ბს-1364(კ-22) 16 მარტი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. დ-ამ 03.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 20.04.2021წ. №03-1085/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება. საქალაქო სასამართლოში დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და კ. დ-ასთან ერთად მოსარჩელეებად დასახელდა თ. ბ-ა, ა. დ-ა და ალ. დ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2022წ. გადაწყვეტილებით, კ. დ-ას, თ. ბ-ას, ა. დ-ას და ალ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1085/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დასტურდება დევნილი ოჯახის მუდმივი ალტერნატიული, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობა და დევნილი ოჯახი იძულებულია დროებით (პერიოდის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მესაკუთრის კეთილი ნება, ფინანსურ მდგომარეობა და ა.შ.) იცხოვროს სხვის, თუნდაც მამის, ან სხვა ნათესავის/ახლობლის საკუთრებაში არსებულ ფართში ქირის გარეშე, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ასეთ დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და ის არ საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის N19 ოქმის შედგენის დროს მოქმედი (02.04.2021წ.) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) ადგენდა, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე - შეფასდება 1.5 ქულით („დ“ პუნქტი), აგრეთვე, სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი (20.04.2021წ.) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ (დანართი №7) მიხედვით, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელწმიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე - შეფასდება 1,5 ქულით („დ“ პუნქტი). ამდენად, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას შეფასდეს შესაბამისი კრიტერიუმით (1.5 ქულა), ამასთან, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმი (1.5 ქულა) გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად, სხვისი საკუთრებით დროებითი სარგებლობის შესაძლებლობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი, ამასთან, სხვისი საკუთრებით დროებითი სარგებლობის შესაძლებლობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისგან. განსახილველ შემთხვევაში შესაბამისი კრიტერიუმების (5.5 ქულა) მქონე მოსარჩელე კ. დ-ას დევნილი ოჯახისთვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო, არის კანონშეუსაბამო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის შესაბამისი კრიტერიუმების (5.5 ქულა) მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის დასადასტურებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ წარადგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ საფუძვლით, რომ კ. დ-ა, თავის შვილებთან ერთად, არის დევნილი. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა იმოქმედოს და დამატებით განსაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება. სასამართლოს მოსაზრებით საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების მიხედვით. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კ. დ-ა თავის ოჯახთან და მამასთან ერთად ცხოვრობს მამის საკუთრებაში (32კვ.მ. ფართში). საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმიდან და მოსარჩელის მამის მისამართზე გადაღებული ფოტო-მასალიდან სხვა გარემოება იკვეთება, კერძოდ, მონიტორინგის დროს მისამართზე არ იმყოფებოდა მოსარჩელის ოჯახის არც ერთი წევრი. გადაღებული ფოტო-სურათებიდან ჩანს, რომ აღნიშნულ ოთახში არათუ არასრულწლოვანი ბავშვები, არამედ მუდმივადაც არავინ ცხოვრობს, ოთახში არ მოიძებნა ბავშვების სათამაშო ან სხვა რაიმე ნივთი, შესაბამისად, მითითებულ ოთახში არ გამოიკვეთა 6 სულიანი ოჯახის ცხოვრების ფაქტი. მოსარჩელის არადევნილი დედა ი. კ-ე ცხოვრობს ...ში, დედის ბინაში, მოსარჩელე არის დედისერთა, მოსარჩელის მეუღლე თ. ბ-აც დედისერთაა, სიდედრი ი. გ-ა ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა არაერთი მონიტორინგი მოსარჩელის საცხოვრებლის დასადგენად, მოკვლეული იქნა დედის და სიდედრის საკუთრებები. ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მოსარჩელის დედის საკუთრებაში არსებულ ფართში განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი, კარი არავინ გააღო. გასაუბრება განხორციელდა მეზობელთან, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელის დედა და მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მოწმემ ოქმზე ხელისმოწერაზე უარი განაცხადა. ფოტოსურათების გადაღება განხორციელდა იმავე სართულზე ბინის კართან, სადაც ბავშვის ნივთებია დაფიქსირებული. გარდა ამისა, მოსარჩელის დედას საკუთრებაში გააჩნია ქ. თბილისში, ...ში მდებარე ბინა, ხოლო თ. ბ-ას საკუთრება ჰქონდა ჩოხატაურში, კურორტ ...ში. მოკვლევა ასევე განხორციელდა მოსარჩელის სიდედრის ერთ-ერთ საკუთრებაში - ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბ. ...-ში. სახლში დღის განმავლობაში არავინ არ იმყოფებოდა. ი. გ-ას (თ.ბ-ას დედა) საკუთრებაში ასევე გააჩნია ქ. ...ში, ...სა და ...ში მდებარე უძრავი ქონება.
კასატორმა აღნიშა, რომ სააგენტო ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1.3 მუხლი სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ თვითონ დევნილმა ან მისი ოჯახის წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა. კ. დ-ას ოჯახის განსახლებაზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებლის გამო გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარასებობის გამო და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მამას დაუკანონდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ფართი, მაგრამ კ. დ-ას ოჯახი ამ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, ამასთანავე, მოსარჩელეს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, როგორც სიდედრის საკუთრებაში, ასევე დედის საკუთრებაში არსებული ქონებით, რომელიც მდებარეობს ...ში და ...ის ქუჩაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით კ. დ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ასევე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. დევნილის მოწმობაში მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, მ. ...ის ქ. №..., (...). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა კ. დ-ას, რომლის ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1085/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) კ. დ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და საკასაციო საჩივარში მითითებული ასეთი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები განსახვავებულია, კერძოდ, საქმის მასალებში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან გამომდინარე უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის საკუთრებაში არსებულ ფართში. კასატორი მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ გამხდარა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, მიუთითებს მოსარჩელის (კ. დ-ას) დედისა და მოსარჩელის მეუღლის დედის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე როგორც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართ(ებ)ზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული 06.08.2015წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე N199 ფართი, რომლის ოდენობა შეადგენს 32.10კვ.მ.-ს, არის ზ. დ-ას (კ. დ-ას მამის) საკუთრება. 03.06.2019წ. კ. დ-ამ არადევნილ მეუღლესა და შვილებთან ერთად წარადგინა განცხადება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე. 10.07.2020წ. განცხადებით კ. დ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და ბინის შესყიდვის ნაცვლად მოითხოვა ბინის მიღება ქ. თბილისში. 14.09.2020წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს მიეჭა 5,5 ქულა. 18.12.2020წ. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგის მისამართზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში კ. დ-ა ცხოვრობს 2016 წლიდან მეუღლესთან, ორ შვილთან, მამასა და მამის მეუღლესთან ერთად. ამდენად, კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს მამის საკუთრებაში არსებულ ფართში არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან, შესაბამისად, საკასაციო საჩივარში ამ გარემოებაზე მითითება არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის მართლზომიერებას.
დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს, როგორც სიდედრის საკუთრებაში, ასევე დედის საკუთრებაში არსებულ ...ში და ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებით. საქმის მასალებში დაცული ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბ. ...-ში 22.07.2021წ. გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა განმცხადებლის დედის მისამართზე, სადაც არავინ დახვდათ, ხოლო მეზობელმა, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა, ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბ. ...-ში გასაუბრების ოქმის თანახმად კი, მონიტორინგის ჯგუფს კარი არავინ გაუღო, ასევე მეზობლები არ იყვნენ სახლში. ამდენად, კასატორის მითითება იმაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს დედის საკუთრებაში არსებულ ფართში, საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე“ (№9 დანართი), რომლითაც განსაზღვრულია გადასაცემი ფართების ოდენობა დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნული გამომდინარეობს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „ნ“ ქვ.პ., მე-13 მუხ., მე-17 მუხ.), შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მოცულობისა და მოსარჩელის/მისი მეუღლის დედის ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის დადგენის გარეშე, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის და მისი მეუღლის დედას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება და მოსარჩელეს შეუძლია ამ ქონებით შეუზღუდავად სარგებლობა, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე დედისერთაა იმთავითვე არ გამორიცხავს მოსარჩელის/მისი მეუღლის დედის ოჯახის სხვა წევრთა (ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა) არსებობას და ფართის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის შეფასების საჭიროებას, შესაბამისად, უძრავი ნივთის მოსარჩელეების (კ. დ-ას, თ. ბერიას) მშობლების საკუთრებაში არსებობის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ასეთ ფართში მოსარჩელეების შეუზღუდავად ცხოვრების შესაძლებლობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. გასაჩივრებულ აქტში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო, ასევე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე, ორივე დედისერთაა და მოსარჩელის (კ. დ-ას) დედასა და მისი მეუღლის (თ. ბ-ას) დედას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, 14.09.2020წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრებას, 3 ქულა მიენიჭა სოციალური კრიტერიუმის გამო (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით), ხოლო 1 ქულა მიენიჭა ორი არასრულწლოვანი შვილის გამო. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კ. დ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის არასრუწლოვან შვილებს. გასაჩივრებული აქტით კ. დ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი