საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-841(კ-22) 15 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ჩ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 8 ივლისს ზ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ეის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 25 მაისის N134 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი 16) ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა ...აში, მე-12 და მე-14 კორპუსებს შორის მდებარე 163 კვ.მ საერთო ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი ფართი.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 17 თებერვლის N241 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი N49) არ დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ეის 2011 წლის 8 თებერვლის N12/10301-7 განცხადება, ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, 242 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტი.
2016 წლის 16 სექტემბერს ზ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, 188 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 30 ოქტომბრის N... მიმართვით გადაუგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე იმსჯელა ზემოაღნიშნულ განცხადებაზე (სხდომის ოქმი N37, საკითხი N60). შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა დაინტერესებული პირისათვის დამატებითი მტკიცებულების - მოწმეთა ჩვენების წარდგენის დავალებისა და აღნიშნულის გამო, საკითხის განხილვის სხვა დროისთვის გადადების საფუძველი.
მიღებული დავალების შესაბამისად, ზ. ჩ-ემ წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ე. პ-ი, მ. ჯ-ე და მ. ტ-ე ადასტურებენ 2004 წლიდან ქალაქ თბილისში, ...აში, N12 კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის ფლობას ზ. ჩ-ეის მხრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 დეკემბრის N58 საოქმო გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე, კომისიის მიერ გამოცემული 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ოქტომბრის N... მიმართვით გადაგზავნილი ზ. ჩ-ეის განცხადება, განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განცხადებით წარდგენილ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ხელახლა მსჯელობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან განმცხადებელს არ მიუთითებია მისთვის ხელსაყრელ ახლადაღმოჩენილ ან ახლადგამოვლენილ გარემოებაზე.
საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე („თვითნებურად დაკავებული მიწის“ განმარტება).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზ. ჩ-ეის განცხადების თაობაზე სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები. საქმეზე წარმოდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი წარმოების მასალებით არ იკვეთება, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელა კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას და რა გახდა საფუძველი იმ ფაქტის დადასტურებისთვის, რომ არ დგინდებოდა ზ. ჩ-ეის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასასაბუთებლად, დაინტერესებულმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ზ. ჩ-ეისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტი. განახლებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ზ. ჩ-ეს დაევალა დამატებითი მტკიცებულებების სახით მოწმეთა განცხადებების წარდგენა. ასეთი მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, მათი შეფასების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ჩ-ეის განცხადება განუხილველად უარყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ჩ-ეის მიერ წარდგენილი განცხადებები იყო იდენტური. სააპელაციო პალატის განმარტებით, განახლებული ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაავალა დაინტერესებულ პირს მტკიცებულებების სახით მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების წარდგენა, რაც განმცხადებელმა შეასრულა, თუმცა მტკიცებულებები არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოწმეთა ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს. როგორც წესი, მასში ასახულია იმ პირთა პოზიცია, რომლებსაც არ გააჩნიათ სამართლებრივი ინტერესი კონკრეტული დავის მიმართ და ახორციელებენ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებული პირი ნამდვილად ფლობს უფლებაასაღიარებელ უძრავ ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ზ. ჩ-ეის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა დადასტურებულია კომუნალური გადასახადების ბრუნვის ისტორიითაც. პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის 2004 წლის 8 დეკემბრის N1099 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე, 2005 წლის 12 მაისის Nკმ/231 გაფრთხილების აქტზე, 2005 წლის 16 ივნისის N302 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე და 2005 წლის 16 ივნისის Nკმ/403 გაფრთხილების აქტზე, რომლებიც შედგენილია თბილისში, ...აში, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. ჩ-ეის მიერ უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტაცია ადასტურებს უფლებაასაღიარებელ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უშუალოდ ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტს. ამასთან, სწორედ ამ ფაქტის დაუდასტურებლობა წარმოადგენდა 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში, საქმეზე დადგინდებოდა, რომ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუდასტურებლად ჩათვალა მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტი და ამავდროულად, არ შეისწავლა განახლებული წარმოებისას მის მიერვე მოთხოვნილი ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ჯეროვნად გამოკვლევის შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ სახეზე იყო მხარისათვის ხელსაყრელი განახლებული სამართლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, ზ. ჩ-ეისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, ზ. ჩ-ეის განცხადებაზე სადავო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელზეც არაერთგზის მსჯელობის შედეგად, კომისიას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2009 წლის 25 მაისის N134 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 16) და 2011 წლის 17 თებერვლის N241 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი 49)). ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოება.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ არ შეცვლილა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზ. ჩ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა ზ. ჩ-ეის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - იყო თუ არა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ზ. ჩ-ეის მიერ აგებული. სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რეალურად რა მოტივები დაედო საფუძვლად ზ. ჩ-ეის განცხადების განუხილველად დატოვებას. სადავო განცხადების განუხილველად დატოვებისას, შეფასების საგანი არ გამხდარა შენობა-ნაგებობის ამშენებლის ვინაობის დადგენა. ამდენად ამ გარემოებაზე სასამართლოს მხრიდან ყურადღების გამახვილება და სადავო აქტის ბათილად ცნობის ერთადერთ მოტივად შესაბამისი გარემოების დასახელება, საკითხისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებას ადასტურებს. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში თავდაპირველად წარდგენილი ორივე განცხადების შინაარსის უთიერთშედარებისას, სააპელაციო სასამართლო დაადგენდა, რომ ორივე შემთხვევაში, ზ. ჩ-ე ერთი და იგივე მოთხოვნას აყენებდა ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამასთან, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ზ. ჩ-ეის მიერ ხელმეორედ წარდგენილ განცხადებას ხომ არ ერთვოდა ახალი მტკიცებულება ან/და ხომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა საშუალებას ხელახლა, არსებითად განეხილა მოსარჩელის იგივე მოთხოვნა. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა შესაძლო ახლად აღმოჩენილი ან/და გამოვლენილი გარემოების არსებობის დადგენა და არა სადავო შენობა-ნაგებობის ამგები პირის ვინაობის დადგენის საკითხი. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მოტივებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის ხელახლა შეფასების დავალება, განსხვავებული შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზ. ჩ-ეის მიერ შენობა-ნაგებობის ნამდვილად აშენების ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც, არ შეიცვლება ის გარემოება, რომ ახალი განცხადებით ზ. ჩ-ემ ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე დააყენა კომისიის მხრიდან არსებითად უკვე შეფასებული მოთხოვნა. სახეზე არ არის ისეთ ახალ გარემოებაზე მსჯელობის წინაპირობა, რომელიც შეცვლის უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ როდესაც დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტით მისი კანონიერი ინტერესის თუ უფლების შეზღუდვის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებულ 188 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 25 მაისის N134 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი 16) ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა ...აში, მე-12 და მე-14 კორპუსებს შორის მდებარე 163 კვ.მ საერთო ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი ფართი.
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 17 თებერვლის N241 საოქმო გადაწყვეტილებით (საკითხი N49) არ დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ეის 2011 წლის 8 თებერვლის N12/10301-7 განცხადება, ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, 242 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტი.
2016 წლის 16 სექტემბერს ზ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, 188 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 30 ოქტომბრის N... მიმართვით გადაუგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 18 ივლისის სხდომაზე იმსჯელა ზემოაღნიშნულ განცხადებაზე (სხდომის ოქმი N37, საკითხი N60). შედეგად, კომისიამ ჩათვალა, რომ არსებობდა დაინტერესებული პირისათვის დამატებითი მტკიცებულების - მოწმეთა ჩვენების წარდგენის დავალებისა და აღნიშნულის გამო, საკითხის განხილვის სხვა დროისთვის გადადების საფუძველი.
მიღებული დავალების შესაბამისად, ზ. ჩ-ემ წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ე. პ-ი, მ. ჯ-ე და მ. ტ-ე ადასტურებენ 2004 წლიდან ქალაქ თბილისში, ...აში, N12 კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის ფლობას ზ. ჩ-ეის მხრიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2 დეკემბრის N58 საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კომისიის 2009 წლის 25 მაისის N134 საოქმო გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა ...აში, მე-12 და მე-14 კორპუსებს შორის მდებარე 163 კვ.მ საერთო ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი ფართი. ამასთანავე, კომისიის 2011 წლის 17 თებერვლის N241 საოქმო გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, 242 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ზ. ჩ-ეის მიერ აშენების ფაქტი.
2019 წლის 2 დეკემბრის N58 საოქმო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, არსებობდა ზ. ჩ-ეის განცხადების განუხილველად, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. განმცხადებელს არ წარუდგენია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 სადავო განკარგულების გამოცემას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ზემოაღნიშნული „წესით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა ზ. ჩ-ეის 2016 წლის 16 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც განმეორებით იყო მოთხოვნილი ქალაქ თბილისში, ...აში, N12 და N14 კორპუსების მიმდებარედ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება შესაძლებელია გახდეს დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაშვებულია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილს ან ახლად გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, განცხადების განუხილველად, კომისიამ უარი უთხრა ზ. ჩ-ეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კომისიამ ჩათვალა, რომ ზ. ჩ-ეის განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რასთან დაკავშირებითაც არაერთგზის იყო მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ პირობებში, კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, განცხადების ხელახლა წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა შესაძლებელი იყო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - თუ არსებობდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან/და ახლად გამოვლენილი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზ. ჩ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, არსებობდა ზ. ჩ-ეის განცხადების განუხილველად, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 სადავო განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებული განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა ზ. ჩ-ეის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს წარდგენილი განცხადება. ამასთანავე, უდავოა, რომ კომისიას იმთავითვე არ უმსჯელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ზ. ჩ-ეის 2016 წლის 16 სექტემბრის განცხადების განუხილველად დატოვების აუცილებლობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2019 წლის 18 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ არსებობდა დაინტერესებული პირისათვის დამატებითი მტკიცებულების - მოწმის ჩვენების წარდგენის დავალებისა და საკითხის განხილვის სხვა დროისთვის გადადების საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიღებული დავალების შესაბამისად, ზ. ჩ-ემ წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც ე. პ-ი, მ. ჯ-ე და მ. ტ-ე ადასტურებენ 2004 წლიდან ქალაქ თბილისში, ...აში, N12 კორპუსის მიმდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის ფლობას ზ. ჩ-ეის მხრიდან. სადავო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულების გამოცემით, რომელიც არ შეიცავს მსჯელობას დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დავალების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და სადავო საკითხისათვის მათი მნიშვნელობის არარსებობის თაობაზე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისივე ინიციატივით დაინტერესებული პირისათვის დავალებული და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე ჩათვალა, რომ არსებობდა შესაბამისი განცხადების განუხილველად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კომისიის დასკვნები არ გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან და მათი სადავო საკითხისათვის მნიშვნელობის თვალსაზრისით შეფასებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით დაინტერესებული პირისათვის მტკიცებულების წარდგენის დავალება ქმნის მხოლოდ ვარაუდს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, იმსჯელოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე. ამდენად, დაინტერესებული პირის მხრიდან დავალების შესრულება (შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა) უპირობოდ არ წარმოშობს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაშიც, შესაძლებელი იყო, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზ. ჩ-ეის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ჩათვლილიყო რელევანტურად და შესაბამისი განცხადება დარჩენილიყო განუხილველად, თუმცა სადავო განკარგულების შინაარსიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ მოსარჩელემ ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებით მიმართა კომისიას, მას არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია შესაძლებლობა, სადავო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის საკითხზე იმსჯელოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებათა დამატებით წარდგენის ინტერესი თავად ადმინისტრაციული ორგანოსაგან მომდინარეობს, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი მინიმუმ იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, რომ უკვე არსებული ვითარების შეცვლა ადმინისტრაციულმა ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია დავალების შესრულების შესაბამისად წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასებით. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება - რეალურად არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი თუ წარდგენილი მტკიცებულებებით შესაძლებელი იყო საკითხის არსებითად შეფასება. კომისიის მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის დავალებამ წარმოშვა მოლოდინი, რომ ერთიდაიგივე საკითხთან მიმართებაში განცხადების განმეორებით წარდგენის პირობებში, დამატებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შესაძლებელია განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. „..ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით..”(სუს 29.07.2014წ. Nბს-69-67(კ-14) გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გააჩნდა სადავო განცხადების არსებითად განხილვის შეუძლებლობის მიზეზის სათანადოდ დასაბუთების ვალდებულება. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა, ახალი მტკიცებულებების წარდგენის პირობებშიც გამოირიცხებოდა თუ არა მოსარჩელის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში და უარყოფით შემთხვევაში, შესაბამის საფუძვლებზე მითითებით, გამოეცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარისათვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული აქტით სათანადო დასაბუთების გარეშეა გაკეთებული დასკვნა, რომ არ შეცვლილა მდგომარეობა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ - არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება სადავო საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. გასაჩივრებული აქტით, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით არ არის დასაბუთებული დაინტერესებული პირის სასარგებლოდ მდგომარეობის შეცვლის შეუძლებლობის მიზეზები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა განსახილველ საკითხს, რამაც განაპირობა სადავო განკარგულების გამოცემა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შესაძლებელია თუ არა სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მისივე სურვილის შესაბამისად წარდგენილი მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები: გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც შეეხება მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება თავისთავად გულისხმობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული გარემოებები ახლად აღმოჩენილს ან ახლად გამოვლენილს და შეიცვალა თუ არა სამართლებრივი მდგომარეობა მხარის სასარგებლოდ. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.06წ. Nბს-1291-866(კ-05); 18.10.18წ. Nბს-368-368 (კ-18); 04.10.2018წ. Nბს-567-567(კ-18)). სამომავლოდ გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგებზე. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ დაავალებს კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს ისეთივე ან განსხვავებული შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს ზ. ჩ-ეის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, მე-12 და მე-14 კორპუსების მიმდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. ჩ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სადავო საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზ. ჩ-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 20 იანვრის N75 განკარგულება;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზ. ჩ-ეის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე