Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-833(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „კ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „კ...ს“ წარმომადგენელმა 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №04/44065 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №10/3710 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №04/44065 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №10/3710 გადაწყვეტილება; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო სამედიცინო შემთხვევების მომსახურებების ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში და დამატებით აღნიშნავს, რომ პაციენტების: ნ. გ-ეის, გ. დ-ეის, მ. ბ-ას, რ. ი-ას და ს. ჩ-ას სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შემდეგი დიაგნოზით: I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია. კასატორის მოსაზრებით, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ სამედიცინო შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინსპექტირების ეტაპზე მითითებულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პაციენტი - ნ. გ-ე ჰოსპიტალიზებულ იქნა სს „კ...ში“ 2019 წლის 11 მარტს, დიაგნოზით: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია - I20.0; არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) - I 10; ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება - 136.1; შუა ყურის სხვა ქრონიკული ჩირქოვანი ანთება - H66.3; ვაზომოტორული რინიტი - J 30.0. ავადმყოფი უჩიოდა: ჰაერის უკმარისობას, ძლიერ მოჭერითი ხასიათის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ირადიაციით ეპიგასტრიუმის არეში, მარცხენა ბეჭში, რომელიც იხსნებოდა ნიტრომინტის ფონზე, ადვილად დაღლას, ყურის ტკივილს, სმენის დაქვეითებას, ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, გულის არეში დინამიკაში ჩივილების ინტენსივობის გამო ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა, რის გამოც ავადმყოფმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას;

პაციენტი - გ. დ-ეე ჰოსპიტალიზებულ იქნა სს „კ...ში“ 2019 წლის 11 მარტს, დიაგნოზით: გიდ.არასტაბილური სტენოკარდია - I20.0, არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) - I 10; ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება - 136.1; ავადმყოფი უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ძლიერ მოჭერითი ხასიათის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ირადიაციით ეპიგასტრიუმის არეში, მარცხენა ბეჭში, რომელიც იხსნებოდა ნიტრომინტის ფონზე, ადვილად დაღლას. ანამნეზში აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რის გამოც ავადმყოფმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას;

პაციენტი - მ. ბ-ა ჰოსპიტალიზებულ იქნა სს „კ...ში“ 2019 წლის 7 მარტს, დიაგნოზით: გიდ.არასტაბილური სტენოკარდია - I20.0, არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH) - I 10; მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება - I 34.0; ავადმყოფი უჩიოდა: ჰაერის უკმარისობას, წვას, ძლიერ მოჭერითი ხასიათის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ირადიაციით ეპიგასტრიუმის არეში, მარცხენა ბეჭში, რომელიც იხსნებოდა ნიტრომინტის ფონზე. გულის ფრიალს, საერთო სისუსტეს. მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა, მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რის გამოც ავადმყოფმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას. ანამნეზში პაციენტი აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს;

პაციენტი - რ. ი-ა ჰოსპიტალიზებულ იქნა სს ,,კ...ში“ 2019 წლის 25 მარტს, დიაგნოზით- I 10; ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია მაქსიმალური ციფრები 200/100mmHg, გულმკერდში ტკივილის ეპიზოდები, რომლებიც იხსნებოდა სპონტანურად. კლინიკაში შესვლამდე დაახლოებით ერთი დღით ადრე ავადმყოფს აღენიშნა ტკივილი გულმკერდში, რომლის ინტენსივობამ თანდათან იმატა და ავადმყოფი ახლობლების მიერ მიყვანილ იქნა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში;

პაციენტი - ს. ჩ-ა ჰოსპიტალიზებულ იქნა სს „კ...ში“ 2019 წლის 6 მარტს, დიაგნოზით: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია - I20.0, არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/ESH)- I 10; ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება - 136.1; აორტის სარქვლის ნაკლოვანება - I 35.1; ჰიპოთირეოზი, დაუზუსტებელი - E 03.9. ავადმყოფი უჩიოდა: წვას, ძლიერ მოჭერითი ხასიათის ტკივილს, მკერდის ძვლის უკან ირადიაციით ეპიგასტრიუმის არეში, მარცხენა ბეჭში, რომელიც იხსნებოდა ნიტრომინტის ფონზე. გულის ფრიალს, საერთო სისუსტეს. მდგომარეობა გამწვავდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გულის არეში ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა, რის გამოც ავადმყოფმა ახლობლების დახმარებით მიმართა კლინიკას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის - ნ. გ-ეისთვის, გ. დ-ეისთვის, მ. ბ-ასთვის, რ. ი-ასთვის და ს. ჩ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერებს შეფასება. აღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამრიგად, მოცემული ნორმიდან გამომდინარე, გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდება, თუკი სამედიცინო დაწესებულება არასწორად, პაციენტის მდგომარეობის შეუსაბამოდ გადასცემს ინფორმაციას პროგრამის განმახორციელებელს. სადავო შემთხვევაში კი, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო წარმოებისას გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ პაციენტები მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით არასტაბილური სტენოკარდია - I20.0. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული სამედიცინო მომსახურების გაწევა ნ. გ-ეის, გ. დ-ეის, მ. ბ-ას, რ. ი-ას და ს. ჩ-ას მიმართ, მოპასუხის მხრიდან კი არ ყოფილა დასაბუთებული და დადასტურებული შესაბამისი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ყოველ სადავო შემთხვევაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტები ასახავს პაციენტის მდგომარეობას, მის დიაგნოზსა და საჭირო მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთი გადაწყვეტილებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მოპასუხის მითითებები ბუნდოვანია და არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კასატორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს. იმ პირობებში, როცა სადავოდ არ არის გამხდარი დიაგნოზი და არ არის წარმოდგენილი არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ პაციენტთა ჩივილების მართვა და მკურნალობა არასწორად მოხდა, საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციების მსგავსად ვერ გაიზიარებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომელიც მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, რომ ეჭვს იწვევს ხსენებულ პაციენტთა ანამნეზი და ის გარემოება, რომ სტენოკარდიით გამოწვეული ჩივილების მართვისას სახლის პირობებში პაციენტებმა ისარგებლეს მედიკამენტ ნიტრომინტით, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ და ნაკლებად შეიძლება იყოს საბინაო პირობებში.

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევები (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში) არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს აგრეთვე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №10/3710 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №04/44065 გადაწყვეტილების უკანონობის დადგენის პირობებში, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მის საფუძველზე გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. ამრიგად, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2022 წლის 22 ივლისს №18617 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე