Facebook Twitter

ბს-1343(კ-22) 30 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ 13.08.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.07.2021წ. №883 განკარგულების ბათილად ცნობა და მ. გ-ას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2022წ. გადაწყვეტილებით, მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.07.2021წ. №883 განკარგულება და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო განკარგულებაში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით არ დასტურდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის მ. გ-ას მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვერ მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის დასაბუთებად. კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია, ასევე, არ გამოუკითხავს მოწმეები, არ მოუხდენია ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და არ გამოუკითხავს სადაო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები, რაც საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ თანახმად, მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილის სატრანსპორტო ზონაში (სზ-3) მოქცევასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო აქტით არ ირკვევა, რომ მხარეს მიეცა კორექტირებული ნახაზის წარდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ სატრანსპორტო ზონაში (სზ-3) ექცევა მოთხოვნილი ნაკვეთის დაახლოებით 5 კვ.მ. ფართი, ამასთან, ის მზად არის კომისიაში წარადგინოს კორექტირებული აზომვითი ნახაზი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, აპელანტმა ვერ დაადასტურა სადავო აქტის კანონშესაბამისობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა მ. გ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული საცხოვრებელი სახლი განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებები ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), რაც ასევე არ ექვემდებარება აღიარებას.

კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის აშენების ზუსტი დრო, ამასთან, 2005 წლის ორთოფოტოზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ ჩანს. კასატორმა მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.04.2017წ. განჩინებაზე (საქმე №2ბ/4510-16) და აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენება კრიტიკულად უნდა იქნას შეფასებული, თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას, ყოველივე აღნიშნული ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სასკ-ის 32.4 მუხლი, ამასთან, სასამართლოს არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მ. გ-ამ 19.07.2017წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. მიმდებარედ 790 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. საჯარო რეესტრის 10.08.2017წ. წერილით კომპეტენციის ფარგლებში (თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების) საკითხის განსახილველად აღიარების კომისიას გაეგზავნა მ. გ-ას მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაცია. კომისიის 13.07.2021წ. №883 განკარგულებით მ. გ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (790 კვ.მ.) თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) არ დადგინდა ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლის განთავსების ფაქტი, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. კომისიამ ასევე მიუთითა, რომ ნაკვეთის მცირე ნაწილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარება აღიარებას.

კასატორი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2005 წლის ორთოფოტოზე არ არის ასახული, მოსარჩელე კი აღნიშნავს, რომ მართალია, სადავო მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული აქვს 2005 წლიდან, თუმცა შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 2006 წლის ნოემბერში, დაასრულა 2007 წლის იანვარში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი არ დგინდება 2005 წლის ორთოფოტოთი, არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებში დაცული დ. ს-ეის, ლ. შ-ეის, მ. გ-ას და კ. ღ-ეის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, მ. გ-ას 2005 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რომელზეც საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა განთავსებულია 2006 წლის ბოლოდან. მოსარჩელე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მიუთითებს 26.04.2007წ. დათარიღებულ ფოტო-სურათზე, სადაც ასახულია შენობა-ნაგებობა, რომელიც მისი განმარტებით, სწორედ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ობიექტს წარმოადგენს. შპს „ე...-ის“ 19.07.2017წ. და 12.09.2021წ. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქ. მიმდებარედ მ. გ-ას მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა, ტერიტორიის შემომსაზღვრელი ღობე და ტერიტორიის შესასვლელზე განთავსებული ჭიშკარი ხანდაზმულია, შენობა აშენებულია დაახლოებით 2007 წლამდე, მისი ხანდაზმულობის ასაკი განისაზღვრება 15-17 წლის დიაპაზონში. ამდენად, საქმეში დაცული მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების გარეშე. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი მცირე ნაწილი მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (სზ-3), რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ სატრანსპორტო ზონის გათვალისწინებით კორექტირებული აზომვითი ნახაზის კომისიაში წარდგენის მზაობა გამოხატა, ამასთან, მხარის განმარტებით, სატრანსპორტო ზონაში მოქცეული ნაწილი შეადგენს დაახლოებით 5კვ.მ.-ს, რაც არ გამორიცხავდა ნაკვეთის დანარჩენ ნაწილზე ამ საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობას. კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას მოწმეთა განმარტებების გაზიარების შესაძლებლობას. მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმეთა განმარტებების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძვლები არ იკვეთება. გასაჩივრებულ აქტში იმის აღნიშვნა, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს მ. გ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება მოთხოვნილია არა როგორც საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე, მოთხოვნა ეხება ცალკე ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებულია შენობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი