საქმე Nბს-631(კ-21) 06 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ბ. ა. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბინადრობის ნებართვის გაცემა, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ა. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 18.10.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ა. მ-ასთან, რა საფუძვლითაც მოსარჩელემ სააგენტოსგან მოითხოვა მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაცემა, თუმცა სააგენტოს 16.04.2019წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული აქტი სასამართლოში გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი და სააგენტოს დაავალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების მიუხედავად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არ ეწევა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობას, სადავო აქტში უარის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს სიმართლესთან რაიმე კავშირი რომ ჰქონოდა, მოსარჩელე სულ მცირე დაკავებული უნდა იყოს. სადავო აქტის გამოცემისას სააგენტომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს საქართველოში, აქ ჰყავს მეუღლე - ა. მ-ა, რომელიც ორსულადაა. საქართველოს კონსტიტუციის 36.2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს (23.06.2008წ. N2/2/425 გადაწყვეტილება, II, პ.2). გარდა ამისა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ს.ჯ. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ ადამიანის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე ხელისუფლებამ უნდა დააბალანსოს განმცხადებლის უფლებებში ჩარევა აუცილებელ სოცილურ საჭიროებებთან და ლეგიტიმურ მიზნებთან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებთან მიმართებით ინდივიდების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1977 წლის N77(31) რეზოლუციის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გარანტირებული უნდა იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პირის უფლება იყოს მოსმენილი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ისიც კი არ არის ცნობილი თუ რაში დებენ ბრალს, კონკრეტულად რა ქმედებები განიხილება საფრთხის შემცველად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი მოსაზრება დაეფიქსირებინა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამო ვერ შეძლო თავისი უფლებების ეფექტური დაცვა. სააგენტოს სადავო აქტს საფუძვლად უდევს მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დაუსაბუთებელი წერილი, მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა არ არის დასაბუთებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2019წ. გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა მოსარჩელისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა. ფ-ის მეუღლე ა. მ-ა არის საქართველოს მოქალაქე და აქვს მუდმივი საცხოვრებელი საქართველოში. ბ. ა. ფ-ი არის შპს „თ-ის“ 100% წილის მმართველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 02.05.2018 წ. მოსარჩელეს მიეცა შრომითი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 3 მაისამდე მოქმედების ვადით. ბ. ა. ფ-მა 18.03.2019წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტომ 01.04.2019 წ. წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ბ. ა. ფ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 15.04.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.04.2019წ. გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, ბ. ა. ფ-ს უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.2019წ. გადაწყვეტილებით ბ. ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.04.2019 წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 02.10.2019წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან განმეორებით გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 14.10.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბ. ა. ფ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2019 წ. გადაწყვეტილებით, ბ. ა. ფ-ს უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 25.06.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. მართალია აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემას, თუმცა ახალი აქტის გამოცემისას უნდა მომხდარიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში ასახული მითითებების გათვალისწინება, საქმის გარემოებათა გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში სააგენტომ ხელახლა მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მისი უარყოფითი შინაარსის დასკვნის მიღების შემდეგ იმთავითვე უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის), ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.2020წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი თავისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონის მიზნის გათვალისწინებით. სასამართლო ვალდებულია სარჩელის არსებობის პირობებში შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებების გამოყენების კანონიერების ფარგლები. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა სადავო აქტების გამოცემის საფუძველი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა კვლავაც დაადასტურა დასკვნის შინაარსი. სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონის მიზნის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, მართლზომიერია სააგენტოს გასაჩივრებული აქტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ვინაიდან იგი დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და დასაქმებულია საქართველოში, უნდა გაიცეს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით. პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (leander v. Sweden), რომლითაც დადგინდა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, რაც პალატის მოსაზრებით ასევე ადასტურებს იმას, რომ სააგენტოს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვის მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია. პალატამ მიუთითა აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „კლასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ“ (Klass and others v. Germany, 06.09.1978), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე) მიჩნეულ იქნა საჭიროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით. აგრეთვე, საქმეზე „სეგერშტედტ-უიბერგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (Segerstedt-Wiberg and others v. Sweden, 26.06.2006) ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღო დაცვის პოლიციაში მასზე არსებული საქმის მასალები. პალატამ მიუთითა აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკაზე (სუსგ 16.04.2020 წ. Nბს-815 (კ-19), 07.10.2020 წ. Nბს-207 (კ-20), 07.10.2020წ. Nბს-311 (კ-20)) და აღნიშნა, რომ ვინაიდან არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, ბ. ა. ფ-ის უფლება შეიზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ დაავალა მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ა. ფ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოების ნორმათშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა, იგი შეზღუდულია დისკრეციული უფლებამოსილების დამდგენი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. სზაკ-ის 53.4 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია მოსარჩელის კერძო ინტერესთან შედარებით კონკრეტული საჯარო ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები. სააგენტომ სრულად უგულებელყო ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, ოჯახის ერთიანობის დაცვის პრინციპი. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგიტიმური საფუძვლების არსებობა არ იკვეთება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არასდროს ყოფილა მიცემული და არც რაიმე სახის პრობლემები ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნა ავტომატურად წარმოშობდა ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არ არის იმპერატიული, მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, იგი სააგენტოს უტოვებს საჯარო და კერძო ინტერესების სწორი დაბალანსების გზით კონკრეტული სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კასატორი 2018 წლის ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან, რომელთანაც ჰყავს აგრეთვე საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი შვილი, არის დასაქმებული, საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, „ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებთან მიმართებით ინდივიდების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1977 წლის N77(31) რეზოლუციის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გარანტირებული უნდა იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პირის უფლება იყოს მოსმენილი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ისიც კი არ არის ცნობილი თუ რაში დებენ ბრალს, კონკრეტულად რა ქმედებები განიხილება საფრთხის შემცველად, მოსარჩელეს არ მიეცა თავისი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამო ვერ შეძლო თავისი უფლებების ეფექტური დაცვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის კითილდღეობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს (23.06.2008წ. N2/2/425 გადაწყვეტილება, II, პ.2). კასატორმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მართალია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მისი დამატებით ოქმების ტექსტში, თუმცა ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით, ისინი დადგენილია აგრეთვე ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით. საქმეზე „ს.ჯ. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (C.G and othets v. Bulgaria) ევროპულმა სასამართლომ ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხზე განმარტა, რომ ხელისუფლებამ უნდა დააბალანსოს განმცხადებლის უფლებაში ჩარევა აუცილებელ სოციალურ საჭიროებებთან და ლეგიტიმურ მიზნებთან (§62). აღინიშნა აგრეთვე, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი ფაქტების სათანადოდ გამოკვლევა. მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარუდგენლობა და გამოკვლევის არარსებობა დარღვევად იქნა მიჩნეული (§47).
კასატორმა აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ იცავს პირის წევრ სახელმწიფოში შესვლისა და დარჩენის უფლებას, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრის დეპორტაცია ხელს უშლის ოჯახის შენარჩუნებას, სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ოჯახის კონკრეტული წევრის გაძევებისგან. საქმეში 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, რადგან განქორწინების შემდგომ პირს ქვეყანაში ცხოვრების უფლების მოქმედების ვადა აღარ გაუგრძელეს, რაც გამოიწვევდა ქვეყნიდან მის გაძევებას და ოჯახური კავშირების შეწყვეტას შვილთან. საქმეში „ლიატიფი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის წინააღმდეგ“ (Ljatifi v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, 17.05.2018წ., §37, 38) ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სახელმწიფომ წარადგინა იმ გასაიდუმლოებული ინფორმაციის რედაქტირებული ვარიანტი, რომელიც საფუძვლად დაედო უარის თქმას; ერთადერთი რაც დოკუმენტების მიხედვით განმცხადებლის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებად იქნა მიჩნეული იყო ის, რომ მან სავარაუდოდ იცოდა და მხარს უჭერდა სხვა პირთა ჩაბმას ქურდობაში და ფარავდა დანაშაულს, თუმცა დოკუმენტაცია არ იძლეოდა შესაძლებლობას დადგენილიყო ამ პირთა ვინაობა, რაოდენობა და მათთან განმცხადებლის დამოკიდებულება, შესაბამისად, უარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ბ. ა. ფ-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.05.2018წ. გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბ. ა. ფ-ს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 03 მაისიდან 2019 წლის 03 მაისამდე მოქმედების ვადით. 09.10.2018წ. მოსარჩელემ იქორწინა საქართველოს მოქალაქე - ა. მ-აზე, რაზეც შედგა ქორწინების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 79) და გაიცა ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 81). ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „კლინიკა ნ-ის“ მიერ 15.03.2019წ. გაცემული ცნობის მიხედვით ა. მ-ა იყო 20-21 კვირის ორსული. 18.03.2019წ. ბ. ა. ფ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა ქორწინების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა, საბანკო ამონაწერი, ბინადრობის მოწმობა და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. სააგენტოს 01.04.2019წ. წერილით ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 15.04.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბ. ა. ფ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.04.2019წ. გადაწყვეტილებით ბ. ა. ფ-ს უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, რაც სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 25.06.2019წ. გადაწყვეტილებით ბ. ა. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.04.2019წ. გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში, მართალია მოპასუხეს შეეძლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, თუმცა სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა ის გარემოება, რომ ბინადრობის მაძიებელი პირის მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვს საქართველოში, ამასთანავე, სააგენტოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 02.10.2019წ. წერილით ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 14.10.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბ. ა. ფ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2019წ. სადავო გადაწყვეტილებით ბ. ა. ფ-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 18.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია N... დაბადების მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე ბ. ა. ფ-ს და მის მეუღლეს (საქართველოს მოქალაქეს) - ა-უ მ-ას ... ... ....წ. შეეძინათ შვილი - ა. ა. ფ-ი, რომლის დაბადების ადგილია ქ. თბილისი, ხოლო მოქალაქეობა - საქართველო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოს მოქალაქესთან დაოჯახებისას, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად, საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, უკეთუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნეაბრთვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლის გაცემაც საქართველოს მოქალაქის მეუღლესა და მშობელზე დაიშვება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილი, თუმცა მის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემა არ მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის საფუძვლით. მართალია კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სააგენტოში წარდგენილ განცხადების ფორმალური ხარვეზებზე მითითება არ ხდება და ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილება სადავო არ არის, ბინადრობის გაცემაზე უარი მომეტებულ დასაბუთებას საჭიროებს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მნიშვნელობის გათვალიწინებით, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, რომლებიც ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას უცხოელის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგისთვის საფრთხის შემქმნელი საქმიანობის განხორციელებისას. საკასაციო სასამართლოს მიერ 22.06.2022წ. Nბს-631(კ-21) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ბ. ა. ფ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა გაეცნო კონტდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი არ არის სათანადოდ დასაბუთებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით („ა“, „გ“ ქვ.პ.) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრება ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი, მისი მოსაზრება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში ასეთი დასაბუთების არსებობა არ იკვეთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. ამასთანავე, მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი უკან იხევს, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სათანადოდ დასაბუთებული დასკვნა ცხადს ხდის საჯარო ინტერესის პრიორიტეტულობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია იმთავითვე არ ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვ.პ.) ან/და უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვ.პ.). თავის მხრივ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან, სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ან ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (18.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საფუძვლით მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევა ქმნიდა სადავო აქტის გამოცემის საკმარის საფუძველს, ხოლო მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების გარეშე, უგულებელყოფილია საქართველოს მოქალაქეზე მისი დაოჯახების ფაქტი და მათი მცირეწლოვანი შვილის ინტერესები, ასევე არ ირკვევა მოსარჩელის კონკრეტულად რა ქმედებები მიიჩნიეს სახელმწიფო/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელად.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, კანონითვე დადგენილი გამონაკლისის გარდა საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც - საქართველოს მოქალაქეს (1-ლი პ.), საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს (მე-3 პ.). ამდენად, ბინადრობის ნებართვის გაცემით სახელმწიფოსა და უცხოელს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობის შედეგად, სახელმწიფო უცხოელის მიმართ გარკვეული ვალდებულებებით იტვირთება. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება არა ერთეულ შემთხვევებში, არამედ ჯამურად მრავალ პირზე, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფოს დამატებითი ვალდებულებებით გადატვირთვა, რაც სახელმწიფოს შეზღუდული რესურსის მხედველობაში მიღებით არ იქნება საჯარო ინტერესის შესაბამისი. ზემოაღნიშნულის გარდა მხედველობაშია მისაღები აგრეთვე სხვა არაერთი ინტერესი, რომლის დაცვასაც სახელმწიფოში უცხოელის ყოფნის რეგულირება ემსახურება. ქვეყანაში უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის რეგულირება ხორციელდება არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით (19.01.2012წ. „Popov v. France“ (§137)). საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს, არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 25.4 მუხ.). შესაბამისად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის არსებობს საჯარო ინტერესი, რომლის დაცვის საჭიროებაზე მითითებაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუმცა რომელიმე საჯარო ინტერესზე აბსტრაქტული მითითება როგორც წესი არ ქმნის უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო, თვითკმარ დასაბუთებას, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ინტერესს უცხოელის და მისი ოჯახის წევრთა კერძო ინტერესი უპირისპირდება. ამდენად, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (21.06.1988წ. „Berrehab v. The Netherlands“ (§28)), კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს უკიდურესი სოციალური საჭიროებით და იყოს მისაღწევი მიზნის თანაზომიერი (24.04.1996წ. „Boughanemi v. France“ (§41)). ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები განსაკუთრებით ფართოა (26.03.1987წ. „Leander v. Sweden“), სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია იმის დასადგენად თუ რა წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფო უშიშროებისთვის (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§57)), მაგრამ ეს არ გამორიცხავს აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხებზე მსჯელობის, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროებას. ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ დასტურდება, თუმცა აღნიშნული ხარვეზი შესაძლებელია აღმოიფხვრას სააგენტოს სადავო აქტის მართლზომიერებაზე სასამართლოს რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებით. დგინდება, რომ მოსარჩელეს მიეცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.10.2019წ. გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თავის მხრივ სასამართლოს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე სრული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა: იგი გამოითხოვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცულ საიდუმლო ინფორმაციას, ეცნობა მას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გაზიარების თუ მის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ ფორმალურად სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოითხოვეს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაცია, თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებულ კონტროლს ჰქონდა მხოლოდ ფორმალური და არა რეალური, ქმედითი ხასიათი, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მხოლოდ ცალმხრივ, აბსტრაქტულ მითითებას საჯარო ინტერესზე, სრულად უგულებელყოფილია ის გარემოებები, რომ მოსარჩელეს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილი, რომლებიც საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ, ასევე არ არის შეფასებული მოსარჩელის საქართველოში დასაქმების, მის მიერ შპს-ს დაარსების დამდგენი დოკუმენტები. სააპელაციო პალატას არ მოუხდენია საჯარო ინტერესისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის საჭიროების ურთიერთმიმართების შეფასება. მართალია იმიგრაციასთან დაკავშირებით პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვა არ შეიძლება განიმარტოს, როგორც წყვილების მიერ საცხოვრებლად და საოჯახო მეურნეობის საწარმოებლად არჩეული სახელმწიფოს ვალდებულება მისცეს მათ თავის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება, თუმცა სახელმწიფოდან იმ პირის გაძევებამ, რომლის ოჯახის წევრები ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ, შესაძლოა შექმნას კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის საფუძველი. უფლებაში ჩარევა დარღვევად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ჩარევის გამამართლებელი საფუძვლები: ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49, 50, 52), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§70)). ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებების მოცულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარკვეული სპეციფიური გარემოებები, მათ შორის, ოჯახის კავშირის ხარისხი სახელმწიფოსთან, ოჯახური ცხოვრებისთვის ხელშეშლის ხარისხი, საიმიგრაციო კონტროლთან დაკავშირებული ფაქტორები, ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი საჯარო ინტერესი და სხვ. (28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§70), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§107)), რაც განსახილველ შემთხვევაში არ შეფასებულა. გასათვალისწინებელია, რომ მსგავს დავებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ოჯახური ვითარების და თანამდევი მნიშვნელობის მქონე ფაქტორების სრულად და სიღრმისეულად შეუსწავლელობა, ეროვნული სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის მხოლოდ ფორმალური განხილვით შემოფარგვლა - მიჩნეულ იქნა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევად (26.11.2013წ. „X v. Latvia“ (§70), 08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§41)). ის, რომ სადავო აქტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფით მოსაზრებას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების შედეგად არის ჩამოყალიბებული, არ გამორიცხავს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის შესახებ მსჯელობის გარკვეული მოცულობის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვის საჭიროებას. სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა საქმეში დაცული ღია მასალების საფუძველზე განესაზღვრა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების კერძო ინტერესები, მათი დაცულობის ხარისხი და უზრუნველყოფის საჭიროება და ამ კუთხით არსებული მსჯელობა მაინც აესახა გადაწყვეტილებაში.
საჯარო და კერძო ინტერესების სათანადოდ იდენტიფიცირება და მათ პროპორციულობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ დავებში, რომელშიც არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის საჭიროება იკვეთება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ოჯახის ერთიანობა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.). მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)). სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს (28.06.2011წ. „Nunez v. Norway“ (§78-85)). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ორი ინტერესიდან რომელიმე მათგანი იმთავითვე არ გადაწონის მეორე ინტერესს, მათი შეპირისპირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ და შეაფასონ მტკიცებულებათა მიზანშეწონილობა, ლოგიკურობა და პროპორციულობა ბავშვის არამოქალაქე მშობლის გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, რათა ყურადღების გამახვილება მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, რომელზეც განსახორციელებელი ღონისძიება პირდაპირ გავლენას მოახდენს. ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას მათი საუკეთესო ინტერესები უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ისინი არ არის გადამწყვეტი, მსგავს ინტერესებზე უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვანი ყურადღება (03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§109, 118)). ის, რომ კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ცხოვრების უფლება გარანტირებული არ არის, არ გამორიცხავს იმ ქვეყანაში ცხოვრების აკრძალვით, სადაც მისი ოჯახის ახალი წევრები ცხოვრობენ, პირის ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§25)). ამასთანავე, ოჯახური ცხოვრების უფლება შესაძლოა დაერღვეს არა მხოლოდ უცხოელს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც, მაგ.: როგორც განსახილველ შემთხვევაშია - მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს. ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავში არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, პატივს სცემენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობა („ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 20.11.1989წ. კონვენციის (საქართველოში ძალაშია: 02.07.1994წ.) პრეამბულა, 8.1, 9.1 მუხ., ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-9, 25.1 მუხ.). სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას (ბავშვის უფლებათა კოდექსის 1.2 მუხ. „ე“ ქვ.პ.). „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუქნტის მიხედვით, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ანალოგიურ დანაწესს შეიცავს აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხ.). ამასთანავე, მცირეწლოვან ბავშვებს კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლება გააჩნიათ და ადრეული ასაკი ამ უფლებების რეალიზებისათვის კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს, მცირეწლოვანი ბავშვები დამოკიდებულნი არიან პასუხისმგებელ ორგანოებზე, რომლებმაც უნდა შეაფასონ და წარმოადგინონ მათი ინტერესები და უფლებები იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დროს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას (26.11.2013წ. „X v. Latvia“ (§39)). ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება (ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.2 მუხ.). ამასთანავე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ოჯახის არსებობის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების სავალდებულო გარანტირებას (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)). გადამწყვეტი საკითხია ის, თუ რამდენად იქნა დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა მოწინააღმდეგე ინტერესებს შორის, კერძოდ, ბავშვის, ორივე მშობლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს შორის. სასამართლოს სახელმწიფოსათვის მინიჭებული შეფასების ფარგლების, ოჯახში შექმნილი ვითარებისა და მთელი რიგი ფაქტორების ძირეული შესწავლა მოეთხოვება, რათა მისი დასაბუთება იყოს არაავტომატური, არასტერეოტიპული და საკმარისად დეტალური (26.11.2013წ. „X v. Latvia“ (§95, 104, 107)). ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას როგორც აღმასრულებელმა ორგანოებმა, ასევე სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვის, ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის მხედველობაში მიღებით, მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასებით (ბავშვის უფლებების კოდექსის 5.5 მუხ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს მათ შორის ისეთი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა: ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვსა და მის მშობელს შორის ურთიერთობა, ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა და სხვ. (ბავშვის უფლებათა კოდექსის 81.3 მუხ.). სასამართლო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების გათვალისწინებით (ბავშვის უფლებათა კოდექსის 95.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება ბავშვისა და მისი მშობლების ინტერესების შეფასების კუთხით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოებების გამოკვლევა, მოსარჩელის საქართველოში ყოფნით სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის დასაბუთებულობა, დაპირისპირებულ ინტერესთან პროპორციულობაზე მსჯელობა. იმის გათვალისწინებით, რომ საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოებს აქვს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები, ასეთ საქმეებში მთავარი საკითხია ერთი მხრივ მომჩივანისა და მისი ოჯახის პირად ინტერესს და მეორე მხრივ არსებულ საჯარო ინტერესებს, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესს შორის ბალანსის დაცულობა (03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§121), 24.04.1996წ. „Boughanemi v France“(§42)), რაც განსახილველ საქმეში არ შეფასდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო ინტერესის განსაზღვრულობის საკმარისი ხარისხით იდენტიფიცირება და კერძო ინტერესის სახელმწიფო უსაფრთხოების არა აბსტრაქტულ ინტერესთან შეპირისპირება, არამედ კონკრეტულად - სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციაში ასახულ საფრთხეებთან შედარება, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის დასაბუთებულობა, სარწმუნოობა, საფრთხის შინაარსი, მოსალოდნელობა და სხვ..
დავის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელი იყო აგრეთვე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელის სახელზე ერთხელ უკვე იყო გაცემული ბინადრობის ნებართვა. მართალია ოჯახის ერთიანობის დაცვის საჭიროება იმთავითვე არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ რომელიმე კონკრეტული სახის ბინადრობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§50)) და ბინადრობის ნებართვის ერთხელ გაცემა იმთავითვე არ გულისხმობს უცხოელის ყოველი შემდგომი მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულოობას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ როდესაც სახელმწიფო უცხოელს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას აძლევს, ამით სახელმწიფო უშვებს უცხოელის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის, მის მიერ ურთიერთობების დამყარებისა და მათ შორის ოჯახის შექმნის შესაძლებლობას. მართალია აღნიშნული არ ავალდებულებს სახელმწიფოს მუდმივად აცხოვროს ასეთ ურთიერთობებში მყოფი უცხოელი თავის ტერიტორიაზე და მსგავს სიტუაციაში ადამიანებს ზოგადად არ უნდა ჰქონდეთ ბინადრობის ნებართვის მიღების მოლოდინი, თუმცა სახელმწიფოს მიდგომა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით უნდა დასაბუთდეს, ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს ინდივიდის და მთლიანი საზოგადოების დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსზე (03.10.2014წ. „Jeunesse v. the Netherlands“ (§103, 106)). განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებიდან არ იკვეთება დაპირისპირებულ ინტერესთა პროპორციულობის შეფასება, არ ხდება ასევე ისეთ გარემოებებზე მითითება, რომლებიც არ არსებობდა მოსარჩელის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემისას და შემდგომ პერიოდში წარმოიშვა, ხოლო თუ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მითითებული გარემოებები მოსარჩელის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემის დროსაც არსებობდა, მაშინ გაურკვეველია ერთიდაიგივე ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ერთ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილად, ხოლო მეორე შემთხვევაში - მიზანშეუწონლად მიჩნევის დასაბუთება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი აქტი გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის კანონიერ ძალაში მყოფი 25.06.2019წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბ. ა. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 16.04.2019წ. გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალუარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ა. ფ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში, მართალია მოპასუხეს შეეძლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა, თუმცა სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ბინადრობის მაძიებელი პირის მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვს საქართველოში, ამასთანავე, სააგენტოს მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინების საჭიროებაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მხოლოდ ხელახლა გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენეტიდან, სხვა რაიმე მტკიცებულებების გამოკვლევა, მოსარჩელის დაოჯახებისა და დასაქმების, მის სახელზე წარსულში ბინადრობის ნებართვის გაცემის ფაქტების შეფასება არ მომხდარა, სააგენტოს 18.10.2019წ. გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით იმეორებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილ 16.04.2019წ. N1000659272 გადაწყვეტილებას. სააგენტოს არ უმსჯელია აგრეთვე მოსარჩელის მცირეწლოვანი შვილის ინტერესებზე (დგინდება, რომ სადავო აქტი გამოიცა 18.10.2019წ., ხოლო მოსარჩელის შვილი ... ... ....წ. დაიბადა), არ შეუფასებია საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა. არ დგინდება აგრეთვე სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა. აღნიშნული გარემოებების სრული უგულებელყოფით სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო - 18.10.2019წ. გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონიერად.
საკასაციო შესაგებელში სააგენტოს მიერ დაფიქსირებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვერ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, რადგან მოკლებულია დეპარტამენტის დასკვნის გაცნობისა და რევიზიის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადგენილია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი, კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან, როგორც სახელმწიფო ორგანოს, ასევე ინდივიდუალური დაშვების უზრუნველყოფას (მე-19, მე-20 მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, დაწესებულებაზე, რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (19.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 14.1 მუხ.) და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (სზაკ-ის 7.2 მუხ.). კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებას ემყარება, შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, თავის უფლებამოსილებათა კანონშესაბამისად შესასრულებლად, განახორციელოს სათანადო მოქმედებები შესაბამისი დასკვნის შინაარსთან დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან საკითხის კანონშესაბამისად გადასაწყვეტად მას ამ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არამართლზომიერი იქნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ დასკვნას მიიღებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიღებას. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების დასადასტურებლად სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ-ნორმატიული საფუძველი და აბსტრაქტულად დასახელებული ლეგიტიმური მიზანი, არამედ საკმარისად იდენტიფიცირებადი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა დადასტურდეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის პროპორციულობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ ავალებს სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის რევიზიას, თუმცა სააგენტო, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, როგორც აქტის გამომცემი ორგანო, უნდა იცნობდეს და შეფასებას აძლევდეს აქტის დასაბუთებას ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (სუსგ 26.01.2023წ. Nბს-1190(კ-21), 26.01.2023წ. Nბს-115(კ-22)). განსახილველი ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შეფასება მით უფრო ეკისრება სადავო აქტის მართლზომიერებაზე კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტს - სასამართლოს. სააპელაციო პალატის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა სააგენტოს აძლევდა ბ. ა. ფ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის მართლზომიერებას. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და გ“ ქვეპუნქტების დანაწესი, რომ სააგენტოს შეუძლია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უკეთუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა უცხოელის საქართველოში ყოფნის მიზანშეუწონლობის შესახებ, არ გულისხმობს სააგენტოს მიერ სამართლებრივი შედეგის არჩევის სრულ თავისუფლებას და უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ უარყოფითი დასკვნა არის გაცემული. აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს ორგანოს ფორმალურ უფლებამოსილებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში ზოგადად შესაძლებელია უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს და დავის განმხილველი სასამართლოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის სათანადოობისა და დასაბუთებულობის შეფასების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. სააპელაციო პალატა პროპორციულობის საკითხის უგულებელყოფით სადავო აქტის კანონიერებაზე მსჯელობისას შემოიფარგლა მხოლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ფორმალურ-ნორმატიულ საფუძველსა და საჯარო ინტერესზე ზოგადი მითითებით.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე. საკასაციო პალატის მითითებული განჩინებები (სუსგ 07.10.2020წ. ბს-207(კ-20), 16.04.2020წ. Nბს-815(კ-19), 07.10.2020წ. Nბს-311(კ-20)) არ შეიცავენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა, იმთავითვე, ყოველგავრი შეფასების გარეშე უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის, მითითებულ დავებში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს ჰქონდა უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, საკასაციო პალატამ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსი, საფუძვლები და მიიჩნია, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ქმნიდა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ საკმარის წინაპირობას, რაც, რათქმაუნდა არ გულისხმობს იმას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა მისი შინაარსისა და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად იმთავითვე, ყველა შემთხვევაში ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა ადმინისტარციული ორგანოებიდან გარკვეული ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვა, რომელთაც შესაძლოა განმსაზღვრელი მნიშვნელობა მიენიჭოთ საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა ეს არ გულისხმობს საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებად იმ ორგანოს მიჩნევას, რომელმაც მხოლოდ სათანადო ინფორმაციის მიწოდება მოახდინა. უკეთუ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სრულად დამოკიდებულია სხვა სუბიექტის მიერ მიწოდებულ მოსაზრებებზე იმდაგვარად, რომ მას ამ მოსაზრებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მაშინ იგი რეალურად აღარც არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება.
სააპელაციო პალატის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე („Segersted-Wiberg and oth. v Sweden“, „Klass and oth. v Germany“), ასევე არ ადასტურებს სააპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობასა და დასაბუთებულობას. საქმეზე Segersted-Wiberg and oth. v Sweden განიმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს პოლიციის სახელმწიფო საიდუმლო რეესტრი, რომელიც შექმნილი იქნება ეროვნული უშიშროების დასაცავად და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე განიმარტა, რომ ინფორმაციის გამჟღავნება დააზარალებდა სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად, ამ საიდუმლო ინფორმაციასთან კერძო პირთა დაშვებაზე უარი გამართლებული იყო, ეროვნული უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზები გადასწონიდა ინდივიდთა ინტერესებს, გასცნობოდნენ უშიშროების პოლიციის საიდუმლო რეესტრში მათ შესახებ არსებულ სრულ ინფორმაციას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგნიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტებების ციტირება არარელევანტურია, რადგან მიმდინარე დავის საგანს არ შეადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსარჩელის შესახებ არსებული საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხი, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ამ ინფორმაციის ღიაობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც Segersted-Wiberg and oth. v Sweden საქმეზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების განხილვის საგანს შეადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებულ პირთა შესახებ დაცულ ინფორმაციასთან ამავე პირთა დაშვებაზე უარის თქმის მართებულობა. განსახილველი დავა წყდება იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნიდან გამომდინარე ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას, გასაიდუმლოებულია და მისი განსაიდუმლოების საკითხი განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს. ანალოგიური მსჯელობის განვითარება შესაძლებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „Klass and oth. v Germany“ გადაწყვეტილების ციტირებასთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ დავაში მომჩივნები არამართებულად მიიჩნევდნენ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნორმატიული მოწესრიგების დადგენას, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა ინდივიდებისთვის წინასწარი ან შემდგომი შეტყობინების გარეშე ფარული მიყურადებისა თუ თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას. საქმის განხილვისას ევროპულმა სასამართლომ განმარტებები გააკეთა სახელმწიფოს ხელში ეროვნული უშიშროების დაცვის მიზნებისათვის ეფექტიანი ღონისძიებების არსებობის საჭიროებაზე, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის გარკვეულ პირობებში დაშვების აუცილებლობაზე, დასაშვებობის წინაპირობეზე, სახელმწიფოს ფართო მიხედულების ფარგლებზე, აღნიშნულ ღონისძიებებზე ქმედითი კონტროლის განხორციელების საჭიროებაზე და სხვ.. „Klass and oth. v Germany“-ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, გაურკვეველია რა კუთხით ასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის ეფექტიანი დაცვის მიზნით გარკვეული ფარული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა გაურკვეველია ამ დებულების რელევანტურობა განსახილველ დავასთან მიმართებით.
საკასაციო პალატა ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება (06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§62)). ამასთანავე, ინფორმაციასთან დაშვების პროცედურული შეზღუდვები შეიძლება აუცილებელი იყოს იმ საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამჟღვანებისგან თავიდან აცილების მიზნით, რომლის ღიაობამაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ზიანი შეიძლება მიაყენოს (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§137), 24.04.2008წ. „C.G. and oth. v. Bulgaria“ (§57)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს (სასკ-ის 3.1 მუხ., სსკ-ის 3.1 მუხ.). ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსარჩელის მითითების მიუხედავად, განსახილველი დავის საგანს შეადგენს მხოლოდ ბ. ა. ფ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება და არა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის განსაიდუმლოების, მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების საკითხი, რის გამო სასამართლო მოკლებულია ამ მიმართულებით კასატორის არგუმენტაციაზე მსჯელობის განვითარების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციული აქტისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სწორედ დავის საგნის და იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელთან დაშვებაც მოსარჩელეს არ აქვს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ერთვება ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვერ ეცნობა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, არ იწვევს პირის უფლებების დარღვევას, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლი ქმედითი და რეალურია. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კონტროლი ფორმალურია, არ ხდება ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება, მაშინ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება რჩება სასამართლოს რეალური კონტროლის ფარგლებს მიღმა, რაც თვითნებობის და ამდენად, პირის უფლებების დარღვევის მომეტებულ რისკს ქმნის. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან არდაშვება იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზს თუ მიღებული აქტის არამართლზომიერებას. როდესაც სადავო გადაწყვეტილებები ექვემდებარება სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ ახდენს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებას, ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების დეტალური ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უფლებაში ჩარევა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე უმნიშველოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, როგორც თავად უფლების დაცვის, ისე კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებისთვის, რადგან სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს მის ნეიტრალურობას, პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.12.2007წ. გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ე. ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-24). ამასთანავე, სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად მიჩნევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის სასარგებლო შედეგის დადგომაზე, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მოთხოვნა გულისხმობს, რომ კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო უცხოელის ბინადრობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებზე ინფორმირებული იყოს, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მონაცემი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი (მაგ.: სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია), ამასთანავე, მითითებული ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სწორედ ასეთი ორგანოა, იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, სასამართლო აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის ბინადრობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმის უფლებამოსილებით (სუსგ 29.07.2022წ. Nბს-959(კ-21)), თუმცა როდესაც სასამართლო კონტროლი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ფაქტობრივად უცხოელის უფლება სათანადო დაცვის გარეშე რჩება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბინადრობის საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მხრიდან რეალური, ქმედითი კონტროლის განხორციელებას.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უშიშროების საფრთხე ფარდობითი კატეგორიის ცნებაა, მას არ ახასიათებს აბსოლუტური გასაზღვრულობა, თუმცა იმისთვის, რომ მასზე მითითებით უცხოელს საქართველოში ყოფნაზე ეთქვას უარი, აუცილებელია მოსალოდნელობის გარკვეული ვარაუდი შეიქმნას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში უცხოელის ბინადრობის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, თუმცა მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ (სუსგ 29.07.2022წ. Nბს-959(კ-21)). მოსარჩელისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წარუდგენლობა არ გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის მითითება, რომ ვინაიდან მისთვის ბრალის წაყენება არ მომხდარა, ამიტომ არ დასტურდება მისი საქართველოში ყოფნით სახელმწიფო უსაფრთხოების თუ საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა, არ არის დასაბუთებული. ბრალის წარუდგენლობა იმთავითვე არ ადასტურებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არასარწმუნოობას ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის. ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული დავის განხილვისას სასამართლომ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული საქმის თავისებურებების მხედველობაში მიღებით უნდა იმსჯელოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბთებულობის, მისი გაზიარების შესაძლებლობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში არ დგიდნება, რომ სასამართლომ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობა, დასკვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების ერთობლიობით სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის გონივრული მოლოდინის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობაზე მითითება, იმთავითვე არ გულისხმობს ბინადრობის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობის დადასტურებას. მართალია ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის წარმომშობი ქმედებები შესაძლოა თავისი ბუნებით და მახასიათებლებით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამასთანავე, მათი წინასწარი იდენტიფიცირება შესაძლოა ვერც განხორციელდეს, მათი ფართო მნიშვნელობის გამო აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს თავისუფლების ფარგლები იმის განსასაზღვრად თუ რა იგულისხმება უშიშროების ინტერესში, თუმცა სასამართლომ უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ტერმინის გამოყენებას არ აქვს გონივრული საფუძველი ან არის თვითნებური, კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „ეროვნული უშიშროება“ მოიშველია (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§121), 24.04.2008წ. „C.G. and others v. Bulgaria“ (§40, 43, 57)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა შეფასდეს საქმეში დაცული ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეზე ქორწინებაზე, მის მიერ შპს-ს დაარსაბაზე, საქართველოში მის დასაქმებაზე უთითებენ. უნდა დადგინდეს საქართველოსთან მოსარჩელის რეალური კავშირის ხარისხი, უნდა მოხდეს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მისი საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი შვილის ინტერესების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი საჯარო ინტერესთან შეპირისპირება. ამასთანავე, სათანადოდ უნდა დადგინდეს აგრეთვე საჯარო ინტერესთა არსებობაც, უნდა შეფასდეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა, უნდა დადგინდეს არსებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი. მართებულია მოსაზრება, რომ კერძო ინტერესთა დაცვა არ უნდა მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე, თუმცა უნდა დადასტურდეს ამ ხელყოფის გონივრული მოსალოდნელობა, რისკის რეალიზების დასაბუთებადი ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების გამოურკვევლობისა და შეუფასებლობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკითხზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რადან ფაქტობრივად ამ ეტაპზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო აქტზე ეფექტიანი და რეალური სასამართლო კონტროლი არ არის განხორციელებული. საკასაციო პალატა ახდენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შემოწმებას, იგი არ არის ფაქტების დამდგენი ან სადავო აქტზე პირველადი კონტროლის განმახორციელებელი სასამართლო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებითად დაუსაბუთებლობის პირობებში, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2021წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე