საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-79(კ-23) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე რ. კ-ეის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ რ. კ-ეისთვის საჯარიმო თანხის - 3 000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის, 3 000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება, 2 000 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. კ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
პალატამ უპირველესად აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, 2 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დარჩენილი 1 000 ლარის დაკისრების ნაწილში, რ. კ-ემ ცნო სარჩელი.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 15 მარტს რ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1247/21 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 13 ოქტომბრის N3043 ბრძანებით რ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2021 წლის 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. კ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა მისი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. კ-ეს შორის გაფორმებული N1247/21 კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირებაც დასაშვებია, თუმცა განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ რ. კ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით არ უნდა შემცირდეს და ის პირადი პატაკის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დაკისრებულ თანაზომიერ და გონივრულ ჯარიმად უნდა იქნეს მიჩნეული.
რაც შეეხება რ. კ-ეის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ოჯახური პირობების გამო საჭირო გახდა მისი მხრიდან ვადაზე ადრე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწვეტა, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველო ცნობს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რაც თავის მხრივ მოიაზრებს პირის შესაძლებლობას თავისი სურვილისამებრ წარმართოს თავისი ცხოვრება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავისი ნამდვილი ნების საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობას დაამყარებს სხვა პირთან, მას ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაუწესდეს შეზღუდვები გარკვეული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით, მათ შორის, სათანადოდ ვეღარ შეძლოს ცხოვრების ჩვეულ, მისთვის მისაღებ რეჟიმში წარმართვა. განსახილველ შემთხვევაში, რ. კ-ემ მიუთითა, რომ ოჯახს ესაჭიროებოდა მისი დახმარება სოფლის სამეურნეო საქმიანობაში, მწირი შემოსავლის პირობებში კი, იძულებული გახდა პირადი პატაკის საფუძველზე შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პალატამ აღნიშნულ პოზიცია არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რ. კ-ეის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადაზე, რომელიც შეადგენს 6 თვესა და 28 დღეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (3 000 ლარი), პალატის მოსაზრებით, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. კ-ეის მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა პრაქტიკაზე, რომელთა შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო პირადი პატაკის საფუძველზე შეწყვეტილი კონტრაქტის საპირწონედ, ნამსახურობის მცირე პერიოდის არსებობის პირობებში, არაერთ ჯარისკაცს შეუმცირდა პირგასამტეხლო 1 000 ლარამდე. განსახილველ შემთხვევაში, რ. კ-ეის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს მისი ოჯახური მდგომარეობა წარმოადგენდა, ამასთანავე, კასატორის ნამსახურობის პერიოდი მცირეა და სახელმწიფოს მხრიდან არ გაცემულა მნიშვნელოვანი ხარჯები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2021 წლის 15 მარტს, რ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1247/21 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 13 ოქტომბრის N3043 ბრძანებით რ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე.
2020 წლის 12 ნოემბრის N4120/20 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის პირობებში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ვალდებულია კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურებაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ... ბატალიონის 2021 წლის 06 დეკემბრის №MOD 3 21 01272644 ცნობით დასტურდება, რომ რ. კ-ეის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 6 თვესა და 28 დღეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს რ. კ-ეის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. კ-ეს შორის გაფორმებული 2021 წლის 15 მარტის N1247/21 კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, რ. კ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს, თუმცა აღნიშნული ნორმა ემსახურება მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას, განსახილველ საქმეში კი, რ. კ-ეის მიერ კონტრაქტის დარღვევის პირობებში, სახეზე არ არის მისთვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება. რ. კ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო (3 000 ლარის ოდენობით) კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის შესაბამისია.
მხოლოდ ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ, არ ქმნის რ. კ-ეის შემთხვევაზე აღნიშნული პრაქტიკის გავრცელების შესაძლებლობას, რამეთუ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თითოეული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. რ. კ-ეის მიერ მხოლოდ იმის შესახებ მითითება, რომ კონტრაქტის შეწყვეტა გამოწვეული იყო სოფლის სამეურნეო საქმიანობაში მისი ჩართულობის საჭიროებით, არ ქმნის მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საკმარის საფუძველს. აღნიშნული გარემოება არ ამსუბუქებს მის მიერ ჩადენილი დარღვევის ხასიათს.
ამდენად, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას რ. კ-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე