულყოფილი შემოწმება; 9. დეკლარაციის მიხედვით, ქ. ბ-ეის მეუღლის - ა. ჩ-ის გასავალი, რომლის ოდენობაც ერთჯერადად აღემატება 5000 ლარს და არ არის მითითებული დეკლარაციის სხვა გრაფებში, ფიქსირდება სწავლის გადასახადი - 67 000 ლარი. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან ბიუროს მოთხოვნის მიუხედავად, არ იყო წარდგენილი შესაბამისი საბანკო დოკუმენტაცია. ამდენად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ არსებითი ხასიათის დარღვევებად მიჩნეულ იქნა ქ. ბ-ეის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ“, „ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასრულყოფილად და არასწორად ასახვა. ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ დასახელებული დარღვევები არსებით ხასიათს ატარებს მოქმედი ნორმითაც კი. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის 131 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არაარსებითი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილება არაუმეტეს 1 000 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში კი საბანკო ანგარიშზე მითითებულ ნაშთსა და რეალურად არსებულ ნაშთს შორის სხვაობამ შეადგინა 1 000 ლარზე მეტი. ამასთან, ამავე მუხლის 132 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, შემდეგი ცდომილების არსებობის მიუხედავად: საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა. აღნიშნულთან დაკავშირებით დეკლარანტს ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ წარუდგენია. ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული შეუსაბამობის შესახებ, სასამართლომ მართებულად მიაჩნია უსაფუძვლოდ.
გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე მეუღლის - ა. ჩ-ისა და შვილის - ან. ჩ-ის საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარუდგენლობის გამო მისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონი არ ითვალისწინებს დეკლარანტის ოჯახის წევრების ვალდებულებას ბიუროსთვის მათი საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარდგენის შესახებ და ამ უკანასკნელთა მიერ მითითებული დოკუმენტაციის დეკლარანტისთვის წარუდგენლობაზე უარის გაცხადების გამო, მხარის მოსაზრებით, დეკლარანტს საჯარიმო სანქცია არ უნდა ეკისრებოდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახულ უნდა იქნეს საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი). სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად უდგენს თანამდებობის პირს ამგვარი ინფორმაციის დეკლარაციაში მითითების ვალდებულებას და არ ითვალისწინებს დადგენილი წესიდან რაიმე გამონაკლისს. ამდენად, სრულიად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის დეკლარაციაში მიუთითებლობის არგუმენტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტები, დარღვევის შინაარსისა და შედეგების გათვალისწინებით, იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ წარდგენილი დეკლარაციით შეუძლებელი გახდა კანონის მიზნის მიღწევა. სადავო პერიოდში მოქმედი ნორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქ. ბ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. მ. პ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. ბ-ეის საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 4 მაისს №0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე