საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1495(კ-22) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მესამე პირი - გ. შ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-ამ 2019 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის №01-1237/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ. შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. შ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01-1237/ო ბრძანება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. შ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და გაიზიარა საკასაციო პალატის განმარტება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა 5- ში მდებარე ,,......აში“ მცხოვრებ დევნილებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ განხორციელებულიყო მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა კრიტერიუმების გარეშე, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, ვინაიდან შენობას მიენიჭა სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტის სტატუსი. მოცემული შენობის სტატუსის გათვალისწინებით საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობას წარმოადგენდა დევნილი ოჯახის ცხოვრების ფაქტის დადგენა განსახლების დროისთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროისთვის არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, თბილისში, ...ის ქუჩა 5- ში მდებარე ,,......აში“. აღნიშნული გარემოების გამომრიცხველი მტკიცებულება სასამართლო განხილვისას მ. შ-ა არ წარუდგენია. პალატამ მიუთითა, რომ კრიტერიუმის გარეშე განსახლება არის საგამონაკლისო წესი, საქმეზე არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მიმართ საგამონაკლისო წესის გამოყენების მართებულობა, რის გამოც მაგული შორიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ას მიერ.
კასატორი თვლის, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, დევნილი ოჯახის მოცემულ ეტაპზე განსახლებაზე უარის თქმა საფუძველსაა მოკლებული. მ. შ-ა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბინები ეკუთვნოდა მის სიძეს, თავად დევნილ ოჯახს შემოსავალი არ გააჩნდა. კასატორი თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ დევნილი ოჯახის მიერ რაიმეს შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში, გამოირიცხება სახელმწიფოს მიერ მათი დახმარება. კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ მისი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე ყოფილი ....
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. შ-ა არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირი - დევნილი. მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა (ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვ.პ.), რომლის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, გაგრის მუნიციპალიტეტი, ..., ...ის ქ. №..., ხოლო რეგისტრაციის ადგილი (დროებითი საცხოვრებელი ადგილი) - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., „... ...“.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტი, - „... ...“ გახდა გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტი. დადგენილია აგრეთვე, რომ მ. შ-ამ 2016 წლის 27 აპრილს №TB1187 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე „...სში“, მე-4 სართულზე, გ. შ-ასთან (მეუღლე) და გ. შ-ასთან (შვილი) ერთად. დევნილის რეგისტრაციის ნომერია - №....
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა ა. ...ის ქ. N...-ში მდებარე დევნილთა კოლექტიური ცენტრი და შენობაში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახები, კრიტერიუმების გარეშე, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, უზრუნველეყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. მითითებული ნორმის საფუძველზე პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული და კრიტერიუმების გარეშე განხორციელდა შენობაში ფაქტიურად მცხოვრებ დევნილთა ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ოჯახების წევრთა რაოდენობის დასადგენად ჩატარდა მონიტორინგი. ქ. თბილისში. ...ის ქ. N...-ში 2017 წლის 22 თებერვალს ჩატარებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერის მასალების ოქმის, ოქმში აღწერილი მოსარჩელის შვილის განმარტების თანახმად, დადასტურდა, რომ მოსარჩელე მ. შ-ა არ იყო შენობის ფაქტიური მაცხოვრებელი. საქმის მასალების თანახმად, დევნილთა აღწერის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ 2017 წლის 22 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი, ადგილზე იმყოფებოდა ოჯახი შემდეგი შემადგენლობით: მ. შ-ა (მოსარჩელის შვილი), შვილის მეუღლე თ. ძ-ე და მათი შვილები - ა. შ-ა, ს. შ-ა და ალ. შ-ა. ოჯახის განცხადებით, ამავე მისამართზე რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარჩელე მ. შ-ა, მისი მეუღლე გ. შ-ა და შვილი გ. შ-ა, თუმცა მონიტორინგის ჩატარების პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ..., მე-... კვ., მე-... კორპ., ბინა №...-ში (20კვ.მ.). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №21) მოსარჩელის 2016 წლის 27 აპრილის №TB1187 განცხადება არ დაკმაყოფილდა, მ. შ-ას ოჯახს უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე, ხოლო ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (......) ფაქტობრივად მცხოვრები მოსარჩელის შვილის - მ. შ-ას ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 22 ივნისის №29119/01 განცხადებით განმეორებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი და 1999 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამავე განცხადებაში მ. შ-ამ აღნიშნა, რომ უფროსი შვილის დაოჯახების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო (ერთი ოთახი), მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან (გ. შ-ა) და შვილთან (გ. შ-ა) ერთად საცხოვრებლად გადავიდა სიძის ბინაში. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 06 ივლისის №32 ოქმის საფუძველზე, ამავე კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი №21) უცვლელი დარჩა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 09 ოქტომბრის №01-1237/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე დროებითი განსახლების მისამართზე (ქ. თბილისში, ...ის ქ.№...-ში მდებარე „......“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდებს, ცხოვრობდა თუ არა მ. შ-ას ოჯახი ფაქტობრივად ქ. თბილისში, ...ის ქ.№...-ში მდებარე „......ში“ და ექვემდებარებოდა თუ არა კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს 320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ორგანოა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. იმავე წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. მოცემული ბრძანების 6.10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და დადგენილი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ვინაიდან შენობას მიენიჭა სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტის სტატუსი, შენობის ამ სტატუსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობას წარმოადგენდა დევნილი ოჯახის ცხოვრების ფაქტის დადგენა განსახლების დროისთვის.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 22 ივნისს განმეორებითი განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ საფუძვლით, რომ არის აფხაზეტიდან დევნილი და 1999 წლიდან ცხოვრობს ქ. ტბილისში, ...ი ქ. ...-ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ამავე განცხადებაში მ. შ-ამ აღნიშნა, რომ უფროსი შვილის დაოჯახების შემდეგ, საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო (ერთი ოთახი), მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლესთან (გ. შ-ა) და შვილთან (გ. შ-ა) ერთად საცხოვრებლად გადავიდა სიძის ბინაში. ამდენად, მოსარჩელემ თავად მიუთითა განცხადებაში, რომ ფატობრივად ცხოვრობდა არა სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში, არამედ სიძის ბინაში, რაც თავისთავად გამორიცხავდა მის კრეტერიუმების გარეშე დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ამრიგად, სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით. . შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, სწორად განსაზღვროს დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობა და გადაწყვეტილება მიიღოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ მართებულად მიიჩნია, რომ იმ ეტაპზე, მოსარჩელის განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით ირკვევა, რომ 2009 წლის 11 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ..., მე-2 კვ., მე-16 კორპ., ბინა №1-ზე, 2009 წლის 15 ივნისს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მ. შ-ას სახელზე. 2007 წლის 03 სექტემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 11 მარტს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №15-ში საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მოსარჩელის შვილის (ოჯახის წევრის) გ. შ-ას სახელზე. გ. და მ. შ-აებმა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართები გაასხვისეს მოსარჩელის შვილზე ქ. შ-აზე, რომლის საკუთრებაშია ორი ბინა ქ. თბილისში. მ. შ-ას დას - ლ. გ-ას მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ ა. ...ის ქ. N...-ში მდებარე, ყოფილი „......ის“ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები მოსარჩელის შვილის ხუთსულიანი ოჯახი დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით. მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზე არ იყო გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას არ უარყოფს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა სააგენტო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, უფრო გაჭირვებულ ოჯახებთან მიმართებით, თმენის ვალდებულება აქვს (ს.ფ. 306). ამდენად, მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილული იქნება საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე