ბს-1354 (კ-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. რ-იმა, ა. რ-იმა და ლ. რ-იმა 23.07.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 25.06.2021წ. N03-2402/ო ბრძანების, 28.06.2021წ. N03-2410/ო ბრძანების და 28.06.2021წ. N03-2411/ო ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის, ა. რ-ის და ლ. რ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება, ასევე მოსარჩელეებისათვის 2021 წლის ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემწეობის, თვეში 45 ლარის ოდენობით, ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2022წ. გადაწყვეტილებით მ. რ-ის, ა. რ-ისა და ლ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 25.06.2021წ. N03-2402/ო, 28.06.2021წ. N03-2410/ო და 28.06.2021წ. N03-2411/ო ბრძანებები, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეებისათვის 2021 წლის ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემწეობის, თვეში 45 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და სსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად სიტყვასიტყვით აღარ მიუთითა განჩინებაში საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებაზე. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სააგენტოს 1993 წლის სექტემბრის ჩათვლით მ. რ-ის მუდმივ საცხოვრებლად უნდა მიეჩნია სწორედ ქალაქი სოხუმი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ. რ-ის მშობლებმა 1989 წლიდან საცხოვრებელ ადგილად აირჩიეს ქალაქი სოხუმი, ხოლო მ. რ-იმა საშუალო განათლების მიღება ქალაქ სოხუმში დაასრულა. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს არასწორმა დასკვნამ განაპირობა სადავო, უკანონო ბრძანებების გამოცემა, რამაც თავის მხრივ მატერიალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეებს, უკანონო ბრძანებათა გამოცემის გამო დევნილთა შემწეობის მიუღებლობის სახით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააგენტომ მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებული საკითხი სრულყოფილად გამოიკვლია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ოჯახი 80-იანი წლებიდან აღარ ცხოვრობს სადავო მისამართზე, შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება ვერ იქნებოდა გამოწვეული იმ მოვლენებით, რაც პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველია. კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას მ. რ-ის ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. მ. რ-იმა გასაუბრების დროს სააგენტოს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: იგი დაიბადა ... წელს, ქ. ქუთაისში, 1978-1987 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის N... სკოლაში, 1987-1989 წლებში - სოხუმის N17 სკოლაში. მამა - ლ. რ-ი (დაბ. ... წელს ქ. ქუთაისში) გარდაიცვალა ... წელს (არადევნილი). დედას - გ. რ-ის (დაბ. ... წელს მესტიაში) აქვს დევნილის სტატუსი და ამჟამად იმყოფება იტალიაში. მ. რ-ის თქმით 1987 წელს ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად აფხაზეთში, 2 წელი ცხოვრობდნენ ბიძასთან, შემდეგ გაყიდეს სახლი ქ. ქუთაისში და 1989 წელს სახლი შეიძინეს ქ. სოხუმში. დედას - გ. რ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უმუშავია, ხოლო მამა - ლ. რ-ი იყო მძღოლი. მ. რ-ი დაოჯახდა 2009 წელს ქ. თბილისში, ჰყავს არადევნილი მეუღლე და დევნილი შვილები: ლ. რ-ი (დაბ. ... წელს ქ. თბილისში) და ა. რ-ი (დაბ. ... წელს ქ. თბილისში).
კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტომ 20.05.2021წ. წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სამინისტროს სააგენტოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მ. რ-ის 1993 წლამდე ქ. ქუთაისში, ...ის მე-... შესახვევი, N8-ში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ზემოაღნიშნულ მისამართზე მყოფმა მეზობლებმა განუცხადეს, რომ რ-იების ოჯახი მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს 80-იანი წლებიდან, სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში და დაკეტილია. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სააგენტოში წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიოული ორგანოს მიერ 29.04.2021წ. გაცემული N127 ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. რ-ი მხოლოდ 1989 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში შემდეგ მისამართზე: ...ის მე-2 შესახვევი N5. კასატორის მითითებით მ. რ-ი ქ. სოხუმში დროებით იმყოფებოდა, მას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ უცხოვრია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იძულებული არ გამხდარა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მ. რ-ის 1987-1989 წლებში სოხუმის N17 სკოლაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია. მოსარჩელის დედას - გ. რ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უმუშავია. მ. რ-ის თქმით მამა - ლ. რ-ი მუშაობდა მძღოლად, თუმცა არ დაუსახელებია დაწესებულება ან ორგანიზაცია. ამასთან, მ. რ-ის მამა დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება დევნილად. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მ. რ-ის არ წარუდგენია ქ. სოხუმში, ...ის მე-2 შესახვევი, N5-ში მდებარე სახლის რ-იების საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ ადმინისტარციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ მ. რ-ითან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მ. რ-ის შვილებისათვის ა. და ლ. რ-იებისათვის ზემოაღნიშნული კანონის 10.3 მუხლის თანახმად დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. კასატორი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადდგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის 1.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. კასატორი თვლის, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ანუ მას იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს უზენესი სასამართლოს 01.02.2012წ. Nბს-1227-1213(კ-11) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ სააგენტო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენის დასკვნის საფუძველზე მ. რ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. დასკვნაში მითითებულია, რომ მ. რ-ი დაიბადა ...წ. ქ. ქუთაისში, 1987 წლამდე სწავლობდა ქუთაისის საშუალო სკოლაში, 1987-1989 წლებში სწავლობდა სოხუმის №... სკოლაში, თუმცა დასკვაში მითითებულია, რომ სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მ. რ-ის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. მ. რ-ის დედას - გ. რ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უმუშავია. მ. რ-ის თქმით მამა - ლ. რ-ი მუშაობდა მძღოლად, თუმცა ასეთი დაწესებულება ან ორგანიზაცია მ. რ-ის არ დაუსახელებია. ამასთან, მ. რ-ის არ წარუდგენია ქ. სოხუმში, ...ის მე-2 შესახვევი, №5-ში მდებარე სახლის რ-იების საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, მასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 29.04.2021წ. ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მ. რ-ი 1989 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ის II შესახვევი, №5-ში. ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.05.2021წ. №03/8002 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოკითხულმა მოქალაქეებმა დაადასტურეს მ. რ-ის და მისი მშობლების ქ. ქუთაისში, ...ის ქ. მე-... შესახ. №8-ში (...ის მე-2 შესახ. №21ა) ცხოვრების ფაქტი 1986-1987 წლებში. საქმეში დაცულია აგრეთვე აფხაზეთის ასსრ-ს მიერ 22.06.1989წ. მ. რ-ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რომლის თანახმად დგინდება, რომ მ. რ-იმა 1989 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის ...ს სახელობის მე-... საშუალო სკოლის სრული კურსი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის დედას - გ. რ-ის დღეის მდგომარეობით გააჩნია დევნილის სტატუსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდება მ. რ-ის აფხაზეთის ტერიტორიაზე 1989-1993 წლებში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. კასატორს აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მ. რ-ის შვილებისათვის - ლ. და ა. რ-იებისათვის.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი