Facebook Twitter

№ბს-201(კ-22) 5 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 აგვისტოს №000572 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის №69 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ არ იყო დარღვეული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით განსაზღვრული ნორმები. შემოწმების აქტის შედგენის დროს მიმდინარეობდა მუშა პროცესი და აივნის მოაჯირები მოხსნილი იყო აივნის მონტაჟის გამო, ხოლო ლიფტის შახტასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ლიფტის შახტის აზომვა, ლიფტის შესაკვეთად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, იმავე დღეს მოხდა მოხსნილი მასალების დამონტაჟება და კომპანიას მიეცა სამუშაოების გაგრძელების უფლება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №5, საკადასტრო კოდი №..., რეგისტრირებულია შპს „ე...ის“ თანასაკუთრების უფლება (ს.ფ. 83); ბ) 2019 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №... შემოწმების აქტი მასზედ, რომ შპს „ე...ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №5, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობისას დარღვეულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ. 911-92); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 აგვისტოს №000572 დადგენილებით, შპს „ე...ი“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №5, №... საკადასტრო კოდზე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის (ს.ფ. 76-78); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 28 იანვრის №69 ბრძანებით, შპს „ე...ის“ დირექტორის - გ.ა-ის 2019 წლის 29 აგვისტოს №20/01192412463-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 აგვისტოს №000572 დადგენილება (ს.ფ. 62-67).

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით. ხოლო ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, დამცავი მოაჯირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ; გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის: გ.ა) შუაძელის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მოაჯირის მთლიანი პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს სამშენებლო საცერი ბადეებით; გ.ბ) ერთმანეთის გადამკვეთი ძელები შესაძლოა გამოყენებული იყოს შუალედური ძელის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გადამკვეთი ძელების გადაკვეთის წერტილი არის სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე; გ.გ) მოაჯირების ჰორიზონტალური ძელები დამაგრებული უნდა იყოს საყრდენი ბოძების შიდა მხარეს; გ.დ) ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-ს; გ.ე) მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ ტვირთის მიწოლით დატვირთვას, რა დროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს; გ.ვ) მოაჯირზე ბადეები და სხვა დამცავი საშუალებები ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ არ გამოიწვიოს დასაქმებულთა დაზიანება (დასერვა, თითების მოყოლა) და ტანისამოსზე გამოდება; გ.ზ) მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება; გ.თ) დაუშვებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელების ერთმანეთზე დამაგრება ფოლადის ან პლასტმასის არტახებით; გ.ი) მოაჯირის ზედა და შუა ძელები უნდა იყოს ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებული, მინიმუმ 60 მმ-ის დიამეტრის ან სისქის, რათა გამოირიცხოს მათი გაჭრა ან/და გაგლეჯა. თუ გამოყენებულია ლითონის ბაგირი, ყოველ 180 სმ-ში უნდა დამონტაჟდეს თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ალმები; გ.კ) თუ მოაჯირის სისტემები გამოიყენება ხვრელების გარშემო, რომლებიც განკუთვნილია მისასვლელი ადგილებისთვის (კიბით ჩასასვლელი), ასეთი ხვრელები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საფარით ან იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ მოხდეს ადამიანის მარტივად შეღწევა; გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე უნდა იყოს დაფარული; გ.მ) როდესაც ღიობები გამოიყენება ტვირთის სამოძრაო ადგილად, გამოყენებული უნდა იქნეს მობილური მოაჯირები. იმ შემთხვევაში, თუ ღიობი არის გამოუყენებელი, იგი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული მთლიანი ფენილით; გ.ნ) ნებისმიერ ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული; გ.ო) თუ მოაჯირის ზედა ნაწილი შედგება მანილის, პლასტმასის ან სინთეტიკური ბაგირისგან, აუცილებელია მისი შემოწმება საჭირო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ ის უძლებს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას; გ.პ) მოაჯირი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმის კიდიდან არანაკლებ 10 სმ-ის მანძილისა.

ამავე დადგენილების მე-15 მუხლის თანახმად, ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას; ბ) ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება; გ) ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ („HOLE“) და „ხუფი“ („COVER“).

დადგენილია, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №... შემოწმების აქტი მასზედ, რომ შპს „ე...ის“ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №5, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობისას დარღვეულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სასკ-ის მე-4 მუხ.; სსკ-ის მე-4 მუხ.). თითოეულმა მხარემ შესაბამისი მკტიცებულებებით უნდა დაასაბუთოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის სარჩელსა თუ შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.; სასკ-ის 17.1 მუხ.). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (სსკ-ის 102.2 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალა (იხ. ს.ფ. 84-91) უტყუარად ადასტურებს და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემობას, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, სამშენებლო ობიექტზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №5, საკადასტრო კოდი №...) შპს „ე...ის“ მიერ არ არის დაცული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5 და მე-15 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. შპს „ე...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ჯ-ის მიერ 18.01.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე