Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-842(კ-21) 7 მარტი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. გ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირები - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ა. ხ-ა, გ. ო-ა, რ. კ-ი, მ. მ-ა, ლ. ჩ-ა, ი. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ამ 2016 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხესთან ერთად მესამე პირებად მიუთითა: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ა. ხ-ა, გ. ო-ა, რ. კ-ი, მ. მ-ა, ლ. ჩ-ა, ი. კ-ი და საბოლოოდ მოითხოვა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის N44 განკარგულებისა და 2016 წლის 22 ნოემბრის N48 განკარგულების ბათილად ცნობა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 სექტემბრის N44 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე ა. გ-ას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ მოყვანილ მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით. კერძოდ, ის გარემოება, რომ სადავო 49 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც აღნაგობის უფლებით გადაეცა ა. ხ-ას, მდებარეობს ა. ხ-ას კერძო საკუთრებასა და სხვა კერძო მესაკუთრეს შორის, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არ განეკუთვნება პარკის ტერიტორიას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მისი, როგორც პარკის ნაწილის გამორიცხვა უსაფუძვლოა. აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი არათუ ესაზღვრება, როგორც ამას აღნიშნავს სასამართლო, არამედ იგი პარკის ტერიტორიის ნაწილია.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც სადავო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამოთქვა მოსაზრებები და დააფიქსირა პროტესტი, თუმცა ოქმში არ ფიქსირდება მსგავსი რამ, რაც თვითონ ოქმის შემდგენის ბრალეული და მიზანმიმართული ქმედების შედეგია.

კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილებით საკრებულომ ა. ხ-ას სასარგებლოდ განკარგა საერთო სარგებლობის - პარკის ტერიტორია, მასვე ევალებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც არ ჩაუტარებია, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემტკიცებინა თავისი ქმედების მართებულობა, რაც უზრუნველყოფილი ვერ იქნა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ა. გ-ას საკასაციოს საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა. ხ-ამ განცხადებით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა სტომატოლოგიური კლინიკა „...ის“ უკან მდებარე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ-ით ...) აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა. 2016 წლის 22 ნოემბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე ა. გ-აც, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 122-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (16 მომხრე და 2 წინააღმდეგი) ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ი/მ ა. ხ-ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით, ქირის გადახდის სანაცვლოდ, სარგებლობაში გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე. საგულისხმოა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საკადასტრო გეგმა-ნახაზებით და ფოტოსურათების მიხედვით დადასტურებულია სარეკრეაციო ზონის შეზღუდვის არარსებობა სადავო ქონებაზე. კერძოდ, აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს არა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად მიჩნევისათვის, არამედ კერძო პირის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთისა და ა. ხ-ას საკუთრებაში არსებული ორსართულიანი შენობის უკან. ამასთან, მას სკვერის სტატუსი არ გააჩნია - 49 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეეტრში რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით ს/კ-ით ... მისამართზე: ქალაქი სენაკი, ...ის ქუჩა N....

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე (კასატორი სადავოდ არ ხდის საჯარო რეესტრის ჩანაწერს), აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ საკრებულომ, სადავო აქტით თანხმობა მისცა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას პარკის ტერიტორიას მიკუთვნებული ნაკვეთის აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება. სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. გ-ას საკასაციო საჩივარზე 02.11.2021წ. №11894169863 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება;

3. კასატორს - ა. გ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 02.11.2021წ. N11894169863 საგადახდო დავალებით ლ. ხ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე