№ბს-281(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
კასატორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ქ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 11 მარტს თ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისია და მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი რეფერალური მომსახურების სახელმწიფო კომისიის 2021 წლის 3 თებერვლის №2 ოქმი თ. ქ-ას დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) მოპასუხეს დაევალოს, მიმართოს უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით - უკრაინაში ქალაქ ...ში განხორციელდეს თ. ქ-ას ჯანმრთელობის პრობლემების გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით მოხდეს საჭირო მკურნალობის ფინანსური კალკულაციის გადმოცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ,,რეფერალური მომსახურების - სახელმწიფო კომისიის’’ 2021 წლის 3 თებერვლის №2 ოქმი თ. ქ-ას დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიას, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ. ქ-ასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქმეში წარმოდგენილია თ. ქ-ას მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენილი განცხადებები უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში წერილის გაგზავნის თაობაზე, რომლითაც მოხდება თ. ქ-ას ჯანმრთელობის პრობლემების გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით საჭირო მკურნალობის ფინანსური კალკულაციის გადმოცემა; ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 10 ნოემბრის №04/23886 ცნობის თანახმად, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თ. ქ-ა სახელმწიფო გასაცემლების ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულია სახელმწიფო პენსიის მიმღებად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, თ. ქ-ას მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი განმეორებით დადგენილი აქვს 1999 წლის 31 მაისიდან (მეორე ჯგუფი - უვადოდ). 2021 წლის 12 იანვარს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ № IV-100/ა თანახმად, თ. ქ-ას ძირითადი და თანმხლები დაავადებებია: ორმხრივი ნეფროლითიაზი N20, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია N40, სპერმატოცელე N43.4, ორგანული ხასიათის იპოტენცია N48.4, მუხლის წინა კედლის სწორ კუნთების დიასტაზა K43, ორმხრივი საზარდულის მარჯვენამხრივი საზარდულის პოსტოპერაციული რეციდიული თიაქარი K40.2, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი K57.3, სწორნაწლავის ქრ ფისტულა K60.4, ქრ ვენური დაავადება 187.2. ავადმყოფობის მიმდინარეობა არის ქრონიკული სახის. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევებითა და პროფესორის რეკომენდაციით პაციენტს ესაჭიროება ორმხრივი urs - ჩატარება ლაზერიტოტრიპსიით. პაციენტის განცხადებით, არ ენდობა საქართველოში კლინიკებს, ამიტომ მისი დაჟინებული თხოვნით გაუკეთდეს ზემოთ აღნიშნული ოპერაცია საზღვარგარეთ კლინიკაში. ასევე ესაჭიროება: 1. კოლონოსკოპია, 2. გეგმური წესით ოპერაცია ფისტულექტომია და ჰემოროიდექტომია, 3. გეგმური წესით თიაქარკვეთა პლასტიკა მასალის გამოყენებით, 4. რეკომენდირებულია ლაზერული აბლაცია მარჯვენა კანქვეშა ვენების; გ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის №2 სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით, თ. ქ-ა ბოლო რამდენიმე წელია დაჟინებით ითხოვს საზღვარგარეთ მკურნალობის (უროლოგიური და პროქტოლოგიური ოპერაციების) დაფინანსებას. კატეგორიულ უარს აცხადებს საქართველოში მკურნალობაზე, ვინაიდან არ ენდობა ქართველ ექიმებს. მოქალაქეს მრავალგზის განემარტა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ, რაც არ განუხორციელებია - მოქალაქის გადმოცემით, უცხოეთის (უკრაინის) კლინიკა არ გასცემს წინასწარ ინვოისს, პაციენტის ობიექტური მონაცემების შეფასების გარეშე. მოქალაქე დაჟინებით ითხოვს მხარდაჭერის წერილის გაგზავნას (მიმართვას მინისტრის ხელმოწერით) უკრაინაში, მისთვის აუცილებელი სერვისების გაწევისა და აღნიშნულის ანაზღაურებაზე სამინისტროს ვალდებულების დაფიქსირებით და დაჟინებით მოითხოვს კომისიამ განიხილოს და თანხმობა გამოთქვას აღნიშნულ საკითხზე. მითითებული საკითხი ერთხელ უკვე განხილულ იქნა 2020 წლის 32-ე სხდომაზე და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერით მოქალაქეს წერილობით ეცნობა, რომ ფინანსური მხარდაჭერის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მოქალაქეზე გაიცეს, არის კომისიის დადებითი გადაწყვეტილება, მიღებული მოქალაქის დოკუმენტაციის განხილვის და წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე. კომისია გამოთქვამდა მზადყოფნას განეხილა თ. ქ-ას საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი, აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, თუმცა დამატებითი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. საკითხის განხილვისას, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დაფინანსების განხილვის პროცედურისა და განხილვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის თაობაზე თ. ქ-ა არაერთგზის იყო ინფორმირებული, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით. ამასთან, კომისია არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, დაუფინანსდეს საზღვარგარეთ მკურნალობა, როდესაც აღნიშნული სერვისის მიღება მას საქართველოშიც შეუძლია, ამ დაჟინებული მოთხოვნის ერთადერთი ახსნა უნდობლობაა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდეს თ. ქ-ას მოთხოვნა, უკრაინაში მისი მკურნალობის ხარჯებზე რაიმე სახის ფინანსური ვალდებულების აღებასა და მხარდაჭერის წერილზე. ამავე დროს კვლავ გამოთქვამენ მზადყოფნას, განიხილონ მოსარჩელის დაფინანსების საკითხი, აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 9 თებერვლის №01/1803 წერილით კვლავ განემარტა მოსარჩელეს აუცილებლად საჭირო დოკუმენტების წარდგენის შესახებ, ასევე მითითებულია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე თ. ქ-ამ, არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის საგარანტიო წერილის გაგზავნა შესაბამის კლინიკაში, რომელიც მისთვის არის მისაღები და რომელსაც ენდობა. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვდა შექმნილიყო ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით კომისია, რომელიც განიხილავდა მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შეიქმნა კომისია, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა, სადავოდ გამხდარი 2021 წლის 3 თებერვლის №2 ოქმის შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამასთან, კომისია არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, რომ დაუფინანსდეს მკურნალობა საზღვარგარეთ, როდესაც აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია საქართველოში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სრულფასოვნად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელიც აუცილებელი წინაპირობა იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე თ. ქ-ამ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მკურნალობის საკითხზე, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი განცხადებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესსა და მის მოთხოვნას წარმოადგენდა სამინისტროს მხრიდან გარკვეული კალკულაციის, ე.წ. მხარდაჭერის წერილის გაგზავნა მისთვის სასურველ კლინიკაში, რომელიც მდებარეობს უკრაინაში, თუმცა თ. ქ-ას საკითხის განხილვის დროს, კომისიამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ მკურნალობის დაფინანსებასა და მის საფუძვლებზე და განმარტა, რომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გაიცეს მოქალაქეზე არის კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. ამასთან, თ. ქ-ას მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის ძირითად მიზეზად კომისია უთითებს საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობას.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - მიიღოს მისთვის სასურველი სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს დახმარებით, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლების დარღვევა და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალური დაცვა. ვინაიდან საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, კერძოდ, მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულფასოვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, თუ რატომ ითხოვს მოქალაქე დაჟინებით საზღვარგარეთ მკურნალობას, რა კონკრეტულ მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით არ ენდობა ეროვნული ჯანდაცვის სისტემასა და მასში შემავალ სამკურნალო დაწესებულებებს. აღნიშნული უნდობლობის ფაქტი, ასევე მოსარჩელის მოთხოვნა კალკულაციისა და მხარდაჭერის წერილის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ კლინიკაში, კერძოდ, უკრაინაში გაგზავნა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხეს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, დამატებითი ადმინისტრაციული წარმოება ჩაეტარებინა აღნიშნული საკითხის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, დაედგინა თუ რა მიზნითა და საფუძველზე მითითებით უცხადებს მოქალაქე უნდობლობას ეროვნული ჯანდაცვის სისტემას, ასევე მხარდაჭერის წერილის გაგზავნის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის შესწავლისა და განხილვის საგანი, თუმცა აღნიშნული არ იქნა სრულფასოვნად გამოკვლეული და შეფასებული.
სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოხდეს მოსარჩელის ინტერესებისა და მოთხოვნების ამომწურავად შესწავლა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საკითხის განხილვისას თ. ქ-ა თავად უნდა იქნეს მიწვეული, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავისი კომპეტენციაში შემავალი საკითხები განიხილოს ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებათა გამოთხოვა-შესწავლის შედეგად, რადგან სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის უფლება და მათ წინაშე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში, კომისია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მოტივად უთითებს მოსარჩელის მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარუდგენლობას, რაც ცალსახად არ უნდა იქნეს მოსარჩელისთვის მკურნალობის დაფინანსებასა თუ მხარდაჭერის წერილის გაგზავნაზე უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელის ჯანმრთელობის მძიმე, ქრონიკული მდგომარეობა. ამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც ქართული ისე, საერთაშორისო კანონმდებლობა აღიარებს პაციენტის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დაწესებულება, ასევე მოიძიოს მეორე აზრი. პაციენტის აღნიშნული უფლებიდან გამომდინარე, გაუმართლებელია პაციენტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და დადგენილი, თუ რა კონკრეტულ მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით არ ენდობა განმცხადებელი ეროვნული ჯანდაცვის სისტემასა და მასში შემავალ სამკურნალო დაწესებულებებს, რამ გამოიწვია აღნიშნული უნდობლობა და რატომ აჩერებს იგი არჩევანს უკრაინაში მკურნალობაზე. პირის კერძო ინტერესი - სახელმწიფოს დახმარებით მიიღოს მისთვის სასურველი სამედიცინო მომსახურება, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი გარემოება, რათა არ მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის უფლების არსებითი დარღვევა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამართლებული იქნება განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის მხოლოდ ფორმალური დაცვით და არა ამ დანაწესთა დადგენის მიზნის შინაარსობრივი ანალიზით.
პალატის განმარტებით, ვინაიდან საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლის უფლებას, რომლის დაცვის უზრუნველყოფის და სამედიცინო სფეროში მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებული იყო ამომწურავად, სრულყოფილად და დამაჯერებლად დაესაბუთებინა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მართებულობა და მიზანშეწონილობა, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა გასაჩივრებული აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხეს სწორად დაევალა სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ქ-ას ნაწილში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში თ. ქ-ას სრულყოფილი მონაწილეობა, რათა საკითხის განხილვისას სრულყოფილად და ამომწურავად მოხდეს მისი რეალური ინტერესის და მოთხოვნების დადგენა, არ გაჩნდეს კითხვები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან მიმართებით. ასევე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილ იქნეს მისთვის სასურველ კლინიკაში ე.წ. მხარდაჭერის წერილის გაგზავნის შესაძლებლობის საკითხიც, რამეთუ როგორც მხარე მიუთითებს, აღნიშნული წერილის გაგზავნის პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა მის მიერ დაყენებული საკითხი გადაწყდეს მის სასარგებლოდ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიამ.
კასატორი მიუთითებს, რომ „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულია დაფინანსების მაძიებლის განაცხადის განხილვის წესი, სადაც დეტალურადაა გაწერილი იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს, რის შესახებაც მხარე ინფორმირებული იყო, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით.
კასატორი ასევე მიუთითებს №331 დადგენილების მე-4 მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი ცალსახად მიუთითებს, რომ შესაბამისი მიმართულების ექსპერტის დასკვნა, საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუკი მკურნალობა შესაძლებელია ქვეყნის შიდა სამედიცინო რესურსით, საზღვარგარეთ დაფინანსების საკითხი დაუსაბუთებელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის კომპეტენციაა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მიღებული განცხადებები და საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის თაობაზე. როდესაც განმცხადებელი აბსტრაქტულ გარემოებებს უთითებს, ადმინისტრაციული ორგანო, საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეითავსებს და ვერ გამოიკვლევს, რატომ არ ენდობა პაციენტი ზოგადად ქართულ მედიცინას. თუკი პაციენტის უნდობლობა გამოწვეულია კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო პერსონალის უკანონო ქმედებით, საკითხის შესწავლის მიზნით, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. გაურკვეველია, როგორ უნდა გამოიკვლიოს კომისიამ, რატომ არ ენდობა პირი ქართულ მედიცინას, მაშინ როდესაც არანაირ კონკრეტულ ფაქტებზე მითითება არ ხდება.
კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სზაკ-ის 6.1 მუხლის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს არაერთხელ მიეთითა განცხადებაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის თაობაზე, თუმცა მის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა, შესაბამისად, კომისია სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. კომისია განცხადებებს განიხილავს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და მოკლებულია შესაძლებლობას, განმცხადებლის ნაცვლად მოიძიოს დოკუმენტაცია, ეს ყოველივე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. იგი არ მონაწილეობს საზღვარგარეთ სერვისის მომწოდებლის მოძიებაში და განიხილავს მხოლოდ მის მიერვე შერჩეული დაწესებულებიდან მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლოს ჰიპოთეტური მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არის დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო აქტი არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილობის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის საკასაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის უფლებამონაცვლედ დადგინდა ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც შეიცავს პაციენტთა უფლებათა შესახებ დებულებებს, ეფუძნება საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს, პაციენტის უფლებათა ევროპულ ქარტიას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა კონვენცია ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შესაბამისად, (1) მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით; (2) სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებას ჯანმრთელობის დაცვის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ საქართველოში უფლება ჯანმრთელობაზე, როგორც პირის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, განმტკიცებულია არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ ეს უფლება აღიარებულია, როგორც კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს, რაც ბუნებრივია, მოიცავს უსაფრთხო, ხარისხიან და სათანადო მომსახურებას, როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის (საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 2001 წლის 1 მარტიდან) მე-3 მუხლს, რომლის შესაბამისად, მხარეებმა, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვაზე მოთხოვნილებებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გაატარონ სათანადო ღონისძიებები შესაფერისი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება ასევე უზრუნველყოფილია ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ: 1. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; 2. ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას; 3. შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა არის სოციალური უფლება და იგი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, მომსახურების სხვადასხვა სახის შესაძლებლობა, მომსახურების მაღალი ხარისხი, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული (ტერიტორიული) თვალსაზრისით. ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის, ქვეყნის შესაძლებლობებთან, კადრების რესურსთან, დაფინანსებასთან, არჩევანის თავისუფლებასთან, საზოგადოების ინფორმირებულობასთან, ტექნიკური რესურსების ხარისხსა და ა.შ. სახელმწიფო აღიარებს ყველა პაციენტის თანასწორობის პრინციპს, რაც მოცემულია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.
ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა იძლევა გარანტიას საქართველოს მოქალაქეებისათვის, დაბრკოლების გარეშე მიიღონ სახელმწიფოში სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი (მომსახურების გამწევი). აღნიშნული კი მოიცავს ყველა სახის პროფესიულ და საყოველთაო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკას ან სამედიცინო რეაბილიტაციას.
მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონით გათვალისწინებული გარკვეული უფლებებით სარგებლობენ. ეს უფლებები, რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობასაც შეეხება. სწორედ ამგვარი უფლების რეალიზაციის მიზნით არის შექმნილი ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ (შემდგომში – ფონდი) კომისია, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომისიის საქმიანობის წესი დადგენილია „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით.
აღნიშნული დადგენილებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლე არის პირი, რომელიც შესაბამისი განაცხადით მოითხოვს სამედიცინო მომსახურებასთან/დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.
დადგენილია, რომ თ. ქ-ას მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენილი იყო განცხადებები, რომლითაც იგი ითხოვდა მიმართვის წერილი გაგზავნილიყო უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, რომლითაც მოხდებოდა თ. ქ-ას ჯანმრთელობის პრობლემების გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით საჭირო მკურნალობის ფინანსური კალკულაციის გადმოცემა (ს.ფ. 127, 130, 131-132).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ახლდეს: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად იქნება განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD–10 და NCSP კოდების მითითებით); გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით; უცხოეთიდან წარმოდგენილ ანგარიშფაქტურასა და კალკულაციაში (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად) მითითებული უნდა იქნეს დანახარჯები შემდეგი ჩაშლის მიხედვით: გ.ა) არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი სხვა); გ.ბ) სამედიცინო მომსახურება: გ.ბ.ა) ოპერაციული ჩარევა; გ.ბ.ბ) კონსერვატიული მკურნალობა; გ.ბ.გ) დიაგნოსტიკა; გ.ბ.დ) ქიმიოთერაპია; გ.ბ.ე) სხივური თერაპია და სხვა; დ) საბანკო ანგარიში მკურნალობისთვის საჭირო დანარჩენი თანხის დაფიქსირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ. ქ-ას ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად უცხოეთში გაცემული ანგარიშფაქტურა და კალკულაცია. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოტივირებული იყო იმ საფუძვლით, რომ იგი არ ენდობა საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს და ამიტომ, მისი დაჟინებული მოთხოვნა არის გაუკეთდეს ოპერაცია საზღვარგარეთ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ მე-4 მუხლის 11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №01-469/ო ბრძანებით დამტკიცებულია კომისიის მუშაობის საქმიანობის ზოგადი პრინციპები, შეზღუდვები, პრიორიტეტები, დაფინანსების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმები (დანართი №2). აღნიშნული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობისთვის საჭირო დახმარების მეთოდოლოგია განისაზღვრება იგივე პრიორიტეტების მიხედვით, რაც საქართველოში ჩასატარებელი ჩარევის დროს და განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დარგის ექსპერტის წერილობითი დასკვნა დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია; ბ) საზღვარგარეთ მკურნალობისთვის საჭირო დახმარების მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 10 000 სავალუტო ერთეულის ეკვივალენტისა ლარში; გ) საზღვარგარეთ დაფინანსების განხილვისთვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან მკურნალობისთვის საჭირო დანარჩენი თანხის დაფიქსირებით; დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ელექტრონულად გადმოგზავნილი სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტის დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით და გულისხმობს, რომ პაციენტი თავისი სოციალური სტატუსით, ან დიაგნოზით, ან ასაკობრივი პროგრამის, ან მომსახურების ფორმის მიხედვით, შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, მიიღებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მომსახურებას. ამასთან, პაციენტს აქვს არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალის და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, არამედ ასევე უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. აღნიშნული არ გულისხმობს უპირობოდ, მხოლოდ პაციენტის სურვილის გამო, ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობისთვის საჭირო დახმარების გაწევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმით განმტკიცებულია კანონიერების პრინციპი, რაც კანონის უზენაესობას ეფუძნება და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, დაიცვას კანონის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობა შებოჭილია კანონმდებლობით, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ მიმართონ ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება. ანუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ნორმატიულ საფუძვლებს საჭიროებს, რომელიც მოიცავს როგორც კანონს, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს (კერძო სამართლის სუბიექტებისაგან განსხვავებით) ეკრძალებათ იმ უფლებამოსილებების განხორციელება, რომელთაც კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს და მათი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. მართალია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ კრძალავს, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეასრულოს კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქცია, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ან სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა გასცდეს ზოგადი უფლებამოსილების საზღვრებს, რომელიც მას კანონის საფუძველზე აქვს განსაზღვრული. ამასთან საყურადღებოა, რომ კანონისმიერი დათქმის საფუძველი შეიძლება იყოს კანონქვემდებარე აქტებიც, ვინაიდან ისინი კანონიდან გამომდინარეობს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ქ-ას მოთხოვნა არის დაევალოს მოპასუხეს, მიმართოს უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით - უკრაინაში ქალაქ ...ში განხორციელდეს თ. ქ-ას ჯანმრთელობის პრობლემების გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით მოხდეს საჭირო მკურნალობის ფინანსური კალკულაციის გადმოცემა. ასევე დადგენილია, რომ თ. ქ-ას კომისიის მიერ მრავალგზის განემარტა, რომ კომისია გამოთქვამდა მზადყოფნას განეხილა მისი საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების საკითხი, აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, თუმცა ასეთი დოკუმენტები მოსარჩელეს არ წარუდგენია. ანუ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს იმგვარი მოქმედების განხორციელებას, რომელსაც არა თუ, არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება, არამედ, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ასევე ამჟამად არსებული რედაქცია) მიხედვით, მითითებული ქმედება თავად განმცხადებლის ვალდებულებას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებები. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა. მითითებული ნორმის გამოყენება „სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-355-340(2კ-09)).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ ,,საქართველოს სოლიდარობის ფონდის’’ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე